მართლმადიდებელ ქრისტიანთა საქველმოქმედო ასოციაცია "ბეთლემი" დაარსდა 1991 წელს. მასში გაერთიანებულნი არიან სხვადასხვა ასაკისა და განათლების მქონე პირები.
1992 წლის 1 (14) სექტემბერს, ასოციაციის ძალებით, საპატრიარქოსთან და განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, სასულიერო აკადემიის ბაზაზე, გაიხსნა წმიდა ექვთიმე და გიორგი მთაწმიდელების სახელობის მართლმადიდებელთა სკოლა. სკოლის შენობა ამჟამად მდებარეობს დიდ დიღომში: იოანე პეტრიწის ქუჩა, №1ა.
1993 წლის სექტემბერში ასოციაციის წევრებმა ჩამოაყალიბეს წმინდა წერილის მთარგმნელთა ჯგუფი. მთარგმნელთა ჯგუფმა უკვე გამოაქვეყნა მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებების თარგმანები; ძველი აღთქმის პირველი ორი წიგნის თარგმანი - წიგნი შექმნისა და წიგნი გამოსვლათა. მიმდინარეობს მუშაობა იოანეს სახარების თარგმანზე.
1994 წლის ივნისში, ასოციაციის ძალებით, ალგეთის ხეობაში, მარაბდის ველთან დაარსდა მეურნეობა "ასურეთი", რომლის მიზანია საქართველოს ამ უძველეს კუთხეში ბიომეურნეობის განვითარება და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება.
მეურნეობის ტერიტორიაზე, 1999 წლის ივნისში, დაიწყო ალგეთისპირის წმინდა გიორგის მონასტრის მშენებლობა. მონასტრის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. მონასტერი შენდება ასოციაცია "ბეთლემისა" და მორწმუნე მრევლის შემოწირულობებით.
2000 წლის თებერვალში, ასოციაციის ინიციატივით, დაარსდა ჟურნალი "რწმენა და ცოდნა". გამოსულია 16 ნომერი.
ასოციაცია "ბეთლემი", თავისი დაარსების დღიდან, 19 წელს ითვლის. ვიმედოვნებთ, ღვთის შემწეობითა და მორწმუნე მრევლის თანადგომით, ასოციაცია "ბეთლემი" კიდევ მრავალ წელს იარსებებს და უამრავ კეთილ საქმეს აღსრულებს.