მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





სულთმოფენობიდან 25-ე შვიდეული. სამშაბათი. ხმა მე-7. საკ.: ლიტ. - 2 თეს. 274 დას. (შუათგან), I, 10 - II, 2. ლკ. 60 დას. XI, 34-41. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 10 დას. IV, 25 - V, 12.

day_icon   

ხსენება წმიდათა და მართალთა ქრისტეს საფლავისა მცველთა: იოანე, სტეფანე და ესაია ქართველთა; ღირსისა იოანიკე დიდისა (+846);  მღვდელმოწამეთა ნიკანდრესი, მირონელი ეპისკოპოსისა, და ერმე ხუცისა (+I)




ღირსი იოანიკე დიდი დაიბადა ბითვინიის სოფელ მარიკატში, 752 წელს. მისი მშობლები ისე ღარიბები იყვნენ, რომ შვილს დაწყებითი განათლებაც ვერ მიაღებინეს. იოანიკე ბავშვობიდანვე იძულებული იყო, ნახირი ემწყემსა, რაც მათი ოჯახის მთელს ავლადიდებას შეადგენდა. იგი ხშირად ჯვარს გადასახავდა ხოლმე საქონელს და განკრძალულ ადგილას განმარტოებული მთელი დღე ლოცულობდა. ამ დროს ნახირს არც მხეცი ეკარებოდა და არც მპარავი.

იმპერატორ ლეონ IV-ის (775-780) ბრძანებით ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებში დაგზავნილი ელჩები საუკეთესო ჭაბუკებს არჩევდნენ სამხედრო სამსახურისთვის. ყმაწვილი იოანიკეც იმპერატორის ლაშქარში ჩარიცხეს. მტრები ახოვანი მხედრის შიშით ძრწოდნენ, თანამოსაგრეებს კი გულწრფელად უყვარდათ იგი სიმშვიდისა და სიმდაბლის გამო. ამ ხანებში წმინდანი, მკრეხელური ქადაგების გავლენით, წმინდა ხატებისა და მათი თაყვანისმცემლების წინააღმდეგ აღმდგარ ხატმბრძოლ მწვალებლებს მიემხრო.

ერთხელ, როცა იგი თავის მხედრიონთან ერთად ოლიმპოს მთიდან მოდიოდა, ერთმა უცნობმა ბერმა სახელით უხმო: „შვილო, იოანიკე, როგორ შეგიძლია ქრისტიანად იწოდებოდე და ქრისტე მაცხოვრის გამოსახულებები გძულდეს?“ იოანიკე მიხვდა თავის შეცდომას, სინანულში ჩავარდა და შემდგომში ჭეშმარიტი სარწმუნოების ერთგული დამცველი შეიქნა. წმინდანმა ექვსი წელი იმსახურა არმიაში, ზემდგომებმა და თავად იმპერატორმაც მისი მხედრული დამსახურება არაერთი ჯილდოთი აღნიშნეს, მაგრამ მისი სული ამქვეყნიურ პატივს ვერ ჰგუობდა - სულ სხვა სარბიელს ითხოვდა და უფალმაც თავისი მსახურებისკენ მოუწოდა.

ოცდაოთხი წლის იყო იოანიკე, როცა განერიდა ამსოფელს და უდაბნოში აპირებდა დამკვიდრებას, მაგრამ ერთმა წმინდა მოსაგრემ ურჩია, ჯერ მონასტრული ცხოვრების სკოლა გაევლო. წმინდანმა რამდენიმე წელი დაჰყო ძმათა კრებულში, წერა-კითხვას დაეუფლა, დავითის ოცდაათი ფსალმუნი ზეპირად ისწავლა და ღვთის მინიშნებით, მხოლოდ ამის შემდეგ გავიდა სამოღვაწეოდ ერთ უდაბურ ადგილას. აქ ნეტარი საკუთარი ხელით გათხრილ მიწურში ცხოვრობდა. ვინმე მწყემსს თვეში მხოლოდ ერთხელ მიჰქონდა მასთან ცოტაოდენი პური და წყალი. უფლის რჩეული დღე და ღამ ლოცულობდა და ფსალმუნებს გალობდა; ყოველი ფსალმუნის შემდეგ აღავლენდა ლოცვას, რომელიც ოდნავი სახეცვლილებით დღემდე შემოინახა ეკლესიამ: „სასოება ჩემდა მამა, შესავედრებელ ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო, დიდება შენდა“. მას შემდეგ, რაც იოანიკე შემთხვევით გადაეყარა თავის ყოფილ თანამებრძოლებს, მან დატოვა უდაბნო და კონტურიის მთებს მიაშურა. აქ უამრავი მხეცი და ქვეწარმავალი ბუდობდა, მაგრამ, ღვთის შეწევნით, წმინდანს ისინი არაფერს ვნებდნენ. ერთხელ, ზამთრის პირს, იოანიკე მაღლა მთებში ღრმა გამოქვაბულს გადააწყდა და შიგ შევიდა. სიბნელეში მან რაღაც მანათობელი შენიშნა, მიუახლოვდა და დაინახა მიწაზე გაწოლილი უზარმაზარი გველი, რომელსაც თვალები გავარვარებული მუგუზლებივით უელავდა. წმინდა იოანიკე არ შეუშინდა ქვეწარმავალს, მღვიმის მარჯვენა მხარეს მიიდრიკა და მთელი ზამთარი აქ გაატარა, გველის სიახლოვეს.

ნეტარი თორმეტი წლის მოსაგრეობის შემდეგ აღიკვეცა ბერად. აღკვეცის მერე, სამი წელი სრულ დაყუდებაში გაატარა, შემდეგ კი ქალკედონში გაემგზავრა დიდ მმარხველ გიორგისთან (ხს. 21 თებერვალს/მარტს). უფლის რჩეულებმა სამი წელი იცხოვრეს ერთად. ამ ხნის მანძილზე ღირსმა იოანიკემ მთელი ფსალმუნი ზეპირად შეისწავლა. ღრმად მოხუცებული წმინდანი ბოლოს ანტიდიევის სავანეში დამკვიდრდა და სიცოცხლის ბოლომდე დაყუდებაში იმყოფებოდა.

მოღვაწეობის სამოცდაათი წლის მანძილზე ღირსმა იოანიკემ სულიერი სრულყოფის მაღალ საფეხურს მიაღწია. წმინდანის მოწაფის, პახუმის მოწმობით, მან წინასწარცნობის მადლი მოიგო. ლოცვის დროს ნეტარი ჰაერში მაღლდებოდა; ერთხელ ადიდებული მდინარე ფეხით გადაიარა. მას შეეძლო, ადამიანთათვის უხილავი გამხდარიყო და სხვებიც უჩინო ექმნა: ასე მაგალითად, ერთხელ პყრობილი ბერძნები მრავალრიცხოვანი მცველების თვალწინ გამოიყვანა სატუსაღოდან. შხამი და ცეცხლი, რომლითაც მოშურნეები წმინდანთან ანგარიშის გასწორებას ცდილობდნენ, მას ვერაფერს ვნებდა. ცნობილია, რომ უფლის რჩეულმა კუნძული თასოსი ურიცხვი გველისგან გაათავისუფლა.

წმინდა მოსაგრემ წინასწარ განჭვრიტა თავისი მიცვალების დღე და გარდაიცვალა 846 წლის 4 ნოემბერს, ერთი ცნობით - ოთხმოცდათოთხმეტი, სხვა წყაროს მოწმობით კი - ასთხუთმეტი წლის ასაკში.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

 


right_bar_header

<  ოთხშაბათი 21/11/2018  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან 23-ე შვიდეული. ორშაბათი. ხმა მე-5. საკ.: ცისკ. - მთ. 52 დას. XIII, 24-30. 36-43. ლიტ. - მთავარანგ. - 305 დას. II, 2-10. ლკ. 51 დას. X, 16-21.
კრება წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელსა, ვარახიელისა და იერომიელისა. მთავარანგელოზების ეკლესიების დღესასწაული: ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (