მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





სულთმოფენობიდან 23-ე შვიდეული. სამშაბათი. ხმა მე-5. საკ.: ცისკ. - ლკ. 63 დას. XII, 2-12. ლიტ. - დიდმოწ. - საქ. 29 დას. XII, 1-11. ინ. 52 დას. XV, 17 - XVI, 2.

day_icon   

მოწამეთა: ონისიფორესი და პორფირესი (+დაახლ. 284-305); ღირსი მატრონასი (+დაახლ. 492); ღირსი თეოქტისტასი (+881); მოწამისა ალექსანდრე თესალონიკელისა (+305-311); მოწამისა ანტონისა (+V); ღირსი იოანე კოლოვისა (+V); ღირსთა ევსტოლიასი და სოსიპატრასი (+625); ღირსთა: ექვთიმე და ნეოფიტე დოხიარელებისა (X);

ხსენება ყოვლადწმიდა ღვთისმსობლის ხატისა: ”მსწრაფლშემსმენელი”

 


წმინდა მოწამენი:, ონისიფორე და პორფირე, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის ჟამს ეწამნენ. ჯალათებმა ისინი დაუნდობლად გვემეს, შემდეგ კი გაუხედნავ ცხენებზე გამოაბეს. მორწმუნეებმა უფლის რჩეულთა დაფლეთილი სხეულის ნაწილები შეკრიბეს და პატივით დაკრძალეს.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

day_icon   

ღირსი მატრონა პამფილიის პერგეში (მცირე აზია) დაიბადა V საუკუნეში. იგი მდიდარ დომენტიანეს მიათხოვეს. როცა ასული - თეოდოტია - შეეძინათ, მეუღლეები კონსტანტინოპოლში გადასახლდნენ. ოცდახუთი წლის მატრონას ძალიან უყვარდა ტაძარში სიარული, სადაც ხშირად მთელ დღეებს ატარებდა.

ტაძარში  წმინდანი ორ კეთილმსახურ მონაზონს - ევგენიას და სოსანას - გაეცნო. ღირსმა მატრონამ მათი მიბაძვით ასკეტური ცხოვრება დაიწყო, რისთვისაც ხშირად უხდებოდა მეუღლის გამოხდომების დათმენა. წმინდანის სული ამსოფლიდან განდგომას ელტვოდა. ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ, მან ოჯახის დატოვება გადაწყვიტა და მხურვალედ შეევედრა უფალს, გაეცხადებინა, სათნოეყოფოდა თუ არა მისი განზრახვა. ერთხელ მატრონამ ჩვენებით იხილა, რომ იგი გაურბოდა მეუღლეს, ბერების ჯგუფს შეერია და ქმრისგან შეუმჩნეველი დარჩა. ეს ჩვენება ღირსმა მატრონამ ზეციურ კურთხევად მიიღო. თავისი ასული დედა სოსანას ჩააბარა აღსაზრდელად, თავად კი თმები მოიკვეცა, მამაკაცის სამოსელი შეიმოსა და ღირსი ბასიანეს (ხს. 10/23 ოქტომბერს) მონასტერს მიაშურა იმ იმედით, რომ მეუღლე მის იქ ყოფნას ვერ გაიგებდა. წმინდანი, რომელიც დამხვდურებს საჭურის ბაბილად წარუდგა, ძმობაში მიიღეს.

რამდენიმე ხნის შემდეგ მონასტრის იღუმენს, ღირს ბასიანეს, ჩვენებით განეცხადა, რომ საჭურისი ბაბილა ქალი იყო. ასეთივე გამოცხადება ჰქონდა მეზობლად მდებარე წმინდა აბრაამის მონასტრის იღუმენს - ნეტარ აკაკისაც. ღირსმა ბასიანემ წმინდა მატრონას მკაცრად მოსთხოვა, ეპასუხა, რა მიზნით მივიდა მონასტერში - ბერების ცთუნება და მონასტრის შერცხვენა ხომ არ ედო გულში. წმინდანმა ცრემლებით მოუთხრო იღუმენს მთელი თავისი წარსული ცხოვრების შესახებ. როცა იღუმენი დარწმუნდა, რომ ნეტარი დედის ზრახვები წმინდა და უბიწო იყო, აკურთხა იგი და ქალაქ ემესის დედათა მონასტერში გაგზავნა. ამ სავანეში წმინდანმა მრავალი წელი დაჰყო მკაცრი და დაუცხრომელი ღვაწლით, რითაც დების დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. როცა იღუმენია გარდაიცვალა, მონაზვნებმა ერთხმად ისურვეს, რომ მის ნაცვლად ღირსი მატრონა დაედგინათ.

ხმა უფლის რჩეული მოსაგრის სათნოებებისა და ზეგარდამო მიმადლებული სასწაულებრივი კურნების ნიჭის შესახებ შორს გავარდა. დომენტიანემაც შეიტყო მეუღლის ადგილსამყოფელი და მონასტერს მიაშურა. ეს რომ გაიგო, მატრონამ ფარულად დატოვა სავანე და იერუსალიმში წავიდა, აქედან სინას მთაზე გადაინაცვლა, შემდეგ კი ბირითში, ერთ მიტოვებულ წარმართულ ტაძარში დასახლდა. როცა ადგილობრივ მცხოვრებლებს დაყუდებული დედის შესახებ ესმათ, მასთან სიარული დაიწყეს. ნეტარმა მრავალი უსჯულო იხსნა უღმერთობის წყვდიადისგან და ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია. წმინდანის სამკვიდრებლის მახლობლად მალე ახალი მონასტერი დაარსდა. ბოლოს, ღვთის მინიშნებით, მატრონამ დატოვა ბირითი და კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, სადაც შეიტყო, რომ მისი ქმარი გარდაცვლილიყო. სულიერი მამის, ღირსი ბასიანეს, კურთხევით, მოსაგრემ კონსტანტინოპოლში დააარსა დედათა სავანე. აქ გადავიდნენ მატრონას მიერ დაფუძნებული ბირითის მონასტრის დედებიც. ღირსი მატრონას კონსტანტინოპოლის სავანე ცნობილი იყო მკაცრი წეს-განგებითა და დების კეთილმსახური ცხოვრებით.

ას წელს მიღწეულმა ნეტარმა დედამ, დაახლოებით, 492 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმინდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 .

day_icon   ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, ”მსწრაფლშემსმენელი”, იმყოფება ათონის მთაზე, დოქიარის მონასტერში და მის შესახებ შემდეგი გადმოცემა არსებობს:

მონასტრის საძმოს სატრაპეზოს წინ, კედელზე, ნიშში, ძველი დროიდან დაწერილი იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ღირსი მამები, ამ სავანის დამაარსებლის, წმინდა ნეოფიტეს, დროინდელად მიიჩნევენ. იგი კი მე-10 ს-ში ცხოვრობდა. შეხედავ თუ არა ხატს, ირწმუნებ, რომ იგი ჭეშმარიტად სასწაულთმოქმედია და წარმოშობით საკმაოდ დაცილებული ჩვენს ხანას. მის ფერებს თითქოს დაუკარგავს თავდაპირველი კოლორიტი, მაგრამ არც თუ მთლად. გარკვეულწილად ამაში ჩანს განგება ღვთისა: საუკუნეების მანძილზე იგი შემონახულია უვნებლად, სწორედ იმიტომ, რომ აღასრულოს სასწაულები და კურნებანი სადიდებელად ღვთისა.

თავისი სასწაულთმოქმედი ძალა ამ ხატმა პირველად 1664 წ. გამოავლინა:

ხატის წინ იყო გასასვლელი, რომლითაც მონასტრის მამები სატრაპეზოში დადიოდნენ. ტრაპეზარს ხშირად უხდებოდა აქ გავლა-გამოვლა არა მარტო დღისით, არამედ - ღამითაც. ღამით იგი ანთებული კვარით ხელში დადიოდა ხოლმე. ერთხელაც, ტრაპეზარმა ბერმა, ნილოსმა, ჩვეულებისამებრ, ანთებული კვარით ჩაუარა ხატს და შემოესმა ხმა: „აწ ნუღარ გაივლი აქ ანთებული კვარით და ნუ ჭვარტლავ ჩემს სახეს“.

უჟამო ჟამს ცარიელ სატრაპეზოში ადამიანის ხმის გაგონებამ ჯერ შეაკრთო ბერი, მაგრამ შემდეგ იფიქრა, რომელიმე ძმა იქნებოდაო და განაგრძო გზა; არც ანთებული კვარით სიარულისთვის დაუნებებია თავი. გამოხდა ხანი და ნილოსმა კვლავ გაიგონა ხმა: „ბერო! უღირსო! კიდევ დიდხანს აპირებ ასე უდარდელად და უდიერად მიხრჩოლო?“ და ამ სიტყვებზე ტრაპეზარს თვალთ დაუბნელდა და სინათლე დაკარგა. ახლა კი გაახსენდა უწინ გაგონილი სიტყვები, იგრძნო თავისი ცოდვის მთელი სიმძიმე და მიხვდა, რომ ღირსი იყო სასჯელისა, ღვთისმშობლის ხატისადმი უგულისყურობისა და დაუდევრობის გამო. ნილოსი, სრულიად დაბრმავებული, საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა: ეგდო ხატის წინ დამხობილი, სანამ არ დადგა დღე.

შეშინებული ბერები მოწიწებითა და კრძალვით დაემხნენ სასწაულთმოქმედი ხატის წინ, აანთეს მის წინ კანდელი, ხოლო ახალ ტრაპეზარს დაავალეს მის წინ ეკმია საკმეველი. ნილოსმა გადაწყვიტა მანამდე დარჩენილიყო ხატთან, სანამ ცოდვა არ მიეტევებოდა და სიბრმავისაგან არ განიკურნებოდა. დღე და ღამე დამხობილი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინ გოდებდა და შეწყალებას ევედრებოდა. ჭეშმარიტი სინანულის ცრემლებით ითხოვდა შენდობას, რომ ყური არ ათხოვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სიტყვებს.

ყოველთა მონანულთა შემწემ არ უგულებელჰყო უსინათლო მლოცველის ღაღადისი და ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ბერი ცრემლებით ლოცულობდა ხატის წინ, ესმა ხმა მისგან: „ნილოს, შესმენილ იქნა შენი ვედრება, შენ მიგეტევა ცოდვა და დაგიბრუნდება თვალისჩინი. აუწყე ძმებს, რომ მე ვარ საფარველი, მფარველი და მეოხი თქვენი სავანისა. დაე, მათ და მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა მომმართონ მე გასაჭირის ჟამს, და არავის დავტოვებ შეუსმენელს: ყოველთა ჩემდამი სასოებით მოლტოლვილთა ვექმნები შუამდგომელად და მათ თხოვნას ჩემი ოხით შეისმენს ძე და ღმერთი ჩემი. დღეიდან ეს ხატი წოდებულ იქნება „მსწრაფლშემსმენელად“, რამეთუ ყოველთა მვედრებელთა მოვუვლენ წყალობას და მათ თხოვნას მსწრაფლ შევისმენ“.

ამ საოცარი სიტყვების შემდეგ ნილოსს თვალები აეხილა.

ამ სასწაულის შესახებ ხმა სწრაფად გავრცელდა წმინდა მთაზე და მრავალი ბერი, მსურველი სასწაულის ხილვისა, მოაწყდა დოქიარის სავანეს. ისინი მოწიწებით თაყვანს სცემდნენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატებას და გაოცებულნი შესცქეროდნენ მოულოდნელი სიბრმავით დასჯილ და კვლავ შეწყალებულ ტრაპეზარს.

 

 

ამასობაში ძმებმა ზღუდით გამოჰყვეს ეს ადგილი და რამდენადაც ხატი დასავლეთის კედელზე იყო დაწერილი, სატრაპეზოს შესასვლელიდან მოპირდაპირე მხარეს მოაწყვეს მშვენიერი ტაძარი მისი სახელობისა. ამ დღიდან მოყოლებული, გამოარჩევენ ხოლმე ერთ-ერთს, მღვდელმონაზვნებიდან ყველაზე უფრო ღვთისმოშიშსა და გამოცდილს, რომ მუდმივად იმყოფებოდეს ხატთან და მის წინ დილას და საღამოს აღასრულებდეს პარაკლისს. გარდა ამისა, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, საღამოს ლოცვის შემდეგ მორიგე მსახური მღვდელი იწყებს გალობას შუა ტაძარში და იმავე წამს მამები და ძმები უდიდესი მოკრძალებით გამოდიან ტაძრიდან, მიემართებიან ამ ხატთან და მის წინაშე აღასრულებენ ღვთისმშობლის პარაკლისს და იხსენებენ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს და ლოცულობენ მსოფლიო მშვიდობისათვის.

მსახურ მღვდელს ევალება, თვალყური ადევნოს სისუფთავის დაცვას. „მსწრაფლშემსმენელის“ სამლოცველოში კვირაში ორჯერ აღესრულება საღმრთო ლიტურგია. მანვე უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ ხატის წინ მუდმივად ენთოს კანდელი. მათი რიცხვი 20-ს აღწევს, ამათგან ექვსი მუდმივად ანთია. ყველა ეს კანდელი ღვთისმოსავი ქრისტიანების შემოწირულობას წარმოადგენს, ხატის მიერ აღსრულებული სასწაულების სამადლობლად. ამ კანდელების ზეთიც შემოწირულია.

ღვთაებრივი „მსწრაფლშემსმენელის“ ხატის მადლით მრავალ უსინათლოს აეხილა თვალი, კოჭლებმა სიარული დაიწყეს, დაუძლურებულნი განმტკიცდნენ, ბევრჯერ ჩაძირვას გადაურჩნენ გემები, გათავისუფლდნენ ტყვები და მრავალი სხვა... დღემდე იგი ეხმარება ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვინც მას მიმართავს რწმენით, მოწიწებით და შემუსვრილი გულით.

1873 წ. მოსკოვში რუსმა ქველისმოქმედებმა მას ვერცხლის პერანგი გაუკეთეს. ამ ხატის დღესასწაული იზეიმება 9/22 ნოემბერს. დოქიარის მონასტერში, სადაც ეს ხატი იმყოფება, არის საკათედრო ტაძარი მთავარანგელოზის სახელობისა, რომლის დღესასწაულიც 8/21 ნოემბერს აღინიშნება. მეორე დღეს აღესრულება წირვა ღვთისმშობლის ”მსწრაფლშემსმენელი” ხატის სახელზე.

1877 წლიდან ამ ხატის ასლი იმყოფება მოსკოვში, წმიდა პანტელეიმონის ტაძარში, ერთ-ერთი ასლი კი საქართველოს საპატრიარქოშია დაცული.

2005 წლის 12 მაისს საბერძნეთიდან, ათონის წმიდა მთიდან, საქართველოში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელის“ ასლი ჩამობრძანდა. ხატი თბილისში ცხუმ-აფხაზეთისა და საჩხერე-ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) და ზედაზნის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა საბამ (კუჭავა) ჩამოაბრძანეს. აეროპორტში ხატს დახვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სასულიერო პირები და მრევლი. ხატი ფეხით წამოაბრძანეს საქართველოს საპატრიარქოში, სადაც იგი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა აკურთხა. ამის შემდეგ „მსწრაფლშემსმენელის“ ხატი ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში გადააბრძანეს. 


right_bar_header

<  ოთხშაბათი 21/11/2018  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან 23-ე შვიდეული. ორშაბათი. ხმა მე-5. საკ.: ცისკ. - მთ. 52 დას. XIII, 24-30. 36-43. ლიტ. - მთავარანგ. - 305 დას. II, 2-10. ლკ. 51 დას. X, 16-21.
კრება წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელსა, ვარახიელისა და იერომიელისა. მთავარანგელოზების ეკლესიების დღესასწაული: ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (