მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





ხორციელის ოთხშაბათი.ხმა 1. საკ.: ცისკ. - ლკ. 8 დას. II, 25-32. ლიტ. - მირქმის - ებრ. 316 დას. VII, 7-17. ლკ. 7 დას. II, 22-40.

day_icon   

მირქმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი




 






ლუკა, 2, 22-32

 

22. რაჟამს აღესრულნეს დღენი იგი განწმედისა მათისანი სჯულისა მისებრ მოსესისა, აღმოიყვანეს ყრმაჲ იგი იერუსალჱმდ წარდგინებად წინაშე უფლისა,

23. ვითარცა დაწერილ არს სჯულსა უფლისასა, რამეთუ: ყოველმან წულმან რომელმან განაღოს საშოჲ, წმიდა უფლისა ეწოდოს;

24. და მიცემად შესაწირავი, ვითარცა თქუმულ არს სჯულსა უფლისასა, ორნი გურიტნი ანუ ორნი მართუენი ტრედისანი.

25. და აჰა იყო კაცი იერუსალჱმს, რომლისა სახელი სჳმეონ. და კაცი ესე მართალი იყო და მოშიში უფლისაჲ და მოელოდა ნუგეშინის-ცემასა ისრაჱლისასა; და სული წმიდაჲ იყო მის ზედა.

26. და იყო მისა უწყებულ სულისაგან წმიდისა არა ხილვად სიკუდილი, ვიდრემდე იხილოს ცხებული უფლისაჲ.

27. და მოვიდა სულითა წმიდითა ტაძრად უფლისა. და შეყვანებასა მას მამა-დედისა მიერ ყრმისა მის იესუჲსა ყოფად მათა მსგავსად ჩუეულებისა მისებრ სჯულისა მისა მიმართ,

28. და ამან მიიქუა იგი მკლავთა თჳსთა ზედა და აკურთხევდა ღმერთსა და თქუა:

29. აწ განუტევე მონაჲ შენი,მეუფეო, სიტყჳსაებრ შენისა, მშჳდობით,

30. რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი,

31. რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა,

32. ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაჱლისა.

 

ტროპარი, ჴმა 1

 

გიხაროდენ, მიმადლებულო ღმრთის-მშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მჴსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩუჱნი, იხარებდ შენდა, მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩუჱნთა, რომელი მოგვანიჭებს ჩუჱნ დიდსა წყალობასა.

 

კონდაკი, ჴმა 1

 

საშოჲ რა ქალწულებრივი განსწმიდე შობითა შენითა, და ჴელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ ვითარცა გშვენოდა, უსწრვე აწცა და გვაცხოვნენ ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობაჲ ჩუჱნი, და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყვარენ მხოლოო კაცთ-მოყვარე.

 

 

 

ს ი ტ ყ ვ ა

(გაბრიელ ეპისკოპოსისა)

მიგებების დღესასწაულსა

 

            მართლმადიდებელო ძმანო ქრისტიანენო!

            დღეს, ძმანო მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, ვითარცა უწყებულ არს თქვენდამი, ჩვენ ვდღესასწაულობთ მირქმასა, ანუ მიგებებასა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა მოხუცებულის სვიმეონ მართლისაგან. ძველს სჯულში იყო დაწესებული, რომელ მეორმოცეს დღესა, მშობელნი პირმშოსა თვისსა შვილსა მიიყვანდნენ ტაძრად და შესწირავდნენ ღმერთსა, ვინც მდიდარი იყო - მდიდარსა შესაწირავსა და ღარიბი კაცი - ორსა მტრედის მართვესა. ეს სჯული აღასრულეს მშობელთა იესო ქრისტესა. როდესაც განვიდა ორმეოცი დღე შემდგომად იესო ქრისტეს შობისა, მიიყვანეს იგი ტაძრად, ილოცეს და შესწირეს ღარიბის კაცისათვის დადებული შესაწირავი, რადგან ისინი იყვნენ ღარიბნი, ორნი მართვენი ტრედისანი. როდესაც ყოვლადწმიდა მარიამი და იოსები შევიდნენ ტაძარში, მიეგება მათ ერთი უკიდურესსა მოხუცებულებასა შინა მყოფი კაცი, მართალი სვიმეონ. ამას სულისა წმიდისაგან ჰქონდა გამოცხადებული, რომელ იგი არა იხილავდა გემოსა სიკვდილისა, ვიდრემდის თვალითა თვისითა არ ნახვიდა მაცხოვარსა სოფლისასა, იესო ქრისტესა. მან მიიღო ჩჩვილი იესო მკლავთა ზედა თვისთა, აკურთხა ღმერთი, დალოცა მშობელნი მისნი და ბოლოს წარმოთქვა: აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, მშვიდობით...

            ამაში მდგომარეობს, ძმანო ჩემნო, აწინდელი დღესასწაული. იგი გვაძლევს ჩვენ მრავალთა ზნეობითთა სწავლათა, არამედ მიხედე, ძმაო, რა ბეჯითად და მტკიცედ ასრულებენ მშობელნი ქრისტესნი ყოველთა წესთა და საღმრთოთა ჩვეულებათა. მაცხოვარი იესო ქრისტე იყო ძე ღვთისა; მისთვის რა საჭირო იყო მისვლა ტაძარში და შეწირვა მსხვერპლისა?! გარნა ეს ჰქმნა მან, რათა მოგვცეს ჩვენ სახე, რათა ჩვენ გვახსოვდეს ყოველნი სჯულის დებანი და საღმრთონი ჩვეულებანი და მტკიცედ ვასრულებდეთ მას. გარდა ამისა, ეს ჰაზრიც დაუმატე: იესო ქრისტე მოვიდა ქვეყანაზე მისთვის, რათა გააუქმოს ძველი სჯული და მოგვცეს ჩვენ ახალი, უწმიდესი და უმაღლესი სჯული. გარნა, ვიდრემდის გამოაცხადებდა იგი ახალსა ამა საღმრთოსა სჯულსა, მან იწყო და შეუდგა აღსრულებად ყოველთა ძველის სჯულის ბრძანებათა. დიდება სულგრძელებასა და გარდამოსვლასა შენსა, უფალო! შემოქმედი ცისა და ქვეყნისა მიიღებს უძლურსა ბუნებასა მონისასა; უწმიდესი და გამოუცდელი ყოვლისა ცოდვისა მერვესა დღესა იქმნების წინადაცვეთილ, ვითარცა ერთი ცოდვილთაგანი კაცი. მპყრობელი ცისა და ქვეყნისა მეორმოცესა დღესა შინა, ვითარცა უსუსური ყრმა, ყოვლად წმიდისა დედისა თვისისაგან. იქმნების მიყვანილ ტაძრად და შესწირავს შესაწირავსა ღარიბთა კაცთა, ორსა მართვესა მტრედისასა. ესრეთ დაიმალა მან თავი თვისი, რათა გვასწავლოს ჩვენცა მორჩილება სჯულისა.

            მეორედ, განიხილე, ძმაო, და იფიქრე, რა დიდი სასარგებლო და მიუწთომელი საქმე ყოფილა ხშირად სიარული ტაძარში ლოცვისა და მსხვერპლისა შესაწირავად. ღვთისმშობელი მარიამ იყო უზენაესი ქერუბიმთა; სვიმონ მოხუცებული იყო კაცი მართალი და წმიდა; ანნა წინასწარმეტყველი, რომლისა სახელი უთუოდ გესმა სახარებისაგან, თუ იყავი ცისკარზედ, იყო ძლიერ მოხუცებული და უძლური; აჰა ესერა ამათ ყოველთა ვხედავთ დღეს შეკრებილთა და მლოცველთა ტაძარში. თუმცა დღე ესე არ იყო მათთვის დღსასწაული, არამედ უბრალო, ნიადაგი დღე. გარნა შენ, რომელი ხარ კაცი ცოდვილი, რომლისათვის ფრიად საჭიროა განწმენდა სინიდისისა მრავლითა და ხშირითა ლოცვითა, შენ არათუ უბრალო დღეს, არამედ მრავალ გზის დღესასწაულშიდაც დააკლდები წირვა-ლოცვასა, რომელთამე უბრალოთა და არა პატივისმცემელთა მიზეზთა გამო და ხანდისხან გარეშე ყოვლისა მისაცემელთა მიზეზთა გამო და ხანდისხან გარეშე ყოვლისა მიზეზისა. ნუთუ შენ უწმიდესი ყოვლად წმიდისა დედოფლისა, ნუთუ შენ უმართლესი ხარ მართლისა სვიმეონისა, რომელნი არაოდეს არ დააკლდებოდენ ეკლესიურსა ლოცვასა? ნუ იქმნები მცონარე! ნუ სჩაგრავ სულსა შენსა! რა იცი, რა დროს მოგივა შენ მადლი ლოცვისა? რა იცი, რომელს დღეში უმეტესად შეიწყნარებს ღმერთი ლოცვასა შენსა? იქმნება იმ დღეს, როდესაც შენ დაგეზარა ეკკლესიაში წასვლა, რომ წასულიყავი საყდარში, მადლი სულისა წმიდისა შეეხებოდა გულსა შენსა; იქმნება იმ დღეს, მსგავსად სვიმეონ მართლისა, შეიძლებოდა შენი გულის სიღრმისაგან წარმოთქმად წინაშე ღვთისა: აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი.

            ნუ დაუტევებ აგრეთვე შეუნიშვნელად, რა საკვირველი ღვთის მოყვარე და მსასოებელი იყო წინასწარმეტყველი ანნა, რომლისა სახელსა ახსენებს დღევანდელი სახარება. იგი იყო ქვრივი ოთხმოცდა ოთხის წლისა, ქმართან სცხოვრებდა მხოლოდ შვიდი წელი. დანარჩენი ცხოვრება თვისი გაატარა ტაძრის ეზოში, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა დღე და ღამე, იტყვის დღევანდელი სახარება (ლუკ. 2, 37). ნეტავი ერთი მაინც მსმენელთაგანი ქალი ერთ წამს დაფიქრდეს და ჰკითხვიდეს თვის გულში თავის თავს: რომელი ცხოვრება სჯობს, მისი დაფანტული, ამაო, აღელვებული, ჭორითა და ბოროტ სიტყვაობითა აღვსებული, ანუ ანნა ქვრივისა, რომელი დღე და ღამე არა განეშორებოდა ტაძარსა ლოცვითა, ვედრებითა და მსახურებითა? ამას რომ ჰკითხვიდეს ვინმე თავის თავს, მისი სინდისი და გული შეატყობინებდა, რა საშინელი და სამწუხარო განსხვავება არის შორის მისა და ანნა წინასწარმეტყველსა, და მიიღებდა იგი დიდსა სწავლასა და მხილებასა. ამინ.

 


right_bar_header

<  ხუთშაბათი 21/9/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მე-16 შვიდეული. ხუთშაბათი. ხმა მე-6. საკ.: ცისკ. - ლკ. 4 დას. I, 39-49, 56. ლიტ. - ღმრთისმშობ. - ფილ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა. ხსენება წმიდათა აღმსარებელთა იოანესი (მაისურაძე) და გიორგი-იოანესი (მხეიძე).