მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული. შაბათი. ხმა მე-5. მსგეფსი. ხსნილია ყოვლითურთ. საკ.: 2 ტიმ., 295 დას., III, 1-9. ლკ., 103 დას., XX, 45 - XXI, 4.

day_icon   

ხსენება   ღირსისა მღვდელმონოზონისა ილარიონ ქართველისა, ახლისა (ყანჩაველი, 1864);  ღირსისა ავქსენტისა (+დაახლ. 470);  ღირსისა მარონისა, სირიელი მეუდაბნოისა (+IV); მღვდელმ-თავრისა აბრაამისა, კარიელი ეპისკოპოსისა (+V); მოციქულთა სწორისა კირილესი, სლოვენთა მოძღვრისა (+869)






წმინდა ილარიონ ქართველი (ერობაში - იესე ყანჩაველი) დაიბადა 1776 წელს, ქუთაისის გუბერნიის, შორაპნის მაზრის სოფელ - ლოსიათხევში, ღვთისმოსავი აზნაურების, ხახული და მარიამ ყანჩაველების ოჯახში. ექვსი წლის იესე ბიძამ, ბერდიაკონმა სტეფანემ, თავისთან წაიყვანა მონასტერში.

მამა სტეფანეს გარდაცვალების შემდეგ, იესე ტაბაკინის მონასტერში გადავიდა, მაგრამ როცა თბილისში სასულიერო სასწავლებლის გახსნის შესახებ შეიტყო, ქართლისკენ გაეშურა. გზად ლოცვა-კურთხევისთვის ნიქოზის ეპისკოპოსთან შეიარა. ამ უკანასკნელმა კი, იესეს მადლიანი ლოცვით დამტკბარმა, ურჩია: „შვილო ჩემო, შენ სასწავლებელში ისეთს ვერაფერს გასწავლიან, რაც უდაბნოში გისწავლია. ასე რომ, დაბრუნდი შენს სახლში. უფალი ღმერთი, რომელმაც ლოცვა გასწავლა, ისეთ მდგომარეობაში მოგიყვანს, რომ ღვთის ეკლესიისა და შენი ერისთვის სასარგებლო იქნები“. შინ დაბრუნებული ყმაწვილი მამამ მალე ქუთაისის სასახლეში მიიყვანა და მეფის კარზე მიაბარა აღსაზრდელად. მეფემ გადაწყვიტა, სისპეტაკით და ღვთისმოსაობით გამორჩეული იესე მღვდლად ეკურთხებინა, რომ მისი სახით საიმედო მოძღვარი და მრჩეველი ჰყოლოდა.

იესემ ცოლად შეირთო თავადის ასული, სახელად მარიამი. მალე იგი მღვდლად აკურთხეს და მეფის კარის ეკლესიის მოძღვრად დაადგინეს.

1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიას შეუერთდა. რუსეთის მთავრობამ იმერეთის მეფესთან დაიწყო მიმოწერა ამ ფაქტთან დაკავშირებით.

ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის დაძაბვის ფონზე, თავი იჩინა სამეფო ტახტის სიმტკიცის შერყევითა და სხვადსხვა გარემოებებით გამოწვეულმა შურმა, ანგარებამ და ღალატმა. მეფე სოლომინის წინაშე ორი არჩევანი დადგა: ან რუსეთში „საპატიო“ მდგომარეობაში ცხოვრება, რისთვისაც ძალიან დიდი თანხა იყო გამოყოფილი რუსეთის მიერ, ან თურქეთში გაქცევა და იქიდან სამეფოს დაბრუნებაზე ზრუნვა. დიდი შინაგანი ბრძოლის შემდეგ, მეფემ გადაწყვიტა თურქეთში გადასულიყო. პროტოპერსვიტერმა იესე ყანჩაველმა არც ამ განსაცდელში მიატოვა მეფე: მცირე ხანში მანაც არზრუმს მიაშურა და სოლომონ II-ის ყველა ჭირსა და ტკივილს იზიარებდა. სოლომონ II თურქეთში აღესრულა 1814 წელს. მისი ნეშტი ტრაპიზონის მიწას მიაბარეს.

მამა იესემ შეძლო, მეფის ამალაში მყოფი დიდებულებისთვის რუსეთის მეფისგან წყალობა გამოეთხოვა: ყველას დაუბრუნდა ადრინდელი წოდებები და მამულები. თავად იესე მშობლიურ კუთხეში აპირებდა დაყუდებულ ცხოვრებას, მაგრამ დედოფალმა მარიამმა მოსკოვში უხმო, სადაც იგი სოლომონის თურქეთში გადასვლის შემდეგ ჩაეყვანათ. მან მოსკოვში ჩაიტანა მეფე სოლომონის მიერ თურქეთში წაღებული უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი. დედოფალმა იგი სასახლის ეკლესიაში მოათავსა. იმპერატორის კარზე გამეფებულმა ფუფუნებამ და განცხრომამ ძალიან დაამძიმა მამა იესეს ღვთისმოყვარე სული. მან აბრეშუმის სამოსელი გლახაკის ძონძებით შეიცვალა და 1819 წელს ათონის წმიდა მთას მიაშურა.

ათონელ ბერებს წმინდანი მოსალოცად ჩასულ ღარიბ ქართველად გაეცნო. მან ჯერ ივირონი მოილოცა, შემდეგ კი დიონისეს მონასტერში გადავიდა.

1821 წელს წმინდანი ბერად აღიკვეცა ილარიონის სახელით.

მამა ილარიონი სიყვარულით ასრულებდა მორჩილების საქმეებს. მას მხოლოდ ის აწუხებდა, რომ ბერძნულის უცოდინარობის გამო ღვთის სიტყვის სმენას მოკლებული იყო, ამიტომ იღუმენისგან ითხოვა კურთხევა, ქართული წიგნების გამოსათხოვად ივირონში წასულიყო. მამა ილარიონი იცნო ბერძენმა არქიმანდრიტმა, რომელმაც იგი ჯერ კიდევ მოსკოვში გაიცნო. მალე მთელს ათონს მოეფინა ხმა იმის შესახებ, რომ მონასტერში უბრალო ბერის სამოსით მეფის მოძღვარი იმალებოდა. ამიერიდან მას ყველგან თან სდევდა საერთო პატივისცემა. ამგვარი მოპყრობით შეწუხებული მამა ილარიონი დიონისეს მონასტრის ახლოს, უდაბნოში გადასახლდა.

იმ ხანებში მთელს საბერძნეთში საშინელი სისხლისღვრა იყო გაჩაღებული: თურქები დაუნდობლად ჟლეტდნენ აჯანყებულ ბერძენ ქრისტიანებს. 1822 წელს აბდულ რობუტ-ფაშა მრავალრიცხოვანი ლაშქრით ათონის საზღვართან დაბანაკდა და ბრძანა, ყველა მონასტრის წინამძღვარი ხლებოდა. დიონისეს მონასტრის წინამძღვრის ნაცვლად ურჯულოს წინაშე მოწამეობის სურვილით ანთებული მამა ილარიონი წარდგა, სხვა ორ ბერთან ერთად. როცა ფაშამ შეიტყო, რომ მამა ილარიონი ქართველი იყო, გაიხარა, აღმოჩნდა, რომ თვითონაც ქართველი ყოფილა. ბავშვობაში თურქებს მოეტაცათ და გაემაჰმადიანებინათ. მან წმინდანს მოუწოდა, დაეტოვებინა ათონი, სანაცვლოდ კი საკუთარ სასახლეს სთავაზობდა თესალონიკში. მამა ილარიონმა მტკიცე უარით უპასუხა და ამხილა ქრისტეს უარმყოფელი.

ათონზე დაბრუნებული მამა ილარიონი წუხდა, რომ ვერ მიემთხვია მისთვის სანატრელ მოწამეობრივ აღსასრულს. მან წინამძღვრისგან კურთხევა გამოითხოვა და ხელახლა ეახლა ფაშას.

წმინდანი სამი დღე ზედიზედ მიდიოდა ფაშასთან, ამხელდა მის უსჯულოებას. მეოთხე დღეს მამა ილარიონმა ფაშას მუსულმანობისა და თვით მისი დამაარსებლის, მუჰამედის, სიცრუეზე დაიწყო საუბარი. ფაშამ სიცილით იკითხა: „როგორ ფიქრობ, სად წავალთ ჩვენ?“ მამა ილარიონმა ირგვლივ შემოკრებილი სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე უამრავი ადამიანის წინაშე გაბედულად განაცხადა, მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიის წიაღში შობილი ჭეშმარიტი მორწმუნენი გადარჩებიანო. მაშინ ყველა ირგვლივ მყოფმა ერთად შესძახა: „სიკვდილი მაგას!“ და აბდულ-რობუტ-ფაშაც იძულებული გახდა, მისი სიკვდილით დასჯის ბრძანება გაეცა. მამა ილარიონი სიხარულით გაჰყვა აღტკინებულ ბრბოს დასჯის ადგილისაკენ, მაგრამ ორმა წარმოშობით ქართველმა ჯარისკაცმა ფაშასგან კვლავ მისი გათავისუფლების ნებართვა გამოითხოვა: თავი მოგვეჭრება, რას იტყვიან ჩვენზე, ერთი თანამემამულე შეგვხვდა და ისიც მოვკალითო.

წმინდანს ათონზე დაბრუნება უბრძანეს, მაგრამ მან მოყვასის სიყვარულის გამო ტუსაღთა მსახურების ღვაწლი იტვირთა: ექვსი თვის მანძილზე თავგანწირვით ემსახურებოდა თესალონიკის ციხეში გამომწყვდეულ პატიმრებს. მამა ილარიონმა ბევრი პყრობილი გადაარჩინა აშკარა სიკვდილს, ბოლოს კი, ღვთის ჩაგონებით, დატოვა თესალონიკი და ათონის გზას დაადგა.

წმინდა მთაზე დაბრუნებული მამა ილარიონი სამი წელი ცხოვრობდა გამოქვაბულებში. აქ მისი ცხოვრების წესი ასეთი იყო: პარასკეობით არაფერს ჭამდა, სხვა დღეებში - წვრილყელიან ხაპში ჩაყრილი დანამცეცებული ორცხობილიდან იმდენს იღებდა, რამდენიც ერთ პეშვს ამოყვებოდა და ამას სჯერდებოდა. წყალსაც ცოტას სვამდა - ერთ ჭიქას დღეში. ხშირად დემონები საზარელი სახით ეცხადებოდნენ წმინდანს.

მლოცველები ხშირად არღვევდნენ მამა ილარიონის მყუდროებას, ერთ დღეს ბერმა დატოვა გამოქვაბული და ტყეში მიიმალა. ძლიერმა ასკეტურმა მოღვაწეობამ ფიზიკურად ისე დაასუსტა წმინდანი, რომ იძულებული გახდა, დაყუდების ღვაწლზე ხელი აეღო. მეგობრის, ქართველი ბერის, ბენედიქტეს, ზედამხედველობით, წმინდანი თანდათან მომჯობინდა. ამის შემდეგ იგი მოღვაწეობდა ივირონში, დიონისეს მონასტერში, რუსიკში...

ივირონში მან წიგნთსაცავს მიხედა: შეადგინა კატალოგი, შემდეგ წიგნებიდან და ხელნაწერებიდან ამონაწერები გააკეთა, რაც თორმეტ ტომად მოამზადა, სათაურით - „ყვავილნარი“. წიგნებში, ძირითადად, წმინდანთა ცხოვრება იყო აღწერილი. ეს კრებული გადაეცა ზოგრაფის იღუმენს, რომელიც რუსეთში მიემგზავრებოდა. მან გამოსცა თორმეტივე ტომი ქართულ ენაზე, შემდგენლის მიუთითებლად.

ცხოვრების მიწურულს წმინდა ილარიონი მძიმედ დასნეულდა, რისთვისაც ღმერთს მადლობდა. „დიდება უფალს! მსურდა მოწამეობა, მაგრამ ღმერთმა არ მაღირსა, ახლა კი ავადმყოფობა მომივლინა. ეს მოწამეობის ტოლია, თუ მოთმინებით და ღვთის ნების ერთგულებით გადაიტან“.

სიკვდილის წინ მამა ილარიონს თავისი მოწაფისთვის, მამა საბასთვის, უთხოვია, მისი ნეშტი მალულად დაეკრძალა. გარდაიცვალა 1864 წლის 12 თებერვალს.

მამა საბა იძულებული გახდა, მამა ილარიონის საფლავის ადგილსამყოფელი გაეცხადებინა. 1867 წელს, ამაღლების წინა ღამისთევის ლოცვისას, ბერებმა ამოასვენეს მამა ილარიონის წმიდა ნაწილები, რომლებიც საოცარ კეთილსურნელებას გამოსცემდა.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მღვდელსქიმმონაზონი ილარიონი (ყანჩაველი) წმინდანთა დასში ჩაირიცხა და ილარიონ ქართველი ახალი ეწოდა.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“
თბილისი, 2004 წ


right_bar_header

<  ხუთშაბათი 17/8/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მე-11 შვიდეული. ხუთშაბათი. ხმა 1. მიძინების მარხვა. საკ.: ლიტ. - 2 კორ. 175 დას. IV, 1-6. მთ. 99 დას. XXIV, 13-28. მოწ. - ებრ. 330 დას. XI, 33-40. ლკ. 106 დას. XXI, 12-19.
ხსენება შვიდთა ყრმათა ეფესელთა: მაქსიმილიანესი, იამბლიქოსი, მარტინიანესი, იოანესი, დიონისესი, ექსაკუსტოდიანესი (კონსტანტინე) და ანტონინესი; ღირსმოწამისა ევდუკიასი; მოწამისა ელევთერისა.