მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





სულთმოფენობიდან 36-ე შვიდეული.პარასკევი.ხმა მე-2. მარხვა. საკ: ლიტ. - იაკ,. 52 დას. II, 1-13. მკ. 46 დას. X, 23-32. მღვდელმოწ. - ებრ. 334 დას. XIII, 7-16. ინ. 36 დას. X, 9-16.

day_icon   

ხსენება მღვდელმოწამისა კლიმენტისა (კლიმი), ანკვირელი ეპისკოპოსისა, და მოწამისა აგათანგელოზისა (+312); ღირსისა მავსიმესი (+IV); ღირსისა სალამან მდუმარისა (+დაახლ. 400); მღვდელმთავრისა პავლინე მოწყალისა, ნოლანელი ეპისკოპოსისა (+431); ხსენება წმიდათა მამათა, რომელნი შეიკრიბნენ VI მსოფლიო კრებაზე (680-681)



მღვდელმოწამე კლიმი გალატიის ქალაქ ანკვირში დაიბადა 258 წელს. მამამისი წარმართი იყო, დედა კი - ქრისტიანი. ადრე დაობლებული ბავშვის აღზრდა კეთილმსახურმა ქალმა, სოფიამ, იტვირთა. გალატეაში შიმშილობის მძვინვარების ჟამს, წარმართები დამშეულ შვილებს უპატრონოდ ყრიდნენ ქუჩებში. სოფია აგროვებდა უმწეოებს, აპურებდა და მოსავდა მათ. ღვთისმოყვარე გამზრდელს გვერდში ედგა კლიმენტიც - იგი ბავშვებს განსწავლიდა და ნათლისღების მისაღებად ამზადებდა. ბევრი შემდეგში ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულა.

კეთილმსახური ცხოვრებისათვის კლიმენტი ჯერ მედავითნედ აკურთხეს, შემდეგ დიაკვნად; თვრამეტი წლისას ხუცესად დაასხეს ხელი, ოცი წლის ასაკში კი ანკვირელ ეპისკოპოსად აირჩიეს. მალე დიოკლეტიანემ (258-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყო. სხვებთან ერთად შეიპყრეს და დაატუსაღეს წმინდა მღვდელმთავარიც. გალატიის მმართველი დომენტიანე ცდილობდა, წარმართული ღვთაებების თაყვანისცემისკენ გადაედრიკა მოციქულთა ტახტის მემკვიდრე, მაგრამ მან მხნედ დაითმინა სასტიკი სატანჯვი და მტკიცედ დაიცვა თავისი აღმსარებლობა. კლიმენტის ხეზე ჰკიდებდნენ, ბასრი დანებით სხეულს უსერავდნენ ისე, რომ ძვლებიც კი უჩანდა. არგნებითა და ქვებით გვემდნენ, ბორბალზე აკრავდნენ, ატრიალებდნენ და ნელ ცეცხლზე წვავდნენ. უფალი თავის რჩეულს იცავდა და წყლულებს უამებდა. ბოლოს დომენტიანემ წმინდა მოწამე რომში გაგზავნა, დიოკლეტიანესთან. უსჯულო იმპერატორმა, როცა კლიმენტის უვნებელი სხეული იხილა, არ დაიჯერა, რომ ის ნაწამები იყო და კიდევ უფრო საშინელი სატანჯველი დაატეხა თავს, შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდია.

მოწამის სიწმინდისა და მისი სასწაულებრივი კურნების მოწმე მრავალმა წარმართმა ირწმუნა ქრისტე. მის საკანში თავს იყრიდნენ სულიერი დამოძღვრის თუ ნათლისღების მსურველები, ხორციელ სნეულებათაგან შეჭირვებულები... საპყრობილე ტაძრად იქცა. ავ ენათაგან დასმენილი კლიმენტის მრავალი მნახველი სიკვდილით იქნა დასჯილი. წმინდა მამის მოთმინებით გაოცებულმა დიოკლეტიანემ იგი ნიკომიდიაში თავის თანამმართველ მაქსიმიანესთან გაგზავნა. გზად ხომალდზე მღვდელმთავრის მოწაფე, აღათანგელოსი, ამოვიდა - მასაც კლიმენტისთან ერთად სურდა სიკვდილი.

იმპერატორმა მაქსიმიანემ კლიმენტი და აღათანგელოსი მმართველ აგრიპინს გადასცა, რომელმაც ისეთ მხეცურ სატანჯველებს მისცა ისინი, რომ თვით წარმართებში იფეთქა თანაგრძნობამ მოწამეთა მიმართ და ქვებით ჩაქოლეს მათი მტარვალები.

განთავისუფლებული წმინდანები თავზე ხელის დადებით კურნავდნენ სნეულებს, ნათლავდნენ და მოძღვრავდნენ წარმართებს. ბოლოს მაქსიმიანეს ბრძანებით, კვლავ შეიპყრეს ისინი და სამშობლოში, ქალაქ ანკვირში გაგზავნეს, სადაც ანკვირელმა მთავარმა, კურინიუსმა, აწამა აღმსარებლები, შემდეგ კი სისასტიკით განთქმულ ნაცვალ დომენტისთან გააგზავნა.

ამასიაში წმინდა მოწამეები კირის ხსნარში ჩაყარეს, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ იქიდან უვნებელნი ამოვიდნენ. მოწამეები შემდგომი წამებისათვის ტარსუსის გზას გაუყენეს. ღმერთმა კლიმენტის განუცხადა, რომ კიდევ 28 წელი მოუწევდა ქრისტესთვის ტანჯვა. მხნე აღმსარებლები კვლავ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩაყარეს.

მაქსიმიანეს სიკვდილის შემდეგ აღათანგელოსს თავი მოჰკვეთეს. წმინდა კლიმენტი კი ანკვირელმა ქრისტიანებმა გაათავისუფლეს და ტაძარში მიიყვანეს. აქ ლიტურღიის აღსრულების შემდეგ, წმინდანმა წინასწარმეტყველურად განაცხადა, რომ ქრისტიანთა დევნის დასასრული მოახლოებული იყო და თვითონაც მალე მიიღებდა მოწამის გვირგვინს.

მართლაც, მცირე ხნის შემდეგ, ტაძარში შეჭრილმა მეომრებმა წმინდა მღვდელმთავარს უსისხლო მსხვერპლშეწირვის დროს თავი მოკვეთეს (+დაახლ. 312).

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.


right_bar_header

<  ხუთშაბათი 17/8/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მე-11 შვიდეული. ხუთშაბათი. ხმა 1. მიძინების მარხვა. საკ.: ლიტ. - 2 კორ. 175 დას. IV, 1-6. მთ. 99 დას. XXIV, 13-28. მოწ. - ებრ. 330 დას. XI, 33-40. ლკ. 106 დას. XXI, 12-19.
ხსენება შვიდთა ყრმათა ეფესელთა: მაქსიმილიანესი, იამბლიქოსი, მარტინიანესი, იოანესი, დიონისესი, ექსაკუსტოდიანესი (კონსტანტინე) და ანტონინესი; ღირსმოწამისა ევდუკიასი; მოწამისა ელევთერისა.