მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





სულთმოფენობიდან 36-ე კვირიაკე. ხმა მე-3. საკ.: 1 ტიმ., 280 დას. (შუათგან), I, 15-17. ლკ., 93 დას., XVIII, 35-43. წმ. - 1 კორ. 151 დას. XII, 7-11. ინ. 36 დას. X, 9-16.

day_icon   

ხსენება წმ. გაბრიელისა, იმერეთის ეპისკოპოსისა (ქიქოძე, +1896); წმინდისა გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, კონსტანტინოპოლელ მთავარეპისკოპოსისა (+389-390); მოწამისა ფილიცატასი და ძეთა მისთა: იანუარისა, ფელიქსისა, ფილიპესი, სილვანესი, ალექსანდრესი, ვიტალისა და მარციალისა (+დაახლ. 164); ღირსისა პოპლისა; ღირსისა მარი მგალობელისა (IV)



წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი დაიბადა 1825 წლის 15 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში. გურიის მთავრის, მამია გურიელის კარის მოძღვრის მაქსიმე ქიქოძის ოჯახში.

1840-45 წლებში გაბრიელი (ერისკაცობაში გერასიმე) სწავლობდა თბილისის, შემდეგ ფსკოვის და ბოლოს პეტერბურგის სემინარიაში. 1849 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია მაგისტრის ხარისხით. ამავე წელს დაოჯახდა და დაბრუნდა საქართველოში; 1849 წელს დაინიშნა თბილისის სემინარიის ინსპექტორად, 1854 წელს ეგზარქოსის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, შემდეგ კი - მღვდლად.

1856 წელს, 32 წლის ასაკში მას თავს დაატყდა უბედურება: გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი. ამ ტრაგედიის შემდეგ მამა გაბრიელი ეგზარქოს ისიდორეს ლოცვა-კურთხევით ბერად აღიკვეცა დავით გარეჯის მონასტერში. 1858 წელს გაბრიელი მონასტრის წინამძღვრად გაამწესეს. იმავე წელს გადაიყვანეს გორის ეპისკოპოსად, ხოლო 1860 წლის 2 ივლისს იმერეთის ეპარქიის ეპისკოპოსად ეკურთხა და გარდაცვალებამდე ამ სამწყსოს მღვდელმთავარი იყო. 1869 წელს მის განმგეგლობაში შევიდა აფხაზეთის ეპარქია. ხოლო 1873 წელს მას მიემატა სამეგრელოს ეპარქია. ეპისკოპოსმა გაბრიელმა ორჯერ იმოგზაურა სვანეთში: 1866  და 1877 წლებში. მისი მოღვაწეობის შემდეგ სვანეთში განმტკიცდა ქრისტიანული სარწმუნოება. 18000 აფხაზმა მიიღო ქრისტიანობა. აიგო 200-ზე მეტი ტაძარი, შეკეთდა: ნიკორწმიდის, ბიჭვინთის, მოქვის, კაცხის, ილორის ტაძრები. დაარსდა ასამდე სამრევლო სკოლა: 1887 წელს შეიქმნა „ქართული საეკლესიო გალობის აღმდგენელი კომიტეტი“. ხოლო 1889 წელს - კომიტეტი დავით აღმაშენებლის საფლავზე სამრევლო ეკვდერის განსაახლებლად და დიდთა მოწამეთა დავით და კონსტანტინეს გვამთათვის ახალი სანაწილის გასაკეთებლად. 1890 წელს ქუთაისში დაარსდა ქალთა სასწავლებელი, ხოლო 1894 წელს სასულიერო სემინარია გაიხსნა. მრევლის განათლების მიზნით მეუფე გაბრიელი ხშირად მოგზაურობდა ეპარქიის ფარგლებში, ხალხთან პირად შეხვედრას და საუბარს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. სოფლიდან სოფელში გადადიოდა და დღეში სამ-ოთხ ადგილას დამოძღვრიდა ხოლმე სამწყსოს. მაგრამ ყველაზე მეტად მრევლზე გავლენას ახდენდა გაბრიელ ეპისკოპოსის პიროვნება, მისი პირადი მაგალითი. როგორც პედაგოგმა და მოძღვარმა, მან იცოდა ზნეობრივი აღზრდის საშუალებები. ჯერ კიდევ სემინარიაში ყოფნის დროს მან, იაკობ გოგებაშვილის თქმით, „ნათლად, მკვეთრად და კატეგორიულად განსაზღვრა კეთილგონივრული ყოფაქცევის მნიშვნელოვანი და არსებითი წესები... კეთილი, ჯანსაღი და ზნეობრივი ცხოვრების საუკეთესო საშუალებად ის თვლიდა გონებრივი და ფიზიკური შრომის ერთმანეთთან შენაცვლებას. ამ წესს იგი თვითონაც მკაცრად იცავდა“. ჭრიდა შეშას, თოხნიდა, პირუტყს საზრდოს უზიდავდა, ქათმებს აპურებდა. ახალი ტაძრების მშენებლობის დროს ხშირად თვითონ იყო არქიტექტორი, სოფელ-სოფელ ეძებდა კარგ ოსტატებს, ზრუნავდა წესრიგზე. თურმე „თუ სადმე ეკლესიაში უსუფთაობას ნახავდა, მოიტანდა ცოცხს და თავისი ხელით დახვეტდა“. ეპისკოპოსი გაბრიელი მხოლოდ პირადი ღირსებით შემკულ ხალხს აკურთხებდა ეკლესიის მსახურებად და არ უწევდა ანგარიშს არც თავადს, არც მთავარსა და არც გუბერნატორს. ცნობილია, თუ როგორ შერისხა მან გრაფი ლევაშოვი სასულიერო საქმეებში უხეში ჩარევის გამო. მეუფე გაბრიელი „ადამიანებს ენდობოდა, რადგან მათში, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ხატებას ხედავდა და ამიტომაც მათ შიში არ ჰქონდა“. ერთი მოგზაურობის დროს ავაზაკი თავს დაეცა და გაძარცვა მოუნდომა. გაბრიელი არ დაიბნა, ჯვარი გადასახა და უთხრა: „შვილო, მე საწყალი ბერი ვარ, გაბრიელ ეპისკოპოსი, ფული სად მაქვს“. ეს სახელი ავაზაკსაც გაეგონა და შეკრთა. მეუფე არ მოეშვა, სანამ თან არ წაიყვანა, გაზარდა და სკოლაში მასწავლებლად განამწესა.

მთხოვნელის შერჩევა მეუფემ არ იცოდა. დიდი, პატარა, შორეული თუ ახლობელი, თავადი თუ გლეხი მისთვის ერთი იყო. უკანონობას არ მოითხოვდა და უზნეო თხოვნას არავისას არ შეასრულებდა. მისი უბრალო და მარტივი ხასიათი მის ტანსაცმელში ჩანდა. საცხოვრებელ ოთახში და სმა-ჭამაშიც ხშირად მნახველს ძველ სამოსელში გამოწყობილი ბერი მოსამსახურედ მიუღია.

ეპისკოპოსი გაბრიელი იყო საოცარი მოწყალე და ქველმოქმედი, თავისი სამწყსოს ქვრივთა და ობოლთათვის ლუკმის მიმწოდებელი. იტყოდა ხოლმე, მაძღარს არ ვაჭმევ, რადგან მშიერიც ბევრი მეგულებაო. ერთ დიდსა და სასტიკ ზამთარში, როცა ქუთაისის ღარიბები დიდ გაჭირვებაში და განსაცდელში ჩავარდნენ, მღვდელმთავარმა თავისი ფეხით დაიარა გაჭირვებულთა ქოხმახები და აღმოუჩინა მათ შემწეობა, რამდენიც შეეძლო. იგი ღრმად თანაუგრძნობდა მდაბალ ხალხში სწავლა-განათლების გავრცელებას, მრავალ მოსწავლეს უწვდიდა დახმარების ხელს, საკუთარ სახლში ინახავდა და სწავლის ქირასაც უხდიდა, ამ ყმაწვილებთან სადილობდა და ბაასობდა იმ მიზნით, რომ მათში გაეღვიძებინა კეთილშობილური აზრები. მათ ნორჩ გულებში დაენერგა სიყვარული სიმდაბლისადმი. მისი დევიზი იყო: „მე არა მეკუთვნის რა, ყველაფერი ღვთისაა“. გაბრიელ ეპისკოპოსის დღიურები საშუალებას გვაძლევს შევიტყოთ, თუ რამდენი უპატრონო მკვდარი დაუსაფლავებია, რამდენი შიშველი შეუმოსავს, რამდენი გზის ქირა გადაუხდია, რამდენი შეგირდისთვის სასწავლო ნივთი უყიდია, რამდენი სნეულისთვის უექიმია. დიდ ზამთარში ხშირად ქვრივ-ობლებს შეშას და ფულს უგზავნიდა ღამ-ღამობით, ჩუმად. ცნობილია ასეთი ამბავი: ერთხელ ეპისკოპოსმა გაიგო ქუთაისის ციხეში ტუსაღთა რიცხვი, შეაკერინა საცვლები და ორ საპალნე თეთრ პურთან ერთად გაუგზავნა პატიმრებს. თან დაავალა, არავითარ შემთხვევაში არ ეხსენებინათ მისი სახელი.

მეუფე გაბრიელის თანამედროვენი ერთხმად აღნიშნავენ, რომ საოცარი სახილველი იყო ლოცვად დამდგარი ეპისკოპოსი. წირვა-ლოცვა ძლიერი სასოებით იცოდა.

მიუხედავად ამისა, გაბრიელ ეპისკოპოსის მიმართ ხშირად იყო გესლიანი წერილები, ეჭვები, უსაფუძვლო ცილისწამებანი. მას აბრალებდნენ უსამართლობას, უზნეობას, კარიერისტობას, საეკლესიო ნივთებით ვაჭრობას. ერთხელ, როდესაც მეუფემ ბატონყმობის გაუქმების აუცილებლობაზე იქადაგა ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში, ერთ-ერთმა აზნაურმა მოკვლა დაუპირა მას. ეპისკოპოსი გააფრთხილეს, მარამ იგი არ შედრკა, გზას არ გადაუხვია და მშვიდად ჩაუარა ბოროტგანმზრახველს. იქ მყოფნი ამბობდნენ, ეპისკოპოსმა ისეთი ლმობიერებით შეხედა აზნაურს, რომ მას საკუთარი ბოროტების შერცხვაო. მას მტრებიც კი იხსენებენ, როგორც „უნიჭიერეს და ყოვლად შესანიშნავ მოძღვართმოძღვარს“, ადარებენ „ეკლესიის თვით პირველ წმიდა მოძღვრებს“, უწოდებენ „საკვირველ პედაგოგს“, „არაჩვეულებრივ სიტყვის მეუფეს“, „სიმართლის მასწავლებელს“.

მეუფე გაბრიელი ერთ-ერთი მხურვალე დამცველი იყო ქართული ენისა, რომელიც XIX საუკუნეში, საუბედუროდ, გადაგვარების მომაკვდინებელი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ის გაბედულად ებრძოდა ყველას, ვინც ეჭვქვეშ აყენებდა მშობლიური ენის არსებობის აუცილებლობის საკუთხს. ამ მიზნით დაწერა მრავალი წერილი და ქადაგება. მან ამხილა ვაიქართველი მუხრანსკი, რომელიც წერდა, რომ მცირე ერები, მათ შორის ქართველებიც, „დიდ“ ხალხში გათქვეფის აუცილებლობას ვერ აცდებოდნენ, და რაც უფრო მალე მოხდებოდა ეს მოვლენა, მით უკეთესი იყო. „რით ამტკიცებ შენ, რომ ეს მოვლენა (მცირე ხალხის ენის განქარვება) არის ბუნების წესი?“ - ეკითხება გაბრიელ ეპისკოპოსი მუხრანსკის, - „პირიქით, ხალხი უნდა ეცადოს ენის გავრცელებას, გამდიდრებას და არა დამარხვასა და დაკარგვას“. გაბრიელი თვლიდა, რომ „ხალხის ინდივიდუალობის უმთავრესი ელემენტი“ სწორედ ენაა. მშობლიურ ენას მოკლებული ყოველი ხალხი მოკლებულია ყოველგვარი ინდივიდუალურ ნიშან-თვისებას და „უსარგებლოა თავისთვისაც და სხვისთვისაც“.

მეუფე გაბრიელი მტკიცედ აღუდგა წინ კავკასიის სასწავლო მზრუნველის იანოვსკის წინადადებას, „ქართული სამღვდელოების გონების შეზღუდულობის გამო“ პირველდაწყებით სკოლებში რუსი სამღვდელო პირები დაენიშნათ. ასე მოიქცა მაშინაც, როცა იანოვსკის პოლიტიკის გამტარებელმა, ქუთაისის გუბერნიის სკოლების დირექტორმა ლევიტსკიმ სცადა სასწავლებლიდან ქართულის გაძევება. ამის გამო ლევიტსკი გააფრთებით ებრძოდა გაბრიელს და მოითხოვდა მის გადაყენებას ეპისკოპოსობიდან.

ასევე დიდი უთანხმოება ჰქონდა გაბრიელს ეროვნულ ნიადაგზე ეგზარქოს ევსევისთანაც, რაც შემდგომში განხეთქილებამდეც მისულა. ზემდგომ დაწესებულებებთან და პიროვნებებთან ამგვარ დაპირისპირებას ხშირად მათი გულისწყრომაც მოჰყვებოდა ხოლმე. დროდადრო გაბრიელზე საიდუმლო მეთვალყურეობაც ყოფილა დაწესებული, რადგანაც ის მთავრობისათვის არასაიმედო კაცად იყო მიჩნეული.

1885 წელს მოკლეს გაბრიელ ეპისკოპოსის მდივანი, ცნობილი პუბლიცისტი ესტატე მჭედლიძე (ბოსლეველი). მეუფემაც მიიღო მუქარის წერილები. მან საქართველოდან წასვლა დააპირა. „ჩემი სულის სიმდაბლე იყო, რომ შევშინდი, მაგრამ მთლად ჩემი თავისთვისაც არ შევშინებულვარ. მე ერთი ხნიერი კაცი ვარ. დიდი ხნის სიცოცხლე მაინც არა მაქვს, მაგრამ რომ მართლა მოვეკალით, რა ჩირქი დაედებოდა მთელ ხალხს, რომელმაც თავისი მოძღვარი ასე სასტიკად გაიმეტაო“.

სიცოცხლის ბოლოს მეუფე გაბრიელს მძიმე სულიერი ბრძოლები დაეწყო, ხშირად ტანჯავდნენ საშინელი მოჩვენებანი. კაცთა მოდგმის მტერმა უკანასკნელი ბრძოლა გამართა, რათა ფიზიკურად დასუსტებული მოხუცი სულიერად ეძლია. გარდაცვალების წინა დღეს მეუფე შემდეგ სიტყვებს იმეორებდა: „ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილსა“, ხოლო სულის ამოსვლის წინ ამბობდა: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“. 1896 წლის 25 იანვარს მღვდელმთავარი გარდაიცვალა. უჩვეულოდ დიდი ზამთარი ყოფილა იმ წელს ქუთაისში. გზები თოვლისაგან იყო შეკრული. არათუ მიცვალებულის ღირსეული გაპატიოსნება, გელათში წასვენება და დაკრძალვა ვერ მოხერხდა უამონდობის გამო, არამედ მეზობელს მეზობელთან მისვლაც კი უჭირდა, ამიტომ გადაწყვიტეს, დაეცადათ გაზაფხულამდე, ვიდრე თოვლი არ გადნებოდა და გზები არ გაიხსნებოდა. მანამდე კი გაბრიელის ცხედარი ქუთაისის საკრებულო ტაძარში დაასვენეს. ისეთი დიდთოვლობა იყო, რომ არქიელის გორიდან გამოსვენებულ ცხედარს ადევნებული პროცესია შენობების სახურავებით უფრო მიდიოდა, ვიდრე ქუჩაზე. მიუხედავად უამინდობისა, საკრებულო ტაძარში მიცვალებულის გადასვენებას დიდძალი საზოგადოება დაესწრო.

46 დღე ეთხოვებოდა გაბრიელ ეპისკოპოსს სრულიად საქართველო და მთელი ამ დროის მანძილზე მისი გვამი არ გახრწნილა.

გარდაცვალებულის პირადი ქონება, საკუთარი სურვილით, მთლიანად ქვრივ-ობლებსა და ღარიბებს დაურიგდა.

გამოქვეყნდა გაბრიელ ეპისკოპოსის გამოსათხოვარი სიტყვა. მეუფე უკანასკნელ შენდობას ითხოვდა ყველასაგან და თვითონაც ყველას მიუტევებდა შეცოდებებს. 





წმინდა გრიგოლი, რომელსაც იოანე მოციქულის მსგავსად ღვთისმეტყველი ეწოდა, 329 წელს დაიბადა კაბადოკიაში, განათლებულსა და შეძლებულ ოჯახში. მამას გრიგოლი ერქვა, დედას - ნონა. ისინი მრავალი წლის მანძილზე უშვილონი იყვნენ. მშობლებმა უფალს შესთხოვეს შვილი და აღუთქვეს, რომ მასვე შესწირავდნენ. მართლაც ნონამ იხილა ჩვენება, რომელშიც მომავალი შვილის სახეც წარმოუდგა და სახელიც ემცნო. როცა გრიგოლ ღვთისმეტყველი თავის თავსა და მშობლებზე მოგვითხრობს, წერს: „თუ მე შესაფერისი ვარ აღთქმისა, ეს წყალობაა, ღვთისგან ბოძებული, ხოლო თუ აღთქმას არ შევეფერები - ეს უკვე ჩემი ცოდვაა“.

მართალია, გრიგოლის მამა გვიან მოინათლა, მაგრამ შემდეგში ღვთის სამსახური ირჩია და ნაზიანზის ეპისკოპოსი გახდა. წმინდანის დედა არაფრით ჩამორჩებოდა კეთილმსახურ მეუღლეს; იგი მხოლოდ სხეულით იყო ქალი, თორემ აზროვნებით მამაკაცზე მაღლა იდგა. გრიგოლ ღვთისმეტყველს უმშვენიერესი მოგონებები შემორჩა ბავშვობაზე. გულმოდგინება საკუთარი სულის სრულყოფისათვის დღითიდღე ემატებოდა და უმტკიცდებოდა. იგი სიხარულით კითხულობდა საღვთო წიგნებს და ბედნიერებას ანიჭებდა ზნეობრივად სრულყოფილ ადამიანებთან ურთიერთობა. მან ყრმობაშივე იგრძნო სურვილი სხვადასხვა მეცნიერებების შესწავლისა. ამ მიზნით ჯერ ალექსანდრიაში გაემგზავრა, სადაც რამდენადმე გაეცნო ზოგიერთი სახის მეცნიერებას, ხოლო შემდეგ იქიდანვე დაადგა გზას პირდაპირ ელადისაკენ, კერძოდ, ათენისაკენ. როგორც თვითონ წერს, ზღვით სამოგზაუროდ მეტისმეტად არახელსაყრელი დრო შეარჩია. კუნძულ კვიპროსთან მძვინვარე ქარებისაგან აღელვებული ზღვა დაღუპვით ემუქრებოდა ხომალდს. ყველა, ვინც ადრე ჭეშმარიტი ღმერთი არ იცოდა, ერთხმად მოუხმობდა საშველად ქრისტეს, რადგანაც შიში ყველაზე შთამაგონებელი გაკვეთილია. ამ საშინელი საფრთხის ჟამს გრიგოლ ღვთისმეტყველი ქრისტეს შეევედრა: „შენთვის ვიცხოვრებ, თუ თავს დავაღწევ ამ საშინელ საფრთხეს, ხოლო უკეთუ არა, შენ დაკარგავ ერთგულ მსახურს“. უფალმა შეისმინა მისი ვედრება და ზღვა მსწრაფლ დაწყნარდა. ამ ლოცვის შედეგად ყველა, ვინც კი ხომალდზე იყო, იქიდან ქრისტეს მიმართ უღრმესი მოწიწების გრძნობით შეპყრობილი გადმოვიდა.

ათენის აკადემიაში სწავლისას წმინდა გრიგოლი, როგორც თვითონ წერს, ცდილობდა ყოფილიყო პირველი იმათ შორის, „ვინც იცის, თუ რა არის თვითონ პირველი“. ათენში სწავლის წლებმა ცოდნასთან ერთად მას საუკეთესო მეგობარიც შესძინა ბასილი დიდის სახით. მათი მეგობრობის საფუძველი გახდა ერთნაირი სულიერი მისწრაფებანი, ანუ თავად გრიგოლ ნაზიანზელის სიტყვებით რომ ვთქვათ, „ერთი სული ორ სხეულში“.

სწავლის დასრულების შემდეგ გრიგოლმა ბევრი იფიქრა და ბოლოს განდეგილისა და საზოგადოებაში მცხოვრებთა შორის არსებულ რაღაც საშუალო გზაზე შეჩერდა. მოვლა-პატრონობას მოითხოვდნენ მოხუცი მშობლებიც, ამიტომ მათთან ცხოვრება გადაწყვიტა.

362 წელს გრიგოლმა, ნაზიანზის ეპისკოპოსმა, შვილი, თუმცა შესანიშნავად იცოდა მისი გეგმები, თითქმის იძულებით მღვდლად აკურთხა. შეწუხებულმა და შინაგანად აფორიაქებულმა გრიგოლ ღვთისმეტყველმა დასამშვიდებლად პონტოსკენ გასწია, თავის ღვთაებრივ მეგობართან, ბასილი დიდთან, თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ ბასილი დიდიც ისევე მოექცა, როგორც მამა: კერძოდ, მამამისის თანხმობით, კაბადოკიაში სასიმას ეპისკოპოსად გაამწესა, რაზედაც წმინდა გრიგოლმა მტკიცე უარი განაცხადა და ნაზიანზში განაგრძო ცხოვრება მშობლებთან ერთად. 379 წელს გრიგოლ ნაზიანზელი, როგორც უკვე სიტყვითა და ცხოვრების წესით ცნობილი პიროვნება, კონსტანტინეპოლში მიიწვიეს. იგი წერს: „მე მიმიწვია იქ მრავალმა ურწყულმა, მაგრამ ჯერ ისევე მწვანე სულმა მწყემსებიდანაც და ფარიდანაც, რათა ღვთისმოსაობის ნაკადებით გამეცოცხლებინა ისინი და ზეთისხილის ზეთის მოწოდებით გამეგრძელებინა სინათლის სიცოცხლე სასანთლეში“.

არიოზის მიმდევართა ერესისაგან მართლმადიდებლური რწმენის დასაცავად გრიგოლ ღვთისმეტყველმა კონსტანტინეპოლში წარმოთქვა ხუთი უბრწყინვალესი სიტყვა. ამ სიტყვებმა განსაკუთრებული როლი შეასრულეს მართლმორწმუნეთა განმტკიცების საქმეში.

380 წელს იმპერატორ თეოდოსის მხარდაჭერით იგი კონსტანტინეპოლის პატრიარქად აკურთხეს, მაგრამ წმინდა გრიგოლის მგრძნობიარე სულმა კვლავ განმარტოება არჩია. იგი საბოლოოდ დამკვიდრდა თავის მამულში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 390 წელს.

შემორჩენილია წმინდა გრიგოლ ნაზიანზელის 45 საღვთისმეტყველო სიტყვა, მათ გარდა წმინდანს ეკუთვნის თეოლოგიური და ავტობიოგრაფიული ხასიათის პოეტური თხზულებანიც.

„წმინდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ

ტროპარი, ჴმა ა

მწყემსობით ქნარი ღმრთის-მეტყველებისა შენისა, რიტორთაცა მძლე ექმნა სიტყვებსა, რამეთუ სიღრმესა სულისასა მეძიებელთა, სიკეთეცა სიტყვათა მიემატოს მათ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, მამაო წმიდაო გრიგოლი, შეწყალებად სულთა ჩუჱნთა-თჳს.

კონდაკი, ჴმა გ

ღმრთის-მეტყველითა ენითა შენითა თხზულებაჲ იგი რიტორთა დაარღვიე დიდებულო, და მართლ-მადიდებლობისა ზე ქსოვილითა კვართითა შემკულჰყავ ეკკლესია ქრისტესი, რომელი იგი შეიმოსა რა, ჴმობს ჩუჱნ თანა შვილთა შენთა: იხარებდ მამაო, ღმრთის-მეტყველებისა გონებაო ყოვლად ვრცელო.


right_bar_header

<  შაბათი 24/6/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მესამე შვიდეული. შაბათი. ხმა 1-ლი. პეტრე-პავლობის მარხვა. საკ.: ცისკ. - ინ. 67 დას. XXI, 15-25. ლიტ. - მოც. - საქ. 28 დას. XI, 19-26, 29-30. ლკ. 51 დას. X, 16-21. რიგ. - რომ. 85 დას. III, 28 - IV, 3. მთ. 24 დას. VII, 24 - VIII, 4.
ხსენება მოციქულთა: ბართლომესი და ბარნაბასი. დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „ღირს არსი“ (”მოწყალე”).