მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





აღდგომიდან მე-3 შვიდეული. სამშაბათი. ხმა მე-2. საკ.: ლიტ. - საქ. 18 დას. VIII, 5-17. ინ. 20 დას. VI, 27-33. მოწ. - 2 ტიმ. 292 დას. II, 1-10. ინ. 52 დას. XV, 17 - XVI, 2.

day_icon   

ხსენება ქალწულმოწამისა პელაგია ტარსიელისა (დაახლ. 290); მღვდელმოწამისა ერაზმისა, თორმიელი ეპისკოპოსისა (303); მღვდელმოწამისა ალვიანე ანეელი ეპისკოპოსისა, და მოწაფეთა მისთა (304); მღვდელმოწამისა სილვანე ღაზელი ეპისკოპოსისა, და მისთანა 40-თა მოწამეთა (311).

 


წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)


მოძღვრება კვირიაკესა ზედა შობითგან ბრმისასა


ვითარცა წარვიდა იესო იხილა კაცი ბრმა შობითგან, 

ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს, რაბი, 

ვინ სცოდა ამან, ანუ მშობელთა მისთან, რამეთუ ბრმა იშვა 

(იოან. თ. ა.)


რისთვის კითხეს, ძმანო ჩემნო, უფალსა მოწაფეთა მისთა: ვინ სცოდა ამან ანუ მშობელთა ამისთა რამეთუ ბრმა იშვა? მისთვის რომელ ებრაელნი ფიქრობდენ, უკეთუ კაცი დაბრმავდა, ანუ სხვა რომელიმე უბედურება ანუ სნეულება დაემართა, ეს მოხდა უთუოდ მისთვის, რომელ ანუ მან სცოდა ანუ ეწია მას ცოდვა მშობელთა მისთა. მაშა-სადამე ჰაზრისამებრ ებრაელთასა ყოველივე სნეულება და სხვაცა უბედურება კაცისა არის ნაყოფი რომლისამე მისისა ცოდვისა და ბრალისა. ახლაც ესრეთ ფიქრობს ყოველი, უბრალო დაბალი სოფლის კაცი.


რა უპასუხა მაცხოვარმან მოწაფეთა მისთა? თანახმა იყოა მაცხოვარი ამ ჰაზრისა, ესე იგი, ვითომც ყოველი კაცის სენი და უბედურება არის ნიშანი და შედეგი რომლისამე მისისა ცოდვისა? თუმცა მაცხოვარმან მოწაფეთა თვისთა აუხსნა, რომელ ის ბრმა განგებითა ღვთისათა იშვა ბრმად, რათა იდიდოს სახელი ღვთისა მისგან; გარნა ვიცით ჩვენ ნამდვილად სახარებისაგან, რომელ მაცხოვარიცა ესრედ ფიქრობდა და გვასწავლიდა, რომელ ყოველ ცოდვას, ყოველ უსჯულოებას, უთუოდ მისდევს რომელიმე უბედურება; ოდეს მაცხოვარმან განკურნა ოც და თვრამეტის წლის განრღვეული, მდებარე სარეცელსა ზედა, მაშინ უთხრა მას: აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რათა არა უძვირესი რაიმე გეყოს შენ (იოან. ე, იდ). მაშასადამე, ცხად არს, რომ თუ ის განკურნებული კიდევ შესცოდავდა, უარესი რაიმე დაემართებოდა მას.


განგებ განაჩინა, ძმანო ჩემნო საყვარელნო, ღმერთმან ესრეთ, რათა ყოველსა ცოდვასა და უსჯულოებას მისდევდეს სასჯელად რომელიმე სნეულება, ანუ სხვა უბედურება. ეს ჰქმნა ღმერთმან მისთვის, რათა კაცს ყოვლითურთ ეშინოდეს ცოდვისა და განეშორებოდეს მას. გამოცდილება ამ სოფლისა ცხოვრებისა გვიმტკიცებს ჩვენ, რომელ ყოველი ცოდვა და ვნება ამ სოფელში თითქმის ყოველთვის დაბოლოვდება სნეულებითა, ანუ უბედურებითა. მრავალსა მაგალითსა წარმოგიდგენ მე შენ, ძმაო ჩემო, ამის დასამტკიცებლად. შენც კი იცი, რომ ნაყროვანება ანუ უზომოდ საჭმლის მიღება, რომელიც არის დიდი ცოდვა ყოველთვინ გათავდება სნეულებითა, და თუ არ მოიშალა კაცმა ეს ცოდვა, ბოლოს სრულიად მოაკლდება იგი ცხოვრებასა. სამთვრალე კიდევ უმძიმესი და უსაშინელესი ცოდვა არის, გარნა შენც თვითონ იცი, თუ ვითარ მავნებელი და დამარღვეველი არის ეს ცოდვა კაცის სხეულისა, და ვითარ მოაკლებს იგი სიმრთელესა და ბოლოს სიცოცხლესაცა. გარნა უმჯობესი იქმნება ჩვენ მოვიყვანოთ მაგალითად სხვა ისეთი ცოდვა, რომელი პირველითა შეხედულობითა არ შეიყვანს კაცსა არცა ერთსა უბედურებასა შინა. ვსთქვათ შური; რა სენი ანუ რა ვნება უნდა მისდევდეს ამ ცოდვას? იგი კაცს აქვს გულში და ზოგჯერ არც კი გამოუჩნდება გარეშე. გარნა, ძმანო ჩემნო, შურისაგან კაცს დაემართება მრავალი უბედურება. ვისაც გული აქვს აღვსებული შურითა, იგი არის მოუსვენებელი და სწორეთ უბედური. ხშირად ავათაც გახდება ადამიანი ნამეტნავის შურისაგან. შური კაცს დაუბნელებს გონებასა, ხშირად წააჩხუბებს მოყვასთა და სხვათა მრავალთა ცუდთა საქმეთა შინა შეიყვანს. ვსთქვათ, კიდევ, ერთი მაგალითი, მცონარება, ანუ უქმად გატარება დროებისა ისრეთი ცოდვა არის, რომელ ზოგიერთმა, იქმნება, იფიქროს, ამ ცოდვასა არ შეუდგება არც სნეულება და არც ერთი უბედრება. გარნა თუ კარგად დაუკვირდი, სხვაფერ იტყვი. უქმი და მცონარე კაცი პირველად თავის სხეულს დაასუსტებს და სიმართლეს დაჰკარგავს. უკეთუ კაცი თავის სახსრებს და ძარღვებს არ ამუშავებს და არ ამოქმედებს, ბოლოს დასუსტდება იგი და ადვილად შთავარდება სნეულებაში. ამას დაუმატე ესეც: უქმი კაცი, ვინაიდგან საქმე არა აქვს, ადვილად მოიფიქრებს და ადვილად იქმს მრავალთა ცოდვათა. ბოლოს, მცონარე კაცი ვერც თვითონ შეიძენს საზრდოსა და კიდევაც დააბნევს და შესჭამს ქონებასა და მამულსა, რომელიცა მას მიუღებიეს წინაპართაგან.


გარნა ის კიდევ არაფერია, ძმაო ჩემო, რომელ შენ შენითა ცოდვითა თავის თავს აფუჭებ და ხშირად შთავარდები სენსა და უბედურებასა შინა: არამედ ის არის აქ უმეტესად საშინელი, რომელ ამასთანავე შენ წინათვე უმზედებ სენსა და უბედურებასა შვილთა და შვილის შვილთა მომავალთა შენთა.


მოწაფეთა ჰკითხეს უფალს იესო ქრისტესა: ვინ სცოდა, ამან ანუ მშობელთა ამისთა? მაშა-სადამე მათ ჰქონდათ ის ჰაზრი, რომელ მშობელთაგან ხშირად გარდავა ცოდვა შვილთა და შვილის შვილთა ზედა. მართლა, ვინ არ იცის, თუ ვითარ ჭეშმარიტ არს ჰაზრი ესე. ყოველი შენი ცოდვა, ძმაო ჩემო, არის თესლი, რომელი თავის დროზე გამოიღებს მწარესა ნაყოფსა შენთვის, შენთა მახლობელთა და მხედველთა შენთა შვილთა მომავალთათვის. შენ ხშირად ითმენ სენსა და უბედურებასა ცოდვათა შენთაგან; მახლობელნი შენნი ხედვენ ცუდსა მაგალითსა და ხშირად იქმნებიან მობაძავ შენდა; ბოლოს შენგან, შენისა სისხლისაგან, შვილნი და მომავალნი შენნი მიიღებენ ყოველთა შენთა ცუდთა ჩვეულებათა, მიდრეკილებათა, ვნებათა და სენთა. ჰოი ვითარსა მძიმესა ტვირთსა გარდასცემს კაცი უდები და ცოდვილი შვილთა და შვილის შვილთა თვისთა! სახლსა შინა მისსა, შვილნი მისნი, ყოველთვინ ხედვენ მისსა ცხოვრებასა, იცნობენ მისთა ცუდთა მიდრეკილებათა და ჩვეულებათა, მიეჩვევიან თვითონაც ყოველსა ცუდსა საქმესა და ესრეთ უნებრივად იქმნებიან მემკვიდრენი მისისა ცოდვისა და უბედურებისა.


ახლა, ძმაო ჩემო, შენ თვითონ გარდასწყვიტე: უკეთუ ცოდვა ესრეთ გაგაუბედურებს შენ, ავნებს მხედველთა შენთა, შვილთა და მომავალთა შენთა, და ცხადია, რომელ სათნოება კეთილი, ქრისტიანული ცხოვრება, სიმართლე ამის წინააღმდეგს გიქმს შენ, ესე იგი, უთუოდ აქაც ამ ქვეყანაში იქმნება შენთვის ბედნიერება, შენთა მახლობელთა, შვილთა და მომავალთა კეთილი მაგალითი და აღშენება, მაშა-სადამე არ უნდა შეიყვარო სიმართლე და ქრისტიანობა და არ უნდა მოიძულო ყოველი ცოდვა და ვნება? ღმერთო, რა საკვირველი არის ბუნება კაცისა! ვითარ დავარდნილ არს იგი და გაფუჭებული! უკეთუ მსახურება შენი, ღმერთო ჩემო, აქაც, ამ ქვეყანაში, ესოდენ არს ჩემთვის ბედნიერ და საჭირო, ხოლო განშორება შენგან ესოდენ არს მავნებელ და უბედურ, არ უნდა გეძიებდესა შენ მარადის გული ჩემი?


მეტყვის ვინმე, სათნოების შეძენაც არ არის ადვილი: გზა სასუფეველისა ვიწრო არს და მძიმე; მრავალი მოთმინება უნდა იხმაროს კაცმა, დიდი ძალა უნდა დაატანოს თავის თავს, უკეთუ სურს სვლა გზასა ზედა სათნოებისასა. მართალია, ძმანო ჩემნო: ბარნა არ გირჩევნია სასუფეველისათვის მოითმინო ყოველი, ვიდრეღა, დამონებული ცოდვისა და ვნებისა იმავე ცოდვისაგან, რომელსა შენ ემსახურები, მიიღო ბოლოს უბედურება და წარწყმენდა?


ღმერთო, დანერგე ჩვენ შორის შიში ცოდვისა და სიყვარული სათნოებისა! ამინ.



აღდგომიდან მე-6, შობიდან ბრმის კვირა


ტროპარი: თანა-დაუსაბამოსა მას სიტყუასა მამისა და ყოვლადწმინდისა სულისასა, რომელი იშვა ქალწულისაგან ცხორებად ჩუენდა, უგალობდეთ მორწმუნენო და თაყუანის-ვცემდეთ, რამეთუ სათნო იჩინა აღსვლაი ხორცითა ჯუარსა ზედა, სიკვდილი დასრთგუნა და აღადგინნა მკუდარნი დიდებულითა მით აღდგომითა თვისითა.


კონდაკი: თუალითა სულიერითა დაბრმობილი, ქრისტე ღმერთო, შენდა მოვივლტვი, ვითარცა შობითგან ბრმა ბნელსა შინა მყოფთა ნათელი ყოვლადბრწყინვალე.



წმიდა ქალწული პელაგია III საუკუნეში ცხოვრობდა, ქ. ტარსში, მცირე აზიაში. იგი დიდგვაროვან წარმართთა ოჯახში დაიბადა და აღიზარდა, მაგრამ მოისმინა რა ერთხელ, ნაცნობებთან, ქადაგება იესო ქრისტეს შესახებ, აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება, გადაწყვიტა, ქალწულება დაემარხა და თავი უფლისთვის მიეძღვნა. ერთ დღეს, იმპერატორ დიოკლეტიანეს მემკვიდრემ (შვილობილმა) დაინახა პელაგია, მოიხიბლა მისი სილამაზით და გადაწყვიტა, ცოლად შეერთო. მაგრამ ქალწულმა უპასუხა, რომ იგი უკვე დაწინდულია ზეციურ საქმროზე, იესო ქრისტეზე და რომ ამქვეყნიურ ქორწინებაზე უარს ამბობდა. ასეთმა პასუხმა განარისხა ჭაბუკი, მაგრამ გადაწყვიტა, ერთხანს ედროვებინა პელაგიასთვის, იმ იმედით, რომ იგი აზრს შეიცვლიდა. ამასობაში, პელაგიამ სთხოვა დედას,  აღმზრდელ ძიძასთან გაეშვა; სინამდვილეში კი იგი იმედოვნებდა, მოეძებნა ტარსის ეპისკოპოსი, კლინონი, რომელიც, ქრისტიანთა დევნის გამო, მთაში იყო გახიზნული და ქრისტეს ნათელი მიეღო. ეპისკოპოს კლინონის სახე პელაგიას ძილში გამოეცხადა და გონებაში ღრმად აღებეჭდა. წმიდა პელაგია ძიძასთან ეტლით გაემართა, მდიდრულ სამოსში გამოწყობილი, მსახურთა ამალის თანხლებით, როგორც დედამისმა ისურვა. ღვთის ბრძანებით, ეპისკოპოსი კლინონი წმიდა პელაგიას შესახვედრად გამოვიდა. პელაგიამ მაშინვე იცნო იგი, ფერხთით ჩაუვარდა და ნათლობა სთხოვა. ეპოსკოპოსის ლოცვით, მიწიდან გადმოედინა წყლის ნაკადული. კლინონმა ნათლობის საიდუმლო აღასრულა. ნათლობის დროს ზეციდან ანგელოზები მოევლინენ და ღვთის რჩეული ნათლის საბურველით შემოსეს. ეპისკოპოსმა კლინონმა პელაგია ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცსაც აზიარა, მასთან ერთად აღავლინა სამადლობელი ლოცვა ღვთისადმი და გაუშვა, რათა ქალწულს გზა გაეგრძელებინა. მსახურებთან დაბრუნებულმა პელაგიამ მათ ქრისტეს რწმენა უქადაგა და მრავალი მათგანი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. იგი ცდილობდა, დედაც მოექცია ქრისტიანობაზე, მაგრამ ამაოდ. გამძვინვარებულმა დედამ მსახური გაგზავნა მეფის შვილთან და შეატყობინა, რომ პელაგია ქრისტიანია და არ სურს მისი ცოლობა. ჭაბუკი მიხვდა, რომ პელაგია მისთვის დაკარგული იყო, მაგრამ არ ისურვა, მისი სატანჯველად გადაცემა და თავად გაიგმირა გული მახვილით. მაშინ დედამ, შეეშინდა რა დიოკლეტიანეს რისხვისა, შეკრა ასული და დიოკლეტიანეს სამსჯავროს წინაშე წარადგინა, როგორც ქრისტიანი და ტახტის მემკვიდრის სიკვდილში, ვითომდა, დამნაშავე. იმპერატორი მოიხიბლა ქალწულის უჩვეულო სილამაზით და ცდილობდა, უარი ეთქმევინებინა ქრისტეს სარწმუნოებაზე, ჰპირდებოდა ყველანაირ მიწიერ სიდიადეს და თავისი პირველი ცოლობაც შესთავაზა. მაგრამ წმინდა ქალწულმა სასტიკი უარი განუცხადა დიოკლეტიანეს და უთხრა, რომ არანაირ მიწიერ სიდიადეზე არ გაცვლიდა იგი იმ სამ ზეციურ გვირგვინს, რომელიც უფალმა განუმზადა: რწმენისთვის, ქალწულებისა და მოწამეობრივი აღსასრულისათვის. მაშინ დიოკლეტიანემ ბრძანა, ქალწული გავარვარებული სპილენძის ღუმელში დაეწვათ. ქალწულმა არ მისცა ნება ჯალათებს, მის სხეულს შეხებოდნენ და ლოცვითა და პირჯვრის გამოსახვით თავად შეაბიჯა გავარვარებულ ღუმელში. მისი სხეული გალღვა, როგორც მირონი და მთელი ქალაქი კეთილსურნელებით აავსო. ძვლები კი უვნებელი გადარჩა და წარმართებმა ქალაქიდან მოშორებით გადაყარეს. მაშინ უდაბნოდან მოვიდა 4 ლომი, რომლებიც წმიდა ძვლების გარშემო დასხდნენ და მის სიახლოვეს არავის აკარებდნენ: არც ფრინველებს და არც ცხოველებს. ლომები იქამდე იცავდნენ წმიდა ნაწილებს, სანამ იმ ადგილას ეპისკოპოსი კლინონი არ მივიდა. კლინონმა შეაგროვა წმიდა ნაწილები და პატივით დაკრძალა. წმიდა პელაგია მოწამეობრივად აღესრულა 290 წელს. კონსტანტინე დიდის მეფობისას (306-337), როდესაც შეწყდა ქრისტიანთა დევნა, წმიდა პელაგიას საფლავზე ტაძარი ააშენეს.


ტროპარი, ჴმა დ

ტარიგი შენი იესო პელაგია ჴმობდა ჴმითა მაღლითა: შენდა მსურის სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯუარს-ვეცმი, და თანა დავეფლვი შენდა ნათლის ღებითა, და მელმის შენ-თჳს, რათა ვსუფევდე შენთანა, და მოვსწყდები სახელისა შენისა-თჳს, რათა ვიდიდოცა შენთანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა , მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი.


კონდაკი, ჴმა გ

საწუთო ესე უგულებელს ჰყავ და ზეცათა კეთილთა ზიარ იქმენ, და გვირგვინი წამებისა მოიგე, პელაგია ყოვლად პატიოსანო, და ვითარცა ძღვენი შესწირენ ჴორცნი შენნი სისხლითა შეღებულნი მეუფისა ქრისტესა, და აწ მას ევედრე ჴსნად ჩუჱნდა ჭირთაგან, რომელნი აღვასრულებთ საჴსენებელსა შენსა.


 


right_bar_header

<  ოთხშაბათი 24/5/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
აღდგომიდან მე-4 შვიდეული. სამშაბათი. ხმა მე-3. საკ.: ლიტ. - საქ. 25 დას. X, 21-33. ინ. 25 დას. VII, 1-13. გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
ხსენება ნეტარისა ქრისტესიასი, ქრისტეფორედ წოდებულისა; მღვდელმოწამისა მოკიოსისა ; მოციქულთა სწორთა მეთოდესი და კირილესი , სლოვენთა განმანათლებელი