მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





აღდგომიდან მე-3 შვიდეული. ოთხშაბათი. ხმა მე-2. მარხვა. ხსნილია თევზით. საკ.: ლიტ. - საქმ. 19 დას. VIII, 18-25. ინ. 21 დას. VI, 35-39. ქალწულმოწ. - გალ. 208 დას. III, 23-29. მკ. 21 დას. V, 24-34.

day_icon   

ხსენება მოწამისა საგდუხტ ქალწულისა; დიდმოწამისა ირინესი (I-II); დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „ბარძიმი შეუსმელი“.

 

 

წმიდა დიდმოწამე ირინე, ნათლობამდე - პენელოპე, I საუკუნეში ცხოვრობდა. ის იყო ასული წარმართი ლიკინიუსისა, ქალაქ მაგდონიის (მაკედონია, ანუ თრაკია) მმართველისა. ლიკინიუსმა ქალიშვილს მდიდრული სასახლე აუშენა, სადაც იგი  თავის აღმზრდელ, კარიეასთან, ერთად ცხოვრობდა, თანატოლებითა და მსახურებით გარემოცული. პენელოპეს მასწავლებელი, აპელიანე, რომელიც გოგონას სხვადასხვა მეცნიერებას შეასწავლიდა, ქრისტიანი იყო. სწავლების დროს იგი პენელოპეს უყვებოდა მაცხოვარზე,  ქრისტიანულ სწავლებას უქადაგებდა და ქრისტიანულ სათნოებებს უნერგავდა. როცა პენელოპე წამოიზარდა, მშობლებმა  მისი გათხოვება გადაწყვიტეს. ამ დროს, უფალმა მას საოცარი ხილვა მოუვლინა: პენელოპესთან მოფრინდა სამი ფრინველი: მტრედი - ზეთისხილის რტოთი, არწივი - გვირგვინით, და ყვავი - გველით. აპელიანემ პენელოპეს აუხსნა ამ ხილვის მნიშვნელობა: მტრედმა, რომელიც სახეა მორჩილების, სიმდაბლისა და უბიწოების, მოუტანა ზეთისხილის რო - მადლი უფლისა, რომელსაც ნათლისღებით იღებს ყოველი ადამიანი. არწივმა, სულიერი სიმაღლის სიმბოლომ, მოართვა გვირგვინი, - ბოროტ ძალებზე გამარჯვებისათვის უფლისგან მოძღვნილი ჯილდო; ყვავმა კი გველი მოუტანა ნიშნად იმისა, რომ ეშმაკი ამხედრდებოდა მის წინააღმდეგ და მწუხარებასა და დევნას მოუტანდა წმიდანს. საუბრის ბოლოს, აპელიანემ აუწყა ასულს, რომ უფალმა გამორჩია იგი და ზეციური სასიძოსთვის ბევრი სატანჯველის დათმენა მოუწევდა. პენელოპემ უარი განაცხადა ქორწინებაზე, ნათელი იღო წმიდა პავლე მოციქულის მოწაფის, ტიმოთე მოციქულის ხელით და ეწოდა ირინე. მან მშობლების გაქრისტიანებაც მოინდომა. დედას უხაროდა შვილის მოქცევა. მამა - თავიდან არ ეწინააღმდეგებოდა ქალიშვილს, შემდეგ კი მოსთხოვა, წარმართული ღვთაებებისთვის ეცა თაყვანი. როცა წმიდა ირინემ მტკიცედ უარყო მამის წინადადება, გამძვინვარებულმა ლიკინიუსმა ბრძანა, ქალწული შეეკრათ და გაუხედნავი ცხენების ფლოქვებქვეშ ჩაეგდოთ, მაგრამ ცხენები უძრავად იდგნენ. მხოლოდ ერთმა აიწყვიტა, ლიკინიუსს ეცა, კბილები ჩაავლო მკლავში და მთლიანად მოაგლიჯა, შემდეგ კი ფლოქვებქვეშ ჩაიგდო და გაქელვა დაუწყო. მაშინ წმიდა ქალწულს თოკები შეხსნეს. წმიდა ირინემ ლოცვა დაიწყო. მისი ლოცვით, ლიკინიუსი სრულიად უვნებელი წამოდგა, ჯანმრთელი ხელით. ამ სასწაულის მხილველმა ლიკინიუსმა, მისმა მეუღლემ და 3000 ადამიანმა ირწმუნეს ქრისტე და უარყვეს წარმართობა. ლიკინიუსმა ქალაქის მართვას თავი დაანება, წმიდა ირინეს სასახლეში დასახლდა და სურდა, იესო ქრისტეს მსახურებისთვის შეეწირა დარჩენილი ცხოვრება. წმიდა ირინემ ქრისტეს მოძღვრების ქადაგება დაიწყო წარმართთა შორის და მრავალი მათგანი მოაქცია. ის   თავისი მასწავლებლის, აპელიანეს, სახლში ცხოვრობდა. ეს რომ გაიგო, ქალაქის ახალმა მმართველმა სედეკიამ, დაიბარა აპელიანე და ირინეს ცხოვრების წესის შესახებ დაუწყო გამოკითხვა. აპელიანემ უპასუხა, რომ  ირინე, ისევე, როგორც სხვა ქრისტიანები, ძალიან თავდაჭრილად ცხოვრობდა და დროს განუწყვეტელ ლოცვასა და საღვთისმეტყველო წიგნების კითხვაში ატარებდა. სედეკიამ დაიბარა ქალწული და დარწმუნება დაუწყო, შეეწყვიტა ქრისტიანობის ქადაგება და წარმართული კერპებისთვის შეეწირა მსხვერპლი. წმიდა ირინე არ შეუშინდა სედეკიას რისხვას, თამამად აღიარა ქრისტიანობა და  მოწამეობრივი ღვაწლისათვის განემზადა. სედეკიას ბრძანებით, წმიდანი  გველებით სავსე ორმოში ჩააგდეს. ირნემ ორმოში 10 დღე გაატარა, მაგრამ უფლის ანგელოზმა დაცვა ასული და საზრდოსაც აწვდიდა. სედეკიამ ეს სასწაული ჯადოქრობას მიაწერა და ბრძანა, რკინის ხერხით შუაზე გაეხერხათ ქალწული; მაგრამ რკინის ხერხები ტყდებოდა და ზიანს ვერ აყენებდა წმინდანის სხეულს. ბოლოს, მეოთხე ხერხი რომ გადაუსვეს, სისხლმა გამოჟონა. სედეკიამ დაცინვით ჰკითხა წმიდანს: „სად არის შენი ღმერთი? დაგეხმაროს, თუ ძალა აქვს!“ მოულოდნელად, ქარიშხალი ამოვარდა, ჭექა-ქუხილი და ელვა დაიწყო და კოკისპირული წვიმა წამოვიდა. ამ სასწაულის მხილველი მრავალი ადამიანი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. სედეკიამ კი ვერ გულისხმა-ჰყო უფლის ძალის გამოვლენა და ახალი სატანჯველი მოუმზადა მოწამეს, მაგრამ ღმერთმა კვლავ უვნებლად დაიცვა თავისი რჩეული. ბოლოს, ხალხმა ვეღარ აიტანა უდანაშაულო ქალწულის ტანჯვა, სედეკიას წინააღმდეგ აღდგა და ქალაქიდან გააძევა. წმიდა ქალწულს სედეკიას შემცვლელი მმართველებიც აწამებდნენ, მაგრამ უფალი კვლავ იცავდა მას. მისი ქადაგებისა და სასწაულების მხილველი ხალხი კი ქრისტიანდებოდა. წმიდა ირინე 10000-ზე მეტი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. წმიდანი თავისი ქალაქიდან კალაპოლში გადავიდა და იქ გააგრძელა ქადაგება. ქალაქის მმართველმა, ბაბადონმა, შეიპყრო და აწამა ქალწული, მაგრამ, იხილა რა, რომ ქალწული უვნებელი რჩებოდა, თავადაც იწამა ჭეშმარიტი სარწმუნოება. მასთან ერთად, ქრისტეს სჯული  მრავალმა წარმართმა აღიარა. მათ ნათელ-იღეს წმიდა ტიმოთეს ხელით. ამის შემდეგ, წმიდა ირინემ ქადაგებით მოიარა თრაკიის სხვა ქალაქები. ეფესოში მას უფალმა გამოუცხადა, რომ მოახლოებულია ამ სოფლიდან მისი გასვლის ჟამი. წმიდა ირინე, აპელიანესა და სხვა ქრისტიანებთან ერთად, ქალაქიდან გავიდა, გამოქვაბულთან მივიდა, პირჯვარი გადაისახა, თავის თანმხლებლებს სთხოვა, დიდი ქვით დაეგმანათ შესასვლელი და გამოქვაბულში შევიდა. მეოთხე დღეს ქრისტიანები გამოქვაბულში შევიდნენ, მაგრამ წმიდანის ნეშტი ვერ იხილეს.

 

ტროპარი, ჴმა დ

ტარიგი შენი იესო ირინა ჴმობდა ჴმითა მაღლითა: შენდა მსურის სიძეო ჩემო, და შენითა ძიებითა დავსთხევ სისხლთა ჩემთა, და თანა ჯუარს-ვეცმი, და თანა დავეფლვი შენდა ნათლის ღებითა, და მელმის შენ-თჳს, რათა ვსუფევდე შენთანა, და მოვსწყდები სახელისა შენისა-თჳს, რათა ვიდიდოცა შენთანა, არამედ ვითარცა მსხვერპლი უბიწო მიმითვალე, რომელი სურვილით მოვივლტი შენდა, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუჴნნი.

 

კონდაკი, ჴმა გ

ქრისტეს ტრფიალებითა მოწყლული, და შედგომილი კვალთა მისთა, ასული მეფისა, განშვენებულ ხარ, ყოვლად ქებულო, სულითა, ქალწულ-მოწამე, ღვაწლთა მიერ, ირინა, რამეთუ გვირგვინოსანმან მიიღე ცხოვრებაჲ საუკუნო და საშვებელი

 

.

day_icon   

დღესასწაული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა ”შეუსმელი ბარძიმი”


right_bar_header

<  ოთხშაბათი 24/5/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
აღდგომიდან მე-4 შვიდეული. სამშაბათი. ხმა მე-3. საკ.: ლიტ. - საქ. 25 დას. X, 21-33. ინ. 25 დას. VII, 1-13. გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
ხსენება ნეტარისა ქრისტესიასი, ქრისტეფორედ წოდებულისა; მღვდელმოწამისა მოკიოსისა ; მოციქულთა სწორთა მეთოდესი და კირილესი , სლოვენთა განმანათლებელი