მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





აღდგომიდან მე-5 შვიდეული. შაბათი. ხმა მე-4. მარხვა. ხსნილია თევზით. საკ.: ცისკ. - ლკ. 24 დას. VI, 17-23. ლიტ. - საქ. 37 დას. XV, 35-41. ინ. 38 დას. X, 27-38. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30. ჯვრის - 1 კორ. 125 დას. I, 18 - II, 2

day_icon   

 ხსენება სასწაულისა პატიოსნისა ჯვარისა, რომელი გამოცხადდა ცათა შინა იერუსალიმს (351); ღირსისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მოწაფეთა მისთა: აბიბოს ნეკრესელისა, ანტონ მარტყოფელისა, დავით გარეჯელისა, ზენონ იყალთოელისა, თადეოზ სტეფანწმინდელისა (თათა მამებელისა), ისე წილკნელისა, იოსებ ალავერდელისა, ისიდორე (ეზდრიოს) სამთავნელისა, მიქაელ ულუმბოელისა, პიროს ბრეთელისა, სტეფანე ხირსელისა და შიო მღვიმელისა (VI); მოწამისა აკაკი ასისთავისა (303).

 

იმპერატორ კონსტანცის დროს იერუსალიმის ცაზე პატიოსანი ჯვრის გამოცხადების სასწაული (351 წ). პირველი ქრისტიანი იმპერატორის, წმიდა კონსტანტინე დიდის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოვიდა მისი ვაჟი კონსტანცი, რომელიც არიოზის ერესის მიმდევარი იყო. წმიდა მართლმადიდებლური სარწმუნოების დასამტკიცებლად იერუსალიმში სასწაულებრივი გამოცხადება მოხდა: 351 წლის 7 მაისს, სულთმოფენობის დღეს, სამ საათზე ცაზე გამოჩნდა ჯვარი, რომელიც ენითაღუწერელ ბრწყინვალებას გამოსცემდა. ამ სასწაულის მომსწრე იყო მთელი ხალხი. ჯვრის გამოცხადება დაიწყო გოლგოთის მთის თავზე, სადაც მაცხოვარი ეცვა ჯვარს და სწვდებოდა ელეონის მთამდე, რომელიც გოლგოთიდან 15 სტადიონით არის დაშორებული. ჯვარი ცისარტყელის ფერებით კიაფობდა და ხალხის მზერას იპყრობდა. სასწაულის ხილვით გაოგნებულნი, აღდგომის ტაძარში მიიჩქაროდნენ სალოცავად.

ჯვრის სასწაულებრივი გამოცხადების შესახებ იერუსალიმის პატრიარქმა კირილემ (350-387) ეპისტოლეთი აცნობა იმპერატორ კონსტანცს და მოუწოდა დაბრუნებოდა მართლმადიდებლობას. ძველი ეკლესიის მეისტორიე სოზომენეს გადმოცემით, წმიდა ჯვრის ცაზე გამოსახვის სასწაულით მრავალი იუდეველი და ელინი მოექცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.


აღდგომიდა მე-6 შვიდეულის ოთხშაბათი, აღდგომის წარგზავნა

ტროპარი: ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი.

კონდაკი: დაღაცათუ ნებსით თჳსით დაფლავად შთახედ, უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღჳე და აღდეგ, ვითარცა მძლჱ, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარებაჲ მიჰმადლე და მოციქულთა მშჳდობაჲ მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომაჲ.


 


day_icon   

ღირსმა იოანე ზედაზნელმა სასულიერო განათლება ანტიოქიაში მიიღო. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ დატოვა ერი, მონაზვნად აღიკვეცა და უდაბნოში წავიდა სამოღვაწეოდ. მისი სიმდაბლე, მარხვა და მღვიძარება, ცრემლი და ვედრება სათნო-ეყო უფალს და იოანე სენთა კურნებისა და ეშმაკთა განდევნის ნიჭით დააჯილდოვა. ღირსმა იოანემ სახელი გაითქვა წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით. მის სანახავად უამრავი ხალხი მიდიოდა, ამიტომ წმიდა მამამ საჭიროდ ჩათვალა, განშორებოდა იქაურობას, წაიყვანა ზოგიერთი მოწაფე, აირჩია ერთი მივარდნილი ადგილი, ააშენა სენაკები და დაიწყო მოღვაწეობა.

ერთხელ, ღირს იოანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, მოწაფეთა შორის თორმეტი აერჩია და მათთან ერთად საქართველოში წასულიყო, ქრისტეს სჯულის განსამტკიცებლად. ხანგრძლივი მარხვისა და ლოცვის შემდეგ, ღვთის მინიშნებით, ღირსმა იოანემ მოწაფეთაგან თორმეტი გამოარჩია: შიო, დავითი, ანტონი, ისე, იოსები, თადეოზი, სტეფანე, ისიდორე, მიქაელი, პიროსი, ზენონი და აბიბოსი. უდაბნოში დარჩენილებს თავის ნაცვლად მოძღვრად ბერი ექვთიმე დაუტოვა, თვითონ კი, 12 მოწაფესთან ერთად, საქართველოში წამოვიდა.

საქართველოს მეფეს და კათოლიკოსს ანგელოზისგან ეუწყათ შუამდინარეთს აღმობრწყინებულ წმიდა მამათა საქართველოში მობრძანების შესახებ. მცხეთას მოახლოებულ მამებს წინ მიეგებნენ მეფე ფარსმანი და  ევლავიოს კათოლიკოსი, კრებულითურთ.

ევლავიოს კათოლიკოსის კურთხევით, წმიდა იოანე მოწაფეებთან ერთად ზედაზნის მთაზე დასახლდა, სადაც ადრე ზადენის კერპი იდგა. მოღვაწეები უბადრუკ სენაკებში ცხოვრობდნენ და მხოლოდ მცენარეული საკვებით იკვებებოდნენ.

ხალხმა გაიგო წმიდა იოანეს შესახებ. ბევრს აღეძრა მონაზვნური ცხოვრების წრფელი სურვილი, ბევრმა დატოვა სოფლის ამაო, შფოთიანი ცხოვრება და ზედაზენს დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. ამგვარად, ზედაზნის მთა განდეგილთა სამყოფელი გახდა.

ერთ ღამეს, წმიდა იოანეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, თავისი მოწაფეები სხვადასხვა მხარეს გაეგზავნა საქადაგებლად. მეორე დღეს მან შეკრიბა მოწაფეები, მოუთხრო თავისი ხიოლვის შესახებ, დამოძღვრა და ღვთისმშობლის ბრძანების თანახმად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაისტუმრა.

მოწაფეების გასტუმრების შემდეგ, წმიდა იოანე ზედაზენზე დარჩა, დატოვა თავისთან ილია დიაკონი (ხს. 4 იანვარს) და ჩვეულ მოღვაწეობას შეუდგა. მოძღვარმა და მოწაფემ მრავალი წინააღმდეგობა და განსაცდელი დაითმინეს. ზედაზენი უწყლო ადგილი იყო. ილია დიაკონი ყოველდღე შორი მანძილიდან ეზიდებოდა წყალს. მოწაფის ფიცხელი შრომის შემხედვარე წმიდა იოანემ უფალს წყაროს აღმოცენება სთხოვა. უფალმა ისმინა წმიდა ბერის ვედრება და მთის მწვერვალზე მაკურნებელი წყარო აღმოცენა. წმიდა იოანეს ლოცვით აღმოცენებულ წყაროს დათვი შეეჩვია. წმიდა იოანეს ლოცვით, მხეცი მოთვინიერდა. ამის შემდეგ ზედაზნის ტყის ბინადარი ნადირები კაცთაგან არავის ერჩოდნენ.

ღირსი იოანეს ლოცვით, დიდი ხნის დავარდნილი სნეული და დამუნჯებული ადამიანი განიკურნა. წმიდა იოანე თავისთან იბარებდა მოწაფეებს, ხან თვითონ მიაკითხავდა მათ და ამოწმებდა, სულიერების რა საზომს იყვნენ მიღწეულნი.

ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ წმიდა იოანეს უფალმა აღსასრულის მოახლოება აუწყა. ღირსმა მამამ იხმო თავისი მოწაფეები, დაარიგა, აკურთხა და ანდერძად დაიბარა, დაესაფლავებინათ იმ მღვიმეში, სადაც მოღვაწეობდა.

მოძღვრის განშორებით დამწუხრებულმა მოწაფეებმა ზედაზნის ძირში მდებარე მონასტერში წაასვენეს მოძღვარი. მოულოდნელად მიწა იძრა და არ დაწყნარებულა მანამ, სანამ არ გაიხსენეს წმიდა მამის ანდერძი და არ გულისხმა-ჰყვეს, რომ ეს მიწისძვრა ზეციური ნიშანი იყო. წმიდა იოანეს მოწაფეებ, მღვდლებისა და დიაკვნების თანხლებით, მოძღვრის საფლავთან მივიდნენ, პატივით აღმოიყვანეს წმიდა ნაწილები და ანერძისამებრ დაასაფლავეს. წმიდა ნაწილთა აღმოყვანების ჟამს მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა.

X საუკუნეში, კათოლიკოს კლიმენტის (908-923) დროს, მღვიმის სამხრეთით წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია აშენდა. წმიდა იოანე ზედაზნელის საფლავი  ტაძრის სამკვეთლოსთან,არის.

წმიდა მღვდელმოწამე აბიბოსი, მეფე ფარსმან VI-ის და ევლავიოს კათოლიკოსის თხოვნით, ნეკრესის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. იმ დროს, აღმოსავლეთ საქართველოში, სპარსელი მოგვები თავისუფლად ავრცელებდნენ თავი ცრუ-სწავლებას და მძლვრობით მრავალს გადადრეკდნენ ჭეშმარიტებისაგან. ერთხელ, ცეცლხთაყვანისმცემელთა მზაკვრობის სამხილებლად, წმიდა მღვდელმთავარმა აბიბოსმა წყალი დაასხა სამსხვერპლოზე დანთებულ ცეცხლს და ჩააქრო. განრისხებულმა სპარსელებმა წმიდა აბიბოსი შეიპყრეს და სასტიკად გვემეს, შემდეგ კი ქვებით ჩაქოლეს. მარზპანის ბრძანებით, წმიდანის გვამი ღია ცის ქვეშ დააგდეს მხეცთა საჯიჯგნად, მაგრამ წმიდა მოწამის გვამს არ შეხებია არც მხეცი და არც ფრინველი.

ღამით, რეხში მცხოვრები ქრისტიანები მივიდნენ და დიდი პატივით დაკრძალეს წმიდა მღვდელმთავრის ცხედარი სამთვისის მონასტერში. მოგვიანებით, ქართლის ერისმთავარმა, სტეფანოზმა, წმიდა აბიბოსის უხრწნელი ნაწილები სამთავისიდან მცხეთის სამთავროს მონასტერში გადაასვენა და წმიდა ტრაპეზის ქვეშ დაფლა.

წმიდა ანტონ მარტყოფელი მუდამ თან ატარებდა მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს, რომელიც ედესიდან ჩამოასვენა. განმარტოების მოყვარულმა წმიდა მამამ მადლმოსილი ლოცვითა და სასწაულებით მრავალი ქრისტიანი მიიზიდა. წმიდა ანტონმა თანამოსაგრეებისთვის მონასტერი ააშენა, ხოლო თვითონ ჯერ ალაზნის გაღმა წავიდა, შემდმ კი აკრიანის მთას შეაფარა თავი. მარტომყოფელ ბერს, რომელიც ბალახებითა და ხის ქერქით იკვებებოდა, უფალმა საზრდოს მისაცემად ირმები გაუგზავნა. წმიდა ანტონმა მთის მწვერვალზე ააშენა სვეტი, დაეყუდა და იქ მოღვაწეობდა თვრამეტი წელი. ღირს მამას უფლისაგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. გარდაცვალების დროს, მამა ანტონი მაცხოვრის ხატის წინ იყო დაჩოქილი და ლოცულობდა. ღირსი ანტონის გვამი მოწაფეებმა სვეტიდან ჩამოასვენეს და მის მიერ დაარსებულ მონასტერში დაკრძალეს, ღვთისმშობლის ხატის წინ.

წმიდა დავით გარეჯელი საქართველოს ახალ დედაქალაქში, თბილისში, დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. ქალაქის განაპირას აღმართულ მთაზე დაყუდებულმა ბერმა თავისი საკვირველი ქადაგებითა და წმიდა ცხოვრებით მრავალი ადამიანი მიიზიდა და ბევრი ცეცხლთაყვანისმცემელი მოაქცია. განრისხებულმა მოგვებმა ფეხმძიმე როსკიპი დედაკაცი მოისყიდეს და მამა დავითს მასთან მრუშობა დასწამეს. წმიდანმა კვერხი შეახო დედაკაცის მუცელს და წარმოთქვა: „შენ, ჩვილო, გიბრძანებ სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რათა გვაუწყო ჩვენ, ვარ თუ არა მე მამა შენი“. ჩვილმა დედის მუცლიდან უპასუხა წმიდანს და სხვაზე მიანიშნა. განრისხებულმა ხალხმა დედაკაცი ქვებით ჩაქოლა. შეძრწუნებულმა დავითმა, რომელმაც გამძვინვარებული ბრბო ვერ შეაჩერა, მდინარე მტკვარზე გაფინა მოსასხამი, თავის მოწაფესთან, წმიდა ლუკიანესთან ერთად ზედ შედგა და, მიუხედავად თბილისელების მხურვალე ვედრებისა, ქალაქი დატოვა.

მამა დავითი და ლუკიანე გარეჯის უდაბნოში დასახლდნენ. მოსაგრეებს უფალმა სასწაულებრივად  გაუჩინა საზრდელი. მათთან ყოველდღე, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, ირმები მიდიოდნენ, ლუკიანე წველიდა, მამა დავითი რძეს ჯვარს გადასახავდა და იგი ყველად იქცეოდა. გარეჯელ მამათა სასწაულები მთელმა ქვეყანამ გაიგო და მალე იქ „დაემკვიდრნეს სიმრავლენი მამაკაცთანი, უდაბნოებითსა ცხოვრებასა შემატკბობელნი“.

ნინოწმიდიდან ღირს დავითთან მივიდა სათნოებით შემკული ბერი დოდო (ხს. ამაღლების შემდგომ ოთხშაბათს), რომელმაც მოძღვრის ბრძანებით კლდის რქაზე ააშენა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი.

რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი დავითი იერუსალიმის მოსალოცად წავიდა. ბერმა თავისი უღირსების გამო,  წმიდა ქალაქში შესვლა არ ინება, კარიბჭესთან დიდხანს და მხურვალედ ილოცა, შემდეგ იმ ადგილიდან აიღო სამი ქვა და სიწმიდეებად წამოიღო საქართველოში. იმ ღამეს იერუსალიმის პატრიარქს, ელიას, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ საქართველოდან მოსულ მამა დავითს თავისი სარწმუნოებით იერუსალიმის მთელი მადლი მიჰქონდა. პატრიარქის გაგზავნილმა კაცებმა ორი ქვა გამოართვეს მამა დავითს, მესამე კი წმიდა ბერმა საქართველოში ჩამოიტანა.

ხანგრძლივი და ღვთივსათნო ცხოვრების შემდეგ აღსრულებული მამა დავითი იქვე, გარეჯის სავანეში დაკრძალეს.

წმიდა ისე წილკნელი, მამა იოანეს რჩევით, ევლავიოს კათოლიკოსმა წილკნის ეპისკოპოსად აკურთხა. ღირსმა მამამ „ფრიადი ურწმუნონი სწავლითა მოაქცივნა, მოძღურება და ქადაგება განფინა სამწყსოსა თვისსა“. ერთხელ, ღირსმა იოანემ გადაწყვიტა, სათნოებაში და სულიერებაში გამოეცადა თავისი მოწაფეები. წმიდა ისე მდინარე ქსნის ნაპირას ჩავიდა, ჯვარი გადასახა მდინარეს,  შემდეგ კვერთხი შეახო და თქვა: „სახელითა უფლისათა გიბრძანებ, ჩემ მიერ კსინვით ვიდოდე და შემომიდეგ, ვიდრეცა ვიდოდე“. მდინარეს წყლის ნაკადი გამოეყო და ღირსი ისეს კვერთხს შეუდგა. ღირსმა მამამ წილკნის საყდრამდე მოიყვანა წყალი. ამ სასწაულმა მრავალი ხალხი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.

წმიდა ისემ უფლისაგან წინასწარ შეიტყო ხორცთაგან განსვლის დღე, ეზიარა წმიდა საიდუმლოს და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა მამა იქვე, წილკნის ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალეს.

წმიდა იოსებ ალავერდელი განუშორებლად ატარებდა მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის ხისგან გაკეთებულ ჯვარს. წმიდა იოანე ზედაზნელის კურთხევით, იგი კახეთის სხვადასხვა ადგილას ქადაგებდა, ბოლოს, ალავერდის უდაბნო აირჩია და იქ დაიწყო მოღვაწეობა. ერთხელ, სრულიად მარტო მყოფი ბერი შეხვდა მონადირე დიდებულს, რომელსაც ღვთის სიტყვა უქადაგა. მამა იოსების მადლიანი სწავლებით გახარებულმა დიდებულმა საფუძველი დაუდო ალავერდის მონასტერს. ხალხმა გაიგო მოღვაწე ბერის ამბავი და იწყო სიარული, რათა ეხილა საკვირველი მამა და მოესმინა მისი სწავლება. ბევრი იქვე დარჩა. დროთა განმავლობაში, მეუდაბნოეთა რიცხვი გაიზარდა და დიდი კრებული შეადგინა.

დიდი ხნის მოღვაწეობითა და შრომით მოუძლურებულმა აბბა (მამა) იოსებმა მოწაფეებს წინამძღვარი დაუდგინა და ღვთივ მიისვენა. იგი დაკრძალეს მის მიერ აშენებულ ალავერდის ტაძარში. აბბა იოსების საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება.

წმიდა შიო მღვიმელი სარკინეთის კლდეთა შორის მდებარე მღვიმეში მოღვაწეობდა. უდაბურ ადგილას მოღვაწე ბერი თვით ყოველადწმიდა ღვთისმშობელმა აკურთხა. ეს იხილა სარკინეთის მთაზე სანადიროდ მყოფმა ციხედიდის მთავარმა, ევაგრემ (ხს. 4 თებერვალს), მოინახულა საკვირველი ბერი და დაემოწაფა მას. მალე იქაურობა მეუდაბნოე მამებმა აავსეს. წმიდა შიომ სარკინეთში სავანე დააარსა და ორი ათას ბერს მოუყარა თავი. წმიდა შიომ აღთქმა დადო, რომ დარჩენილ სიცოცხლეს მღვიმეში გაატარებდა. მღვიმე თავისსავე მონასტერში გათხარა და შიგ ჩავიდა. ღირსი შიო თხუთმეტი წელი მოღვაწეობდა მღვიმეში.

წმიდა ისიდორე სამთავნელი, მოძღვრის კურთხევით, დიდხანს ქადაგებდა ქართლში. შემდეგ რეხულას აღმოსავლეთით დააარსა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის სამთავისის მონასტერი, ღირსი მამა მოწაფეებმა მის მიერ დაარსებულ მონასტერში დაკრძალეს.

წმიდა თადეოზ სტეფანწმიდელი თავდაპირველად მცხეთაში მოღვაწეობდა. მან ზედაზნის ძირში ააშენა მონასტერი. წმიდანი ქადაგებდა ქართლში, სადაც მრავალი ეკლესია ააგო, მათ შორის წმიდა პირველმოწამე სტეფანეს სახელობის ტაძარი ურბნისში. შემდეგ დაეყუდა წლევის მთის მღვიმეში (კასპთან), მშვიდობით აღესრულა და იქვეა დაკრძალული.

წმიდა სტეფანე ხირსელი, თანამოსაგრეებთან ერთად, ქადაგებდა კახეთში. დაკრძალულია წმიდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის ტაძარში, სამკვეთლოსთან.

წმიდა ზენონ იყალთოელი ქადაგებდა კახეთის მთიანეთში, შემდეგ იყალთოში დააარსა მონასტერი და იქ მოღვაწეობდა სიკვდილამდე. დაკრძალულია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ტაძარში.

წმიდა პიროს ბრეთელმა, „ღვთაებრივმან ხატმან სინანულისამან“, მდინარე ჯვარისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ბრეთში დააარსა სავანე. მისი წმიდა ნაწილები ამ მონასტერშია დაკრძალული.

წმიდა მიქაელ ულუმბოელი ქადაგებდა ზემო ქართლსა და ოსეთში. ულუმბოს ახლოს დააარსა დიდი სავანე. იქვე განისვენებს მისი სასწაულთმოქმედი წმიდა ნაწილები.

წმიდა ასურელ მამათა დაარსებულ ლავრებსა და სავანეებში იწვრთნებოდნენ ქართველთა შვილები გონებით და ზნეობით, ამ უდაბნოებიდან ეფინებოდა ქართველობას მადლი და კურთხევა. ეს სავანეები და მათი დამაარსებელი წმიდა მამები გახდნენ ქართველთა მფარველნი და მათი დამცველნი უსჯულოებისა და ბიწიერებისაგან.

ტროპარი იოანესი

ღმერთო მამათა ჩუჱნთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუჱნ ზედა კეთილსა სახიერებასა შენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუჱნგან, არამედ მათითა მეოხებითა მშვიდობით განაგე ცხოვრებაჲ ჩუჱნი.

კონდაკი იოანესი, ჴმა გ

ასურით გამო მნათობად ქართლისად გამოსჩნდი, და ათორმეტთა მამათა მამად იჩინე, ხოლო მადლთა სულისა წმიდისათა გვიწყაროებ, და სასწაულთა სიმრავლითა განგვაბრწყინვებ, მამაო წმიდაო იოანე, მოეც მშვიდობაჲ მეფესა ჩუჱნსა მორწმუნესა, და ერნი, მადიდებელნი შენნი, იჴსნენ განსაცდელთაგან.


right_bar_header

<  შაბათი 24/6/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მესამე შვიდეული. შაბათი. ხმა 1-ლი. პეტრე-პავლობის მარხვა. საკ.: ცისკ. - ინ. 67 დას. XXI, 15-25. ლიტ. - მოც. - საქ. 28 დას. XI, 19-26, 29-30. ლკ. 51 დას. X, 16-21. რიგ. - რომ. 85 დას. III, 28 - IV, 3. მთ. 24 დას. VII, 24 - VIII, 4.
ხსენება მოციქულთა: ბართლომესი და ბარნაბასი. დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „ღირს არსი“ (”მოწყალე”).