მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





აღდგომიდან მე-6, ბრმის კვირიაკე. ხმა მე-5. საკ.: ცისკ. - სახ. მე-8, ინ. 64 დას. XX, 11-18. ლიტ. - საქ. 38 დას. XVI, 16-34. ინ. 34 დას. IX, 1-38. მოც. - 1 ინ. 68 დას. I, 1-7. ინ. 61 დას. XIX, 25-27; XXI, 24-25.

day_icon   

ხსენება მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა (98-117); ღირსისა არსენი დიდისა (დაახლ. 449-450).




წმიდა მოციქულსა და მახარებელს, იოანე ღვთისმეტყველს, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მაცხოვრის რჩეულ მოწაფეთა შორის. ხშირად, იკონოგრაფიულად, იოანე მოციქული გამოისახება, როგორც სულიერი სიმშვიდით აღსავსე დიდებული მოხუცი, ქალწულებრივად ნაზი ნაკვთებითა და ღრმა მზერით. იოანე მოციქულის სულიერი სახის მეორე, მთავარი დამახასიათებელი თვისება - სიყვარულია. სიყვარულით არის გამსჭვალული მთელი მისი შემოქმედება, რისთვისაც მას სიყვარულის მოციქული ეწოდა. სიყვარულის სამსახური - ეს არის იოანე ღვთისმეტყველის მთელი ცხოვრების გზა.

იოანე ღვთისმეტყველი, თავდაპირველად, წმიდა იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო. იესო ქრისტეს გამოჩენამ, რომელშიც უფლის წინამორბედმა მესია შეიცნო, იმდენად ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ იგი, ანდრია მოციქულთან ერთად, თან გაჰყვა მაცხოვარს (ინ. 1,35-40).

მხურვალე სიყვარულისა და ქალწულებრივი სიწმიდისათვის უფალმა გამორჩევით შეიყვარა იგი და ორ სხვა ურჩეულეს მოწაფესთან ერთად, განსაკუთრებით დაიახლოვა.

იოანე ღვთისმეტყველმა საკუთარი თვალებით იხილა იაიროსის ასულის განკურნება და უფლის ფერისცვალება თაბორის მთაზე.

საიუდმლო სერობაზე პეტრემ, „დაღათუ პირველი იყო მოწაფეთაჲ“, თავად ვერ იკადრა და იოანეს სთხოვა, მოძღვრისთვის ეკითხა, „თუ ვინ მიუდგა საზარელსა მას განმცემლობასა“. ისიც მკერდზე მიეყრდნო ქრისტეს და ჰკითხა: „ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?“ და მაცხოვარმა „მყისვე აღუხსნა კითხული და პურითა მოასწავა განმცემელი“.

წმიდა მოციქული არ მოშორებია მოძღვარს, როცა იგი, შებორკილი, გეთსიმანიის ბაღიდან ანასა და კაიაფას სამსჯავროზე მიჰყავდათ, თან შეჰყვა მაცხოვარს მღვდელმთავრის ეზოში და მის დაკითხვას დაესწრო; იოანე გოლგოთის გზაზეც გაჰყვა უფალს; ჯვარცმისას ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა და ღვთისმშობელთან ერთად ტიროდა. ჯვარცმულმა მაცხოვარმა, როცა იხილა დედამისი და „მოწაფე იგი, რომელი უყუარდა“, დედას უთხრა: „დედაკაცო, აჰა ძე შენი!“ შემდეგ კი იოანეს უთხრა: „აჰა დედაჲ შენი!“ (იოანე 19,26-27). ამ დროიდან მოყოლებული, წმიდა მოციქული მოსიყვარულე შვილივით ზრუნავდა ყოვლადწმიდა ქალწულზე და ერთგულად ემსახურებოდა მას.

როდესაც, ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ, მის წმიდა გვამს გეთსიმანიის ბაღში დასაკრძალად მიასვენებდნენ, იოანეს ცხედრის წინ მიჰქონდა სამოთხის შტო, რომელიც გაბრიელ მთავარანგელოზმა მიართვა

ამ დრომდე წმიდა მახარებელი იურუსალიმში ქადაგებდა და არაერთხელ დაუთმენია დევნა იუდეველ მღვდელმსახურთაგან. ღვთისმშობლის დაკრძალვის შემდეგ, იოანე მოწაფესთან, პროხორესთან ერთად, თავის წილხვედრ ქალაქ ეფესოში წავიდა. იოპიაში მათ ძლიერმა ქარიშხალმა მოუსწრო და ხომალდი, რომლითაც მიემგზავრებოდნენ, დაიღუპა. ზღვამ ყველა მგზავრი ნაპირზე გამორიყა, მხოლოდ იოანე დაინთქვა უფსკრულში. პროხორე გულამომჯდარი ტიროდა მოძღვრის დაკარგვის გამო, ბოლოს კი მარტომ განაგრძო გზა. მეთოთხმეტე დღეს, მან იხილა, რომ ტალღებმა ნაპირზე ადამიანი გამორიყა. როცა ნეტარი უცნობს მიუახლოვდა, გაოცებამ და სიხარულმა შეიპყრო - ეს იოანე მახარებელი იყო, რომელიც უფალს მთელი ან ხნის განმავლობაში ზღვაში უვნებლად დაეცვა.

მოძღვარი და მოწაფე ეფესოსკენ გაემართნენ. ეფესოში იოანე ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებას შეუდგა. მის ქადაგებას მრავალრიცხოვანი სასწაულებიც ახლდა. იოანემ უამრავი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. როდესაც იმპერიაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, იოანე შეიპყრეს და, ზოგიერთი წყაროს მოწმობით, - იმპერატორ ნერონის (53-68), ხოლო სხვა ცნობით კი - დომიციანეს (81-96) სამსჯავროზე წარადგინეს. იოანეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ უფალმა დაიცვა თავისი რჩეული და იოანეს ვერც შხამით სავსეფიალამ ავნო და ვერც ადუღებული ზეთით სავსე ქვაბში ჩგდებამ მოუტანა ზიანი. რომ ვერაფერი ავნეს, წმიდა იოანე კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს, სადაც მრავალი წელი დაჰყო და თავისი ქადაგებებით და სასწაულებით მთელი კუნძულის მოსახლეობა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია.

გადასახლების შემდეგ იოანე ეფესოში დაბრუნდა და იქ განაგრძობდა მოღვაწეობას.

იოანე ღვთისმეტყველს არგუნა უფალმა,  ემცნო კაცობრიობისათვის ღვთის გამოცხადების ბოლო სიტყვა, აპოკალიფსი, რომელშიც სამყაროს მომავალი და დასასრულია გაცხადებული.

იოანე მახარებელი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე შეაგონებდა მოწაფეებს, დაეცვათ სიმშვიდე და ერთმანეთი. როცა წმიდა იოანე იმდენად მოხუცდა, რომ საუბარი უჭირდა და უწინდელივით ქაგადებას ვეღარ ახერხებდა, იგი განუწყვეტლივ იმეორებდა ერთსა და იმავე სიტყვებს: „შვილნო, იყუარებოდეთ ურთიერთას“. ბოლოს, მოწაფეებმა ჰკითხეს მოძღვარს, რატომ უმეორებდა მათ გამუდმებით ერთსა და იმავეს, იოანემ კი უპასუხა: „ეს უფლის მცნებაა და თუ მას დაიცავთ - კმა გეყოფათ“.

იოანე მახარებელი ას წელს იყო გადაცილებული, როცა უფალს მიაბარა სული. აღსასრულის მოახლოება რომ იგრძნო, წმიდა იოანე, შვიდ მოწაფესთან ერთად, ეფესოდან გავიდა; ქალაქის სიახლოვეს, მაღალ კლდეზე განმარტოვდა და ილოცა; შემდეგ სიყვარულით დაემშვიდობა ყველას, ჯვრის სახის საფლავი გაათხრევინა, შიგ ჩაწვა და მიწის დაყრა ითხოვა. მოწაფეებ ტირილით ამბორნენ საყვარელ მოძღვარ, მაგრამ ურჩობა ვერ გაბედეს და საფლავი ნელ-ნელა მიწით ამოავსეს. ეს რომ ეფესელებმა შეიტყვეს, მივიდნენ მოციქულის სამარხთან, გათხარეს იგი, მაგრამ შიგ ვერაფერი იპოვეს.

ყოველწლიურად, 8 (21) მაისს, იოანე მახარებლის საფლავიდან ამოდიოდა თხელი მტვერი, რომელსაც სასწაულებრივი კურნების ძალა ჰქონდა. ამის გამო, ეკლესია წმიდა მოციქულის ხსენებას 8 მაისსაც აღნიშნავს.

უფალმა თავის საყვარელ მოწაფესა და მის ძმას „ბანერგეს“-ი, ქუხილის ძენი უწოდა და ამით მიანიშნა მათ ცეცხლოვან მოშურნეობაზე და სულის სიძლიერეზე. იოანე მახარებლის იკონოგრაფიული ნიშანია არწივი - სიმბოლო ღვთისმეტყველური აზრის აღმაფრენისა. ზედწოდება „ღვთისმეტყველი“ წმიდა ეკლესიამ ქრისტეს მოციქულებიდან მხოლოდ წმიდა იოანეს მიაკუთვნა, როგორც ღვთაებრივი განგების ფარულ მჭვრეტელს.

ტროპარი, ჴმა გ

მოციქულო ქრისტეს ღმრთისაო საყვარელო, მსწრაფლ გვეწიე და გვიჴსნენ შეცოდებული ერი, რამეთუ გაქუს კადნიერებაჲ მისსა მიმართ, რომლისა მკერდსა მიეყრდენ, რომელსაცა ევედრე ღმრთის-მეტყველო, რათა ნისლი ცოდვათა ჩუჱნთა განაქარვოს, და მოგვანიჭოს ჩუჱნ დიდი წყალობაჲ.

კონდაკი, ჴმა ბ

დიდებულებანი შენნი ქალწულო ვინმე მიუთხრნეს, რამეთუ აღმოაცენებ საკვირველებათა და აღმოადინებ კურნებათა, და მეოხ ხარ სულთა ჩუჱნთა-თჳს, ვითარცა ღმრთის-მეტყველი და მეგობარი ქრისტესი.

day_icon   ღირსი არსენ დიდი დაიბადა 354 წელს, რომში, კეთილმსახური ქრისტიანის ოჯახში. ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდამ, არსენმა შეწყვიტა საერო განათლების მიღება და ღვთის სამსხურს შეუდგა. მალე არსენი დიაკვნად აკურთხეს. რომის იმპერიის აღმოსავლეთის მმართველმა, იმპერატორმა თეოდოსიმ (379-395), მისი განათლებისა და ღვთისმოსაობის შესახებ რომ შეიტყო, თავისი ვაჟების, არკადისა და ჰონორიუსის აღზრდა დაავალა. არსენი იძულებული გახდა, დამორჩილებოდა იმპერატორის სურვილს. მაშინ იგი 29 წლისა იყო.

კონსტანტინეპოლში ჩასული წმიდა არსენი დიდი პატივით მიიღო იმპერატორმა თეოდოსიმ და სთხოვა, მეფისწულები ღვთისმოშიშებით აღეზარდა: „თუმცა ისინი უფლისწულები არიან, მაგრამ ყველაფერში უნდა დაგემორჩილონ, როგორც მამას და მასწავლებელს“.

ღირსი მამა გულმოდგინედ შეუდგა უფისწულების აღზრდას, მაგრამ დიდი პატივი, რომლითაც იგი სასახლეში იყო გარშემორტყმული, უმძიმებდა ბერული ცხოვრებისა და მდუმარებისკენ მოწოდებულ სულს. წმიდა არსენი მხურვალედ ევედრებოდა უფალს, გამოეჩინა მისთვის ცხოვრების გზა. უფალმა ისმინა მისი და, ერთხელ, წმიდა მამას ზეციდან მოესმა ხმა: „არსენ, განუდეგ კაცთა და ცხოვნდები“. წმიდა არსენმა განიძარცვა მდიდრული სამოსელი, მალულად დატოვა სასახლე, ხომალდზე ავიდა და ალექსანდრიაში წავიდა, აქედან კი უდაბნოს მიაშურა. მონასტერში მისულმა წმიდა არსენმა წინამძღვარს საძმოში მიღება სთხოვა. წმინდანი  ღირს იოანე კოლოვთან (ხს. 9 ნოემბერს) მიიყვანეს. ღირსმა იოანემ წმიდა არსენის მორჩილების გამოსაცდელად, ტრაპეზთან კი არ დასვა მისული, არამედ პურის ნაჭერი გადაუგდო და უთხრა: „ჭამე, თუ გინდა“. ღირსი არსენი მორჩილებით დაემხო მუხლებზე, მადლიერებით მიიღო პური და კუთხეში დადგა. წმიდა იოანემ თქვა: „ის უდიდესი მოღვაწე იქნება“ და სიხარულით აღკვეცა ბერად.

ღირსმა არსენმა გულმოდგინედ დაიწყო მოღვაწეობა და მალე აღემატა უდაბნოს ბევრ მამას. ერთხელ, ლოცვისას კვლავ გაიგონა ზეციური ხმა: „არსენ, განუდეგ კაცთა, მდუმარება დაიმარხე, რადგან ესაა ძირი უცოდველობისა“. ღირსი არსენი განმარტოებულ კელიაში დასახლდა და მდუმარების ღვაწლს შეუდგა. იშვიათად გამოდიოდა გარეთ, მხოლოდ დღესასწაულზე და კვირაობით მიდიოდა ეკლესიაში. ერთი ბერის კითხვაზე, თუ რატომ განუდგა ხალხს, მოღვაწემ უპასუხა: „ღმერთი ხედავს, რომ ყველა მიყვარს, მაგრამ არ ძალმიძს ერთდროულად ღმერთთანაც ვიყო და ხალხთანაც“.

დიდი მოღვაწის სახელი შორს გავარდა. ბევრს უნდოდა მისი ნახვა, მაგრამ ამით მისი მდუმარების აღთქმა ირღვეოდა, ამიტომ, წმინდანი იძულებული იყო, ხშირად შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი, მაგრამ მისი ნახვის მსურველები მაინც ახერხებდნენ მის პოვნას.

ერთხელ, ერთმა ბერმა ჰკითხა წმიდა არსენს, როგორ მოქცეულიყო, როდესაც ფსალმუნის კითხვისას სიტყვების მნიშვნელობა არ ესმოდა. წმიდა ბერმა უპასუხა, რომ საჭიროა ფსალმუნის კითხვის გაგრძელება, რადგან ბოროტი ძალები გარბიან ადამიანისაგან წმიდა წერილის სიტყვების გაგონებისას.

ბერებს ხშირად ესმოდათ წმიდა არსენის სიტყვები: „იშრომე, არსენ, ნუ ზარმაცობ, შენ აქ დასასვნებლად კი არ მოსულხარ, არამედ - საღმოვაწოდ“. წმიდა ბერი ხშირად იტყოდა ხოლმე: „ბევრჯერ ჩავვარდნილვარ სინანულში წარმოთქმული სიტყვების გამო, დუმილის გამო კი არასოდეს!“

წმიდა მამამ ბერულ მოღვაწეობაში 55 წელი გაატარა, თანამედროვეთაგან „დიდის“ ზედწოდება დაიმსახურა და აღესრულა 95 წლისა, დაახლოებით 449 ან 450 წელს.

ტროპარი, ჴმა ჱ

ცრემლითა მდინარითა უდაბნოჲ უქმი მოიმუშაკე, და სიღრმით სულისათ სულ-თქმითა ასეულად შრომანი ნაყოფიერ ჰყუჱნ, და იქმენ მნათობ, და განმანათლებელ სოფლისა საკვირველებათა მიერ, მამაო წმიდაო არსენი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუჱნთა-თჳს.

კონდაკი, ჴმა გ

ლომისგან აღმობრწყინდი ვითარცა მზე დიდი და მიიწიე სამეუფოსა მიმართ ქალაქისა, ყოვლად სანატრელო, განმანათლებელი მისი სიტყვითა შენითა და საქმითა, და ყოვლისა უგულისხმოებისა ბნელისა განმდევნელი, ამის-თჳს პატივს გცემთ შენ, მამათა დიდებულო, ღირსო არსენი.


right_bar_header

<  პარასკევი 15/12/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან 29-ე შვიდეული. სამშაბათი. ხმა მე-3. საშობაო მარხვა. საკ.: ცისკ. - ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-10. ლიტ. - ებრ. 310 დას. IV, 1-13. ლკ. 98 დას. XIX, 45-48. წმ. - ებრ. 318 დას. VII, 26 - VIII, 2. ინ. 36 დას. X, 9-16.
ხსენება წინასწარმეტყველისა ამბაკუმისა; ღირსისა ისესი (იესე), წილკნელი ეპისკოპოსისა; წმ. მოწამისა მიროპიასი; ღირსთა: იოანესი, ირაკლემონისა, ანდრიასი და თეოფილესი.