მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





აღდგომიდან მე-6 შვიდეული. ორშაბათი. ხმა მე-5. საკ.: ცისკ. - ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-9. ლიტ. - საქ. 39 დას. XVII, 1-15. ინ. 40 დას. XI, 47-57. წმ. - ებრ. 335 დას. XIII, 17-21. ლკ. 24 დას VI, 17-23. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 2

day_icon   
აღმოყვანება ნაწილთა წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონ-ლუკიიდან ბარში; მიცვალება ღირსისა შიო მღვიმელისა; წინასწარმეტყველისა ესაიასი ; მოწამისა ქრისტეფორესი
.
 





 

აღმოყვანება ნაწილთა წმ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონ-ლუკიიდან ბარში (1087); მიცვალება ღირსისა შიო მღვიმელისა; წინასწარმეტყველისა ესაიასი (VIII ს. ქრისტეს შობამდე); მოწამისა ქრისტეფორესი (დაახ. 250). აღმოყვანება პატიოსანთა ნაწილთა წმიდისა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა მირონითგან ქალაქ ბარში (1087). წმიდა ნიკოლოზი დაიბადა ლუკიის მხარის ქალაქ პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულზე), შეძლებულ ოჯახში. მისი ღვთისმოშიში მშობლები დიდხანს ევედრებოდნენ უფალს, მათთვის შვილი მიემადლებინა. ღმერთმა ისმინა თეოფანეს და ნონას თხოვნა და მისცა ვაჟი, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს. წმიდა ნიკოლოზი სიყრმეშივე ღრმად განისწავლა საღმრთო წერილში. პართიის ეპისკოპოსმა ღვთისმოშიში ყმაწვილი მედავითნედ დაადგინა, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. წმიდა ნიკოლოზის ცხოვრება მრავალი სასწაულით აღინიშნა. სარწმუნოებისათვის მან დევნა და პატიმრობაც დაითმინა. 325 წელს იგი მონაწილეობას იღებდა ნიკეის I საეკლესიო კრებაზე, სადაც მიღებულ იქნა სიმბოლო სარწმუნოებისა - მრწამსი. კრების სხვა 318 წმიდა მამასთან ერთად იგი შეურიგებლად ამხელდა იმხანებში ფართოდ გავრცელებულ არიოზის ცრუმოძღვრებას. წმიდა ნიკოლოზი ღრმად მოხუცებული მიებარა უფალს. ადგილობრივ საკათედრო ტაძარში დიდხანს უხრწნელად იყო დაცული მისი წმიდა ნაწილები. XI საუკუნეში საბერძნეთის იმპერიას მძიმე ჟამი დაუდგა. თურქებმა დაარბიეს მისი სამფლობელოები მცირე აზიაში, გაძარცვეს ქალაქები და სოფლები, მოსრეს მოსახლეობა, შეურაცხყვეს წმიდა ტაძრები, წმიდანთა ნაწილები, ხატები, წიგნები. მაჰმადიანები ცდილობდნენ გაენადგურებინათ ქრისტიანთაგან პატივდებული ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ნაწილებიც. ხალიფა პარონ ალ-რაშიდმა კუნძულ როდოსის გასაძარცვავად გაგზავნა თავდასხმის ფლოტის მეთაური ჰუმეიდი. ამ კუნძულზე შემდეგ ჰუმეიდი მირონ-ლუკიაში გაემგზავრა წმიდა ნიკოლოზის საფლავის დარბევის მიზნით, მაგრამ შემთხვევით მის გვერდით მდებარე სამარხი შემუსრა. როგორც კი მკრეხელები გემზე ავიდნენ, საშინელი ქარიშხალი ამოვარდა და ყველა ხომალდი ჩაიძირა. სიწმიდეების წაბილწვამ აღაშფოთა არა მარტო აღმოსავლელი, არამედ დასავლელი ქრისტიანებიც. ადრიატიკის ზღვის ნაპირზე მდებარე ქალაქ ბარის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს წმიდანის წმიდა ნაწილთა გამოხსნა. 1087 წელს ბარელი და ვენეციელი ვაჭრები ანტიოქიაში გაემგზავრნენ სავაჭროდ. მათ სურდათ, მობრუნებულზე იტალიაში წაესვენებინათ წმიდანის ნეშტი. მირონლუკიაში პირველნი ჩავიდნენ ბარელები. წინასწარ გაგზავნილმა ორმა კაცმა ამბავი მოიტანა, რომ ქალაქში სიწყნარე იყო, ეკლესიაში, სადაც დასვენებული იყო უდიდესი სიწმიდე, მხოლოდ ოთხი ბერი ლოცულობდა. შეიარაღებული 47 კაცი გაემართა წმიდა ნიკოლოზის ტაძრისკენ. ბერებს არაფერში შეპარვიათ ეჭვი და მშვიდად მიუთითებს მოგზაურებს ფიცარნაგზე, რომლის ქვეშაც წმიდა ნიკოლოზის სარკოფაგი იყო დამალული. ერთ-ერთმა ბერმა მოსულებს მოუთხრო გამოცხადებაზე, რომელიც იმ დღეებში მოხდა. ერთ ბერს წმიდა ნიკოლოზი გამოეცხადა და მოუწოდა, უფრო ფრთხილად დაეცვა მისი წმიდა ნაწილები. ვაჭრებმა მონაზვნებს თავიანთი გადაწყვეტილება განუცხადეს და გამოსასყიდად 300 ოქროს მონეტა შესთავაზეს. დარაჯებმა ფულზე უარი განაცხადეს და თანაქალაქელების გასაფრთხილებლად გაიქცნენ, მაგრამ მისულებმა კარებთან დაიჭირეს ისინი, შეკრეს და დაანგრიეს ფიცარნაგი, რომლის ქვეშაც სამარხი იყო. განსაკუთრებული გულმოდგინებით ჭაბუკი მათე საქმიანობდა. მოუთმენლობისაგან მან კუბოს სახურავი გატეხა და ბარელებმა ნახეს, რომ სარკოფაგი კეთილსურნელოვანი მირონით იყო სავსე. მღვდლებმა ლუპა და დროგომ ლიტია შეასრულეს. მათემ მირონით სავსე სარკოფაგიდან ამოასვენა წმიდა ნაწილები. ეს მოხდა 1087 წლის 20 აპრილს. მღვდელმა დროგომ მოსასხამში შეახვია წმიდანის ნაწილები და მოწიწებით გადაასვენა ხომალდზე. საკვრელთაგან გათავისუფლებულმა ბერებმა ქალაქს შეატყობინეს სამწუხარო ამბავი, ხალხი მოეფინა სანაპიროს, მაგრამ გვიან იყო. 8 მაისს ხომალდი ქალაქ ბარს მიადგა. მეორე დღეს, 9 მაისს წმიდა ნიკოლოზის მირონმდინარე ნაწილები ზეიმით გადაასვენეს წმიდა სტეფანეს ეკლესიაში. ნაწილთა გადასვენებისას მრავალი სასწაულებრივი კურნება მოხდა. ერთი წლის შემდეგ აშენდა წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, რომელიც აკურთხა პაპმა ურბან II-მ. 


 „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
day_icon   

ღირსი შიო მღვიმელი, ცამეტ ასურელ მამათაგანი, ანტიოქიელი იყო. მისმა მშობლებმა, ღვთისმოსავმა აზნაურებმა, მშვენიერი განათლება მისცეს ერთადერთ შვილს. თავმდაბალ, კეთილსა და ღვთისმოყვარე შიოს განსაკუთრებით უყვარდა საღმრთო წერილის კითხვა. ოცი წლის შიომ გაიგო დიდი მოღვაწის იოანეს (ხსენება 7 მაისს) ამბავი, რომელიც თავის მოწაფეებთან ერთად უდაბნოში ცხოვრობდა და მშობლებისგან ფარულად წავიდა მის სანახავად. წმიდა იოანემ, რომელიც წინასწარჭვრეტის მადლით იყო დაჯილდოებული, სიხარულით მიიღო შიო, აკურთხა, თავის მოწაფეებს კი უთხრა: „იყოს ჭაბუკი ესე შვილი ღმრთისა და მამა მრავალთა მონაზონთა, რამეთუ ღმერთსა გამოურჩევიეს“, შიოს კი აღუთქვა მოწაფეთა შორის ჩარიცხვა იმ პირობით, რომ შინ დაბრუნებულს მშობლებისაგან აეღო ნებართვა.

გავიდა ხანი. შიოს მშობლები მონასტერში წავიდნენ სამოღვაწეოდ. შიომ გაყიდა საცხოვრებელი, გაათავისუფლა ყველა მონა და მამა იოანესთან წავიდა.

ღირსმა იოანემ სიხარულით მიიღო შიო, ბერად აღკვეცა და უდაბნოში დარჩენის ნება დართო.

ოცი წელი დაჰყო ღირსმა შიომ უდაბნოში მამა იოანესთან. უანგარო მოღვაწეობისა და მორჩილებისათვის მან კურნების ნიჭი მიიღო.

შემდეგ ღირსმა იოანემ იხილა ზეგარდამო ჩვენება, ამოერჩია მოწაფეები და ივერიაში წამოსულიყო ქართველთა სარწმუნოების განსამტკიცებლად. იმ თორმეტ თანამოსაგრეს შორის, რომელიც თან გაიყოლა წმიდა მამამ, შიოც იყო.

საქართველოში ჩამოსული მამები ზედაზნის მთაზე დაბინავდნენ, შემდეგ კი, კათოლიკოს ევლავიოსის კურთხევით და მამა იოანეს რჩევით, სხვადასხვა კუთხეში წავიდნენ საქადაგებლად.

დაყუდებისმოყვარე შიომ თავისი სულიერი მამისაგან უდაბნოში წასვლის ნებართვა ითხოვა. მცხეთის მახლობლად, სარკინეთის კლდეში იპოვა მღვიმე, და დაიწყო მოღვაწეობა. ის ადგილი იმ დროს მიუვალი, უწყლო, მხეცებით სავსე იყო. მრავალი ნაკლულევანება და შიში განიცადა აქ მამა შიომ, მაგრამ ყველაფერი დაითმინა და ყველანაირ საცდურს სძლია. ღირს მამას წმიდა ელია თეზბიტელის (ხსენება 20 ივლისს) მსგავსად ფრინველები უზიდავდნენ საზრდელს.

 

 

ერთხელ, მთელი ღამის მხურვალე ლოცვის შემდეგ, განთიადისას, მთელ ხევს საკვირველი ნათელი მოეფინა და წმიდა შიოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა წმიდა იოანე ნათლისმცემელთან ერთად. ყოვლადწმიდა ქალწულმა განსაცდელთა შინა გაძლიერება აღუთქვა წმიდა ბერს და საზრდოდ თოვლის მსგავსი რამ მისცა. შემდგომ ამისა ღირსი შიო მეტი გულმოდგინებით მოღვაწეობდა იმ ხევში მარტოდმარტო.

ერთხელ სარკინეთის მთებში სანადიროდ წავიდა ფარსმან მეფის სპასპეტი, ციხედიდის მთავარი ევაგრე (ხსენება 4 თებერვალს), აქ მან ღირსი მამა გაიცნო და მასთან დარჩა სამოღვაწეოდ.

გამოჩენილი სპასპეტის უდაბნოში წასვლა მალე მთელმა ქვეყანამ გაიგო. ღირს შიოსთან და ევაგრესთან მრავალი მლოცველი მოდიოდა. ბევრმა მათგანმა ღირს ევაგრეს მიბაძა და უდაბნოში დაიწყო მოღვაწეობა.

ერთხელ ღირსი შიო ლოცვად დადგა და ღმერთს შეევედრა, გამოეცხადებინა მისთვის ეკლესიის ასაშენებელი ადგილი. წმიდანმა საცეცხლურის ნაცვლად ხელის გულით აკმია საკმეველი. ცეცხლმა ხელი არ დასწვა. წმიდანი საკმევლის კვალს გაჰყვა და იქ, სადაც კვამლმა პირდაპირ ცისკენ აიწია, თავისი კვერთხით ეკლესიის ადგილი დასახა. ასე მიანიშნა უფალმა წმიდა შიოს, თუ სად უნდა აეშენებინა ტაძარი.

როცა ფარსმან მეფემ ევაგრეს ბერად შედგომა გაიგო, ძლიერ ეწყინა და თვითონ წაბრძანდა შიოს უდაბნოში. მეფემ ისეთი საკვირველი მადლი იხილა წმიდა შიოს სახეზე, რომ გვირგვინი მოიხადა და მის წინაშე დაიჩოქა. მამა შიომ მოწიწებით აკურთხა მეფე, წამოაყენა და თავისი ხელით დაადგა თავზე სამეფო გვირგვინი. მეფის მხლებლებმაც თაყვანი სცეს მამა შიოს და მიიღეს მისგან კურთხევა. მათ შორის იყო ერთი დიდებული, რომელსაც მარჯვენა თვალი დაზიანებული ჰქონდა ისრისაგან. მან მუხლი მოიყარა შიოს წინ, შეახო თვალი მის ფეხს და განიკურნა.

ფარსმან მეფემ ღირს მამას ჰკითხა, თუ რა სჭირდებოდა უდაბნოსთვის. წმიდა შიომ უპასუხა: „უფალო მეფე! გულნი მეფეთანი ხელთა შინა ღვთისათა არიან, ვითარცა რა ჯერ გიჩნს, ჰყავ“. მეფემ უდაბნოში ეკლესიის ასაშენებელად დიდძალი საფასე, ოთხი დაბა, ბარძიმ-ფეშხუმი, ოქროს ჯვარი და მშვენივრად შემკობილი მეფე ვახტანგ გორგასლისეული (ხსენება 30 ნოემბერს) სახარება შესწირა.

როცა ეკლესიის მშენებლობა დაასრულეს, ფარსმან მეფე ამჯერად უდაბნოში კათოლიკოსსა და ეპისკოპოსებთან ერთად ჩაბრძანდა. მოვიდა თვით წმიდა იოანე ზედაზნელიც და ახლად აგებული ტაძარი აკურთხა.

შემდგომ ამისა მეუდაბნოე ძმათა რიცხვმა ორი ათასს მიაღწია. უდაბნოში სასწაულთმოქმედი განდეგილის სანახავად და მისგან კურთხევისა და კურნების მისაღებად მრავალი ადამიანი მოდიოდა.

წმიდა შიო მრავალ სასწაულს იქმოდა. ერთხელ მონასტრის სახედრებს მგელი შემოეჩვია და ბევრი დაგლიჯა. როცა ეს ამბავი წმიდა შიომ გაიგო, ილოცა და უფლისგან ითხოვა, ეს მგელი სახედრების მწყემსად ქცეულიყო; ასეც მოხდა - ამის შემდეგ ერთგულად მწყემსავდა სახედრებს.

ერთხელ წმიდა იოანე ზედაზნელმა იხმო თავისი მოწაფეები და უბრძანა, ეჩვენებინათ, თუ სულიერების რა საზომს მიაღწიეს. წმიდა შიომ ხელისგულზე დაიდო ნაკვერცხალი და საკმეველი დააყარა. სასწაულის მხილველი ხალხი გაკვირვებული ადიდებდა უფალს.

ბოლოს წმიდა შიომ თავისი სულიერი მამის, იოანე ზედაზნელისა და საქართველოს კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევით შეკრიბა მოწაფეები, მისცა მათ წესი, დაუნიშნა წინამძღვრად ღირსი ევაგრე და მის მიერვე გათხრილ მღვიმეში განმარტოვდა.

ქრისტეს სიყვარულისთვის ცოცხლად დამარხული ღირსი შიო თხუთმეტი წლის განმავლობაში ცხოვრობდა მღვიმეში მარხვითა და ლოცვით. ბოლოს, ღვთისგან სიკვდილის მოახლოების გამოცხადების შემდეგ, მიიღო წმიდა ზიარება, ხელები აღაპყრო და მშვიდად ჩააბარა უფალს სული სიტყვებით: „ჰოი, უფალო! ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა“.

სპარსელების ერთ-ერთი შემოსევის დროს შაჰ-აბასის მხედრებმა შიო მღვიმელის წმიდა ძვლები ირანში წაიღეს. იმ წელს სპარსეთი საშინელმა ჭირმა მოსრა. შეშინებულმა სპარსელებმა ამის მიზეზად წმიდა შიოს ნაწილებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება მიიჩნიეს და ისინი კვლავ მონასტერში დააბრუნეს.

წმიდანთა ცხოვრება, ტომი II, თბილისი, 2001 წ.


right_bar_header

<  შაბათი 24/6/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მესამე შვიდეული. შაბათი. ხმა 1-ლი. პეტრე-პავლობის მარხვა. საკ.: ცისკ. - ინ. 67 დას. XXI, 15-25. ლიტ. - მოც. - საქ. 28 დას. XI, 19-26, 29-30. ლკ. 51 დას. X, 16-21. რიგ. - რომ. 85 დას. III, 28 - IV, 3. მთ. 24 დას. VII, 24 - VIII, 4.
ხსენება მოციქულთა: ბართლომესი და ბარნაბასი. დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „ღირს არსი“ (”მოწყალე”).