მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





აღდგომიდან მე-6 შვიდეული. ხუთშაბათი. ხმა მე-5. საკ.: ცისკ. - მკ. 71 დას. XVI, 9-20. ლიტ. - საქ. 1 დას. I, 1-12. ლკ. 114 დას. XXIV, 36-53.

day_icon   

ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ფერეიდანში (ირანი) ქრისტეს სარწმუნოებისათვის მუსლიმთაგან წამებულ ქართველთა (XVII-XVIII)*; წმ. ეპიფანესი, კვიპრელი ეპისკოპოსისა (403); წმ. გერმანესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (740); წმ. საბინესი, კვიპრელი მთავარეპისკოპოსისა (V) და პოლუბიოსისა, რინოკირელი ეპისკოპოსისა (V); მღვდელმოწამისა ერმოგენისა, რუსეთის პატრიარქისა (1913).



* გარდამავალია, მოიხსენიება ამაღლებას.


წმ. იოანე ოქროპირი

ამაღლების შესახებ

სამი უჩვეულო სასწაული, ჟამიერების დასაბამიდან უცნობი და ჩვენს ბუნებაზე აღმატებული, თანაშეიწნა და ჰგიეს დაურღვევლად და შეურყევლად, რადგან სამკეცი თოკი ადვილად არ გაწყდება. ესენია: უქორწინებელი დედის მშობიარობა, სამდღიანი ვნებისგან აღდგომა და ხორცის ცათა მიმართ ამაღლება.

უწყოდა ჟამიერებამ ბერწნი, რომლებმაც შვეს, მაგრამ - არა ქორწინებისეული კავშირის გარეშე; უწყოდა მან მკვდრები, რომლებიც გაცოცხლდნენ, მაგრამ - არა დაუსრულებელ სიცოცხლეში; უწყოდა მან წინასწარმეტყველი, რომელიც ამაღლდა, მაგრამ - თითქოსდა ცაში. სიტყვა „თითქოსდა“ აღნიშნავს ჭეშმარიტებისგან განსხვავებულს, რადგან ელიამ ადგილს ადგილი შეუნაცვლა, მაცხოვარი კი იქ ავიდა, საიდანაც ჩამოვიდა და ამას შეჰყურებდა მრავალი კაცი და ქალი, ვიდრე არ მოუძლურდა სიმაღლეს შეკერტებული მზერა. ანგელოზებიც თანაემოწმებოდნენ ამ სანახაობას და მეორედ მოსვლასაც მაუწყებლობდნენ, რადგან თქმულია:

„და აჰა, ორი კაცი წარმოუდგათ მათ თეთრ სამოსელში, რომლებმაც ასე უთხრეს: კაცნო გალილეველნო, რად დგახართ ცას შემყურენი? ეს იესო, ცად ამაღლებული თქვენგან, იმგვარადვე მოვა, რა სახითაც ნახეთ იგი ცისკენ მავალი“ (საქმე 1. 10-11).

ჰოი, რაოდენი იღვაწა მან, სახიერმა, უკეთურ მონათა გამო! ჩამოვიდა ცათაგან; ავიდა ცათაკენ; კვლავ მოვა ცათაგან. მაგრამ მოვა როგორ? არათუ სხვა ჰიჰოსტასში გადასული, არამედ - ხორცის სახეში, ადამიანურ დასახულობაში; არათუ, ცხადია, მდაბალთა მოქმედი, როგორც პირველად, არათუ ნავში მძინარე, არათუ დაღლილობისგან წყურვილით პყრობილი ჭასთან, არათუ ვირის ჩოჩორზე მჯდარი, არამედ ღრუბლის სახოვან ეტლზე დაბრძანებული, [1] არა მებადურთა მხმობელი, არამედ ანგელოზთაგან დაფარული, არა მსაჯულის დალიჭთან [2] მდგარი, არამედ - კიდით კიდემდე მსოფლიოს განმსჯელი თვითვე და მებადურებისთვისაც კი მსაჯულის უფლებამოსილების მიმნიჭებელი, როგორც გვასწავლის თავადაც, რაჟამს ეუბნება მოწაფეებს:

„როდესაც დაჯდება ადამიანის ძე თავისი დიდების ტახტზე, დასხდებით თქვენც თორმეტ ტახტზე და განსჯით ისრაელის თორმეტ ტომს“ (მათე 19.26).

იუდეველებს კი ასე მიმართავს:

„თუ მე ბელზებულის მიერ განვაგდებ ეშმაკებს, თქვენი შვილები ვის მიერ განაგდებენ? ამის გამო ისინი თქვენი მსაჯულები იქნებიან“ (მათე 12.27).

თვით მოწაფეებიც იუდეველთაგან იყვნენ, მაგრამ ისინი იუდეველებისას არ იზრახავდნენ, არამედ თავის მონათესავე უფლისმკვლელებზე უფრო ქრისტეს ვნებებს და წყლულებს მიაგებდნენ პატივს.

დიდი საკვირველებაა, უჩვეულო სასამართლოა ეს სახილველი: მებადური განსჯის, ფარისეველი კი განისჯება. კარვის მკეთებელი [3] სიტყვახსნილად მჯდომარეა, მღვდელთმთავარი კი კვნესით იღებს სასჯელს.

რად ურტყეს მეუფეს სახეში, თავზე რად სცეს მას მუშტი, ბოლოს - რად მოკლეს მემკვიდრე სავენახის გარეთ? რად დაატყვევეს მათ პეტრე, რად დააწყლულეს პავლე? უცნაურმა მღვდელთმთავარმა ანანიამ ხომ ისიც უბრძანა მის მსახურთ, პირში ერტყათ პავლესთვის, იმ პირში, რომელიც იყო პირი მაღლისა, პირი ჭეშმარიტებისა, აჟღერება სიცოცხლისა, - უძლიერესი ყველა საყვირზე, უმწყობრესი ყველა ჰარმონიაზე, ორღანო ქრისტესი, სალამური სულისა, - რადგან რაც სულს ესათნოებოდა, ის იქადაგა პავლემ თავისი ენით. ვფიქრობ, დავითი პავლეს პირით ამბობს: „ენა ჩემი - კალამი სწრაფმწერი მწიგნობრისა“ (ფს. 44.2). როგორ განჭვრიტა პავლემ წინასწარ ის სასჯელი, რაც ანანიას მოელოდა? „ღმერთი განიზრახავს შენს ცემას, შეთეთრებულო კედელო“ (საქ. 23.3). „შეთეთრებული კედელი“ ესაა გალამაზრებული საფლავი, გარედან მყრალი, შიგნიდან მკვდარი.

ამგვარად, რადგან გველოდება ნასაქმევთა გამო სიტყვის მიგება და მსოფლიო სასამართლო, სადაც მოგვეთხოვვბა ყოველივე ის, რაც იგავთა მიერ გაგვიცხადა უფალმა (თუ როგორ მოვიხმარეთ ტალანტები, თუ რატომ უარვყავით საიდუმლო ქორწილი, როგორ ვატარეთ საქორწინე ლამპარი, როგორ აღვაორძინეთ თესლი, როგორი ნაყოფი შევძინეთ სავენახეს და სხვა), ამიტომ ტალანტად ვაქციოთ ცხოვრება, შევცვალოთ ის, რაც ამცხოვრებისეულია; ნუ ვივაჭრებთ ვერცხლით, ნუ მოვიხვეჭთ ოქროს, ნუ ვიქნებით სულთამხუთავი მევალეები, რადგან ამას ყოველივეს განეკრძალვის თვით მსაჯულიც, არამედ ვზრდიდეთ ღარიბებს, გვიყვარდეს უცხონი, ღვთისადმი ვხმობდეთ და აღვასრულებდეთ ყოველივე იმას, რასაც ძალუძს დააცხროს მსაჯულის რისხვა. ისწავლე უცხოთმოყვარეობის სარგებელი, მზერა მიაპყარ აბრაამს, აწონ-დაწონე ნინეველთა ვედრების სიკეთე, განჭვრიტე ის საუნჯე მოწყალებისა, ტაბითას რომ ჰქონდა, რომელიც უსულოდ იყო დადებული საწოლზე და საფლავში ჩამარხვა ელოდა, მაგრამ ქვრივები გარს შემოერტყნენ პეტრეს, უჩვენებდნენ, გარდაცვლილისგან რაც ბოძებული ჰქონდათ და, ასე, ჯოჯოხეთიდან ამოიტაცეს მკვდარი (საქ. 9.39 და შემდეგ).

ამრიგად, თუ მკვდარი სხეული ქვრივთა ცრემლებმა გააცოცხლეს (ცხადია, რომ იგი კვლავ მოკვდებოდა), როგორ გგონია, სიკეთეთა ნაცვალგების ჟამს რაოდენს მიანიჭებს მსაჯული მათ, რომლებმაც უშურველი მარჯვენით იღვაწეს გლახაკთა დაპურება და არ უგულებელყვეს ღარიბთაგან დასტური? [4]

დიახ, მაშინ იქნება წარუწყმედელი საბოძვარი, რაჟამს აღარ დადგება სიკვდილი შუაში, არამედ მარადიულად განივრცობა სიცოცხლე, რადგან თქმულია: „საყვირს დასცემს და ქრისტეში აღდგებიან მკვდრები, უხრწნელნი“ (I კორ. 15.52) და უცვლელნი, მეუფის მსგავსად, და როგორც მიიღო იგი ღრუბელმა, ასევე ჩვენც, პავლეს თქმისებრ, „ღრუბლებში ავიტაცებით“ (I ითეს. 4.16) და როგორც აღვიდა იგი საყვირის ხმაში და ხმიანობაში, ამავე სახით ჩვენც ძილის მსგავსად განვიშორებთ სიკვდილის ღრუბელს მთავარანგელოზური საყვირის მიერ და ცხოვრების წინამძღვარს თანაშევერთვით, „და ასე, როგორც თქმულია, მარადის უფალთან ვიქნებით“ (იქვე), ყველანი, რომლებიც უფლისას ვიზრახავთ და ვიცავთ მის მცნებებს. მოხდეს ისე, რომ ყველა ჩვენგანი ეღირსოს იმ ნეტარ ცხოერებას: „კარგია, მონავ კეთილო და სანდოო, მცირეზე სანდო იყავი, მრავალზე დაგადგენ შენ. შედი უფლის სიხარულში“ (მათ. 25.21), რომლისაც არის დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

თარგმნა ედიშერ ჭელიძემ

„სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“ II

თბილისი, 2004 წ.

ტროპარი: ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.

კონდაკი: ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა.

კონდაკი: სრულ-ჰყავ რა ცხოვრებაი ჩუენი და ზეცისათა  შეაერთე ქუეყანისანი, ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო, რომელი არა სადა განეშორები, მხსნელო, არამედ ჰგიე განუშორებელად და ეტყოდი საყუარელთა მათ შენთა: მე მხოლო ვარ თქუენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.






წმიდა ეპიფანე, წარმოშობით, ებრაელი იყო. ცხოვრობდა ფინიკიაში. ერთხელ ნახა, რომ მონაზონმა, სახელად ლუკიანემ, თავისი სამოსელი  მათხოვარს მისცა. ასეთი გულკეთილობით შეძრულმა ეპიფანემ სთხოვა მონაზონს,  აეხსნა მისთვის ქრისტიანობა. ეპიფანემ იწამა ჭეშმარიტი სარწმუნოება, ნათელიღო და ლუკიანეს მიერ დაარსებულ მონასტერში წავიდა. აქ ის გამოცდილი ბერის, ილარიონის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა და მორჩილებად ჰქონდა ბერძნული წიგნების გადაწერა. სათნო ცხოვრებისათვის წმიდა ეპიფანეს სასწაულთმოქმედების ნიჭი მიემადლა. კაცობრივ დიდებას რომ მორიდებოდა, სპარიდრონის უდაბნოში განმარტოვდა. აქ იგი ყაჩაღებმა შეიპყრეს და სამი თვე ტყვეობაში ჰყავდათ. წმინდანმა, თავისი მადლმოსილი სიტყვით, ერთ-ერთი ავაზაკი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია. როცა ეპიფანე გაათავისუფლეს, ის ავაზაკიც უკან გაჰყვა. წმიდა ეპიფანემ მონასტერში მოიყვანა იგი და იოანეს სახელით მონათლა. წმიდა ეპიფანეს მართალი და ღვთივსათნო ცხოვრების ამბავი ხალხში გავრცელდა. ამიტომ, მან კვლავ უდაბნოს მიაშურა, ამჟამად, იოანესთან ერთად. მოწაფეები აქაც აკითხავდნენ წმინდანს, ზოგი იქვე რჩებოდა... ასე დაარსდა ახალი სავანე.

რამდენიმე ხნის შემდეგ, წმიდა ეპიფანემ და იოანემ  იერუსალიმში წასვლა და წმიდა ადგილების მოლოცვა გადაწყვიტეს. ქალაქ ლუკიის მცხოვრებლებმა ბერი პოლივიუსი გაგზავნეს წმიდა ეპიფანესთან და სთხოვეს, ეპისკოპოსის კათედრა დაეკავებინა. განჭვრეტის მადლით დაჯილდოებულმა მოღვაწემ ადრევე შეიტყო მათი სურვილი და მალულად დატოვა იქაურობა - პათიის უდაბნოში წავიდა, წმიდა ილარიონთან (ხს. 21 ოქტომბერს), ვის მორჩილებაშიც იგი ახალგაზრდობაში იყო. წმინდანებმა ორი თვე გამუდმებულ ლოცვაში გაატარეს; შემდეგ, წმიდა ილარიონმა წმიდა ეპიფანე სალამინში გაგზავნა, სადაც ეპისკოპოსები იყვნენ შეკრებილნი ახალი მღვდელმთავრის ასარჩევად. უხუცეს ეპისკოპოს პაპიუსს უფალმა გამოუცხადა, რომ ეპისკოპოსად ქალაქში მოსული ბერი, ეპიფანე, უნდა აერჩიათ. წმინდანი მოძებნეს. წმიდა პაპიუსმა ტაძარში შეიყვანა იგი და კრების მონაწილე მამების სურვილი განუცხადა. წმიდა ეპიფანე იძულებული გახდა, დათანხმებულიყო. წმიდა ეპიფანემ სალამინის ეპისკოპოსის კათედრა 367 წელს დაიკავა.

წმიდა ცხოვრებისათვის, ეპიფანემ,  ლიტურღიის შესრულებისას, წმიდა ძღვენზე სულიწმიდის გარდამოსვლის ხილვის მადლი მიიღო. ერთხელ, წმიდა საიდუმლოს შესრულებისას, წმიდა ეპიფანემ ეს სასწაული ვერ იხილა. მან ერთ-ერთი მორწმუნე მოიხმო და ჩუმად უთხრა: „გადი, შვილო ჩემო, შენ დღეს ღირსი არა ხარ ესწრებოდე წმიდა საიდუმლოს აღსრულებას“.

წმიდა ეპიფანე სიცოცხლის მიწურულს დედოფალ ევდოქსიას და ალექსანდრიის პატრიარქ თეოფილეს ბრძანებით გამოიძახეს კონსტანტინეპოლში, საეკლესიო კრებაზე, რომელსაც   ეკლესიის უდიდესი მამა, წმიდა იოანე ოქროპირი, უნდა განესაჯა (ხს. 14 სექტემბერსა და 13 ნოემბერს). წმინდანმა არ ისურვა, დასწრებოდა უკანონო კრებას და კონსტანტინეპოლი დატოვა. გემით მოგზაურობის დროს, მან  სიკვდილის მოახლოება იგრძნო, უკანასკნელი დარიგება დაუტოვა მოწაფეებს და ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა. ქალაქ სალამინის მცხოვრებლებმა მხურვალედ დაიტირეს თავისი მღვდელმთავარი და 403 წლის 12 მაისს პატივით დაკარძალეს მის მიერვე აშენებულ ეკლესიაში.

მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრებამ წმიდა ეპიფანეს ეკლესიის მამა და მასწავლებელი უწოდა.

ტროპარი, ჴმა დ

ღმერთო მამათა ჩუჱნთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუჱნ ზედა კეთილსა სახიერებისა შენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუჱნგან, არამედ მათითა მეოხებითა მშვიდობით განაგე ცხოვრებაჲ ჩუჱნი.

კონდაკი, ჴმა დ

მღუდელ-მთავართა საკვირველთა ერთობით ვადიდებდეთ მორწმუნენო ჯერისა-ებრ, გერმანესთანა დიდებულსა ეპიფანეს, რამეთუ ამათ შესწვნეს უღმრთოთა ენანი, და რწმენილნი სჯულნი ბრძენნი უქადაგნეს ყოველთა მართლმადიდებელობით მგალობელთა მარადის კეთილ მსახურებისა დიდსა საიდუმლოსა.

 


right_bar_header

<  პარასკევი 15/12/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან 29-ე შვიდეული. სამშაბათი. ხმა მე-3. საშობაო მარხვა. საკ.: ცისკ. - ინ. 35 დას. (შუათგან), X, 1-10. ლიტ. - ებრ. 310 დას. IV, 1-13. ლკ. 98 დას. XIX, 45-48. წმ. - ებრ. 318 დას. VII, 26 - VIII, 2. ინ. 36 დას. X, 9-16.
ხსენება წინასწარმეტყველისა ამბაკუმისა; ღირსისა ისესი (იესე), წილკნელი ეპისკოპოსისა; წმ. მოწამისა მიროპიასი; ღირსთა: იოანესი, ირაკლემონისა, ანდრიასი და თეოფილესი.