მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





აღდგომიდან მე-6 შვიდეული. პარასკევი. ხმა მე-5. საკ.: ცისკ. - ლკ. 24 დას. VI, 17-23. ლიტ. - საქ. 42 დას. XIX, 1-8. ინ. 47 დას. XIV, 1-11. ღირ - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.

day_icon   

ამაღლების შემდგომი დღესასწაული. ხსენება ღირსისა ექვთიმე ახლისა, ქართველისა, ათონელისა, მთარგმნელისა (1028); ღირსთა ქართველთა ათონელთა მამათა: იოანესი (998), გიორგისი (1065/1066) და გაბრიელისა (X) და ღირსმოწამეთა, ათონის ივერთა მონასტერში ლათინთაგან წამებულთა(XIII); მოწამეთა: გლიკერია ქალწულისა და მისთანა ლაოდიკესი, დილეგის მცველისა (დაახლ. 177); მოწამისა ალექსანდრე რომაელისა (284-305); პავსიკაკოსი, სინადელი ეპისკოპოსისა (606); წმიდათა: გიორგი აღმსარებელისა, მეუღლისა მისისა ირინესი და შვილთა მათთა (IX)

 



ღირსი ექვთიმე მთაწმინდელი X საუკუნის სამოციან წლებში დაიბადა. მამამისი, წმიდა იოანე მთაწმინდელი, ერისკაცობაში, საქართველოს მეფის, დავით კურაპალატის, მხედართმთავარი იყო. წმიდა იოანემ დატოვა ოჯახი, ცოლ-შვილი, ნათესავები, სასახლის კარის ბრწყინვალე ცხოვრება,  ქრისტეს სიყვარულით გამსჭვალულმა, ოთხთა ეკლესიის ლავრას მიაშურა და ბერად აღიკვეცა.

იოანეს ცოლ-შვილი, მოსავლელად, სიმამრმა, აბუჰარბმა, და ცოლისძმებმა წაიყვანეს. იოანე საქართველოდან ულუმბოს მთაზე წავიდა და ერთ მონასტერში ჯორთა მომვლელად დადგა. ამ დროს, ბერძენთა მეფემ ზემო ქვეყნები მისცა დავით კურაპალატს, სამაგიეროდ კი, ერთგულების დასამტკიცებლად, აზნაურთა შვილები მოითხოვა მძევლებად. მძევალთა შორის აღმოჩნდა იოანეს მცირეწლოვანი შვილი, ექვთიმე.

ულუმბოს მთაზე მყოფმა იოანემ გვიან გაიგო შვილის კონსტანტინპოლში ყოფნის ამბავი, ვერ მოითმინა, ეახლა ბერძენთა მეფეს და შვილი გამოსთხოვა. იოანემ ექვთიმე ულუმბოს მთაზე წაიყვანა. ამ დროს ექვთიმეს ქართული ენა სრულიად დავიწყებული ჰქონდა.

მალე მთელ ულუმბოსა და მის შემოგარენს მოეფინა ღირსი იოანეს სახელი, მასპატივსა უყოფდეს ბერძენნი და ქართველნი“, ამიტომკუალად უცხოებასავე მიჰმართა“ - თავის ძესთან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად ათონის მთაზე წავიდა და ღირსი ათანასე დიდის (ხს. 5 ივლისს) ლავრაში დაეყუდა.

სიყრმიდანვე გადმოვიდა ექვთიმეზე სულიწმიდის მადლი: ერთხელ ყმაწვილი მძიმედ დაავადდა. მამამ შვილის გადარჩენის იმედი დაკარგა, მღვდელთან კაცი გაგზავნა და სთხოვა, მომაკვდავი ეზიარებინა, თვითონ კი ეკლესიაში წავიდა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ ვედრებით დაემხო.

როცა წმიდა იოანე ეკლესიიდან სენაკში შებრუნდა, მაშინვე ეცა ნელსაცხებლის საამო სურნელი და ნახა, რომ ცოტა წინ სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ყრმა სრულიად გამოჯანსაღებულიყო. მან მოუთხრო მამას, რომ სანამ ის ეკლესიაში იყო წასული, მასთან გამოცხადდა დიდებული დედოფალი და ქართულად ჰკითხა: „რაჲ არს, რაჲ გელმის, ეფთჳმე?“ - „მოვკუდები, დედოფალო“, - მიუგია ექვთიმეს. მაშინ დედოფალს ხელი მოუხვევია მისთვის და უთქვამს: „არარაჲ არს ვნებაჲ შენ თანა, აღდეგ, ნუ გეშინინ და ქართულად ჴსნილად უბნობდი“. ამ სასწაულებრივი განკურნების შემდეგ, ექვთიმეს ქართულიაღმოუდიოდა პირითგან, ვითარცა წყაროჲ უწმიდეს ყოველ ქართველთასა“.

ღირსმა იოანემ მადლობა შესწირა უფალს და შვილს აუხსნა, რასაც ნიშნავდა ეს ჩვენება: „შვილო ჩემო, ქართლისა ქუეყანაჲ დიდად ნაკლულევან არს წიგნთაგან და მრავალნი წიგნნი აკლან და ვხედავ, რომელ ღმერთ მოუმადლებია შენდა. აწ იღუაწე, რაჲთა განამრავლო სასყიდელი შენი ღმრთისაგან“.

წმიდა ექვთიმე სიხარულით შეუდგა მამის ბრძანების შესრულებას და მალე ყველა გააკვირვა თავისი ღვაწლით. როდესაც კეთილმორწმუნე მეფემ, დავით კურაპალატმა, წაიკითხა მთაწმინდიდან გამოგზავნილი წიგნები, სიხარულით აღივსო, ადიდა ღმერთი და ბრძანა: „მადლი ღმერთსა, რომელმან ჩუენთა ამათ ჟამთა ახალი ოქროპირი გამოაჩინა“.

ღირსი ექვთიმეს ცხოვრების აღმწერელი, წმიდა გიორგი მთაწმიდელი, ორმოცდაათზე მეტ თარგმანს ჩამოთვლის და დასძენს: „ესე ყოველნი და ამათსა ფრიად უმრავლესნი წიგნნი თარგმნა ღმერთშემოსილმან მამამან ჩუენმან და ესრეთ აღაორძინა მისდა რწმუნებული იგი ტალანტი“.

მამის გარდაცვალების შემდეგ, წმინდა ექვთიმე გახდა  ათონის ივერთა მონასტრისა წინამძღვარი. წინამძღვრობამ ექვთიმეს უკვე სხვა საქმეებიც გამოუჩინა, ამიტომ ნეტარ მამას წიგნებზე მუშაობა, ძირითადად, ღამით, სანთლის შუქზე უხდებოდა. იგი მოსვენების უფლებას არ აძლევდა ისედაც მკაცრი მარხვით დაუძლურებულ სხეულს.

წმიდა ექვთიმეს სასწაულთმოქმედების ნიჭიც ჰქონდა: ჯერ კიდევ მამამისის, ღირსი იოანეს, სიცოცხლეში, საბერძნეთს საშინელი გვალვა დაატყდა თავს. ოთხი თვის განმავლობასი ცვარიც არ ჩამოვარდნილა. ხე და ვენახი გახმა, მიწა დასკდა. მამა იოანემ შვილს უბრძანა: „წარიყვანენ ძმანი და წარვედით ეკლესიასა წმიდისა ელიაჲსსა და ღამე ათიეთ და ჟამის-წირვაჲ აღასრულეთ“. წირვაზე სახარების კითხვისას ცაზე ღრუბელი გამოჩნდა, წმიდა ზიარების დაწყებისას კი - წვიმა წამოვიდა.

ფერისცვალების დღესასწაულზე, ათონის მთაზე სალოცავად ასულმა ხალხმა საკუთარი თვალით იხილა ცეცხლის ალში გახვეული მამა ექვთიმე. ხალხი მუხლებზე დაემხო მის წინაშე, ექვთიმემ კი დაამშვიდა ისინი: „ნუ გეშინინ, ძმანო, რამეთუ მოხედვაჲ საღმრთოჲ იქმნა და ქრისტემან თჳსი დღესასწაული ადიდა“.

მამა ექვთიმემ თავის მონასტერში მკაცრი და სამართლიანი წესი დაადგინა, რომლის აღსრულებაც ყველასთვის სავალდებულო იყო.

ეშმაკმა ვერ აიტანა მამა ექვთიმეს და მისი მონასტრის ძმების ასეთი ღვთვისათნო მოღვაწეობა და ორჯერ მკვლელი მიუგზავნა წმიდა ექვთიმეს, მაგრამ ღვთის განგებამ დაიცვა ექვთიმეს სიცოცხლე და ორივეჯერ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

წმიდა ექვთიმემ თოთხმეტ წელიწადს უწინამძღვრა ათონის ქართველთა მონასტერს, შემდეგ კი, რადგანაც სამწერლო საქმიანობისათვის დიდი დრო სჭირდებოდა, მამის, ღირსი იოანეს ანდერძისამებრ, წინამძღვრობა მამა გიორგის გადააბარა, ხოლო თვითონ სენაკში ჩაიკეტა, რათა მთლიანად თარგმნისთვის მიეყო ხელი.

იმპერატორმა კონსტანტინე VIII- რომელსაცდიდი სარწმუნოებაჲ და სიყუარული ჰქონდა მისა მიმართ ღირსებისა მისისათჳს“, წმიდა ექვთიმე სამეფო კარზე დაიბარა, ღირსმა მამამ ძმები შეკრიბა, ტრაპეზი განუმზადა და სთხოვა, ელოცათ მისთვის; შემდეგ თავის მეგობართან, თეოფანე ხუცესთან წავიდა, რომელთანაც სიყრმიდან იყო შეზრდილი. დამშვიდობებისას თეოფანე ხუცესი მოეხვია წმიდა ექვთიმეს და ცრემლით უთხრა: „ვაჲმე უბადრუკსა, რამეთუ არღარა ოდეს გიხილო შენ ხორციელად, ჰოი, წმიდაო მამაო!“ ღირსმა ექვთიმემ დაუდასტურა წინასწართქმული.

იმპერატორმა დიდი პატივით ისტუმრა ღირსი მამა. წმიდა იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაულის შემდეგ, მამა ექვთიმემ მხატვართან მიბარებული ხატის სანახავად წასვლა გადაწყვიტა. მას ახლად ნაყიდი ჯორი შეუკაზმეს. გზაზე შავით მოსილი გლახაკი გადაუდგა და მოწყალება სთხოვა. ღირსმა მამა ჯიბეში ჩაიყო ხელი, მაგრამ ჩამოძონძილი გლახაკის დანახვაზე ჯორი შეშინდა, აიწყვიტა და წმიდანი ძირს ჩამოაგდო.

მომაკვდავ მამა ექვთიმეს მთელი საბერძნეთი დასტიროდა.

ლოცვითა და ღვთის მადიდებელი სიტყვებით აღესრულა წმიდა ექვთიმე დაწარვიდა წინაშე ღმრთისა ნათელსა მას მიუაჩრდილებელსა, ყოველთა თანა წმიდათა, რომელნი საუკუნითგან სათნო ეყვნეს ღმერთსა“ (+1028).

წმიდა ექვთიმე ათონის მთაზე დაკრძალესსამარხოსა ლუსკუმასა ტაძარსა შინა წმიდისა იოანე ნათლისცემლისასა“.

ტროპარი, ჴმა ჱ

მართლმადიდებლობისა წინა-მძღუარო, და კეთილ მსახურებისა, და კრძალულებისა მოძღუარო, ევთიმი, ყოვლისა სოფლისა მნათობო და მღუდელმთავართა კანონო ღმრთივ-სულიერო, ყოვლად ბრძენო, სწავლითა შენითა ჩუჱნ ყოველნი განგვანათლენ ვითარცა ქნარმან სულიერმან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუჱნთა-თჳს.

კონდაკი, ჳმა დ

ნათელ ცისკროვნად მზედ გიცის შენ ეკკლესიამან, სათნოებათა ბრწყინვალებითა, და კურნებათა შარავანდედითა, ყოველთა განმანათლებელად ქრისტეს მსახურო, ვინა დღესასწაულობს საღმრთოსა ჴსენებასა შენსა და პატივს-ჰსცემს ღვაწლთა შენთა, ყოვლად ნეტარო მამაო ევთიმი.


ნეტარი მამა იოანე (ერისკაცობაში ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი) დაიბადა სამცხეში დაახ. 920 წელს. წმიდანის მამა, საქართველოს მეფის დავით კურაპალატის კარზე დაახლოებული დიდებული იყო. იოანეს ბავშვობიდანვე საუკეთესო განათლება მიაღებინეს: „სიყრმითგან თვისით განსწავლულ იყო თავისუფლისა ხელოვნებათა და გონიერ გონებითა და გულისხმისყოფითა, მეცნიერი ენისა ელინთასა და სხვათაცა ენათა ზედმიწევნულობით სწავლული და აღსავსე სიბრძნითა და შიშითა ღვთისათა“.

წმიდა იოანე მამის მაგივრად საერო სამსახურში ჩადგა. ყველა ამქვეყნიური პატივი და ბედნიერება უხვად მომადლა ღმერთმა ნეტარს: ჰყავდა ცოლ-შვილი, ჰქონდა სიმდიდრე და გარშემორტყმული იყო მოსიყვარულე და ერთგული მეგობრებითა და მეფის სიყვარულით, მაგრამ მან ქრისტეს სიყვარულის გამო დატოვა ამქვეყნიური დიდება, პატივი, ოჯახი, ცოლ-შვილი, ნათესავები და ფარულად მიაშურა ლავრას დიდებულთა ოთხთა ეკლესიათა.

მამა იოანეს ცოლ-შვილი მოსავლელად სიმამრმა აბუჰარბმა და ცოლისძმებმა წაიყვანეს. როდესაც მეფის კარზე გაიგეს იოანეს მონაზვნად აღკვეცის ამბავი, ის მამების კურთხევით საბერძნეთში გაემგზავრა და ულუმბოს მთის ერთ-ერთ მონასტერში შეუდგა მოღვაწეობას.

ამასობაში საბერძნეთის იმპერატორმა ზემო ქვეყნები მისცა დავით კურაპალატს, სანაცვლოდ, ერთგულების ნიშნად, ამ ქვეყნებიდან აზნაურთა შვილები მოითხოვა მძევლებად. მამა იოანეს ნათესავებმა სხვებთან ერთად იოანეს ძე - ექვთიმეც მიჰგვარეს ბერძენთა მეფეს. იოანემ ეს რომ გაიგო, კონსტანტინოპოლს წავიდა და იმპერატორს გამოსთხოვა თავისი შვილი, სიმამრსაც უსაყვედურა: „რაჲ არს ესე? ნუუკუე შვილი არა გესხნესა თქუენ? გარნა ესე ხცად არს, რომელი მათ სწყალობდით, ვითარცა თჳსთა შვილთა და ძე ჩემი, ვითარცა ობოლი, მძევლად გასწირეთ! გარნა უფალმან შეგინდვენ თქუენ!“

მამა იოანემ თავისი ძე, ყრმა ექვთიმე (ხს. 13 მაისს) წაიყვანა და რამდენიმე სხვა მოწაფესთან ერთად ათონის მთაზე წავიდა (დაახ. 965 წელს); აქ წმიდა ათანასეს ლავრაში დაემკვიდრა და ორი წელი მორჩილებაში გაატარა.

 

ამ დროს წმიდა იოანესთან მივიდა ცნობილი ქართველი მხედართმთავარი თორნიკე ერისთავი (ხს. 12 ივნისს), ბერად აღიკვეცა იოანეს სახელით და წმიდა ათანასეს კურთხევით ლავრაში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ.

ათანასეს ლავრას იმდენმა ქართველმა მიაშურა, რომ იოანე იძულებული გახდა, ლავრისგან მოშორებით საკუთრად ქართველებისათვის აეშენებინა ეკლესია იოანე მახარებლის სახელზე. ეკლესიასთან ერთად ივერიელებმა სენაკებიც ააგეს საცხოვრებლად.

ამის შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, როცა საბერძნეთის მეფეებს, ბასილისა და კონსტანტინეს ბარდა სკლიაროსი განუდგა და ძლიერ შეავიწროვა. იმპერატორების დედამ, თეოფანიამ, წერილი გაუგზავნა ათონელ მამებს და სთხოვა, თორნიკე სასახლეში მისულიყო. თორნიკეს საერო საქმეში ჩარევა არ უნდოდა, მაგრამ, იოანესა და ათანასეს რჩევით, გამოცხადდა საბერძნეთის სამეფო კარზე და დედოფლის თხოვნით დავით კურაპალატს ეახლა საქართველოში.

დავით კურაპალატმა გაიხარა საყვარელი სპასალარის ხილვით, დედოფლის თხოვნაც შეასრულა და დამხმარე ლაშქარს თორნიკე დაუნიშნა სარდლად. ცხოვრებისაგან გადგომილ ბერს შეეშინდა ურჩობით უფალი არ გაენაწყენებინა და კვლავ სპასალარის უფლებით სათავეში ჩაუდგა ქართველთა მხედრიონს.

ღვთის შეწევნით, აჯანყებული ბარდა სკლიაროსი დამარცხდა. გამარჯვებაში ლომის წილი ქართველთა ლაშქარმა შეიტანა. ბრძოლის ველიდან წამოღებული ნადავლი, დავით კურაპალატის სურვილით, იოანე-თორნიკემ ათონის წმიდა მთაზე წაიღო. „მამანი სიხარულით მიეგებნეს და ამბორი ჰყვეს და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელმან კვალად მოაქცია მშვიდობით“.

ორი ღირსეული მამის მოღვაწეობამ ისე მოამრავლა მთაწმინდაზე ქართველები, რომ წმიდა იოანემ და თორნიკემ თავს იდვეს ახალი ეკლესია-მონასტრების აშენება. სულ მალე ათონზე ორი ეკლესია აშენდა: ერთი - ღვთისმშობლისა, მეორე კი - იოანე ნათლისმცემლის სახელზე. ღირსმა მამებმა მთაწმინდის სხვა ეკლესია-მონასტრებსაც გაუწოდეს დახმარების ხელი.

ბრძოლის ველზე დაუმარცხებელმა სარდალმა და უხილავ მტერზე გამარჯვებულმა იოანე-თორნიკყოფილმა მშვიდად ჩააბარა სინანულით განწმენდილი სული უფალს.

თორნიკეს გარდაცვალების შემდეგ მამა იოანეს წმიდა მთაზე ჩამოვარდნილი შუღლის გამო იქ ცხოვრება გაუძნელდა და გადაწყვიტა, რამდენიმე მოწაფესთან ერთად სხვაგან წასულიყო სამოღვაწეოდ, მაგრამ ბერძენთა მეფის თხოვნით ისევ ათონზე დარჩა.

მამა იოანე ნეკრესის ქარებით დაავადდა და „მრავალთა წელთა ცხედართა ზედა დავრდომილი მდებარე იყო და ფრიადთა ტკივილთა მოითმენდა“. სიკვდილის წინ მან იხმო თავისი შვილი წმიდა ექვთიმე და მონასტრის წინამძღვრობა გადააბარა. შემდეგ, როგორც უკვე წინამძღვარს, სთხოვა, შეენდო მისთვის ადამიანური სისუსტეები და დაუბარა, თავის შემდგომ გიორგისთვის (სხ. 18 ივლისს) გადაეცა წინამძღვრობა, დალოცა მამები და ძმები, ნეტარი ექვთიმეც „აკურთხა... ზეგარდამოჲთა კურთხევითა და ჴელთა შინა მისთა წმიდაჲ სული თჳსი ღმერთსა შეჰვედრა კურთხევითა და ჴელთა შინა მისთა წმიდაჲ სული თჳსი ღმერთსა შეჰვედრა და მშჳდობით მას ზედა დაწვა და დაიძინა“.

ღირსმა ექვთიმემ ჯეროვანი პატივით შემოსა მამის წმიდა ცხედარი, შემდეგ კი მის საფლავზე წმიდა მთავარანგელოზთა ეკელსია ააშენა.

 

წმიდა გაბრიელ ქართველი ათონის მთაზე მოღვაწე ბერი იყო, ის ზაფხულობით მიუვალ კლდეებში ცხოვრობდა, ხოლო ზამთრობით სავანეში ჩადიოდა და იქაც მდუმარების ღვაწლში იმყოფებოდა, მარადჟამს ძაძა ემოსა და ბალახით იკვებებოდა, იყო ჭეშმარიტად კაცი ზეცისა და ანგელოზი ქვეყნისა.

როგორც ვარაუდობდნენ წმიდა გაბრიელ ქართველი, ერისკაცობიდანვე იცნობდა წმიდა იოანე და იოანე-თორნიკეს, ისიც დიდებულთა გვარიდან იყო, წმიდა გაბრიელმა იმდენად განაგდო მისგან ყოველივე ამქვეყნიური, რომ მისი ცხოვრებიდან ჩვენც მხოლოდ მისი მოღვაწეობის ზოგადი სახე და მსოფლიოსთვის ცნობილი სასწაულების შესახებ ვიცით მხოლოდ.

ერთხელ, საღამოს, ათონელმა ბერებმა ზღვაზე ნათელი სვეტი იხილეს. ეს ხილვა რამდენიმე დღეს გაგრძელდა. წმიდა მთის მამები შეიკრიბნენ, ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ზეციური ნათელი ღვთისმშობლის ხატს ადგა. მამები ნავით შევიდნენ ზღვაში, მაგრამ როცა მიუახლოვდნენ, „შორს ივლტოდის ბრწყინვალება იგი მათგან და იყვნენ მჭმუნვარე ამისთვის“. ბერები ლოცვად დადგნენ და უფალს შეჰღაღადეს, გამოეცხადებინა თავისი წმიდა ნება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა მამებს და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ქართველი იყო ღირსი მისი წმიდა ხატის გამოყვანებისა, იმავდროულად იგი გამოეცხადა ღვთიᐠუთხრა: „შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წყალობას თქვენი სავანისადმი“.

მამები მივიდნენ ივერთა მონასტერში, მოიკითხეს და მოძებნეს მთაში დაყუდებული მონაზონი. ბერებმა წმიდა მამა ზღვაში შეუშვეს. ცეცხლმნთებარე ხატიც მიუახლოვდა წმიდა გაბრიელს. მან წმიდა ხატი გულზე მიიქვა, ფეხით გაიარა ტალღებზე და სიწმინდე ნაპირზე გამოაბრძანა. იმ ადგილას, სადაც ხატი დაასვენეს, მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა, რომელიც დღემდე აგრილებს სიცხისგან დაღლილ ბერებს და მლოცველებს.

ეს სასწაული აღესრულა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.

ზღვიდან გამოსვენებული ხატი ივერთა მონასტრის საკურთხეველში შეასვენეს. მეორე დილით კანდელის ასანთებად მისულ ბერს ღვთისმშობლის ხატი იქ აღარ დახვდა. შეშინებულმა მამებმა ხატი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს, ჩამოაბრძანეს და ისევ საკურთხეველში შეასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა წმიდა გაბრიელს და უთხრა: „გამოუცხადე ძმათა, რათა ამიერიდან უმეტეს არღარა განმხდიდნენ მე, რამეთუ მე მნებავს არა იგი, რათა მიცავდეთ თქვენ, არამედ რათა თვით მე გფარვიდეთ თქვენ, არა მხოლოდ ამა ცხოვრებასა შინა, არამედ მომავალსაცა და ვიდრემდე იხილვებოდეს სავანესა ამას შინა ხატი ჩემი, არა მოგაკლდეს თქუენ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა“.

ბერები გამოუთქმელი სიხარულით აღივსნენ, იქვე ააგეს პატარა ტაძარი სადიდებლად ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და საკვირველთმოქმედი ხატი შიგ დაასვენეს.

დღეს ათონის ივერთა მონასტერში ბრძანდება ხატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, ივერიისად წოდებული, რომელიც მთელი ათონის გულად ითვლება, მონასტრის შესასვლელში არის დიდი ხატი ივერონის დამაარსებელი ქართველი ბერებისა: იოანესი, ექვთიმესი და გიორგისა, რომლებსაც, როგორც ქტიტორებს, ყოველთვის იხსენიებს მთელი ათონის მთა. იქ ყველას უყვებიან საოცარი ქართველი ბერის - გაბრიელის შესახებ, იქვეა ქართველთა საძვალეც, იოანე-თორნიკყოფილის ჯაჭვის პერანგი და უამრავი ქართული ხელნაწერი.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ. 

 

ათონზე ლათინთაგან მოწყვეტილი წმიდა მამების ხსენების აღნიშვნა წმიდა ათონის მთიდან დაიწყო და შემდგომ თანდათან დამკვიდრდა სხვადასხვა ადგილობრივ ეკლესიებში.

როგორც ცნობილია, ქართველმა ბერებმა ათონის მთაზე X საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყეს დასახლება და სულ მალე იქ ჩამოყალიბდა ივერონად წოდებული ერთ-ერთი უდიდესი მონასტერი.

ათონის წმიდა მთას ხშირად თავს ესხმოდნენ და არბევდნენ გარეშე მტრები, XIII საუკუნეში კი იგი ჯვაროსანთა სათარეშო ასპარეზად იქცა. პაპისტმა მხედრებმა 1259-1306 წლებში რამდენჯერმე მოაოხრეს იქაურობა. მართლმადიდებლური მრწამსის ერთგულებისათვის მხეცურად ამოწყვიტეს ზოგრაფის, ვათოპედის, პროტატის და სხვა სავანეთა ბერები... მათ რისხვას ვერც ივერთა მონასტერი გადაურჩა.

ამ დროს ათონის ივერთა მონასტერში ერთად მოღვაწეობდნენ ქართველი და ბერძენი მამები და საქართველოდან ივერონში მრავლად მიდიოდა ქართველ ბერმონაზონთა ახალი თაობა.

მხედრებმა ივერონელ ბერებს კათოლიკური სარწმუნოების მიღება და პაპის უზენაესობის აღიარება მოსთხოვეს. მამებმა მხნედ ამხილეს მათი ცთომილება და მომხდურები ერესის ქადაგებისათვის ანათემას გადასცეს.

როგორც ათონური პატერიკი გვაუწყებს, პაპისტებმა ივერონელი მამები ძალით გამოყარეს სავანიდან, მათგან უხუცესნი - ორასამდე ბერი - მონასტრის გემზე დასხეს და ზღვაში ჩაძირეს, უფრო ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე ბერები კი, რომელთა უმეტესობაც ქართველი იყო, სამონასტრო ქონებასთან ერთად იტალიაში გაგზავნეს და იუდეველებს მიჰყიდეს მონებად.

ეს ამბავი ივერთა ლავრაში, ერთი ცნობით, 1259 წელს მომხდარა, სხვა წყაროების მიხედვით კი, სავარაუდოდ, 1276-1280 წლებში.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

 

 

 

 





right_bar_header

<  ხუთშაბათი 17/8/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მე-11 შვიდეული. ხუთშაბათი. ხმა 1. მიძინების მარხვა. საკ.: ლიტ. - 2 კორ. 175 დას. IV, 1-6. მთ. 99 დას. XXIV, 13-28. მოწ. - ებრ. 330 დას. XI, 33-40. ლკ. 106 დას. XXI, 12-19.
ხსენება შვიდთა ყრმათა ეფესელთა: მაქსიმილიანესი, იამბლიქოსი, მარტინიანესი, იოანესი, დიონისესი, ექსაკუსტოდიანესი (კონსტანტინე) და ანტონინესი; ღირსმოწამისა ევდუკიასი; მოწამისა ელევთერისა.