მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





აღდგომიდან მე-4 შვიდეული. შაბათი. ხმა მე-3. საკ.: ლიტ. - საქ. 29 დას. XII, 1-11. ინ. 31 დას. VIII, 31-42. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 24 დას. VI, 17-23.

day_icon   

ხსენება ღირსისა პიროს ბრეთელისა ; ღირსისა პახუმი დიდისა (+დაახლ.348); ღირსისა პიროს ბრეთელისა (VI); ღირსისა აქილესი, ლარისიელი ეპისკოპოსისა (+დაახლ. 330); მოწამეთა ქართველთა, სპარსეთში მოწყვეტილთა. 







წმინდა პიროს ბრეთელი საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ასურელი მამაა. ჩამოვიდა ქ. ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად. დაარსა ქართლში ბრეთის მონასტერი, დასაფლავებულია იქვე.

წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით, ღირსი მამა პიროსი შიდა ქართლში, მდინარე ფრონეს მარცხენა სანაპიროზე დამკვიდრდა და სოფელ ბრეთის ახლოს მონასტერი ააგო. იქვე იღწვოდა, ქადაგებდა ქრისტიანობას და მრავალი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. პიროს ბრეთელის მიერ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი მთელი შუა საუკუნეების მანძილზე კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. დღეს წმინდა პიროსის მიერ აშენებული ეკლესია გადაკეთებულია, VIII-IX საუკუნეებში აგებულ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთანაა დაკავშირებული და მინაშენის შთაბეჭდილებას ტოვებს. ღირსი მამა თავის მიერ აშენებულ მონასტერშია დასაფლავებული.

ბრეთში სამონასტრო ცხოვრება ისევ აღორძინდა და დღეს აქ დედათა მონასტერი ფუნქციონირებს.ბრეთის პიროსის ეკლესია რუისისა და ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არის მოქმედი. რესტავრირებულია.
წმინდა სინოდმა 2005 წლის 23 დეკემბრის განჩინებით დააწესა წმ. პიროს ბრეთელის ხსენების დღე – 15 მაისი (ძვ.სტ.), 28 მაისი (ახ.სტ.). ეს დღე ბრეთში დიდი ზეიმით აღინიშნება.

როგორც ცნობილია, VI საუკნის შუა წლებში საქართველოში ჩამოვიდნენ “ასურელი მამები” – იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფეები. იოანემ ისინი დამოძღვრა და წარავლინა “რომელნიმე მათგანი კახეტად, და რომელნიმე კუხეთად კერძო, და რომელნიმე ზენა კერძო სოფლით და ერთი ვინმე გარეშეთად, და სხუანი გარემო ქალაქსა ამას ჩუენსა სამეუფოსა ხოლო იგინი წარვიდეს და დაემკვიდრეს რომელნიმე ჭალაკთა და რომლენიმე მთათა, ქუაბთა და ხურელთა ქვეყანისათა.”

დაიწერა მათ შორის განსაკუთრებით გამორჩეულ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნები. ზოგიერთ მათგანში წარმოდგენილია ასურელი მამების სახელთა ნუსხა, მათ შორის მოიხსენიება მამა პიროსიც, ერთგან მხოლოდ სახელით ხოლო მეორეგან მისი მოღვაწეობის ადგილიც არის მითითებული – იგი მოხსენიებულია როგორც პიროს ბრეთელი. ამდენად სოფელ ბრეთის ეკლესიის პატრონის – მამა პიროსისა და პიროს ბრეთელის იდენტურობა ეჭვსგარეშეა. ამასვე ადასტურებს ვახუშტის ცნობა: “დვანის წყლის აღმოსავლეთით არს ბრეთის მონასტერი, უგუნბათო, რომელ ქმნა პიროს, იგ(13) მამათაგანმა და დაფლულ არს იგიცა მუნვე. არს აწ ხუცის ამარ”

რაც შეეხება ტოპონიმ ბრეთას, იგი აქ მონასტრის დაარსების შემდეგ დროინდელია. ბრეთი ბერეთიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ეს კი, თავისთავად მონასტრის სიდიდეზე, ბერთა სიმრავლეზე მიგვანიშნებს. თუმცა ეკლესიის ირგვლივ დღეს სხვა სამონასტრო ნაშთების კვალი არსად ჩანს, მაგრამ ადრე აქ “საძმო სამარხები” ყოფილა.
ძველ ეკლესიასთან დაკავშირებით ბრეთელები ამბობენ, რომ ეკლესიის საკურთხევლის წინ ღრმა ხარო არისო, რომელიც შეიძლება პიროსის სამყოფელიც იყო და აქვე დაუკრძალავთ კიდეც.

ხაროზე უხეშად დამუშავებული დიდი ზომის ბრტყელი ფილა იდო, რომელიც საფლავის ქვას მოგვაგონებს, თუმცა ეს ქვა გადაუადგილებიათ “განძის მაძიებლებს”.

ბრეთელებს პიროსის საფლავი მთავარი ეკლესიის ცენტრში ეგულებათ. იქ, სადაც ერთ საფეხურად ამაღლებული საკურთხევლის წინ გამართულია დაახლოებით ადამიანის ზომის სოლეა.

დღეს არსებული ბრეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია VIII-IX საუკუნეებს განეკუთვნება. თუმცა იგი ერთბაშად არ აუგიათ. მისი ჩრდილოეთ მინაშენი თავდაპირველად დამოუკიდებელ მამა პიროსის ეკლესიას (ეკვდერს) წარმოადგენდა. სწორედ ეს მინაშენი უნდა ყოფილიყო პიროსის დროინდელი. ეს მცირე ზომის ერთნავიანი ნაგებობა ადრევე დანგრეულა მაგრამ მისი ნაშთები მაინც შეუნარჩუნებიათ, შეუკეთებიათ და ორგანიულად დაუკავშირებიათ მოგვიანო ნაგებობასთან.

ღირსი პახუმი დიდი, ანტონი დიდთან (ხს. 17 იანვარს), მაკარი დიდთან (ხს. 19 იანვარს) და ექვთიმე დიდთან (ხს. 20 იანვარს) ერთად, ითვლება მეუდაბნოობისა და სამონასტრო ცხოვრების ერთ-ერთ დამაარსებლად ეგვიპტეში. ღირსი პახუმი III საუკუნეში დაიბადა, თებაიდაში (ზემო ეგვიპტე), წარმართი მშობლების ოჯახში და კარგი საერო განათლება მიიღო. წმიდა პახუმი კეთილი ზნით, გონიერებითა და უბიწოებით გამოირჩეოდა. 20 წლის რომ გახდა, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ახალწვეულები, დროებით, ქალაქის საპყრობილეში მოათავსეს. ადგილობრივი ქრისტიანები ზრუნავდნენ მათზე, მოჰქონდათ საკვები და ემსახურებოდნენ. როცა ჭაბუკმა გაიგო, რომ ეს ხალხი თავიი ღმერთის მცნებების ერთგულებისა და მოყვასის სიყვარულის გამო მოდიოდა საპყრობილეში, პირობა დადო, რომ თვითონაც გაქრისტიანდებოდა. გამარჯვების შემდეგ ბრძოლიდან დაბრუნებული პახუმი მოინათლა, დასახლდა სოფელ შენესიტში და მკაცრი ასკეტური ცხოვრება დაიწყო. მან რჩევისათვის თებაიდელ მეუდაბნოეს, პალამონს, მიმართა, რომელმაც სიყვარულით მიიღო მოღვაწე ბერი.

უდაბნოში 10 წლის ცხოვრების შემდეგ, ღირს პახუმის სოფელ ტაბენისის ნანგრევებთან მოესმა ზეციური ხმა და ამ ადგილზე სავანის აშენება უბრძანა. პახუმიმ ამის შესახებ ღირს პალამონს შეატყობინა. ორივე მამა ტაბენისში წავიდა და მონასტრის მშენებლობა დაიწყო. წმიდა პალამონმა აკურთხა სავანის საძირკველი და მისი მომავალი დიდება იწინასწარმეტყველა. პალამონის აღსრულების შემდეგ წმიდა პახუმს უფლის ანგელოზი გამოეცხადა სქემოსანის სახით და სამონასტრო ცხოვრების წესი გადასცა. მალე ღირს მამასთან მისი უფროსი ძმა, იოანე, მივიდა და მასთან დასახლდა.

ღირსი პახუმის ირგვლივ თანდათანობით შემოიკრიბნენ მოწაფეები. სავანის იღუმენი კეთილად განაგებდა საძმოს და ბრძნულად წინამძღვრობდა ბერების სულიერ ცხოვრებას... ღირსმა პახუმიმ შემოიღო საერთო ცხოვრების წესი, ყველასთვის ერთნაირი საკვები და ტანსაცმელი დაადგინა. სავანის ბერებს მათთვის დადგენილი მორჩილებით უნდა შეესრულებინათ საქმე. მორჩილებათა შორის იყო წიგნების გადაწერა. ბერებს საკუთარი ფული არ უნდა ჰქონოდათ და არც ნათესავებისგან უნდა მიეღოთ. ღირსი მამა თვლიდა, რომ მორჩილება მარხვაზე და ლოცვაზე აღმატებული სათნოება იყო და ბერებისგან წესების მკაცრად დაცვას ითხოვდა.

ერთხელ, ღირს პახუმთან მვიდა მისი და, მარიამი. მკაცრმა მოღვაწემ არ დაარღვია საერთო წესი, მარიამს კი, მეკარის პირით, მონაზვნობის კურთხევა მისცა. ტაბენისელმა ბერებმა ნილოსის მეორე ნაპირზე ააშენეს დედათა მონასტერი. მარიამთან მონაზვნებმა იწყეს შეკრება და მალე დაარსდა დედათა მონასტერი, რომელიც ღირსი პახუმის დადგენილ წესებს ემორჩილებოდა.

ბერების რიცხვი ისე გაიზარდა, რომ საჭირო გახდა 7 მონასტრის აშენება. მამათა რაოდენობამ 7000 მიაღწია. ყველას ღირსი პახუმი ხელმძღვანელობდა.

საკუთარი თავის მიმართ მკაცრი და მომთხოვნი ღირსი პახუმი საოცრად კეთილი და დამთმობი იყო ახალბედა ბერების მიმართ.

ღირსი პახუმი განსაკუთრებული სიყვარულით ეკიდებოდა ავადმყოფ ბერებს, ნახულობდა მათ, ამხნევებდა, მოუწოდებდა, მადლობა შეეწირათ უფლისათვის და მინდობოდნენ მის ნებას; დავრდომილებს მარხვას უმსუბუქებდა, თუ ეს საჭირო იყო მათი გამოჯანმთელებისათვის.

სიცოცხლის ბოლოს ღირსი პახუმი დასნეულდა იმ მხარეში გავრცელებული შავი ჭირით. წმიდა მამას მამაშვილური სიყვარულით უვლიდა მისი უახლოესი და უსაყვარლესი მოწაფე, ღირსი თეოდორე (ხს. 17 მაისს).

წმიდა პახუმი გარდაიცვალა დაახლოებით 348 წელს, 53 წლის ასაკში. დაასაფლავეს მონასტრის ახლოს, მთის ძირას.

ტროპარი, ჴმა ჱ

ცრემლთა მდინარითა უდაბნოჲ უქმი მოიმუშაკე, და სიღრმით სულისათ სულ-თქმითა ასეულად შრომანი ნაყოფიერ ჰყუჱნ, და იქმენ მნათობ, და განმანათლებელ სოფლისა საკვირველებათა მიერ, მამაო წმიდაო პახუმი, ევედრე ქრისტესა თმერთსა შეწყალებად სულთა ჩუყნთა-თჳს.

კონდაკი, ჴმა ბ

მნათობად ბრწყინვალედ გამოსჩნდი კიდეთა შორის ქუჱყანისათა, და უდაბნონი ქალაქ ჰყუჱნ მონაზონთა სიმრავლითა, და ჯუარს აცუ თავი თჳსი და ჯუარი შენი ბეჭთა ზედა იტვირთე, და მარხვითა ჴორცი განკაფენ, მამაო პახუმი, ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუჱნ ყოველთა-თჳს.


right_bar_header

<  ოთხშაბათი 24/5/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
აღდგომიდან მე-4 შვიდეული. სამშაბათი. ხმა მე-3. საკ.: ლიტ. - საქ. 25 დას. X, 21-33. ინ. 25 დას. VII, 1-13. გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
ხსენება ნეტარისა ქრისტესიასი, ქრისტეფორედ წოდებულისა; მღვდელმოწამისა მოკიოსისა ; მოციქულთა სწორთა მეთოდესი და კირილესი , სლოვენთა განმანათლებელი