მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





აღდგომიდან მე-5 შვიდეული. სამშაბათი. ხმა მე-4. საკ.: ლიტ. - საქ. 31 დას. XII, 25 - XIII, 12. ინ. 33 დას. VIII, 51-59 (სამშ.). საქ. 32 დას. XIII, 13-24. ინ. 18 დას. VI, 5-14 (ოთხშ.). წმ. - ებრ. 335 დას. XIII, 17-21. მთ. 11 დას. V, 14-19.

day_icon   

შვიდი მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება; წმიდათა მოწამეთა ძმათა: დავითისა და ტარიჭანისა; მოწამისა თეოდოტე ანკვირელისა და შვიდთა ქალწულმოწამეთა: ალექსანდრასი, ტეკუსასი, კლავდიასი, ფაინასი, ევფრასიასი, მატრონასი და იულიასი (303); მოწამეთა: პეტრესი, დიონისესი, ანდრიასი, პავლესი და ქრისტინესი (249-251); მოწამეთა: სვიმეონისა, ისააკისა და ბაქტისისა (IV); მოწამეთა: ირაკლისი (ჰერაკლესი), პავლინესი და ბენედიმესი.







 წმიდა დავითი და ტარიჭანი ერისთავთა ცნობილი გვარის წარმომადგენლები იყვნენ. ქართველ მეფეთა კართან დაახლოებული და დანათესავებული მათი მშობლები, ვარდანი და თაგინე, ღვთისმოშიშებით ზრდიდნენ ვაჟიშვილებს. ვარდან ერისთავი დავითისა და ტარიჭანის სიყრმეშივე გარდაიცვალა. მისი მამული  თაგინეს წარმართმა ძმამ, თევდოსიმ, მიიტაცა და ამასთანავე, მოისურვა, წმიდა ოჯახი უსჯულოებისკენ მიედრიკა. თაგინე მტკიცედ აღუდგა წინ ძმის ბოროტ განზრახვას.

დის შეუპოვრობა რომ იხილა, უკეთურმა თევდოსიმ ჩუმად იხმო დისწულები, მოეფერა, კეთილად ისტუმრა და უთხრა: „თქუენ აწ შვილნი ჩემნი ხართ, დღეს მე, ვითარცა მამაჲ თქუენი და აწ ჩემიცა თქუენი არს. ესე ხოლო ყავთ ჩემდა მომართ და რომელი გრქუა თქუენ, ისმინოთ ჩემი, ვითარცა შვილთა მორჩილთა საყუარელთა. შჯული ეგე, რომელი ეპყრა მამასა თქუენსა, განუტევეთ და მე უკეთესი შჯული მოგცე თქუენ“. წმიდა ყრმებმა, მცირეოდენი დუმილის შემდეგ, მტკიცედ მიუგეს ბიძას: „ჩუენდა კმა-არს შჯული იგი, რომელი ეპყრა მამასა ჩუენსა და ვჰგიეთ მას, ვიდრე სული ესე იყოს-ღა ხორცთა შინა ჩუენთა. ხოლო სიყუარულისათჳს და მოთმინებისა ღმრთისა სხუად თჳნიერ შჯულისა დატევებისა, განმზადებულ ვართ, ვითარცა მამისა ჩუენისა“.

განრისხებულმა თევდოსიმ, ქრისტიანების შიშით, ვერ გაბედა დისწულების დახოცვა და მშვიდობით გაუშვა შინ, გულში კი მათი მალულად მოკვდინება გადაწყვიტა.

თაგინემ იგრძნო მოსალოდნელი უბედურება და შვილებთან ერთად ტაოში გადავიდა, ნათესავთან.

თევდოსის მრისხანება და სიძულვილი უღრღნიდა გულს. მან მსტოვრები გაგზავნა, გაიგო, რომ ძმები მაღალ მთაზე აძოვებდნენ ცხვარს, წაიყვანა მეომრები და ტყეში ჩაუსაფრდა დისწულებს.

მთის წვერზე მოთამაშე ძმებმა, ხმაური რომ გაიგონეს და შეიარაღებული მეომრებიც დაინახეს, თავდაპირველად, შიშის ზარი დაეცათ, მაგრამ უცებ, ნეტარმა დავითმა ბიძა იცნო და სიხარულით გაექანა მისკენ. უკეთურმა თევდოსიმ დისწული, ამბორის პასუხად, მახვილით განგმირა. კომბალი, რომელიც ყრმა დავითს ხელში ეჭირა, მიწაზე დავარდა და უზარმაზარ ხედ იქცა. ორასი წლის შემდეგ, მლოცველებმა ის ხე წმიდა ნაწილებად დაინაწილეს.

ტარიჭანი სოფელ დივრისაკენ გაიქცა, მაგრამ მდევრები მალე დაეწივნენ და ისიც მოკლეს. სოფლის მაცხოვრებლებმა, რომლებმაც მათკენ მომავალი და შემდეგ უკან გაბრუნებული მეომართა ჯგუფი იხილეს, მივიდნენ იმ ადგილას, საიდანაც მეომრები უკუიქცნენ და მოკლული ყრმა იპოვნეს.

ტარიჭანის მკვლელები მთაზე დაბრუნდნენ და ნახეს, რომ თევდოსი დაბრმავებულიყო. მეომრები განცვიფრდნენ, ვერც ხმა ამოიღეს და ვერც ის ადგილი დატოვეს, სადაც ეს სასწაული და სასჯელი აღსრულდა. თევდოსი ღვთის სასჯელმა მოაქცია, სინანულით აღივსო და მწარედ აქვითინდა.

თაგინემ, შვილების დახოცვის ამბავი რომ შეიტყო, ტირილითა და გოდებით ამხილა ძმა. მთელი ხალხი დასტიროდა უმანკო ყრმებს. სხვებთან ერთად, მწარედ ტიროდა თევდოსიც.

როდესაც დედა შვილების ცხედრებს მოეფერა, თევდოსიმ თაგინეს უთხრა: „შენ ნათელი გამოგიბრწყინდა მიუწვდომელი ნათლისა მისგან წარუვალისა და ჭეშმარიტისა მისგან დაუსრულებელისა ნათლისა... ევედრე შენ წმიდათა მოწამეთა, რაჲთა ყონ ჩემთჳს წყალობაჲ, რაჲთა არა ღირსი ესე ვიქმნე ღირს ბეჭედსა მას ქრისტეს მოწყალისა ღმრთისასა, რომელი იგი მოვიდა ცოდვილთათვის. მრწამს მე ჭეშმარიტი ღმერთი“.

ამ სიტყვებზე თაგინე გონს მოეგო, მიხვდა, რომ ღმერთმა მსხვერპლად შეიწირა „შუენიერნი საკურთხნი“, შვილნი მისნი, და ძმას უთხრა: „იყავნ ღმერთი მიმტევებელ შენდა და ნუ შეგირაცხოს შენ უფალმან მოწყალემან სიკუდილი შვილთა ჩემთაჲ და დისწულთა შენთაჲ, ვითარცა იგი ოდესმე პავლეს დისწული მისი სტეფანე პირველდიაკონი და პირველმოწამე“, შემდეგ უფალს შეევედრა, კურნება მიენიჭებინა თევდოსისათვის, აიღო წმიდა დავითის სისხლით გაჟღენთილი მიწა და თვალებზე სცხო ძმას. თევდოსის მაშინვე დაუბრუნდა თვალისჩინი. ხალხი განცვიფრებული შეჰყურებდა წმიდა მოწამე დავითის ცხედართან მომხდარ სასწაულს.

კაცთმოყვარე ღმერთმა ინება, ყველასთვის ეუწყებინა ძმათა სიწმიდე და მოწამეობა: ღამით მათ ცხედრებს ნათელი დაადგა.

თევდოსიმ შენდობა სთხოვა კათოლიკოსს, ცრემლებით მოინანია დისწულების მკვლელობა, მოინათლა და ეკლესია ააგო თავის ხელით მოკლული დავითის სახელზე. დივრის მთავარმა წაასვენა წმიდა ტარიჭანის ნაწილები და მისი სახელობის ტაძარი აღაშენა.



წმიდა მოწამე, თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული: ალექსანდრა, ტეკუსი, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია, ცხოვრობდნენ III საუკუნის მე-2 ნახევარში, ქალაქ ანკვირიაში, გალატიის მხარეში, და მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის, IV -ის დასაწყისში. წმიდა თეოდოტის ჰქონდა თავისი სასტუმრო და ჰყავდა მეუღლე. მან უკვე იმ დროისათვის მიაღწია დიდ სულიერ სრულყოფას: იცავდა სიწმიდესა და უბიწოებას, ცდილობდა, თავის თავში განემტკიცებინა თავშეკავება და სხეული სულისათვის დაემორჩილებინა, ლოცულობდა და მარხულობდა. თავისი საუბრებით იგი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცევდა იუდეველებსა და წარმართებს, ხოლო ცოდვილებს - სინანულს აღუძრავდა და გამოსწორების სურვილს უნერგავდა. წმიდა თეოდოტიმ უფლისაგან სნეულებზე ხელის დადებით კურნების ნიჭი მიიღო.

იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს, ქალაქ ანკვირიის მმართვლად სისასტიკით ცნობილი თეოტეკნი დანიშნეს. მან გააფრთხილა ყველა ქრისტიანი, რომ ისინი ვალდებულნი იყვნენ, მსხვერპლი შეეწირათ კერპებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ტანჯვა და სიკვდილი ელოდათ. მართლაც, წარმართები აწამებდნენ ქრისტიანებს, მათ ქონებას კი იტაცებდნენ.

ქვეყანაში შიმშილობა დაიწყო. ამ მძიმე დღეებში წმიდა თეოდოტი, თავის სასტუმროში იფარავდა  უსახლ-კაროდ დარჩენილ ქრისტიანებს, მალავდა დევნილებს, თავისი მარაგებიდან სწირავდა გაძარცულ ეკლესიებს  საღვთო ლიტურღიის შესასრულებლად საჭირო ნივთებს. წმინდანი უშიშრად შედიოდა საპყრობილეებში, ეხმარებოდა უდანაშაულოდ დასჯილებს, ამხნევებდა მოსალოდნელი აღსასრულის წინ და არწმუნებდა, არ ეღალატათ ჭეშმარიტი რწმენისათვის მას ჩუმად გამოჰქონდა, ან მეომრებისგან ფულით იხსნიდა ქრისტიანთა გვამებს და ქრისტიანული წესით მარხავდა. როცა ანკვირიაში ქრისტიანული ეკლესიები გაძარცვეს და დაკეტეს, საღვთო ლიტურღია წმიდა თეოდოტის სახლში სრულდებოდა. წმიდა თეოდოტი გრძნობდა, რომ მასაც მოწამეობრივი აღსასრული ელოდა. ერთხელ, მღვდელ ფრონტონთან საუბრისას, მან იწინასწარმეტყველა, რომ იგი მალე დაკრძალავდა მოწამეობრივად აღსრულებულის ნაწილებს, მათ მიერ წინასწარ შერჩეულ ადგილას. ამ სიტყვების დასტურად წმიდა თეოდოტემ მღვდელს თავისი ბეჭედი მისცა.

ამ დროს, ქრისტესთვის მოწამეობრივად აღესრულა 7 ქალწული. მათგან უფროსი, წმიდა ტეკუსი, წმიდა თეოდოტეს დეიდა იყო. წმინდანებმა: ტეკუსიმ, ფაინამ, კლავდიამ, მატრონამ, იულიამ, ალექსანდრამ და ევფრასიამ სიყრმიდან უფალს უძღვნეს თავი. ისინი განუწყვეტელ ლოცვაში, მარხვაში, კეთილი საქმეების კეთებაში ატარებდნენ თავის ცხოვრებას და სიბერის ასაკამდე მიაღწიეს. თეოტეკნის სამსჯავროზე, ქრისტიანმა ქალწულებმა უშიშრად აღიარეს იესო ქრისტე. თეოტეკნმა მათ სასტიკი სატანჯველი მოუვლინა, მაგრამ ქალწულები ურყევნი იყვნენ. მაშინ მმართველმა ისინი უსირცხვილო ვაჟებს გადასცა შეურაცხყოფისათვის. წმიდა ქალწულები მხურვალედ ლოცულობდნენ და უფალს დახმარებას სთხოვდნენ. წმიდა ტეკუსა ვაჯების ფერხთით დაემხო, თავზე მოიხადა და აჩვენა მათ თავისი ჭაღარა თმები. ვაჟები გონს მოეგნენ, ატირდნენ და იქაურობას გასცილდნენ. მაშინ მმართველმა ბრძანა, რომ წმინდანებს ”კერპების განბანვის” რიტუალში მიეღოთ მონაწილეობა, მაგრამ წმიდა ქალწულებმა კვლავ უარი განაცხადეს. ამისთვის მათ სიკვდილი მიუსაჯეს. თითეულ მათგანს კისერზე მძიმე ქვა მოაბეს და ტბაში დაახრჩვეს. მეორე ღამეს, ტეკუსა გამოეცხადა წმიდა თეოდოტის და სთხოვა, ამოეღო მათი სხეულები ტბიდან და ქრისტიანული წესით დაემარხა. წმიდა თეოდოტიმ თვისი მეგობარი, პოლიხრონიოსი, და სხვა ქრისტიანები იახლა და უკუნ ღამეში ტბისკენ გაემართა. ამ დროს, ტბის ნაპირზე მყოფ დარაჯებს  წმიდა მოწამე, სისანდრე, გამოეცხადა. შეშინებული დარაჯები გაიქცნენ. ქრისტიანებმა მოწამეთა გვამები ეკლესიის ეზოში დამარხეს. როცა მმართველმა  წმინდანთა ცხედრების დამარხვის შესახებ შეიტყო, განრისხდა და ბრძანა, ყველა ქრისტიანი შეეპყროთ და ეწამებინათ. სხვებთან ერთად, პოლიხრონიოსიც დაიჭირეს. მან წამებას ვერ გაუძლო და განაცხადა, რომ ყველაფრის მიზეზი წმიდა თეოდოტე იყო. წმინდანი სასამართლოზე წარადგინეს. მას წამების იარაღები აჩვენეს, თან დიდ პატივსა და სიმდიდრეს დაჰპირდნენ ქრისტეს უარყოფისათვის. წმიდა თეოდოტემ ადიდა იესო ქრისტე და აღიარა იგი ღმერთად და მაცხოვრად. გამძვინვარებულმა წარმართებმა გააძლიერეს წმინდანის ტანჯვა, მაგრამ ღვთის ძალამ დაიფარა იგი და წმინდანი უვნებელი გადარჩა. წმიდა მოწამე დილეგში ჩააგდეს. მეორე დღეს მმართველმა კვლავ განაგრძო მისი წამება, მაგრამ მიხვდა, რომ ვერაფერს გახდებოდა და წმინდანს თავის მოკვეთა მიუსაჯა. სასჯელი აღსრულდა, მაგრამ ამოვარდნილმა გრიგალმა მეომრებს წმინდანის ცხედრის დაწვის საშუალება არ მისცა. ღვთის ნებით, ამ ადგილას გამოიარა მღვდელმა ფრონტონმა, ცხედარი ვირს აჰკიდა და წმიდა თეოდოეს მიერ წინასწარ შერჩეულ ადგილას დაკრძალა. მოგვიანებით, წმინდანის საფლავზე ეკლესია აშენდა. წმიდა თეოდოტე აღესრულა 303 ან 304 წლ 7 (20) ივნისს.

წმინდანის ცხოვრება და მოწამეობრივი აღსასრული, აგრეთვე წმიდა ქალწულთა წამება, აღწერა წმიდა თეოდოტეს თანამედროვემ და თანამოსაგრემ ნილოსმა, რომელიც ქრისტიანთა დევნის დროს ცხოვრობდა ანკვირაში.

 

ტროპარი, ჴმა

მოწამეთა შენთა, უფალო, ღვაწლსა შინა თჳსსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუჱნისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამჴვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი.

 

 კონდაკი,

ღვაწლი კეთილი მოიღვაწე თანა-ვნებულთა შენთა თანა თეოდოტი, და გვირგვინნი ყოვლად ბრწყინვალენი მოიხვენით, პატიოსანთა მათ შვიდთა ქალწულ-მოწამეთა თანა, ვინაცა ევედრეთ ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუჱნ ყოველთა-თჳს.

 

 


right_bar_header

<  ოთხშაბათი 24/5/2017  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
აღდგომიდან მე-4 შვიდეული. სამშაბათი. ხმა მე-3. საკ.: ლიტ. - საქ. 25 დას. X, 21-33. ინ. 25 დას. VII, 1-13. გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
ხსენება ნეტარისა ქრისტესიასი, ქრისტეფორედ წოდებულისა; მღვდელმოწამისა მოკიოსისა ; მოციქულთა სწორთა მეთოდესი და კირილესი , სლოვენთა განმანათლებელი