მართლმადიდებელთა ასოციაცია "ბეთლემი"
under_menu
left_bar_header

mtatsmindelebi venakhii venakhii tv radio iveria





სულთმოფენობიდან მესამე შვიდეული. შაბათი. ხმა 1-ლი. პეტრე-პავლობის მარხვა. საკ.: ცისკ. - ინ. 67 დას. XXI, 15-25. ლიტ. - მოც. - საქ. 28 დას. XI, 19-26, 29-30. ლკ. 51 დას. X, 16-21. რიგ. - რომ. 85 დას. III, 28 - IV, 3. მთ. 24 დას. VII, 24 - VIII, 4.

day_icon   

ხსენება მოციქულთა: ბართლომესი და ბარნაბასი (+I). დღსასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „ღირს არს“ („მოწყალე“) (X)




 

წმინდა მოციქული ბართლომე, ათორმეტთაგანი, გალილეის კანადან იყო. უფლის მოწაფეებზე სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ მას და ფილიპე მოციქულს (ხს. 14/27 ნოემბერს) წილად ხვდათ სახარების ქადაგება სირიასა და მცირე აზიაში. წმინდა ფილიპეს თან ახლდა და, მარიამი. სირიასა და მიზიაში მოგზაურობისას უფლის რჩეულებს მრავალი ჭირისა და განსაცდელის დათმენა უხდებოდათ.

ერთ-ერთ დაბაში წმინდანები იოანე ღვთისმეტყველს შეხვდნენ და მასთან ერთად გაემგზავრნენ ფრიგიაში. ლოცვის ძალით, ქალაქ იერაპოლში, მათ დაამარცხეს უზარმაზარი იქედნე, რომელსაც წარმართები თაყვანს სცემდნენ, როგორც ღვთაებას.

წმინდა მოციქულების ქადაგება მრავალი სასწაულით მტკიცდებოდა.

იერაპოლში ცხოვრობდა კაცი, სახელად სტაქოსი, რომელსაც ორმოცი წლის მანძილზე წართმეული ჰქონდა თვალისჩინი. მოციქულთა ლოცვამ მას მხედველობა დაუბრუნა. გახარებულმა სტაქოსმა ირწმუნა ქრისტე და ნათელ-იღო. ხმა ამ სასწაულის შესახებ მთელ ქალაქს მოედო და სახლთან, სადაც მოციქულები იდგნენ, ყოველთვის ხალხმრავლობა იყო. ხორციელ და სულიერ სნეულებათაგან განთავისუფლებული წარმართები ინათლებოდნენ და ადიდებდნენ ჭეშმარიტ ღმერთს. განრისხებულმა წარმართმა ქურუმებმა სამსჯავროში იჩივლეს. ქალაქის თავმა ბრძანა, შეეპყროთ მქადაგებლები და საპყრობილეში გამოემწყვდიათ, სტაქოსის სახლი კი დაეწვათ. უფლის რჩეულებს ჯვარცმა მიუსაჯეს. ფილიპე მოციქული თავდაღმა მიამსჭვალეს ძელს. უეცრად საშინლად შეირყა ქვეყანა, მიწა დასკდა და მმართველი და ბრბოს ნაწილი თან ჩაიტანა. შეშინებულმა ხალხმა მოციქულების გარდამოხსნა დაიწყო ჯვრებიდან. ბართლომე დაიხსნეს, ფილიპე კი წამებით აღესრულა. იერაპოლის ეპისკოპოსად სტაქოსის დადგინების შემდეგ ბართლომე მოციქულმა და ნეტარმა მარიამმა დატოვეს ქალაქი.

ამის შემდეგ მარიამმა ღვთის სიტყვის ქადაგებით მიაშურა ლიკაონიას, სადაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (ხს. 17 თებერვალს/2 მარტს). ბართლომე მოციქული ინდოეთში გაემგზავრა, ებრაულიდან ადგილობრივ ენაზე გადათარგმნა მათეს სახარება და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე; იყო დიდ სომხეთშიც, სადაც მრავალი სასწაული აღასრულა და მეფე პოლიმიოსის ეშმაკეული ასულიც განკურნა. მადლიერებით აღსავსე ხელმწიფემ მოციქულს ძღვენი გაუგზავნა, მაგრამ წმინდანმა მის მიღებაზე უარი განაცხადა: მე ადამიანთა სულების ხსნისთვის ვიღწვიო. მაშინ პოლიმიოსი დედოფალთან, განკურნებულ მეფის ასულთან და მრავალ დიდებულთან ერთად მოინათლა. მათ მაგალითს დიდი სომხეთის ბევრმა მკვიდრმა მიჰბაძა. ამით შეშფოთებული ქურუმების შეგონებით მეფის ძმამ, ასტიაგმა, შეიპყრო მოციქული და ქალაქ ალბანში (დღევანდელი ბაქო) თავდაღმა აცვა ჯვარს. აღსასრულს მიახლებული უფლის რჩეული არ წყვეტდა სახარების ქადაგებას. მაშინ გამხეცებულმა ასტიაგმა ბრძანა, ჯერ ტყავი გაეძროთ ნეტარისთვის, შემდეგ კი თავი მოეკვეთათ. მორწმუნეებმა მისი ცხედარი ლუსკუმაში ჩაასვენეს და დაკრძალეს. დაახლოებით 508 წელს ბართლომეს უხრწნელი ნეშტი მესოპოტამიაში, ქალაქ დარში გადაასვენეს. როცა 574 წელს ქალაქი სპარსელებმა აიღეს, ქრისტიანებმა ხელთ იპყრეს მოციქულის ნაწილები და შავი ზღვის სანაპიროსკენ გაემართნენ, მაგრამ გზად მტრები წამოეწივნენ და იძულებულნი გახდნენ, ლუსკუმა ზღვაში ჩაეშვათ. ღვთის ნებით, სიწმინდე კუნძულ ლიპარასთან მიცურდა. IX საუკუნეში ეს კუნძული არაბებმა იგდეს ხელთ და უხრწნელი ნეშტი ნეაპოლიტანიის ქალაქ ბენევენტში გადააბრძანეს. X საუკუნეში წმინდა ძვლების ნაწილი რომში იქნა გადასვენებული.

წმინდა მღვდელმთავრები: იოანე ოქროპირი, კირილე ალექსანდრიელი, ეპიფანე კვიპრელი და ეკლესიის ზოგიერთი სხვა მამა ბართლომეს ნათანაელთან (ინ. 1,45-51; 21,2) აიგივებენ.

day_icon   წმიდა მოციქული ბარნაბა კუნძულ კვიპროსზე დაიბადა მდიდარი ებრაელების ოჯახში. ახალშობილს იოსები დაარქვეს. როცა წამოიზარდა, მშობლებმა იგი სასწავლებლად იერუსალიმში გაგზავნეს და იმ დროისთვის ცნობილ რჯულის მეცნიერ გამალიელს მიაბარეს აღსაზრდელად. წმინდანთან ერთად სწავლობდა და მეგობრობდა სავლე (შემდგომში მოციქული პავლე). ქრისტეს მოციქულებმა იოსებს ბარნაბა დაარქვეს, რაც ებრაულად „ნუგეშის ძეს“ ნიშნავს. ბარნაბა იესოს 70 უახლოეს მოწაფეთაგანი იყო. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მან გაყიდა კუთვნილი მიწები და მიღებული საზღაური მოციქულთა ფერხთით დადო (საქმე 4,36-37).

ბარნაბა ქრისტეს სიყვარულისთვის ყველაფერს თმობდა, მისი სიყრმის მეგობარი სავლე კი ქრისტეს სიძულვილით იყო აღსავსე და დაუნდობლად დევნიდა და ტანჯავდა მის მიმდევრებს, მაგრამ უფალმა ისურვა, რომ ამ უკანასკნელისთვისაც გაენათებინა გონება ღვთაებრივი გამოცხადებით. ამის შემდეგ იერუსალიმში ჩასულ პავლეს ქრისტეს მოწაფეებთან შეერთება სურდა, ისინი კი შიშით განერიდნენ, როგორც მტერს. მაშინ ბარნაბამ მოციქულებს დამასკოს გზაზე მომხდარი სასწაული აუწყა და უნდობლობის ზღუდეც გალღვა (საქმე 9,26-28). ძველი მეგობრები - ბარნაბა და პავლე -ქრისტეს სიყვარულმა კვლავ გააერთიანა. ისინი ერთად ქადაგებდნენ ანტიოქიაში, სადაც მოწაფეებს პირველად ეწოდათ ქრისტიანები. მოსალოდნელი შიმშილობის წინ მათ აქ უხვი შემოწირულობა შეაგროვეს და იერუსალიმში დაბრუნდნენ.

„მას ჟამსა შინა ჴელი მიყო ჰეროდე მეფემან ძჳრის ყოფად რომელთამე ეკლესიისაგანთა“. იაკობ ზებედესი მახვილით მოკლა, შემდეგ კი, ებრაელებს რომ სათნო-ჰყოფოდა, პეტრეც შეაპყრობინა. ამ დროს ანგელოზმა საპყრობილიდან სასწაულებრივად გაათავისუფლა ბარნაბა და პავლე და მათ ბარნაბას ბიცოლას, მარიამის, ოჯახს შეაფარეს თავი. როცა ერის მიერ გაღმერთებული ჰეროდე ღმერთმა დასაჯა „და იქმნა იგი მატლთა შესაჭმელ და სულნი წარჰჴდეს“, ქრისტიანთა დევნა შეწყდა და მოციქულებიც ანტიოქიაში დაბრუნდნენ. მათ თან ახლდათ მარიამის შვილი, იოანე, რომელსაც შემდგომ მარკოზი ეწოდა. სულიწმიდის შთაგონებით, წინასწარმეტყველებმა და მოძღვრებმა ბარნაბასა და პავლეს ხელი დაასხეს და საქადაგებლად გაგზავნეს (საქმე, 13,2-3). მოციქულებმა მთელი კუნძული მოიარეს ქადაგებით. პაფოში ისინი ისტუმრა ანთვიპატმა სერგიმ და „ეძიებდა მათგან სმენად სიტყუას ღმრთისასა“. მოციქულებს ედავებოდა და ანთვიპატის სარწმუნოებისგან გარდაქცევას ეძიებდა „კაცი ვინმე მოგჳ, ცრუ წინასწარმეტყუელი, ჰურიაჲ“, სახელად ბარიისუ. პავლემ ამხილა ზაკვითა და მანკიერებით სავსე ეშმაკის შვილი და შერისხა: „იყო შენ ბრმა და ვერ ხედვიდე მზესა ვიდრე ჟამადმდე“, რის შემდეგაც მოგვმა თვალისჩინი დაკარგა. გაკვირვებულმა ანთვიპატმა ირწმუნა ქრისტე (საქმე 13,6-12). პაფოდან პავლე და ბარნაბა ჯერ პამფილიის პერღამში ჩავიდნენ, შემდეგ კი - პისიდიის ანტიოქიაში. აქედან, აღშფოთებული იუდეველების მიერ განდევნილებმა, იკონიას მიაშურეს, მაგრამ ეს ქალაქიც მალე დატოვეს, რადგან შეიტყვეს, რომ ებრაელები მათ ჩაქოლვას აპირებდნენ. ამის შემდეგ მოციქულები ლუსტრაში, დერბეში და გარემო სოფლებში ქადაგებდნენ ქრისტეს სარწმუნოებას. აქაურმა წარმართებმა ქრისტეს მოწაფეების მიერ აღსრულებული სასწაულები რომ იხილეს, იფიქრეს, ადამიანთა სახით ღმერთები გვეჩვენნენო და „ხადოდეს ბარნაბას დიოს კერპით და პავლეს - ერმით“. დიოს კერპის ქურუმი ხალხთან ერთად კუროებითა და გვირგვინებით მოადგა ქალაქის ბჭეს მსხვერპლშეწირვის აღსასრულებლად. ბარნაბამ და პავლემ სამოსელი შემოიხიეს, ხალხს შეერივნენ და აღშფოთებულები ყვიროდნენ: „კაცნო, რასა იქმთ ამას? რამეთუ გახარებთ თქუენ, რაჲთა ამაოებათა ამათგან მოიქცეთ ღმრთისა ცხოველისა!“ გავიდა ხანი და ანტიოქიიდან და იკონიიდან ჩამოსულმა ჰურიებმა ეს ხალხი დაარწმუნეს, მოციქულები „არარას ჭეშმარიტსა იტყჳან, არამედ ყოველსა ტყუიანო“, რის გამოც ბრბომ ქვები დაუშინა პავლეს და ქალაქგარეთ გაათრია. ის ყველას მკვდარი ეგონა, მაგრამ მალე მოსულიერდა და წამოდგა, შემდეგ კი ბარნაბასთან ერთად დატოვა ქალაქი (საქმე, 14,8-18).

როცა დაისვა საკითხი, საჭირო იყო თუ არა მოსეს სჯულის მიხედვით წინადაეცვითათ ახალმოქცეული წარმართები, ბარნაბამ და პავლემ იერუსალიმს მიაშურეს, სადაც მოციქულებმა და ხუცესებმა სიყვარულით მიიღეს. მათაც ახარეს კრებულს, „რაოდენი ყო ღმერთმან მათ თანა, და რამეთუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისა“ (საქმე, 14,27). ხანგრძლივი ბჭობის შემდეგ მოციქულებმა დაადგინეს, „რომელნი წარმართთაგანი მოქცეულ არიან ღმრთისა მიმართ, რაჲთა არა ვაურვებდეთ მათ, არამედ მიწერად მათდა, რაჲთა განეყენნენ იგინი ჭამად ნაზორევისაგან კერპთაჲსა და სიძვისაგან, და რაჲთა, რაოდენი მათ არა უნებს, რაჲთამცა ეყო, იგინი სხუასა ნუ უყოფენ“ (საქმე 15,19-20). ყოველივე ეს „დაწერეს ჴელითა მათითა“ და ანტიოქიაში გაატანეს „კაცთა, რომელთა - იგი სულნი თჳსნი მისცნეს სახელისათჳს უფლისა“ (საქმე, 15,26) - ბარნაბას და პავლეს. შემდეგ მოციქულებმა გადაწყვიტეს, კვლავ მოეარათ ქალაქები, სადაც ერთად ქადაგებდნენ. ბარნაბას სურდა, თან წაეყვანათ მარკოზიც, მაგრამ პავლე არ თანხმდებოდა, მოციქულები გაიყარნენ: პავლე და შილა სირიაში გაემგზავრნენ, ბარნაბამ კი იოანესთან ერთად კვიპროსს მიაშურა (საქმე 15, 36-41).

ბარნაბამ კვიპროსზე გაამრავლა ქრისტეს სამწყსო, შემდეგ კი რომში ჩავიდა, სადაც, შესაძლოა, პირველად მან იქადაგა ქრისტიანობა;

მოციქულმა ბარნაბამ დააფუძნა საეპისკოპოსო კათედრა მედიოლანში (მილანში), შემდეგ კი კვლავ კვიპროსს დაუბრუნდა. გამძვინვარებულმა იუდეველებმა წარმართები აღძრეს მის წინააღმდეგ. მოციქული ქალაქგარეთ გაიყვანეს, ქვებით ჩაქოლეს და მისი ცხედარი აგიზგიზებულ ცეცხლში ჩააგდეს. როცა ბრბო გაიფანტა და კოცონიც ჩაიფერფლა, მარკოზი მივიდა ამ ადგილას, ბარნაბას უხრწნელი ცხედარი გამოქვაბულში დაკრძალა და, მოციქულის ანდერძისამებრ, მისივე ხელით გადაწერილი მათეს სახარება დაადო გულზე.

ბარნაბა ქრისტეს აქეთ, დაახლოებით, 62 წელს გარდაიცვალა, 76 წლის ასაკში. მისი დაკრძალვის ადგილი თანდათანობით დავიწყებას მიეცა, თუმცა აქ მრავალი ნიში და სასწაული აღესრულებოდა. ბოლოს, 448 წელს, იმპერატორ ზენონის დროს კვიპროსის მთავარეპისკოპოს, ანთიმოზს, ბარნაბა მოციქული სამჯერ გამოეცხადა ძილში და თავისი საფლავის ადგილსამყოფელზე მიანიშნა. კვიპროსელმა ქრისტიანებმა ბარნაბას უხრწნელი ცხედარი და მის გულზე დასვენებული სახარება იპოვეს. კვიპროსის ეკლესიას სწორედ ამის შემდეგ ეწოდა სამოციქულო. ამ დროიდან მიიღო მან პატრიარქის დამოუკიდებლად არჩევის პატივიც.

day_icon   ათონზე, კონსტანტინე დიდის მიერ 335 წელს დაარსებულ კარეასის მონასტერში იმყოფება ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც ღირს არსი ეწოდება. იგი მოთავსებულია ამ სავანის მთავარ ტაძარში, საკურთხეველში, მაღალ დასაჯდომელზე და ერთი მოვლენის გამო განსაკუთრებით არის განდიდებული: ერთი მღვდელ-მონაზონი მორჩილთან ერთად კარეასის ახლოს განდეგილურად ცხოვრობდა. ისინი იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში ტოვებდნენ სენაკს. ისე მოხდა, რომ ერთხელ, აღდგომის დღეს, ღამისთევაზე დასასწრებად ბერი კარეასის ეკლესიაში წავიდა. მოწაფე სენაკის სადარაჯოდ დარჩა და მისგან ბრძანება მიიღო, რომ მსახურება შინ აღესრულებინა. დაღამებისთანავე მან კაკუნი გაიგონა. როდესაც კარი გამოაღო, დაინახა უცნობი ბერი, რომელიც პატივითა და თავაზით მიიღო. როცა ღამისთევის ლოცვის აღსრულების დრო დადგა, მათ ერთად დაიწყეს გალობა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სადიდებელი ლოცვის დროს ორივე ღვთისმშობლის ხატის წინაშე დადგა და კოსმა მაიუმელის ძველი საგალობელი წამოიწყეს - „უპატიოსნესს ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა...“ და ა.შ., მაგრამ საოცარმა სტუმარმა თქვა: „ჩვენთან ასე არ ადიდებენ ღვთისმშობელს. ჩვენ ჯერ ასე ვგალობთ: „ღირს არს ჭეშმარიტად რათა გადიდებდეთ შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა“ და მხოლოდ ამის შემდეგ ვამბობთ: „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა“. ახალგაზრდა ბერს გული აუჩუყდა, როცა ჯერ არსმენილი გალობა გაიგონა და სტუმარს ვედრება დაუწყო, რომ ღვთისმშობლის ამგვარი დიდება მისთვისაც ესწავლებინა, მაგრამ სენაკში არც მელანი და არც ქაღალდი არ აღმოჩნდა. მაშინ სტუმარმა უთხრა: „მაშინ მე შენთვის ამ ქვაზე დავწერ, შენ კი ისწავლე, ასე იგალობე და ყველა ქრისტიანს ასწავლე, რომ მათაც ამგვარადვე ადიდონ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი“. საოცარი სტუმრის ხელში ქვა ცვილივით დარბილდა და სიტყვები ღრმად ამოიკვეთა. როცა ქვაზე გალობა დაწერა, სტუმარმა იგი მორჩილს მისცა, საკუთარი თავი გაბრიელად მოიხსენია და მსწრაფლ უხილავი გახდა. მორჩილმა მთელი ღამე ღვთისმშობლის ხატის წინ, მის ქება-დიდებაში გაატარა და დილისთვის ღვთაებრივ საგალობელს ზეპირად ამბობდა. კარაესიდან დაბრუნებულმა ბერმა იგი ამ საოცარი გალობისისას იხილა.

მორჩილმა მას ქვა აჩვენა და რაც მოხდა, ყველაფერი უამბო. ბერმა ამის შესახებ წმიდა მთის საკრებულოზე განაცხადა. ბერებმა ერთხმად ადიდეს უფალი და დედა ღვთისას ახალი საგალობელი იგალობეს. მას შემდეგ ეკლესია მთავარანგელოსის გალობას, „ღირს არსს“, აღავლენს, ხოლო ხატი, რომლის წინაშეც მთავარანგელოზმა ეს საგალობელი აღასრულა, კარეასის ტაძარში გადააბრძანეს. მთავარანგელოზის მიერ ამოკვეთილი ფილა წმინდა პატრიარქის, ნიკოლოზ ქრიზოვერხის (938-996 წწ.), დროს, რომან-უმცროსის ვაჟების, ბასილისა და კონსტანტინეს, ზეობის ჟამს, კონსტანტინეპოლში გადაიტანეს; ხოლო ის სენაკი ათონზე დღემდე ”ღირს არსის” სახელით არის ცნობილი. პეტერბურგში, გალერების ნავსადგურში, აიგო მოწყალე ღვთისმშობლის დიდებული ხუთგუმბათიანი ტაძარი, სადაც ათონიდან გამოგზავნილი ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული.


right_bar_header

<  სამშაბათი 25/9/2018  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მე-17 შვიდეული. ორშაბათი. ხმა მე-7. საკ.: ლიტ. - ეფ. 219 დას. I, 22 - II, 3. მკ. 48 დას. X, 46-52. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
წარგზავნა ღმრთისმშობლის შობის დღესასწაულისა; მღვდელმთავრისა გიორგი ჭყონდიდელისა; მღვდელმოწამისა დოსითეოზ თბილელისა; ხსენება მღვდელმოწამისა ავტონომოსი, იტალიელი ეპისკოპოსისა; მოწამისა იულიანესი და მისთანა ორმეოცთა მოწამეთა; მ