აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა მოწამეთა უვერცხლოთა და სასწაულთმოქმედთა კვიროს და იოანესი (+412); ხსენება ღირსისა პავლე მკურნალისა
წმინდა უვერცხლო კვიროსი ალექსანდრიაში დაიბადა და გაიზარდა. ქრისტიანი ექიმი ყველა ავადმყოფს უსასყიდლოდ კურნავდა ხორციელ და სულიერ სნეულებათაგან, სახარების სწავლებას ქადაგებდა და მრავალ წარმართს მოაქცევდა ჭეშმარიტ სჯულზე. დიოკლიტიანეს (284-305) მეფობის ხანაში, ქრისტიანთა დევნისას, კვიროსმა არაბეთის უდაბნოს მიაშურა, ბერად აღიკვეცა და დაუცხრომელი მოღვაწეობა განაგრძო, რისთვისაც უფლისგან ყოველგვარი სნეულების კურნების ნიჭი მიემადლა.
ამ დროს, ქალაქ ედესაში ცხოვრობდა კეთილმსახური ქრისტიანი მხედარი, იოანე. როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, იგი იერუსალიმში წავიდა, სადაც წმინდა კვიროსის შესახებ შეიტყო და მისი ნახვის სურვილით განიმსჭვალა. ხანგრძლივი ძიების შემდეგ, მან მიაგნო უდაბნოში დაყუდებულ ბერს და მისი ერთგული მოწაფე გახდა. ერთხელ მამებმა შეიტყვეს, რომ ეგვიპტის ქალაქ კანოპში შეპყრობილი იყო ქრისტიანი ქალი, ათანასია, სამ ასულთან - თეოქსიტისთან, თეოდოტიასთან და ევდოქსიასთან ერთად. წმინდა მამებმა საპყრობილეში მოინახულეს მოწამეები და გაამხნევეს. ქალაქის მმართველმა, ამის შესახებ რომ შეიტყო, კვიროსი და იოანე დაატუსაღა. ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისათვის წმინდა უვეცხლო და სასწაულთმოქმედი მოწამენი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი სიკვდილით დასაჯეს (+311).
ტროპარი, ჴმა ე
საკვირველებანი წმიდათა მოწამეთა შენთანი ზღუდედ უბრძოლველად მოგვანიჭენ, ქრისტე ღმერთო, მათითა ვედრებითა ზრახვანი წარმართთანი განაქარვენ, და სკიპტრა მეფობისა განამტკიცე, ვითარცა მხოლომან სახიერმან და კაცთ-მოყვარემან.
კონდაკი, ჴმა დ
საღმრთოთა მადლთაგან საკვირველებათა ნიჭი მოგიღებიესთ, წმიდანო, და დაუცხრომელად საკვირველთ-მოქმედებთ, ყოველთა ვნებათა ჩუჱნთა უხილავად ჴელთ მოქმედებითა გარდამკვეთელნი, კვიროს ღმრთიუ-განბრძნობილო იოანეთურთ ყოვლად ქებულით, რამეთუ თქუჱნ ხართ სღმრთონი მკურნალნი. |