ხსენება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა, პეტრესი (+64) და პავლესი (+67).
ესე პეტრე იყო უმწვერვალესი მოციქულთა, და ძმა ანდრეა პირველ-წოდებულისა, და ძე იონასი, ქალაქისაგან ბეთსაიდისა, ხოლო ესვა ცოლად ასული არისტოვლესი, ძმისა ბარნაბა მოციქულისა, და ყვნა ძენი, ხოლო შეუდგა ქრისტესა ნადირობასა შინა თევზთასა ტბასა მას ზედა გენესარეთისასა, და, შემდგომად ზეცად ამაღლებისა უფლისა, ქადაგა სახარებაჲ ურიასტანს, ასიას და ბითვინიას, და მიიწია რომადმდე, და ძლევისა-თჳს სიმონ მოგვისა სასწაულთა მიერ, თავ დაქცევით ჯუარს აცვეს იგი, წელთა ხუთიათას ხუთ ას სამეოცდა ცხრასა, მეფობასა ნერონ კეისრისასა. ხოლო ჭური იგი რჩეული უფლისა, ყოვლად ქებული მოციქული პავლე, იყო ებრაელი, ტომისაგან ბენიამენისა, ფარისეველთა წვალებისაგანი, ხოლო შემდგომად მოკვლისა პირველ მოწამისა სტეფანესა, შუადღე ზეცით გამობრწყინვებითა მით და ზეგარდამოჲთა ჴმითა, ათორმეტთა მოციქულთა თანა აღირაცხა, შემდგომად ამაღლებისა უფლისა, და, ვითარცა რა მფრინველმან, ქადაგებითა სახარებისათა მოვლო ყოველი სოფელი იერუსალიმითგან ვიდრე ილირიკიადმდე, უფროს სხვათა მოციქულთა დღე და ღამე შრომითა, ხოლო მიიწია რომადმდე და მრავალთა ასწავა მუნ, და ეგო შემდგომად მოქცევისა ოცდა ათხუთმეტ წელ, ხოლო ყოველნი დღენი ცხოვრებისა მისისანი იყუნეს სამეოცდა რვა წელ, და მოქცევისა-თჳს, და ქალწულებით და სიწმიდით ცხოვრებისა-თჳს თავი წარეკვეთა შემდგომად პეტრესსა, მისვე ნერონის მიერ, და გარდამოხდა სისხლი და სძე.
ჟ ა მ ნ ი
თბილისი, ექვთიმე ხელაძის სტამბა, 1899 წ.
ტროპარი, ჴმა დ
მოციქულთა თავნო, და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რათა მოსცეს სოფელსა მშვიდობაჲ, და სულთა ჩუჱნთა დიდი წყალობა.
იპაკო გ, გალობისა ჴმა ჱ
რომელმან მედილეგმან არა შეგიწყნარნა პყრობილად, ანუ რომელთა ეკკლესიათა არა ჰყავთ თქუჱნ მოძღვარ? დამასკო დიდად მოციქულ არს შენდამი, პავლე, რამეთუ მის შორის მიიღე ნათელი, და რომი სისხლისა შენისა შეწყნარებითა მაღლის, ხოლო ტარსუ უმეტესად იხარებს მის შორის შობისა შენისა-თჳს. პეტრე, სარწმუნოებისა კლდეო, და პავლე, სიქადულო ყოვლისა სოფლისაო, რომით მოვედით ჩუჱნდა, და შეგვეწიენით ჩუჱნ.
კონდაკი, ჴმა ბ
მტკიცენი და ღმრთის-მეტყველნი ქადაგნი, და თავნი მოწაფეთა შენთანი, უფალო, იზიარენ განსასვენებელსა კეთილთა შენთასა, რამეთუ შრომანი მათნი და სიკვდილნი მიითვალენ უფროს ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთასა, მხოლოო, რომელმან უწყნი დაფარულნი გულთანი.
ს ი ტ ყ ვ ა
ათ-ივნისს, პეტრე-პავლობის დღეზედ
მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე ქრისტესსა (1 კორ. 5, 16)
რისთვის შეკრებულ-ვართ ჩვენ დღეს, ძმანო ჩემნო ქრისტიანენო, ეკკლესიასა ამას შინა? მისთვის, რათა სიყვარულითა დაკრძალულებითა აღვასრულოთ ხსენება უმთავრესთა მოციქულთა, პეტრესი და პავლესი, ვადიდოთ იგინი, ანუ, უმჯობეს არს თქმად, მადლი ღვთისა, რომელი გამოჩნდა მათ მიერ; ცხოვლად წარმოვიდგინოთ მათი შრომა და ცხოვრება და კეთილთა ამით მაგალითითა განვაღვიძოთ თავნი ჩვენნი ბაძვად მათდა, ვითარცა იგინი იყვნენ მიმბაძავნი ქრისტესნი: მობაძავ ჩემდა იყვენით, გვეტყვის მოციქული პავლე, ვითარცა მე ქრისტესსა. მაგალითსა და საქმესა კაცისასა უმეტესი მოქმედება აქვს სულსა ზედა ჩვენსა, ვიდრე სიტყვიერსა დარიგებასა და შეგონებასა. სიტყვა კაცისა ესოდენ ვერ მიიზიდავს და ვერ განაღვიძებს სულსა ჩვენსა, რაოდენ წარმოდგენა ცხოვრებისა წმიდათა კაცთასა. მათ თვით საქმით აღასრულეს მცნება ღვთისა, ამათ მოიყვანეს არსებაში სჯული ქრისტესი, ამათ მოგვცეს ჩვენ ცხოველი ხატი სათნოებისა და გვაჩვენეს, თუ ვითარ ჯერ-არს დაწყობა ცხოვრებისა მსგავსად სახარებისა. აჰა მიზეზი, რომლისათვისცა წმიდამან ეკკლესიამან დააწესა ხსენება წმიდათა და ხშირად შეგვკრებს ჩვენ სმენად მათისა ცხოვრებისა და მათთა საქმეთა. მივიქცეთ უმთავრესთა მოციქულთადმი და ვიხილოთ, რა მაგალითი და რა სულიერი მოძღვრება გვიჩვენეს ჩვენ მათ ცხოვრებასა შინა თვისთა. არ შეგვიძლიან ჩვენ აღვსწეროთ ყოველნი მათნი საქმენი და ცხადად წარმოვიდგინოთ ყოველი მათი სულიერი მადლი და დიდება; გარნა მოვიხსენოთ მაინც, რასა შინა მდგომარეობდა მათი ღირსება და რომელნი იყვნენ მათნი უმჯობესნი თვისებანი.
პეტრეს თვით ქრისტემან უწოდა კლდედ. შენ ხარ კლდე, - ჰრქვა მას უფალმან, და კლდესა ამას ზედა აღვაშენო ეკკლესია ჩემი... კლდე იყო სარწმუნოება მისი; მას აქვნდა სარწმუნოება მტკიცე და შეურყეველი, ვითარცა კლდე.
პავლე იყო ზღვა სიყვარულისა; ყოველნი მისნი წერილნი ცხად ჰყოფენ, თუ ვითარი საუნჯე იყო გული მისი, ვითარი განუსაზღვრებელი სიყვარული ჰქონდა მას ყოველთა თვისთა მოწაფეთადმი.
აჰა ორნი უმთავრესნი ღირსებანი წმიდათა ამათ თავთა მოციქულთა. ამათ ორთა სათნოებათა ზედა დამყარებულ-არს ეკკლესია და სჯული ქრისტესი. შეურყეველი სარწმუნოება და სრული სიყვარული უნდა ჰქონდეს ყოველსა კაცსა, რომელსა ჰსურს, რათამცა იყოს ნამდვილი და ჭეშმარიტი ქრისტიანე.
ახლა ვიხილოთ, რა სახით გამოჰსჩნდნენ ცხოვრებასა შინა პეტრესსა და პავლესა ეს ორნი თვისებანი; რა აქმნევინა სარწმუნოებამან პეტრეს; ვითარი ნაყოფი გამოიღო დიდმან სიყვარულმან პავლესმან ცხოვრებასა შინა მისსა. დღეს წარკითხული სამოციქულოითგან გვესმა ჩვენ, ვითარი იყო ცხოვრება პავლესი. ცხოვრება მისი იყო გაუთავებელი შრომა, ჭირი, განსაცდელი. ყოველნი მოციქულნი და უმეტესად პეტრე და პავლე იყვნენ ქვეყანასა ზედა, ვითარცა ცხოვარნი მგელთა შორის ყოველს წამს მომლოდნელნი და მომზადებულნი დათხევად სისხლისა თვისისა და შეწირვად ცხოვრებისა; გარნა არმიმხედველნი ესოდენისა ჭირისა, პეტრე სარწმუნოებითა თვისითა ყოველს წამს მოაქცევდა და განაცოცხლებდა და ნუგეშსცემდა სიყვარულითა თვისითა მრავალთა პირთა. ორთავე განავრცელეს პირსა ზედა ქვეყანასა საღმრთო სჯული და დაამყარეს მრავალნი ეკკლესიანი.
რა განამტკიცებდა და რა აძლევდა ძალასა და ღონესა ორთა ამათ მოციქულთა ესოდენთა ჭირთა შორის და დევნულებათა? როგორ არ მოეწყინათ მათ და როგორ გასძლეს ქვეყანასა ამას შინა, მოკლებულნი ყოვლითა ნუგეშითა და ყოვლითა სოფლიურითა წარმატებითა? მათი სიმტკიცე და მათი ნუგეში იყო იგივე სარწმუნოება და სიყვარული. პეტრე არათუ ითმენდა სულ-გრძელად ყოველსა დევნასა და განსაცდელსა, არამედ უხაროდაცა, ოდეს მიიღებდა ქრისტეს გულისათვის განსაცდელსა; პავლე, აღვსებული სიყვარულითა, თვით ამ სიყვარულსა შინა ჰპოვებდა თვისსა ნუგეშსა.
აჰა დიდი მაგალითი შენთვის, ძმაო! ეცადე და შეიძინე ესოდენი სარწმუნოება და სიყვარული, რათა ყოველი შენი ნუგეში მდგომარეობდეს აღსრულებასა შინა ქრისტეს მცნებათა. შენ უნდა სრულიად მიანდო თავი შენი ღმერთსა. ბუნებასა კაცისასა აქვს ის თვისება, რომელ კაცი ყოველთვის ეძიებს რომელსამე ბედნიერებასა და ნუგეშსა. გაუძნელდება ქვეყანასა ზედა ცხოვრება იმ კაცს, რომელსაც არა აქვს არცა ერთი ნუგეში და ბედნიერება ამ სოფელში; გარნა შენ, ძმაო ჩემო, ეცადე, რომ შენი ნუგეში და ბედნიერება იყოს სარწმუნოება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული, სიმართლის აღსრულება. ფრიად საჭირო არის და საშიშო, უკეთუ არა-ოდეს ესენი არ გაჰხსოვს, ანუ სრულიად გავიწყდება და ნაცვლად მისა ჰხედავ ბედნიერებასა შენსა სხვათა რომელთამე სოფლიურთა ნივთთა, ანუ მოქმედებათა შინა, სადაცა არს საუნჯე შენი, მუნ იყოს გული შენი, გვეტყვის უფალი: უკეთუ საუნჯე შენი არ არის ღმერთი და ღვთის სჯული, არამედ სხვა რაიმე, მაშინ გული შენი განეშორება ღმერთსა. მოციქულთა, პეტრემ და პავლემ, საუნჯე თვისი დასდვეს ღმერთსა შინა; ამისათვის გულიცა მათი ჰპოვებდა განსვენებასა საქმეთა შინა ღვთისათა. ნუ გგონია, ძმაო ჩემო, რომ იგინი იყვნენ მოკლებულნი რომლითამე ნუგეშითა და კმაყოფილებითა, ვგონებ, რომ თვით ის კაცი, რომელიც ეძიებს და კიდეც შეიძინებს ამ სოფლის ბედნიერებასა და ნუგეშსა, ვერ იქმნება თვით ამ სოფელში ისრეთ ნეტარ და ბედნიერ, როგორც იყვნენ, ვითარცა ვსთქვით, დევნულნი და დამძიმებულნი ყოვლითა ამ სოფლის უბედურებითა; გარნა სულიწმიდა, რომელი ჰსუფევს გულსა შინა მართალთასა, ყოველთვის მისცემს მათ ისრეთსა ნეტარებასა, სიხარულსა და ბედნიერებასა, რომლისა მსგავსსა ვერაოდეს ვერ იგრძნობს ცოდვილის კაცის გული. იმავე სამოციქულოსა შინა, დღეს წარკითხულსა, პავლე მოციქული მოგვითხრობს ჩვენ, ვითარ იგი იყო აღტაცებული სულითა მესამე ცად და მუნ ესმა სიტყვანი, რომელთა ვერ გამოსთქვამს ენა კაცისა. ესრეთსა ნუგეშსა აძლევს ყოველთვის სულიწმიდა მართალსა და ღვთის-სათნოსა კაცსა. რომელი სიხარული ანუ რომელი სოფლის ნუგეში დაემსგავსება იმ სიხარულსა და მოსვენებასა, რომელსა ჰგრძნობს კაცი ღვთის მოშიში? ყოველი ამ სოფლის სიხარული და ნუგეში არის მოკლე და აქვს ყოველთვის მწარე ბოლო, გარნა სიხარული სულისა წმიდისა გააცხოველებს კაცსა. ამას ვეძიებდეთ, ძმანო ჩემნო, და ამას მოვითხოვდეთ მარადის ღვთისაგან მადლითა და შეწევნითა წმიდათა უმთავრესთა მოციქულთა პეტრესითა და პავლესითა. ამინ.
გაბრიელ ეპისკოპოსი |