|
|
|
სულთმოფენობიდან მერვე შვიდეული. ხმა მე-6. ოთხშაბათი. მარხვა. საკ.: რომ. 121 დას. XVI, 17-24. მთ. 51 დას. XIII, 10-23 - ორშაბათისა. I კორ. 122 დას. I, 1-9. მთ. 52 დას. XIII, 24-30 - სამშაბათისა.
სასწაულთმოქმედთა უვერცხლოთა კოზმან და დამიანესი, რომში წამებულთა (+284); მოწამისა პოტიტესი (+II); ღირსისა პეტრე პატრიკისა (+854); მღვდელმთავრისა ნერსესი, სომხეთის მთავარეპისკოპოსისა
წმინდანი უვეცხლონი კოზმა და დამიანე ღვიძლი ძმები იყვნენ. ცხოვრობდნენ ქალაქ რომში. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: ”ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით. ირწმუნეთ ქრისტე და განიკურნებით.” როცა მშობლებისგან მდიდარი მემკვიდრეობა მიიღეს, მათ ქონების გაყიდვა და გლახაკთა დახმარება დაიწყეს. თავისი სიკეთით, გულმოწყალებითა და უანგარობით წმინდანებმა მრავალი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე.
კოზმასა და დამიანეს ღვთივსათნო ცხოვრებამ რომის ხელისუფალთა ყურადღება მიიპყრო და მკურნალთა შესაპყრობად მეომრები გაგზავნეს. სთხოვეს, იმათ სასიკეთოდ, ვისაც ისინი ეხმარებოდნენ, დროებით ტყისთვის შეეფარებინათ თავი. ძმები რომ ვერ იპოვნეს, მეომრებმა სხვა ქრისტიანები დაატუსაღეს. მაშინ კოზმამ და დამიანემ საფარი დატოვეს და მხედრებს ჩაბარდნენ იმ პირობით, რომ პყრობილები გაეთავისუფლებინათ. რომში უფლის რჩეულები, თავდაპირველად, საპყრობილეში ჩააგდეს, შემდეგ კი სამსჯავროზე წარადგინეს. მათ, იმპერატორისა და მსაჯულების წინაშე, მხნედ აღიარეს თავიანთი სარწმუნოება, უარი განაცხადეს კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე და თქვეს: ”ჩვენ არა ვართ ჯადოქრები, რაშიც თქვენ გვდებთ ბრალს. სნეულებს ჩვენი უფლისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს, ძალით ვკურნავთ და არანაირ საზღაურს არ ვიღებთ, რადგან სახარებაში წერია: ”უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოცა მისცემდით” (მთ. 10,8).
იმპერატორი კარინი არ ცხრებოდა და დაჟინებით თავისას მოითხოვდა. მაშინ, ღვთის განგებით, მას სნეულება შეეყარა და საკუთარ მაგალითზე დარწმუნდა უფლის ყოვლისშემძლეობაში. ამაყმა თვითმპყრობელმა შემწეობა ითხოვა წმინდა ძმებისაგან და აღთქმა დადო, რომ ქრისტეს შეუდგებოდა. კოზმამ და დამიანემ უწამლეს იმპერატორს, რის შემდეგაც ორივენი გაათავისუფლეს.
რაც ვერ შეძლო წარმართთა სიძულვილმა და რომაელ ხელისუფალთა სისასტიკემ, მოახერხა შურმა: მხცოვანი მკურნალი მოძღვარი, რომელთანაც ძმები, თავის დროზე, ექიმობას სწავლობდნენ, მათმა დიდებამ შურით აღავსო, ოდესღაც თავისი უსაყვარლესი მოწაფეები მოიხმო და ტყეში გაიტყუა, თითქოსდა, იშვიათი სამკურნალო მცენარეების შესაგროვებლად. აქ, ბოროტისაგან გონდაბინდულმა, ვერაგულად მოკლა ძმები და მათი წმინდა ცხედრები მდინარეს მისცა.
ასე დაასრულეს თავისი მიწიერი ცხოვრება უვეცხლო მკურნალებმა, წმინდა ძმებმა, კოზმამ და დამიანემ. უფალმა განადიდა თავისი სათნომყოფელები. მათდამი რწმენით აღვლენილი ლოცვებით სნეულები ახლაც იკურნებიან სალმობათაგან.
(ამ დღის წმინდანები, კოზმა და დამიანე, უნდა განვასხვავოთ მათი მოსახელე წმინდანებისგან, რომელთა ხსენებაც აღინიშნება 17 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს).
ტროპარი, ხმა ჱ
წმიდანო უვეცხლონო მკურნალნო, საკვირველთ-მოქმედნო კოსმა და დამიანე, მოიხილეთ და განკურნენით უძლურებანი სულთა და ჴორცთა ჩუჱნთანი, უსასყიდლოდ მიგიღებიესთ და უსასყიდლოდ მოგვცემდით ჩუჱნ.
კონდაკი, ხმა ბ
რომელთა მადლნი კურნებათანი მიიხვენით, და მიფენთ ჭირვეულთა სიმრთელესა, საკვირველნო, მკურნალნო დიდებულნო, მოხედვითა თქუჱნითა ბრძოლთაცა სილაღეჲ დააცხრვეთ, სოფლისა მკურნალნო საკვირველებათა მიერ.
წმიდა მოწამე პოტიტე წარმართთა ოჯახში დაიბადა, მაგრამ 13 წლისა ქრისტიანთა სწავლებას გაეცნო, ჭეშმარიტი ღმერთი ირწმუნა და მოინათლა. მამამ, როცა ამის შესახებ შეიტყო, ძალიან დამწუხრდა. ის ჯერ ალერსითა და შეგონებით, შემდეგ კი - მუქარით შეეცადა შვილის გადმობირებას, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ, ყმაწვილის სიმტკიცით ძლეული, თავადაც ქრისტეს შეუდგა.
წმიდა პოტიტემ მრავალი ქვეყანა შემოიარა სახარების ქადაგებით. ღვთის მადლით, იგი გასაოცარ სასწაულებს აღასრულებდა.
ეპირის ოლქში ცხოვრობდა დიდებული ქალბატონი, კირიაკია, სენატორის მეუღლე, რომელიც კეთრით იყო დასნეულებული. როცა წმიდა პოტიტეს შესახებ შეიტყო, მან თავისთან მოიხმო იგი და წამლობა სთხოვა. წმინდანმა უპასუხა: თუ ქრისტეს ირწმუნებ, განიკურნებიო. კირიაკია მოინათლა და სასწაულებრივად განიკურნა. საკვირველების მხილველმა მთელმა სახლეულმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და ნათელ-იღო.
ამის შემდეგ, წმინდანი გარგარის მთზე დამკვიდრდა და განმარტოებული ცხოვრება დაიწყო. აქ მას გადააწყდნენ იმპერატორ ანტონინეს მსახურები და სთხოვეს, სასახლეში გაჰყოლოდათ იმპერატორის ეშმაკეული ასულის განსაკურნებლად. წმიდა პოტიტემ განკურნა სნეული, ანტონინემ კი სიკეთე არაადამიანური სისასტიკით გადაუხადა ნეტარს. მან თავისი ქალიშვილის განკურნება წარმართულ ღვთაებებს მიაწერა და პოტიტეს მათთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. წმინდანმა ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა და მტკიცედ აღიარა ქრისტე. ამით განრისხებულმა თვითმყპრობელმა მას ენა ამოგლიჯა და თვალები დასთხარა. ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ წმიდა მოწამეს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა იმპერატორ ანდრიანეს (138-161) მეფობის დროს.
ღირსი პეტრე VIII საუკუნის დასასრულს დაიბადა კონსტანტინეპოლში. იმპერატორ ნიკიფორეს (802-811) ზეობისას იგი მხედართმთავრად დანიშნეს და ბულგარეთის წინააღმდეგ ბერძენთა ლაშქრობებში იღებდა მონაწილეობას. ერთ-ერთ ბრძოლაში ბერძნები დამარცხდნენ. იმპერატორი სასიკვდილოდ დაიჭრა, პეტრე კი, მრავალ სხვა მეომართან ერთად, ტყვედ ჩავარდა. ერთხელ, ღამით, ლოცვის დროს, მას გამოეცხადა წმიდა მახარებელი, იოანე ღვთისმეტყველი და ტყვეობიდან დაიხსნა. კონსტანტინეპოლში დაბრუნებულმა პეტრემ გადაწყვიტა, განრიდებოდა ამაოებით სავსე წუთისოფელს, ოლიმპოს მთაზე (მცირე აზია) მდებარე მონასტერს მიაშურა და ბერად აღიკვეცა. აქ მან 34 წელი დაჰყო დაუცხრომელ ღვაწლში, ღირსი იოანიკე დიდის (ხს. 4 ნოემბერს) ხელმძღვანელობით. წმინდანი მკაცრად მარხულობდა, ლოცვაში ათენებდა ღამეებს, უხეშ ჯვალოს სამოსს ატარებდა, უხამლოდ დადიოდა... უკანასკნელი 8 წელი მან კონსტანტინეპოლში გაატარა, სადაც წმიდა ევანდრეს სახელობის ტაძარი და მონასტერი ააგო.
ღირსი პეტრე 70 წლის ასაკში გარდაიცვალა (+854) და თავისსავე სავანეში დაკრძალეს.
წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (ერისკაცობაში ნიკოლოზი) 1747 წელს დაიბადა, საბერძნეთის კუნძულ, ნაქსოსზე; 26 წლის იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, დიონისიატის მონასტერში, ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით.
თავდაპირველად, ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა. სავანეში მისი მოსვლიდან ორი წლის შემდეგ, ათონს კორინთელი მიტროპოლიტი, მაკარი, ეწვია. მან ახალგაზრდა მონაზონს დაავალა, გამოსაცემად მოემზადებინა ”სიკეთისმოყვარების” ხელნაწერები, რომლებიც 1777 წელს ვატოპედის მონასტერში აღმოაჩინა. ამ წიგნზე მუშაობით დაედო საფუძველი ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხანგრძლივ ლიტერატურულ მოღვაწეობას. მალე მომავალი წმინდანი პანტოკრატორის სკიტში გადავიდა, გამოცდილ მოძღვარ, არსენი პელოპონესელთან, რომლის ხელმძღვანელობითაც გულდასმით სწავლობდა საღვთო წერილსა და წმიდა მამათა ნაწერებს. 1783 წელს ნიკოდიმოსმა სქემა შეიმოსა და სრულ მდუმარებას მიეცა. როცა ათონზე კვლავ ჩამოვიდა მაკარი კორინთელი, მან მოშურნე ბერს ახალი მორჩილების საქმე დაუწესა - ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის თხზულებათა რედაქტირება. ნიკოდიმოსმა დაუტევა მდუმარების ღვაწლი, კვლავ ლიტერატურულ სამუშაოს მიჰყო ხელი და, აქედან მოყოლებული, სიკვდილამდე გულმოდგინედ იღწვოდა ამ სარბიელზე.
აღსასრულამდე ცოტა ხნით ადრე, მწიგნობრული საქმიანობითა და ასკეტური ღვაწლით დაქანცული ნიკოდიმოსი საცხოვრებლად გადავიდა ხატმწერ მღვდელმონაზვნებთან, სტეფანე და ნეოფიტე სკურტეებთან. წმინდანმა ბერებს სთხოვა, ეზრუნათ მისი ნაშრომების გამოცემაზე, რასაც თავად, სნეულებათაგან დაუძლურებული, უკვე ვერ ახერხებდა. აქ, სკურტეებთან, ნეტარმა მამამ 1809 წლის 1 ივლისს მშვიდობით მიაბარა სული უფალს.
თანამედროვეების მოწმობით, ღირსი ნიკოდიმოსი უბრალო, მშვიდი, უანგარო და საოცრად მობილიზებული იყო. მას საკვირველი მეხსიერება ჰქონდა: ზეპირად იცოდა მთელი საღვთო წერილი და მრავალი ადგილი წმიდა მამათა ნაწერებიდან.
მრავალფეროვანია წმიდა ნიკოდიმოსის ნაშრომები: მისი ასკეტური შეგონებებიდან, განსაკუთრებით, აღსანიშნავია წიგნი ”უხილავი ბრძოლა”; მას ეკუთვნის, აგრეთვე, ”სწავლება აღსარების შესახებ”, ”სიკეთისმოყვარეობის” შესავალი, წმიდა მოსაგრეთა მოკლე ცხოვრებანი, შვიდი კათოლიკე ეპისტოლის განმარტება... ღირსმა მამამ შეადგინა ”წმინდანთა ცხოვრებების ახალი რჩეული” და ”ახალი სვინაქსარი” 3 ტომად; გამოსაცემად მოამზადა ”პიდალიონის” - ბერძნული ”სჯულისკანონის” - ახალი რედაქცია, რომელიც შეიცავს მოციქულების, მსოფლიო და ადგილობრივი კრებებისა თუ წმიდა მამების მიერ დადგენილ წესებს.
|
|
|
|