დადება პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა ვლაქერნას (V); ხსენება მღვდელმთავრისა იუბენალისა, იერუსალიმელი პატრიარქისა (+დაახლ. 458)
ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457-474) ზეობისას, მეფესთან დაახლოებული პირები, ძმები გალბიუსი და კანდიდი კონსტანტინეპოლიდან პალესტინაში გაემგზავრნენ წმინდა ადგილების მოსალოცად. ნაზარეთის მახლობლად მდებარე პატარა სოფელში ისინი ერთ მოხუც ებრაელ ქალთან დარჩნენ ღამის გასათევად. სახლში სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთლებმა და საკმევლის სურნელებამ მიიპყრო. კითხვაზე, თუ რა სიწმინდე ინახებოდა მასთან, მასპინძელს დიდხანს არ სურდა პასუხის გაცემა, მაგრამ ძმებმა დაიჟინეს და ქალიც იძულებული გახდა, გაემხილა, რომ იგი იცავდა ძვირფას სიწმინდეს - ღვთისმშობლის სამოსელს, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა. ყოვლადწმინდა ქალწულმა, მიძინების წინ, ერთი თავისი შესამოსელთაგანი ამ ტომის კეთილმსახურ ებრაელ ქალწულს აჩუქა და სთხოვა, რომ სიკვდილის მოახლოებისას ის სხვისთვის, ქალწულისთვისვე, გადაებარებინა. ასე, თაობიდან თაობას გადაეცემოდა სიწმინდე ამ ოჯახში. ძვირფასი კიდობანი, წმინდა სამოსლით, კონსტანტინეპოლში გადაასვენეს. პატრიარქი გენადი (+471; ხს. 31 აგვისტოს) და იმპერატორი ლეონი კრძალვით მიეახლნენ და ეამბორნენ მას. ვლაქერნაში, ზღვის სანაპიროზე, ღვთისმშობლის პატივსაცემად, ახალი ეკლესია ააგეს. 458 წლის 2 ივლისს წმინდა გენადი კონსტანტინეპოლელმა ახალ კიდობანში ჩაბრძანებული სიწმინდე შესაფერი პატივით გადაასვენა ამ ტაძარში. შემდგომში ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კიდობანში ჩააბრძანეს მისი წმინდა ომოფორი და სარტყლის ნაწილი. დღესასწაული აერთიანებს ორ მოვლენას: ღვთისმშობლის სამოსლისა და მისივე სარტყლის დადებას ვლაქერნაში.
ტროპარი, ხმა ჱ
ღმრთისმშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელი და სარტყელი უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა შენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ, განუხრწნელად გიან მარადის, რამეთუ შენზედა შუნებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა, ამის-თჳს გევედრებით: მშვიდობა სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუჱნთა დიდი წყალობაჲ.
კონდაკი, ხმა დ
ყოველთა მორწმუნეთა სამოსელო უხრწნელებისაო, ღმრთივ-მიმადლებულო უბიწოო, მოანიჭე სამღუდელო სამოსელი შენი, დაფარე სამოსელად კაცთა, ვინაცა დადებასა მისსა ვდღესასწაულობთ სურვილით, და გიგალობთ შენ წადიერად უსძლოო: გიხაროდენ ქალწულო, ქრისტიანეთა სიქადულო.
წმინდა იუბენალი, იერუსალიმელი პატრიარქი, 420-458 წლებში განაგებდა იერუსალიმის ეკლესიას. იგი ექვთიმე დიდის მეგობარი და თანამზრახველი იყო. ამ ხანებში მრავალი დამღუპველი ერესი აშფოთებდა აღმოსავლეთის ეკლესიურ ცხოვრებას. ღირსი მამაც გაბედულად იბრძოდა მათ წინააღმდეგ. 431 წელს ქალაქ ეფესოში შედგა III მსოფლიო კრება ევტიქის ახალი, მონოფიზიტური ცრუ სწავლების სამხილებლად, რომელიც ამტკიცებდა, რომ განხორციელების შემდეგ, ქრისტეს ერთმა - ღვთაებრივმა - ბუნებამ, მეორე - კაცობრივი, მთლიანად შთანთქა.
წმინდა მამებმა, რომელთა შორის ღირსი იუბენალიც იყო, უარყვეს ევტიქის ერესი და დაამტკიცეს მართლმადიდებლური სწავლება ქრისტეს ღვთაებრივი და კაცობრივი ბუნების შეურწყმელობისა და განუყოფელობის შესახებ. ერეტიკოსები მაინც განაგრძობდნენ ბობოქრობას. მათ სათავეში ედგა თეოდოსი, რომელმაც თავის მხარეზე გადმოიბირა იმპერატორ თეოდოსი უმცროსის (+450) იერუსალიმში მცხოვრები ქვრივი ევდოკია და მოითხოვდა, რომ პატრიარქ იუბენალს საჯაროდ დაეგმო ქალკედონის კრების დადგენილება - უარეყო მართლმადიდებლური დოგმატი ქრისტეს ორი ბუნების შესახებ. წმინდა მწყემსმთავარმა უარი განაცხადა მწვალებელთა თავხედური მოთხოვნის შესრულებაზე და მათ წინაშე მტკიცედ აღიარა ჭშმარიტება. მაშინ უსჯულოებმა, ევდოკიას მხარდაჭერით, ტახტიდან ჩამოაგდეს ნეტარი. წმინდა საყდარი თავად თეოდოსიმ დაიკავა. განდევნილი აღმსარებელი კონსტანტინეპოლში ჩავიდა წმინდა პატრიარქ ანატოლი (449-458; ხს. 5 ივლისს) და იმპერატორ მარკინესთან. წმინდანის ღრმად პატივისმცემელმა თვითმპყრობელმა მოახერხა, 2 თვეში პატრიარქის ღირსებებში აღედგინა იგი. ნეტარი მამა იერუსალიმს დაუბრუნდა.
ღირსმა იუბენალმა დიდი ღვაწლი გასწია ეკლესიაში გაჩენილი განხეთქილების ბზარის გასამთელებლად. წმინდა სვიმეონ მესვეტის (+458; ხს. 1 სექტემბერს) შეგონებით იმპერატორის ქვრივმა შეინანა განდგომილება და მართლმადიდებლებს შემოუერთდა. მის მაგალითს მიჰბაძა მწვალებელთაგან ცდუნებულმა იერუსალიმის სამწყსოს უმეტესმა ნაწილმაც. ერეტიკოსთა დამარცხებისა და ეკლესიური მთლიანობის აღდგენის შემდეგ, წმინდა პატრიარქი მშვიდობით მიიცვალა (+458).
|