|
|
|
სულთმოფენობიდან მერვე შვიდეული. ხმა მე-6. შაბათი. საკ.: ლიტ. - წმ. - ებრ. 318 დას. VII, 26 - VIII, 2. ინ. 36 დას. X, 9-16. რიგ. - რომ. 111 დას. XIII, 1-10. მთ. 47 დას. XII, 30-37.
ხსენება წმიდისა ანდრიასი, კრეტელი მთავარეპისკოპოსისა (+712-726); ღირსისა მართასი, სვიმეონ საკვირველთმოქმედის დედისა (+551); წმიდა მოწამეთა თეოდოტესი და თეოდოტიასი (+105); მღვდელმოწამისა თეოდორესი, კვირინელი ეპისკოპოსისა (+310); ღირსისა ანდრიასი (რუბლიოვი, ხატმწერი (XV)); წმიდა ტანჯვათდამთმენელთა: მეფე ნიკოლოზისა, დედოფლისა ალექსანდრასი, უფლისწული ალექსისა და მეფის ასულთა: ოლგა,სი ტატიანასი, მარიასი, ანასტასიასი
წმინდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმინდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმინდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას.
თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა. იგი მკაცრი, თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა და ყველას აოცებდა თავისი ღვთისმოშიშებითა და გონიერებით. გარკვეული ხნის შემდეგ, კეთილმსახურებისა და გამორჩეული ნიჭიერებისათვის, იგი იერუსალიმის საპატრიარქოს მდივნად - ნოტარიუსად - დანიშნეს. 680 წელს წმინდანი, მთავარდიაკვნის ხარისხში, VI მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა, სადაც, მართლმადიდებლური დოგმატების ღრმა ცოდნაზე დაყრდნობით, ამხელდა მწვალებლების ცრუ სწავლებას. კრება ახალი დამთავრებული იყო, როცა ანდრია იერუსალიმიდან კონსტანტინეპოლში გაიწვიეს და წმინდა სოფიას ტაძრის მთავარდიაკვნად დაადგინეს. იმპერატორ იუსტინიანე II-ის (685-695) ზეობისას ნეტარ მამას კუნძულ კრეტაზე მდებარე ქალაქ ჰორტინის მთავარეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ამ ახალ სარბიელზე იგი გაბრწყინდა, როგორც დიდი ღვთისმეტყველი, მქადაგებელი და ჰიმნოგრაფი.
მღვდელმთავარმა ანდრიამ მრავალი საღვთისმსახურო საგალობელი შექმნა. მან დაუდო სათავე ახალ ლიტურგიკულ ჟანრს - კანონს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ”სინანულის დიდი კანონი”, რომელიც დიდმარხვის საკითხავებშია ჩართული. მარხვის პირველ კვირიაკეში, სერობებზე, ის ნაწილ-ნაწილ იკითხება, მეხუთე კვირიაკის ხუთშაბათს კი - მთლიანად. შემდგომ საუკუნეებში ანდრია კრეტელის ჰიმნოგრაფიული ტრადიციები გააგრძელეს წმინდა მამებმა: იოანე დამასკელმა, კოზმა მაიუმელმა, იოსებ მგალობელმა...
ნეტარი ანდრიას მიცვალების თარიღის შესახებ, საეკლესიო ისტორიკოსებში, აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგი 712 წელს ასახელებს, სხვები - 726 წელს. ნეტარი მამა კუნძულ მილიტინაზე გარდაიცვალა, როცა ეკლესიის საქმეების მოსაგვარებლად კონსტანტინეპოლში გამგზავრებული, უკანვე, კრეტისაკენ მოემართებოდა.
ტროპარი, ხმა დ
კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღურად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოსა შენისა-თჳს ჭეშმარიტებით, ამისთჳსცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლეჲ, და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღუდელ-მთავარო ანდრეა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთა-თჳს.
კონდაკი, ხმა ბ
დაბერე მაღლად საყვირსა საღმრთოთა გალობათასა, და გამოსჩნდი მნათობად სოფლისა, ყოვლად ელვარედ მნათობი ნათლითა სამებისათა, ყოვლად ღირსო ანდრეა, ვინა ყოველნი გიღაღადებთ: მეოხებად ნუ დასცხრები წინაშე უფლისა ჩუჱნ ყოველთ-თჳს.
ღირსი მართა, საკვირველ მთაზე მოღვაწე წმინდა სვიმეონ მესვეტის (ხს. 24 მაისს) დედა, დაიბადა ანტიოქიაში, VI საუკუნეში. იგი სიყმაწვილიდანვე მონაზვნური ცხოვრებისაკენ ისწრაფოდა, მაგრამ მშობლებმა გათხოვებაზე დაითანხმეს. წმინდანის მეუღლე, იოანე, მალე გარდაიცვალა და დაქვრივებულმა მართამ მთელი ძალები ერთადერთი ძის აღზრდას შეალია. იგი შვილს ღვთისმოშიშებისა და კეთილმსახურების მაგალითს აძლევდა: ხშირად დადიოდა ტაძრებში, ყურადღებითა და კრძალვით ისმენდა საეკლესიო მსახურებას, ხშირად ეზიარებოდა წმინდა საიდუმლოს; ყოველ ღამით ლოცვად დგებოდა და გულმხურვალედ, ცრემლებით ევედრებოდა უფალს. მართა განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა იოანე ნათლისმცემელს, რომელიც მისი ზეციური მფარველი იყო და ხშირად ეცხადებოდა სასწაულებრივ ხილვებში. ღირსი დედა საოცარი გულმოწყალებითაც გამოირჩეოდა: აპურებდა და მოსავდა გლახაკებს.
წმინდა მართას უქმი სიტყვა არასდროს დასცდენია, არავის უნახავს იგი განრისხებული, ვინმესთან მოკამათე ან დაღვრემილი. ნეტარი დედის მთელი ცხოვრება ქადაგება იყო. თავისი მაგალითით მას ბევრი დაუყენებია ცხონების გზაზე. როცა წმინდანის შვილმა, სვიმეონმა, საკვირველი ღვაწლითა და სასწაულებით შორს გაითქვა სახელი, დედა მიდიოდა მასთან და მხურვალედ ევედრებოდა, არ გაამაყებულიყო, საკუთარი უძლურება არ დაევიწყებინა და ყველაფრისთვის უფალი ედიდებინა. ღირს მართას წინასწარ განეცხადა აღსასრულის მოახლოება: მას ანგელოზები წარუდგნენ სანთლებით ხელში და აუწყეს, რომ ერთი წლის შემდეგ მოვიდოდნენ მის წასაყვანად. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე წმინდანი ღირსი შეიქნა ზეგარდამო ჩვენებით ეხილა მისთვის გამზადებული ზეციური ადგილსამყოფელი. ღვთისმშობელმა მას მართალთა სულებისთვის გამზადებული უფრო ბრწყინვალე პალატებიც მოახილვინა.
ნეტარი დედა მშვიდობით მიიცვალა 551 წელს. მისი ცხედარი საკვირველ მთაზე, ღირსი სვიმეონ მესვეტის მოსაგრეობის ადგილზე დაკრძალეს. წმინდა ცხედართან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა.
ტროპარი, ხმა ჱ
შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხ ყოფასა ჴორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა, ვითარცა უკუდავისა არსებისასა, რომლისა თჳსცა ანგელოსთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო მართა.
წმიდა მოწამენი თეოდოტე და თეოდოტია წმიდა იაკინთემ (ხს. 3 (16) ივლისს) მოაქცია ქრისტიანობაზე. მარტვილის ნეტარი აღსასრულის შემდეგ ისინიც სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავები მოჰკვეთეს (+105).
მღვდელმოწამე თეოდორე, კვირინელი ეპისკოპოსი, იმპერატორ დეოკლეტიანეს (284-305) დროს მოღვაწეობდა. იგი მეტად დახელოვნებული იყო კალიგრაფიაში და ტაძრებისთვის მრავალი საღვთისმსახურო წიგნი გადაწერა. ღვიძლმა შვილმა, ლეუსმა, მამა ოლქის მმართველ დიგნიანთან დაასმინა - სახლში ქრისტიანულ წიგნებს ინახავს, ხალხს წარმართული ღვთაებების შეურაცხყოფას ასწავლის და ქრისტეს სარწმუნოებას უქადაგებსო. მღვდელმთავარი თეოდორე სამსჯავროზე წარადგინეს. მსაჯულმა ნეტარს მოსთხოვა, უარეყო ჭშმარიტი ღმერთი და წიგნები მისთვის ჩაებარებინა, მაგრამ წმინდანმა უარი განაცხადა. ურჩობისათვის აღმსარებელი სასტიკად სცემეს რკინის ჯოხებით, მაგრამ წამებამ კიდევ უფრო გაამხნევა იგი. საღვთო შურით ანთებულმა, მტარვალთა წინაშე გმო და შემუსრა წარმართული კერპები. მარტვილს დიდხანს ტანჯავდნენ: ენა მოაჭრეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს. უფლის რჩეულმა იქ დაასრულა თავისი ამქვეყნიური სიცოცხლე და მარადისობას შეუერთდა. სიკვდილით დასაჯეს, აგრეთვე, დედები: ლუკია, იეროია და ღირსი თეოდორეს ხელით ნათელღებული ყველა ქრისტიანი.
|
ღირსი ანდრია რუბლიოვი, დიდი რუსი ხატმწერი, დაიბადა, დაახლოებით, 1360 წელს. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით წმინდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით. ანდრია რუბლიოვის ბერად აღკვეცის ადგილი დანამდვილებით არ არის ცნობილი, მაგრამ ვიცით, რომ მისი მოღვაწეობა ორ მონასტერს - სერგის წმინდა სამების ლავრასა და მოსკოვის ანდრონიკეს მაცხოვრის სავანეს უკავშირდება.
მარხვისა და მონაზვნური ცხოვრების შურით აღძრულმა ბერმა სულიერი და მხატვრული სრულყოფის მწვერვალს მიაღწია. წყაროები მეტყველებენ მის გასაოცარ სიბრძნეზე, რასაც ცხადად მოწმობს მისი შემოქმედებაც. ნეტარი მამის ძირითადი ნამუშევრებია: მოსკოვის კრემლის ხარებისა და ზვენიგოროდის მიძინების ტაძრის კანკელი და ფრესკები, ვლადიმირის მიძინების ტაძრისა და ანდრონიკეს მაცხოვრის სავანის მოხატულობა, ვლადიმირის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ასლი, მაგრამ, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, მისი შემოქმედების გვირგვინი - ყოვლადწმინდა სამების ხატი.
წმინდანი, უმეტესად, სხვა ხატმწერებთან - თეოფანე ბერძენთან, სტეფანე გოროდეცთან, დანიელ ჩორნისთან ერთად მუშაობდა, მაგრამ სამების ხატი მისი დამოუკიდებელი ნამუშევარია.
ბოლო ოცი წლის მანძილზე ანდრია რუბლიოვს განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა დანიელ ჩორნისთან. ორივე მამა ანდრონიკეს მაცხოვრის სავანეშია დაკრძალული.
|
კეთილმორწმუნე მეფე, ნიკოლოზ II, დაიბადა 1868 წლის 6(18) მაისს, წმინდა მართალი, მრავალტანჯული იობის ხსენების დღეს. მამის, იმპერატორ ალექსანდე III-ის, ზედამხედველობით მან მკაცრი ქრისტიანული აღზრდა მიიღო. ”მე მჭირდება ნორმალური, ჯანმრთელი, რუსი შვილები” - ამბობდა იმპერატორი ალექსანდრე III.
იმპერატორის მეუღლე, ალექსანდრა ფეოდოროვნა (პრინცესა ალისა ვიქტორია ელენა ლუიზა ბეატრისა), დაიბადა 1872 წლის 25 მაისს (7 ივნისს), გერმანიის საჰერცოგოს პატარა ქალაქ - დარმშტადტში. მისი მამა იყო დიდი ჰერცოგი, ლუდვიგ ჰესენ-დარმშტადტელი, ხოლო დედა - პრინცესა ალისა ინგლისელი, დედოფალ ვიქტორიას მესამე ქალიშვილი. მათ ოჯახში მკაცრი პატრიარქალური პრინციპები იყო გამეფებული. დედა ცდილობდა, ბავშვობიდანვე განევითარებინა შვილებში ცხოვრებისადმი ქრისტიანული მიდგომა.
მეფე ნიკოლოზი და დედოფალი ალექსანდრა ფეოდოროვნა 1894 წლის 14 ნოემბერს დაქორწინდნენ. პრინცესა ალისამ, მეფე ნიკოლოზთან რომ შეუღლებულიყო, სარწმუნოება შეიცვალა და მართლმადიდებლურად მოინათლა, ალექსანდრას სახელით. თავდაპირველად, ეს მას სამძიმოდ ეჩვენებოდა, რადგან ღრმად იყო დარწმუნებული პროტესტანტული რელიგიის ჭეშმარიტებაში; მაგრამ გაეცნო რა მართლმადიდებლურ აღმსარებლობას, 1894 წლის 21 ოქტომბერს, იმპერატორ ალექსანდრე III-ს გარდაცვალებიდან მეორე დღეს, მან გულწრფელად აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება.
დაქორწინებიდან სულ რამდენიმე დღეში, მეფე ნიკოლოზი იძულებული იყო, სახელმწიფოს მართვის მძიმე ტვირთი აეღო თავზე. რუსეთის იმპერიის მართვას, თავის, როგორც მონარქის, ვალდებულებებს, მეფე ნიკოლოზი წმინდათაწმინდა მოვალეობად მიიჩნევდა; ხოლო თავის მოვალეობათაგან უმთავრესად მას მართლმადიდებელი სარწმუნოების ერთგულება ესახებოდა.
მეფე-დედოფალს ხუთი შვილი შეეძინა: ოლგა (1895, 3 ნოემბერი), ტატიანა (1897, 29 მაისი), მარია (1899, 14 ივნისი), ანასტასია (1901, 5 ივნისი) და ტახტის მემკვიდრე, ალექსი (1904, 12 აგვისტო). მოგვიანებით გამოირკვა, რომ მემკვიდრე ალექსი დაავადებული იყო ჰემოფილიით. ბავშვის სიცოცხლე გამუდმებით ბეწვზე ეკიდა. ოდნავი სისხლდენაც მას, შეიძლებოდა, სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა.
სამეფო ოჯახი, მაშინდელი არისტოკრატიისგან განსხვავებით, ღრმა და წრფელი რეგლიგიურობით გამოირჩეოდა. მეფე-დედოფალს აღარ აკმაყოფილებდა კარის ეკლესიაში აღვლენილი მოკლე მსახურება; თავისი მრავალრიცხოვანი მოგზაურობის დროს, ისინი არა მარტო ეწვეოდნენ ხოლმე ეკლესია-მონასტრებს, არამედ - სასოებით ლოცულობდნენ, ხატებსა და წმინდა ნაწილებს ეთაყვანებოდნენ... სპეციალურად მათთვის სრულდებოდა წირვა-ლოცვები ცარსკოე სელოს წმ. თევდორეს ტაძარში... იმპერატორი უხვად გასცემდა შესაწირავს ახალი ეკლესიების ასაშენებლად, მათ შორის, რუსეთის საზღვრებს გარეთაც. მისი მმართველობის ხანაში ეკლესიათა რიცხვი, რუსეთში, 10 ათასით გაიზარდა, გაიხსნა 250 ახალი მონასტერი... იმპერატორი თავად ღებულობდა მონაწილეობას ახალი ეკლესიების საძირკვლის ჩაყრასა და სხვა საეკლესიო დღესასწაულებში... ნიკოლოზ II-ის მეფობის წლებში მოხდა უფრო მეტი წმინდანის კანონიზაცია, ვიდრე - უკანასკნელი 2 ასწლეულის განმავლობაში; მათ შორის - ღირსი სერაფიმე საროველისა (1903 წ.).
მიუხედავად მეფის სურვილისა, შეენარჩუნებინა ქვეყანაში მშვიდობა, მისი მმართველობის ხანაში რუსეთი 2 სისხლისმღვრელ ომში აღმოჩნდა ჩათრეული, რამაც ქვეყნის შიდა არეულობაც გამოიწვია.
არაოფიციალურ ვითარებაში მეფესთან ბევრს არ ჰქონია ურთიერთობა, მაგრამ ყველა, ვინც მის ოჯახურ ცხოვრებას პირადად იცნობდა, აღნიშნავდა სამეფო ოჯახის წევრების საოცარ სისადავეს, ურთიერთსიყვარულსა და ურთიერთთანხმობას. ეს იყო მჭიდროდ შეკრული ოჯახი, რომლის ყურადღების ცენტრში ალექსეი ნიკოლაევიჩი იმყოფებოდა. დედას შვილები უდიდესი პატივისცემითა და თავაზიანობით ეპყრობოდნენ. როდესაც იმპერატრიცა ავად ხდებოდა, ქალიშვილები რიგ-რიგობით მორიგეობდნენ დედის ოთახში. ამაღელვებელი იყო შვილების დამოკიდებულება მამის მიმართაც. იგი მათთვის, ერთდროულად, მეფეც იყო, მამაც და ამხანაგიც. მათი გრძნობა მამის მიმართ თითქმის რელიგიურ თაყვანისცემას, სრულ ნდობასა და ყველაზე გულითად მეგობრობას შორის მონაცვლეობდა. ერთადერთი გარემოება, რომელიც გამუდმებით ტანჯავდა სამეფო ოჯახს, უფლისწულის მძიმე ავადმყოფობა იყო.
ნიკოლოზ II-ის ცხოვრება, თავისი ხანგრძლიობითა და სულიერი მნიშვნელობით, ორ არათანაბარ პერიოდად შეიძლება დაიყოს: ხანა მისი მეფობისა და ხანა მისი პატიმრობისა.
წმინდა მართალი, მრავალტანჯული იობის დღეს დაბადებულმა მეფემ ისევე აიღო თავისი ჯვარი, ისევე მტკიცედ, მშვიდად და უდრტვინველად გადაიტანა ყველა მასზე მოვლენილი განსაცდელი, როგორც თავად ბიბლიურმა იობმა.
მამა ათანასე ბელიაევი, რომელიც რეგულარულად აღასრულებდა მსახურებას სამეფო ოჯახისათვის, მათი პატიმრობის პერიოდში, თავის მოგონებებში იმპერატორისა და მისი ოჯახის სულიერი ცხოვრების სიმაღლეს მოწმობს: ”საკუთარი თვალით უნდა ნახოთ, როგორი გულმოდგინებით, სასოებით, ხშირად - მუხლმოდრეკილი, ლოცულობს ყოფილი სამეფო ოჯახი. როგორი მორჩილებით, სიმშვიდით, თავმდაბლობით, მთლიანად ღვთის ნებას მინდობილნი, დგანან მსახურების დროს” - ვკითხულობთ მის მოგონებებში.
დროებითმა მთავრობამ კომისია დანიშნა იმპერატორის საქმიანობის გამოსაკვლევად. მიუხედავად დიდი მცდელობისა, კომისიამ ვერაფერი აღმოაჩინა მეფის გასამტყუნებლად. იგი უდანაშაულო იყო. როდესაც მეფის უდანაშაულობა დამტკიცდა, ნაცვლად იმისა, რომ გაეთავისუფლებინათ სამეფო ოჯახი, დროებითმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, პატიმრები ცარსკოე სელოდან მოშორებით, ტობოლსკში გადაეყვანათ.
იმპერატორის ოჯახის წევრები ღრმად და გულწრფელად განიცდიდნენ იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებიც მაშინდელ რუსეთში, მათ თვალწინ ვითარდებოდა, რასაც მათი წერილები და დღიურები მოწმობს; მაგრამ ამ ტრაგედიას არ წაურთმევია მათთვის სულიერი ძალა, რწმენა და იმედი უფლის წყალობისა.
ტობოლსკიდან პატიმრები გადაიყვანეს ეკატერინბურგში, სადაც მათ სიცოცხლის ბოლო თვეები გაატარეს. ცხოვრების პირობები ეკატერინბურგში გაცილებით მძიმე იყო, ვიდრე - ტობოლსკში. დაცვა 12 კაცისგან შედგებოდა, რომელთაგან, უმრავლესობა, ყოფილი სისხლის სამართლის დამნაშავე იყო. იმპერატორის ოჯახი უდრტვინველად ითმენდა უმძიმეს საცხოვრებელ პირობებს, დაცინვას, უხეშ მოპყრობას, თითქმის - შიმშილს... მაგრამ რწმენა აძლევდა პატიმრებს უდიდეს სულიერ ძალასა და მოთმინებას.
1918 წლის 1 (14) ივლისს მამა იოანე სტოროჟევის მიერ შესრულდა უკანასკნელი ღვთისმსახურება პატიმრებისათვის. ახლოვდებოდა უკანასკნელი საათები. სიკვდილით დასჯისათვის მზადება პატიმრებისაგან ფარულად მიმდინარეობდა.
ღამით, 16-დან 17 ივლისამდე, დაახლოებით სამი საათის დასაწყისში, პატიმრები სარდაფის მსგავს ოთახში ჩაიყვანეს, იმ საბაბით, თითქოს ქალაქში არეულობა იყო და სარდაფში ისინი უსაფრთხოდ იქნებოდნენ. დედოფლის თხოვნით, ოთახში 2 სკამი შემოიტანეს. სკამებზე დედოფალი და ალექსეი ნიკოლაევიჩი დასხდნენ. დანარჩენები აქა-იქ განთავსდნენ. იმპერატორი მემკვიდრის გვერდით ფეხზე იდგა. ყველანი მშვიდად ელოდნენ. ისინი უკვე მიეჩვივნენ ღამეულ განგაშებს. გარეთ შეიარაღებული მკვლელები შეგროვდნენ. თითოეულმა კარგად იცოდა თავისი სამიზნე, მხოლოდ ნიშანსღა ელოდნენ. ამ დროს, კომისარი იუროვსკი ძალიან ახლოს მივიდა იმპერატორთან და უთხრა: ”ნიკოლაი ალექსანდროვიჩ, ურალის საოლქო საბჭოს გადაწყვეტილებით, თქვენ და თქვენი ოჯახი უნდა დაიხვრიტოთ”. ეს ფრაზა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ იმპერატორი თავისი ოჯახისაკენ მიბრუნდა და ხელები გაუწოდა, თითქოს მათი დაცვა უნდოდა. დედოფალმა და ოლგა ნიკოლაევნამ პირჯვრის გამოსახვა სცადეს. ამ დროს იუროვსკიმ ზედიზედ რამდენჯერმე ესროლა იმპერატორს. ეს იყო ნიშანი. ყველამ თითქმის ერთდროულად დაიწყო სროლა. იატაკზე დაცვენილებს სროლითა და ხიშტების დარტყმით უღებდნენ ბოლოს. თითქოს ყველაფერი დამთავრებული იყო, რომ ალექსეი ნიკოლაევიჩმა სუსტად დაიკვნესა. მას კიდევ რამდენჯერმე ესროლეს. თერთმეტი უსულო გვამი ეგდო სისხლის მორევში. მკვლელებმა დახოცილებს ძვირფასეულობის შეხსნა დაუწყეს. ეზოში სატვირთო მანქანა იდგა, რომლის ძრავა კარგა ხნის ჩართული იყო. ძრავის ხმას სროლის ხმა უნდა გადაეფარა. მზის ამოსვლამდე სხეულები ტყეში გადაიტანეს, სოფელ კოპტიაკის მიდამოებში. მკვლელები 3 დღის განმავლობაში ცდილობდნენ თავისი ნამოქმედარის კვალის დაფარვას...
იმპერატორის ოჯახთან ერთად დახვრიტეს მათი მსახურებიც, ისინი, ვინც ბოლომდე მათთან დარჩა.
თაყვანისცემა სამეფო ოჯახისა, დაწყებული პატრიარქ ტიხონის მიერ, წესის აგების ლოცვასა და პანაშვიდზე ნათქვამი სიტყვით, გაგრძელდა, მიუხედავად საბჭოთა პერიოდში გაბატონებული იდეოლოგიისა.
ბევრი ღვთისმსახური და საერო პირი იდუმლად აღასრულებდა ლოცვას სამეფო ოჯახისათვის. იქმნებოდა მათდამი მიძღვნილი ლიტერატურული ნაწარმოებები, მუსიკა, ფილმები... სინოდალურ კომისიაში შედიოდა წინადადებები სამეფო ოჯახის კანონიზაციის შესახებ, დამოწმებული უამრავი სასწაულით: სამეფო ოჯახის წევრთა მიერ ავადმყოფების განკურნებით, დარღვეული ოჯახების აღდგენით... შეიქმნა ხატები იმპერატორისა და მის ოჯახის წევრთა გამოსახულებებით...
წმინდა ტანჯვადამთმენელ სამეფო ოჯახს მრავალი ქრისტიანი მიმართავს ლოცვით და ოჯახის სიმყარეს, შვილების ქრისტიანულად აღზრდას, სიწმინდისა და უმანკოების დაცვას ევედრებიან...
წმინდა ტანჯვადამთმენელი სამეფო ოჯახის ხსენება დაწესებულია წელიწადში ორჯერ: 4 (17) ივლისს, მათი მოკვდინების დღეს, და 25 იანვარს (7 თებერვალს), მათი წმინდანად შერაცხვის დღეს, თუ ეს თარიღი კვირა დღეს ემთხვევა; ხოლო თუ ეს თარიღი კვირა დღეს არ ემთხვევა, მაშინ - 25 იანვრიდან (7 თებერვლიდან) უახლოეს კვირა დღეს. |
|
|
|