|
|
|
სულთმოფენობიდან მერვე კვირიაკე. ხმა მე-7. საკ.: ცისკ. - სახ. მე-8 ინ. 64 დას. XX, 11-18. ლიტ. - 1 კორ. 124 დას. I, 10-18. მთ. 58 დას. XIV, 14-22. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. ლკ. 24 დას. VI, 17-23.
ხსენება ღირსისა ათანასე ათონელისა (+1000) და ექვსთა მოწაფეთა მისთა; მოწამეთა ანასი და კვირილასი (+304); ღირსისა ლამპადი ირინოპოლელისა (+X); აღმოყვანება წმიდა ნაწილთა ღირსისა სერგი რადონეჟელისა (1422)
ღირსი ათანასე ათონელი (ერისკაცობაში აბრაამი) ქალაქ ტრაპეზუნდში დაიბადა. მშობლები ადრე გარდაეცვალა და ობოლზე ზრუნვა ერთმა ღვთისმოშიშმა მონაზონმა იტვირთა. აბრაამი გამზრდელისაგან ქრისტიანული ცხოვრების ჩვევებს იძენდა, ბაძავდა ლოცვასა და მარხვაში. სწავლა მას ძალიან ეადვილებოდა და მალე ცოდნით ბევრად აჯობა თანატოლებს.
დედობილის სიკვდილის შემდეგ ჭაბუკი კონსტანტინეპოლში, ბიზანტიის იმპერატორის, რომანოზ უფროსის, კარზე წაიყვანეს და სახელგანთქმულ რიტორს, ათანასეს, დაუმოწაფეს.
იმ ხანებში კონსტანტინეპოლში ჩამოვიდა ღირსი მიქაელ მალეინი (ხს. 12 ივლისს), კიმინის მონასტრის იღუმენი. აბრაამმა მას უფლისთვის ცხოვრების შეწირვის გულწრფელი სურვილი გაუმჟღავნა. ღირსმა მიქაელმა ჭაბუკში სულიწმინდის რჩეული ჭურჭელი შეიცნო, სიყვარულით აღივსო მის მიმართ და დიდხანს გულმოდგინედ მოძღვრავდა ცხონების საკითხებზე. ერთხელ, სულიერ საკითხებზე საუბრის დროს, მათ შემოესწრო მიქაელის ნათესავი, ნიკიფორე ფოკა, ცნობილი მხედართმთავარი, შემდგომში - იმპერატორი. აბრაამის სულის სიმაღლემ და გონების გამჭრიახობამ მისდამი ღრმა პატივისცემით გამსჭვალა იგი.
მალე აბრაამს მონაზვნური ცხოვრების სურვილი დაუოკებელ სწრაფვად ექცა, მან მიატოვა ყველა და ყველაფერი, კიმინის სავანეს მიაშურა, იღუმენს ფეხებში ჩაუვარდა და ბერად აღკვეცა სთხოვა. წინამძღვარმა სიხარულით შეუსრულა თხოვნა და სახელად ათანასე უწოდა.
ათანასე, ღირსი მიქაელ მალეინის ხელმძღანელობით, შეუდგა მოსაგრეობას: მკაცრად მარხულობდა, ლოცულობდა და საოცარი გულმოდგინებით აღასრულებდა ნებისმიერ მორჩილებას. ღირს ათანასეს სურდა, კვირაში მხოლოდ ერთხელ ეჭამა პური, მაგრამ წმინდა მიქაელმა, მოწაფის ნება რომ აღეკვეთა, უბრძანა, საზრდელი ყოველ მესამე დღეს მიეღო, თან ჭილოფზე დაეძინა და არა სკამზე, როგორც ამას აქამდე აკეთებდა. ნეტარი ათანასე მშვიდად დაჰყვა კურთხევას. მორჩილების საქმეებისგან თვისუფალ დროს იგი წიგნების გადაწერით იყო დაკავებული.
დაუცხრომელი მარხვით, მღვიძარებით, მეტანიებით, ღვთივსათნო მოღვაწეობით, ათანასემ მალე ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ იღუმენმა მდუმარებასა და მონასტრის მახლობლად, განკრძალულ ადგილას, დაყუდებაზე მისცა კურთხევა, თან კანონად დაუდგინა: დღეგამოშვებით ეჭამა გამხმარი პური და მცირეოდენი წყალიც ეხმია, დიდმარხვაში კი საზრდელი მხოლოდ ხუთ დღეში ერთხელ მიეღო, უწინდებურად ზეჯდომით დაეძინა, კვირადღეებსა და საუფლო დღესასწაულებზე კი ლოცვასა და უფლის განდიდებაში ეფხიზლა, მწუხრიდან დღის სამ საათამდე. ნეტარი გულმოდგინედ ასრულებდა კურთხევას, მაგრამ ფარული ღვაწლის სიყვარულმა, ადამიანური დიდების საფრთხემ და შიშმა, რომ წმინდა მიქაელს წინამძღვრობა მისთვის არ გადმოებარებინა, ათანასეს კიმინის მთის დატოვების სურვილი აღუძრა. მან მხოლოდ საკუთარი ხელით გადაწერილი სახარება წაიღო თან და ათონის მთის ყველაზე მივარდნილ ადგილს - მელანას მიაშურა. აქ წმინდანმა მცირე კელია აიგო და შიგ დამკვიდრდა. ღვაწლითა და მოსაგრეობით იგი თანდათან მაღლდებოდა სულიერი კიბის საფეხურებზე და სრულყოფილების მწვერვალს უახლოვდებოდა.
ადამიანთა მოდგმის მტერი ცდილობდა, ათანასეში მოღვაწეობის სიძულვილი გაეღვივებინა და ბოროტი გულისთქმებით აშფოთებდა მას. ნეტარმა გადაწყვიტა, ერთი წელი ეთმინა - უფლის ნების გაცხადებას დალოდებოდა. როცა დათქმული ვადის უკანასკნელ დღეს წმინდა ათანასე ლოცვად დადგა, უეცრად ზეციურმა ნათელმა გააცისკროვნა იგი, გამოუთქმელი სიხარულით აღავსო, დაიწმინდა ავი გულისზრახვებისაგან და თვალთაგან მადლმოსილი ცრემლები გადმოსდინდა. ამ დროიდან მოყოლებული, ათანასე საოცრდ ლმობიერი გახდა, ეს ადგილი კი ისე ძლიერ შეუყვარდა, როგორადაც უწინ სძაგდა. ამ ხანებში ნიკიფორე ფოკამ წმინდა მამას სთხოვა, მისი სახსრებით მონასტერი მოეწყო.
ნეტარ ათანასეს არ სურდა, სული მიწიერი საზრუნავებით დაემძიმებინა და მტკიცე უარს აცხადებდა ოქროს მიღებაზე; მაგრამ შემდეგ, ყოველივე ამაში ღვთაებრივი ნება განჭვრიტა და სავანის შენებაც დაიწყო. მან ორი ტაძარი ააგო: იოანე ნათლისმცემლის და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობისა; მოაწყო კელიები, სატრაპეზო, ქსენონი, დავრდომილთა თავშესაფარი... და წმინდა მთაზე საოცარი მონასტერი გაიმართა.
სავანეში მოდიოდნენ ძმები არა მარტო საბერძნეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც. აქ უმოღვაწიათ დიდ ქართველ მამებსაც: იოანეს (ხს. 12 ივლისს) და ექვთიმეს (ხს. 13 მაისს), იოანე-თორნიკყოფილს (ხს. 12 ივნისს)...
წმინდა იღუმენმა, ძველი პალესტინის სავანეების მიბაძვით, შეადგინა თავისი მონასტრის წეს-განგება. ღვთისმსახურება მთელი სიმკაცრით სრულდებოდა: ვერავინ გაკადნიერდებოდა, ესაუბრა ლოცვის დროს, დაეგვიანა, ან საჭიროების გარეშე გასულიყო ტაძრიდან.
თავად ღვთისმშობელი, ათონის ზეციური დედოფალი, მფარველობდა წმინდანს. იგი მრავალჯერ გამხდარა ღირსი ყოვლადწმინდა ქალწულის ხილვისა. ერთხელ, ღვთის ნებით, მონასტერში საშინელი შიმშილობა ჩამოვარდა. სულითა და ხორცით დაუძლურებული ბერები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებდნენ ლავრას. მარტოდმარტო დარჩენილი ნეტარი ათანასეც, წუთიერად, სულმოკლეობამ შეიპყრო და წასვლა დააპირა, მაგრამ, უეცრად, გზაზე მის შესახვედრად მომავალი ქალი გამოჩნდა ჰაეროვანი თავსაბურავით. ”ვინ ხარ და საით მიდიხარ?” - ჩუმად იკითხა მან. უნებლიე მოწიწების გრძნობით აღვსილი წმინდა ათანასე შედგა. ”მე აქაური ბერი ვარ” - უპასუხა და თავის გასაჭირზე მოუთხრო. ”და პურის ნატეხისთვის ტოვებ ამ სავანეს, რომელსაც განდიდება უწერია მოდგმიდან მოდგმამდე? სად არის შენი სარწმუნოება? გაბრუნდი და მე მიგულე შემწედ!” ”შენ ვინ ხარ?” - ჰკითხა ათანასემ. ”მე დედა ვარ შენი უფლისა”, - მიუგო უცნობმა და წმინდანს უბრძანა, მახლობლად მდებარე ლოდისთვის კვერთხი დაეკრა. ბზარიდან გადმოხეთქა მადლმოსილმა წყარომ, რომელიც დღემდე არ დაშრეტილა.
საძმო იზრდებოდა. ლავრაში სამშენებლო სამუშაოები გრძელდებოდა. ღირსი ათანასე გრძნობდა აღსასრულის მოახლოებას, განჭვრეტის ნიჭით დაჯილდოებულმა ისიც უწყოდა, თუ როგორ გავიდოდა ამ სოფლიდან და ძმებს სთხოვა, ნუ დაბრკოლდებოდნენ იმით, რაც მოხდებოდა. კაცობრივი გონება ხომ უძლურია, შეიმეცნოს ღვთის განგებულება. ძმები საგონებელში იყვნენ ჩავარდნილნი, მაგრამ ვერ სწვდებოდნენ მოძღვრის სიტყვების არსს. ბოლოს, ღირსმა მამამ უკანასკნელად დამოძღვრა და ნუგეში სცა სულიერ შვილებს, კელიაში შევიდა, მანტიით შეიმოსა და დიდხანს ილოცა; შემდეგ გარეთ გამოვიდა და ექვს ძმასთან ერთად მშენებარე ტაძრის გუმბათს მიმართა დასათვალიერებლად. უეცრად საშინელი გრუხუნი გაისმა - სახურავი ჩამოიქცა. ხუთმა ბერმა იქვე განუტევა სული, ხუროთმოძღვარი დანიელი და წმინდა ათანასე კი ცოცხლები დარჩნენ. ყველას ესმოდა, თუ როგორ მოუწოდებდა ნანგრევებში მოყოლილი მამა უფალს: ”დიდება შენდა, ღმერთო! უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე!” აქვითინებულმა ძმებმა ლოდების გადაგორება დაიწყეს, მაგრამ ქვაყრილის ქვეშ მოძღვრის უსულო ცხედარსღა მიაკვლიეს (+1000).
ტროპარი, ხმა 3
ჴორციელი ცხოვრება შენი დაუკვირდა ანგელოსთა გუნდსა, რამეთუ ვითარცა უჴორცო, უხილავად შეერთე, ყოვლად ქებულო, და ეშმაკთა მანქანებანი ყოველნი განაქარვენ, ათანასი, ამის თჳსცა ქრისტემან მოგანიჭნა შენ მდიდრად ნიჭნი საღმრთონი, მამაო ღირსო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცხოვრებად სულთა ჩუჱნთა.
კონდაკი, ხმა 2
ვითარცა უნივთოთა არსებათა მხილველსა სახარულევანსა, მოქმედსა და მაუწყებელსა ჭეშმარიტისასა, გიწოდს შენ სამწყსო შენი, ღმრთის-მეტყველო: ნუ დასცხრები ვედრებად ჩუჱნ ყოველთა-თჳს ჴსნად გარე მოდგომილთა განსაცდელთაგან, რომელნი გიჴმობთ შენ: გიხაროდენ მამაო ათანასი.
წმინდა ანას აიგივებენ აგნია ქალწულთან, რომლის ცხოვრებაც 21 იანვრის საკითხავშია მოთავსებული (+304).
წმინდა მოწამე კვირილა თეოდორე კვირინელთან (ხს. 4 ივლისს) ერთად ეწამა ქრისტესთვის (+310). X-XI საუკუნეების თვენებში იგი კვიპრილად იწოდება.
ღირსი ლამპადი ირინოპოლელი სიჭაბუკეშივე აღიკვეცა ბერად და ღრმა მოხუცებულობამდე მოსაგრეობდა ირინოპოლის მახლობლად, უდაბნოს ერთ გამოქვაბულში. უფალმა თავისი სათნომყოფელი სასწაულებით გააბრწყინვა სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდგომაც (არაუგვიანეს X ს.).
|
ღირსი სერგი რადონეჟელი როსტოვის მახლობლად, სოფელ ვარნიცაში მცხოვრები კეთილმსახური ბოიარების, კირილესა და მარიამის, ოჯახში დაიბადა, 1314 წლის 3 მაისს. მისი ღვთივრჩეულობა ადრევე გაცხადდა: ჯერ კიდევ შვილის შობამდე, საღვთო ლიტურღიის დროს, წმიდა სახარების წაკითხვამდე, ”ქერუბიმების” გალობისას და ასამაღლებელზე, დედამ და მისმა თანამლოცველებმა ცხადად გაიგონეს ჩვილის სამგზისი წამოძახილი მშობლის საშოში: ”წმიდაა წმიდათა”. უფალმა ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს ძე უბოძა. ახალშობილს ბართლომე დაარქვეს. ყრმამ სიცოცხლის პირველი დღეებიდანვე ყველა გააოცა თავისი მარხვით: ოთხშაბათს და პარასკევს დედის რძეს არ ეკარებოდა. ბავშვი არც მაშინ იღებდა დედისგან საკვებს, თუ მას ხორცი ჰქონდა ნაჭამი. როცა ეს შეამჩნია, მარიამმა საერთოდ აღიკვეთა ხორცეულის მიღება. მომავალი წმინდანი შვიდი წლის იყო, როცა სასწავლებლად მიაბარეს. მას მთელი არსებით სწყუროდა სწავლა,მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. შეწუხებული ყრმა დაუცხრომლად ევედრებოდა უფალს, გონება გაეხსნა მისთვის. ერთხელ, მამამ ბართლომე ცხენების საძებნელად მინდორში გაგზავნა. გზად, მუხის ქვეშ, მან ლოცვად დამდგარი უცნობი მღვდელ-მონაზონი შენიშნა, მიუახლოვდა, ქედი მოიდრიკა და მორჩილებით დაუწყო ლოდინი მოხუცის ლოცვის დამთავრებას. ბერმა აკურთხა ბავშვი, აკოცა და ჰკითხა, რა გასჭირვებოდა. ბართლომემ გაუმხილა თავისი სატკივარი - წერა-კითხვას ვერ ვსწავლობო, და შეევედრა, უფლისგან შემწეობა გამოეთხოვა მისთვის. უცნობმა ბავშვს თხოვნა შეუსრულა - ილოცა, შემდეგ კი ჯვარი გადასახა და სანაწილიდან ამოღებული სეფისკვერის ნატეხი გაუწოდა: ”გამომართვი, შვილო, და მიიღე. ეს ღვთის მადლის ნიშნად და წმიდა წერილის გულისხმისყოფად გეძლევა”.
ამ დღიდან ყრმამ წერა-კითხვაც ისწავლა და წაკითხულის საოცარი ანალიზის უნარიც მიემადლა. იგი თავს არიდებდა ბავშვურ გართობებსა და თამაშობებს, გულმოდგინედ ლოცულობდა და მკაცრად მარხულობდა, ოთხშაბათსა და პარასკევს კი საერთოდ არაფერს ჭამდა. თვმდაბალი, სიტყვაძვირი, მშვიდი და ალერსიანი ყრმა მშობლების ნების უსიტყვო აღმსრულებელიც იყო...
დაახლოებით 1328 წელს მომავალი წმინდანის დედ-მამა რადონეჟში გადასახლდა. როცა უფროსი ვაჟიშვილები დაოჯახდნენ, ღირსმა კირილემ და მარიამმა (ხს. 18 იანვარს და 28 სექტემბერს) ხოტკოვის ღვთისმშობლის საფარველის სახელობის სავანეში სქემა შეიმოსეს და, მალე, უფლისთვის სათნო ღვაწლში მიიცვალნენ. ამის შემდეგ, ბართლომემ დაუტევა ეს სოფელი და დაქვრივებულ, შემდეგ კი ბერად შემდგარ უფროს ძმასთან, სტეფანესთან, ერთად, რადონეჟისგან 10 ვერსის დაშორებით, მდინარე კონჩურასთან დაემკვიდრა. ძმებმა ტყე გაკაფეს და საკუთარი ხელით ააგეს კელიები და მცირე ტაძარი, რომელიც ყოვლადწმიდა სამების სახელზე ეკურთხა. ასე ჩაეყარა საფუძველი წმიდა სერგის სახელგანთქმულ ლავრას. სტეფანემ ვერ გაუძლო განდეგილობის სიმძიმეს და მოსკოვის ღვთის განცხადების სავანეს მიაშურა, მარტო დარჩენილი ბართლომე კი 1337 წლის 7 ოქტომბერს ბერად აღიკვეცა სერგის სახელით.
ღირსმა მამამ კიდევ უფრო გაამკაცრა ღვაწლი: წმინდანის კელიის წინ ხშირად დაძრწოდნენ გარეული მხეცები, მაგრამ ნეტარს არაფერს ვნებდნენ. ერთხელ, ღირსმა სერგიმ კელიასთან მოსულ დათვს პური აჭამა, რის შემდეგაც მხეცი ხშირად აკითხავდა ხოლმე. განდეგილი პურის უკანასკნელ ნატეხს უყოფდა მას, ზოგჯერ მთლიანადაც უთმობდა, თვითონ კი მშიერი რჩებოდა. ორი წელი დაჰყო წმიდა მამამ სრულიად მარტოდმარტო, შემდეგ კი, თანდათან, მის ირგვლივ მონაზვნური ცხოვრების მსურველებიც შემოიკრიბნენ. ერთხელ, როცა ნეტარი ღამით, კელიაში ლოცვად დამდგარი უფალს ავედრებდა თავის საძმოს, გაისმა ხმა: ”სერგი!” გაკვირვებულმა წმინდანმა პირჯვარი გადაისახა, სარკმელი გამოაღო და თვალისმომჭრელი ნათლის ფონზე იხილა მშვენიერ ფრინველთა სიმრავლე, რომელთაც გადაეფარათ ლავრა და მისი შემოგარენი. ზეგარდამო ხმამ განაგრძო: ”სერგი, ამ ფრთოსანთა მშვენებასავით მრავალფერი და საკვირველი იქნება მათი სათნოებანი”. 1354 წელს, ხანგრძლივი და მხურვალე ვედრების შემდეგ, სავანის ბერებმა წმინდანი წინამძღვრობაზე დაითანხმეს. ვოლინელმა ეპისკოპოსმა, ათანასემ, მღვდელმონაზვნად დაასხა მას ხელი და იღუმენადაც დაადგნა. წმიდა სერგი ბრძნულად განაგებდა მონასტერს და არა მარტო სიტყვით, საქმითაც კეთილმსახურების მაგალითს აძლევდა ძმებს: შეშას ჩეხავდა, წყალს ეზიდებოდა, სეფისკვერს აცხობდა... ყოველთვის ძალიან ღრიბულად ეცვა - ტილოს ისეთ დაბებკილ ტანსაცმელს ატარებდა, რომლის შემოსვაზეც არც ერთი ძმა არ დათანხმდებოდა. იღუმენი ყველაზე მეტს მუშაობდა, მაგრამ იმასაც ახერხებდა, რომ ყველას შესწეოდა გსაჭირის ჟამს. წმინდანის მოწაფის, ეპიფანეს, სიტყვებით, ღირსი სერგი ”ყველაფერში პირველიც იყო და უკანასკნელიც, მას ვერავინ შეედრებოდა”. ახლადდაარსებულ მონასტერს მატერიალურად ძლიერ უჭირდა: ღვთისმსახურება არყის კვარის შუქზე აღესრულებოდა, ძმები ხის ბარძიმიდან ეზიარებოდნენ, მაგრამ ასეთ სიგლახაკეში ის ისე მდიდარი იყო სულიწმიდის მადლით, რომ ანგელოზები მღვდელმოქმედებისას ხილულად ემსახურებოდნენ. ისეც ხდებოდა, რომ მთელი საძმო პურის ნატეხის გარეშე რჩებოდა და შიმშილობის მძიმე ჟამი დგებოდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი, ყოვლადძლიერი და ყოვლადსახიერი ღვთისადმი სასოება რომ დაენერგა სულიერ შვილებში, ნეტარი სერგი მკაცრად უკრძალავდა მათ სავანიდან გასვლას მონასტრისათვის მოწყალების სათხოვრად. უფალი არ წირავდა მისი წყალობის მოიმედე მამების კრებულს: როცა ისინი, შიმშილისაგან ქანცგამწყდარნი, სასოწარკვეთილების ზღვარს მიეახლებოდნენ, სულიწმიდის მადლით აღძრული ქრისტესმოყვარეები უხვად აგზავნიდნენ მონასტერში პურსა და სხვა საკვებს. სავანის ბერებს არანაირი პირადი საკუთრება არ გააჩნდათ: ყველაფერს, საჭიროებისამებრ, საძმოს საერთო ქონებიდან იღებდნენ და სამონასტრო სამუშაოებშიც თანაბრად მონაწილეობდნენ.
ნეტარი სერგისა და მისი ძმების სიწმიდით გაბრწყინებულმა ცხოვრებამ თანდათან მიიპყრო თანამედროვეთა ყურადღება და მალე ლავრამ მთელს რუსეთში გაითქვა სახელი. წმინდანის სულიერ შვილთაგან ბევრი ბოიარი და თავადი მონასტერს თავისი ქონების ნაწილს სწირავდა, რამაც შესაძლებელი გახადა ახალი, უფრო ფართო ტაძრის აშენება. სავანის სახსრები იზრდებოდა, მაგრამ წმიდა სერგი და მისი ძმები კვლავ ძველებურ სიღატაკეში ცხოვრობდნენ. მდიდარ შემოწირულობებს იღუმენი საქველმოქმედო საქმეებს ახმარდა. განსაკუთრებულ მამობრივ სიყვარულს იჩენდა იგი ობოლთა, გლახაკთა, უპოვართა და მონასტერს შემოვედრებულ მწირთა მიმართ. შიმშილობების ჟამს, წმინდანი აღებდა სავანის ბეღლებს და უხვად ურიგებდა ხორბალს დამშეულებს... ნეტარ ალექსის, მოსკოველ მიტროპოლიტს, სურდა, სიკვდილის წინ მღვდელმთავრის ტახტი ღირსი სერგისთვის გადაებარებინა, მაგრამ წმინდანმა მტკიცე უარი განაცხადა - თავი ასეთი მაღალი ხარისხისთვის უღირსად მიიჩნია.
წმიდა ცხოვრებისა და დაუცხრომელი ღვაწლისათვის ნეტარი სერგი უფალმა განჭვრეტისა და სასწაულმოქმედების ნიჭით დააჯილდოვა. წინასწარმჭვრეტელმა მამამ ურდოსთან ბრძოლის წინ აკურთხა კეთილმსახური მთავარი, დიმიტრი დონელი (ხს. 19 მაისს) და მთელი რუსული მხედრობა და თათრებზე გამარჯვება უწინასწარმეტყველა.
სიკვდილის წინ, წმიდა მამა ღირსი შეიქნა ღვთისმშობლის სასწაულებრივი გამოცხადებისა. ზეციური ნათლით გაბრწყინებული ყოვლადწმიდა ქალწული წმიდა მოციქულების, პეტრესა და იოანე ღვთისმეტყველის თანხლებით წარმოუდგა ნეტარს თავის კელიაში და მისი დაარსებული სავანის აყვავება აღუთქვა. წმიდა სერგიმ 1392 წლის 25 სექტემბერს მშვიდობით მიაბარა სული უფალს. მისი ცხედარი სავანის ტაძრის სამხრეთ კედელთან, საკურთხევლის მახლობლად დაკრძალეს.
1408 წელს, როცა მოსკოვი და მისი შემოგარენი თათართა ურდოებმა მოაოხრეს, წმიდა სამების ლავრაც დაიწვა და დაცარიელდა. უსჯულოთა მოსალოდნელი თავდასხმის წინა ღამეს ღირსი სერგი ეჩვენა თავის მოწაფესა და მემკვიდრეს - იღუმენ ნიკონს, აუწყა მოსალოდნელი უბედურების შესახებ და თან დაამშვიდა, განსაცდელი დროებითია, სავანე აღდგება, კიდევ უფრო აყვავდება და აღორძინდებაო.
წმიდა სამების ახალი ტაძრის მშენებლობის დაწყებამდე, ნეტარი მამა ერთ კეთილმსახურ ერისკაცს წარმოუდგა და სთხოვა, ძმებისთვის ეუწყებინა: ”რატომ მაჩერებთ ამდენ ხანს კუბოში, სადაც მიწა მფარავს და წყალი მაწუხებს”. ეკლესიის საძირკვლის გათხრისას მუშები გადააწყდნენ წმინდანის ლუსკუმას, რომლის ირგვლივ, მართლაც, წყალი იდგა.
1422 წლის 5 ივლისს მღვდელმსახურთა დასის, დიდებულებისა და ხალხის სიმრავლის თანდასწრებით, პატივით ამოასვენეს ნეტარი მამის ნაწილები. როცა კუბო გახსნეს, საოცარი კეთილსურნელება იფრქვეოდა ირგვლივ - არა მარტო ცხედარს, სერგი რადონეჟელის სამოსელსაც კი არ დასტყობოდა გახრწნის კვალი.
წმიდა ეკლესია ღირსი სერგის - უფლის სათნომყოფელი მოსაგრისა და მონღოლთაგან გავერანებულ რუსეთში მონასტრული ცხოვრების ამაღორძინებლის, ხსენებას წელიწადში ორჯერ აღასრულებს: 5 ივლისს - წმინდანის ნაწილთა ამოსვენებისა, და 25 სექტემბერს - მისი მიცვალების დღეს. |
|
|
|