ხსენება ღირსისა სისო დიდისა (+429); მოწამეთა: მარინისა, მართასი, ავდიფაქსისა, ამბაკუმისა, კვირინესი, ვალენტინე ხუცისა, ასტერისა და სხვათა მრავალთა, რომში მომწყდართა (+269); მოწამეთა: ისავრო დიაკონისა, ინოკენტისა, ფელიქსისა, ერმოსისა, ბასილისა, რუფესი და რუფინესი (+III); მოწამეთა კოინტე ფრიგიელისა (+დაახლ. 283); მოწამისა ლუკია ქალწულისა და მისთანა მოწამეთა: რიქსესი, ანტონისა, ლუკიანესი, ისიდორესი, დიონისა, დიოდორესი, ქუთონისა, არონისა, კაპიკესი და სატურისა (+301)
ღირსი სისო დიდი (+429) ეგვიპტის უდაბნოში, ანტონი დიდის (ხს. 17 იანვარს) გამოქვაბულში მოღვაწეობდა. უდაბნოში 60 წლის დაუღალავი მოღვაწეობით ღირსმა სისომ დიდ სულიერ სიმაღლეს მიაღწია და სასწაულთმოქმედების ნიჭი მიემადლა, ისე რომ ერთხელ, თავისი ლოცვით, გარდაცვლილი ყრმაც კი აღადგინა მკვდრეთით.
ღირსი სისო, რამდენადაც მკაცრი იყო საკუთარი თავის მიმართ, იმდენად მოწყალედ ექცეოდა სხვებს და სიყვარულით იღებდა ყველას, ვინც მასთან მიდიოდა. მიმსვლელებს იგი, უპირველეს ყოვლისა, მორჩილებას ასწავლიდა. ერთხელ, როდესაც ერთმა მეუდაბნოემ წმინდანს ჰკითხა, როგორ შეძლო, ღვთის მარადიული ხსოვნისათვის მიეღწია, მან უპასუხა: „ეს ჯერ კიდევ არაფერია, შვილო ჩემო, უმთავრესია - საკუთარი თავი უდარესად მიგაჩნდეს ყოველთა შორის, რადგან ასეთი თვითდაკნინება დედაა სიმდაბლისა“. ბერების შეკითხვაზე, საკმარისია თუ არა ერთი წლის სინანული ცოდვაში ჩავარდნილი ძმისათვის, ღირსმა სისომ მიუგო: „მე მწამს კაცთმოყვარე ღვთის გულმოწყალებისა. თუ ადამიანი მთელი გულით შეინანებს, უფალი მისგან სამი დღის სინანულსაც შეიწირავს“.
როდესაც ღირსი სისო სასიკვდილო სარეცელზე იწვა, გარს შემოხვეულმა მოწაფეებმა შენიშნეს, რომ მის სახეს ნათელი მოეფინა. მათ ჰკითხეს მომაკვდავს, რას ხედავდა. აბბა სისომ უპასუხა, რომ იგი ხედავდა წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს. მოწაფეებმა ჰკითხეს, ვის ესაუბრებოდა იგი? მან უპასუხა, რომ მისი სულის წასაყვანად მოსულ ანგელოზებს ცოტა დროს კიდევ სთხოვდა სინანულისთვის. მოწაფეებმა უთხრეს ღირს სისოს, რომ მას არ ესაჭიროებოდა სინანული. მან კი მორჩილებით უპასუხა: „ჭეშმარიტად არა ვუწყი, სინანულის დასაბამიც თუ მოვიგე...“ ამ სიტყვების შემდეგ, წმინდა მამას სახე უეცრად ისეთი სინათლით გაუბრწყინდა, რომ მოწაფეები ვერ ბედავდნენ, მისთვის შეეხედათ. ღირსმა სისომ მოასწრო, ეთქვა მათთვის, რომ თავად უფალ ღმერთს ხედავდა და მისი წმინდა სული ცათა სასუფეველში გადავიდა.
ტროპარი, ჴმა ა
უდაბნოსა მოქალაქედ, და ჴორცითა ანგელოსად, და სასწაულთა მოქმედად გამოსჩნდი, ღმერთ-შემოსილო მამაო, წმიდაო სისო, მარხვისა, მღვიძარებისა და ლოცვისა მადლი ზეცით მოიგე, და კურნებ უძლურთა სენთა და სულთა, რომელნი სარწმუნოებით შენდა მოივლტიან, დიდება, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდება, რომელმან გვირგვინოსან გყო შენ, დიდება, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.
კონდაკი, ჴმა დ
გამოსჩნდი შენ მოღვაწებითა ქუჱყანასა ზედა ანგელოსად, და განანათლებ, ღირსო, მორწმუნეთა გონებასა ღმრთის-მეცნიერებითა მარადის, ამის-თჳს სარწმუნოებით პატივს-გცემთ შენ, სისო. |