ხსენება მოციქულისა იუდასი, ძმისა უფლისა (+დაახლ. 80); მოწამისა ზოსიმესი (+II); ღირსისა პაისი დიდისა (+V); ღირსისა იოანე განდეგილისა (+VI); ღირსისა პაისი ხილენდარელისა (+XVIII)
წმინდა მოციქული იუდა, 12 მოციქულთაგანი, მეფე დავითისა და სოლომონის ჩამომავალი, იოსებ მართლის შვილი იყო, პირველი ცოლისგან.
წმინდა მოციქული, იოანე ღვთისმეტყველი, თავის სახარებაში, წერს: ”რამეთუ არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი” (ინ. 7, 5). წმინდა თეოფილაქტე, ბულგარეთის მთავარეპისკოპოსი, ამ სიტყვებს ამგვარად განმარტავს: უფალი იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დასაწყისში იოსების ძეებს, მათ შორის იუდას, არ სჯეროდათ მისი ღვთაებრივი არსობისა. გადმოცემა ცხადყოფს, რომ როდესაც ეგვიპტიდან დაბრუნებული მართალი იოსები შვილებისთვის მიწის გაყოფას შეუდგა, მან მოინდომა, ერთი წილი იესოსთვისაც მიეცა. ძმები წინ აღუდგნენ ამას და მხოლოდ უფროსმა, იაკობმა, მიიღო იესო თავის მიწაზე, როგორც თანამფლობელი, და ამისთვის ეწოდა მას ძმა უფლისა. მოგვიანებით, იუდამ ირწმუნა უფლისა, მთელი გულით აღიარა იგი, როგორც მესია და იესო ქრისტეს 12 უახლოესი მოწაფისა და მოციქულის რიცხვში იქნა მიღებული. ახსოვდა რა თავისი ცოდვა, იუდამ არ სცნო თავი ღირსად, უფლის ძმა ეწოდებინათ მისთვის და თავის ეპისტოლეში თავს მხოლოდ იაკობის ძმად მოიხსენიებს.
წმინდა მოციქულ იუდას სხვა სახელებიც ჰქონდა: მათე მახარებელი მას უწოდებს: ”ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს” (მთ., 10, 3), წმინდა მარკოზ მახარებელი მას, ასევე, თადეოსად იხსენიებს (მკ. 3, 18); საქმე მოციქულთაში კი იუდა მოიხსენიება ბარსაბას სახელით (საქმ., 15, 22).
უფლის ამაღლების შემდეგ, იუდა მოციქული სახარების საქადაგებლად გაემართა. იგი ქრისტიანულ სარწმუნოებას ავრცელებდა, თავდაპირველად, იუდეაში, გალილეაში, სამარიაში და იდუმეაში, შემდეგ - არაბეთის, სირიისა და მესოპოტამიის ქვეყნებში; ბოლოს კი - ქალაქ ედესაში. არის გადმოცემა, რომ წმინდა მოციქული იუდა სპარსეთშიც ქადაგებდა და სწორედ იქ დაწერა თავისი ეპისტოლე, რომელშიც მოკლედ გადმოსცა სიღრმისეული ჭეშმარიტება. ეპისტოლე მოიცავს დოგმატულ სწავლებას წმინდა სამებაზე, იესო ქრისტეს განკაცებაზე, კეთილი და ბოროტი ანგელოზების გარჩევაზე, საშინელ სამსჯავროზე. ზნეობრივი კუთხით, მოციქული უქადაგებს მორწმუნეებს, თავი დაიცვან უწმინდური ცხოვრებისაგან, კეთილსინდისიერად აკეთონ მათზე დაკისრებული საქმე, გულმოდგინედ ილოცონ, ჰქონდეთ რწმენა და სიყვარული, გზადაბნეულები ცხონების გზისკენ მოაქციონ და თავი დაიცვან მწვალებელთა სწავლებისაგან. მოციქული იუდა გვასწავლის, რომ მხოლოდ რწმენა არ არის საკმარისი ცხონებისათვის, აუცილებელია, მორწმუნემ კეთილი საქმეებიც აკეთოს, თანახმად სახარებისეული სწავლებისა.
წმინდა მოციქული იუდა მოწამეობრივად აღესრულა, დაახლოებით, 80 წელს, სომხეთში, ქალაქ არატში, სადაც იგი ჯვარს აცვეს და ისრებით დაცხრილეს.
ტროპარი, ჴმა ა
ნათესავად ქრისტესა, ჰოი იუდა, და მჴნედ მოწამედ, საღმრთოდ გქადაგებთ შენ, საცთურისა უჩინო მყოფელად, და სარწმუნოებისა დამმარხველად, რომლისა თჳსცა დღეს ყოვლად წმიდისა ჴსენებისა შენისა მედღესასწაულენი ცოდვათაგან ჴსნასა მოველით ლოცვითა შენითა.
კონდაკი, ჴმა ბ
პავლეს თანამზრახველად გამოსჩნდი, მოციქულო, და მის თანა ქადაგება მოგვითხრენ ჩუჱნ საღმრთოჲსა მადლისა, საიდუმლოთა მეტყველო, იუდა ნეტარო, ამის-თჳს გიღაღდებთ შენ: ნუ დასცხრები ვედრებად წინაშე ღმრთისა ჩუჱნ ყოველთა-თჳს.
სხუა კონდაკი, ჴმა ბ
გონებითა მტკიცითა მოწაფედ რჩეულად გამოსჩნდი შენ, და გოდლად უბრძოლველად ქრისტეს ეკკლესიისა, და წარმართთა უქადაგე სახარება ქრისტესი, და რწმუნებად სიტყვისა ერთითა ღუთაებითა, რომლისა მიერ იდიდე, და მოიხვენ ნიჭნი კურნებათანი სენთა კურნებად, რომელნი მოვივლტით შენდა მომართ, მოციქულო იუდა ყოვლად ქებულო. |