ხსენება ღირსისა თომა მალეელისა (+X); ღირსისა აკაკისა, „კიბესა“ შინა მოხსენიებულისა (+VI); მოწამეთა:პერეღრინესი, ლუკიანესი, პომპისა, ისვიქისა, პაპიანესი, სატორნინესი და გერმანოსი (+II); ღირსმოწამეთა: ეპიქტეტე ხუცისა და ასტიონე მონოზონისა (+290); მოწამისა ევანგელესი (+III-IV); მოწამისა კვირიაკესი (+IV)
ღირსი აკაკი სინაელი
ღირსი თომა მალეელი ბერად შედგომამდე მხედართმთავარი იყო. ახოვანი რაინდი ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა ბრძოლის ველიდან, არც დიდება და პატივი აკლდა, მაგრამ ქრისტეს სიყვარულმა და სურვილმა, მხოლოდ უფალს სათნოჰყოფოდა, დააძლევინა ყოველივე წარმავალის სიყვარული და ბერად აღიკვეცა.
ღვთაებრივი ტრფიალებით აღძრული ბერი გამოცდილ ბერმონაზვნებს აკითხავდა და მდაბლად ითხოვდა მათგან სულიერ დამოძღვრას. რამდენიმე წლის შემდეგ თომამ მეუდაბნოე ცხოვრებაზე მიიღო კურთხევა და წმინდა ელია წინასწარმეტყველის სასწაულებრივი გამოცხადებით გამხნევებულმა, მალეის მთას მიაშურა (ათონის აღმოსავლეთი ნაწილი).
ნეტარი თომას სიწმიდით გაბრწყინებული ცხოვრება ახლომახლო მკვიდრთ შეუმჩნეველი არ დარჩენიათ: წმინდანის ირგვლივ თანდათან შემოიკრიბნენ სულიერი მოღვაწეობის მსურველები და წმინდა მამა ბერმონაზონთა დიდი მოძღვარი და მასწავლებელი შეიქნა.
უფალმა თავისი სათნომყოფელი კურნებისა და სასწაულთქმედების ნიჭით დააჯილდოვა.
ღირსი თომა მალეელი მშვიდობით მიიცვალა X საუკუნეში.
ღირსი აკაკი მორჩილი (სინაელი, ”კლემაქსს” შინა მოხსენიებული) - „ჭაბუკი... წრფელი ბუნებითა და ბრძენი გონებითა“ ასიის ერთ-ერთ მონასტერში მოღვაწე ფრიად უდები და ფიცხი ბერის მორჩილებაში იმყოფებოდა. მრისხანე ბერი „არათუ ოდენ გინებითა და შეურაცხებითა, არამედ ცემითა და გვემითა მარადღე სტანჯვიდა მას“. წმინდა მამას, იოანე საბაწმინდელს, უთქვამს: „მე ვხედევდ მას მარადდღე გვემასა შინა ფრიადსა და ჭირსა მსგავსად მონისა, სყიდულისა“. ჭაბუკი ყველაფერს სულგრძელებით და მადლობით ითმენდა.
აკაკიმ ცხრა წელი დაჰყო უწყალო ბერთან და მიიცვალა. „დამარხეს იგი სამარხოსა მამათასა“. დასაფლავებიდან ხუთი დღის შემდეგ აკაკის მრისხანე მოძღვარი იმავე მონასტერში დაყუდებულ ერთ წმინდა მამასთან მივიდა და მწუხარებით ამცნო სულიერი შვილის გარდაცვალება. პასუხად მიიღო: „გრწმენინ, ბერო, არა მრწამს, თუმცა მომკვდარ იყო იგი“. მაშინ აკაკის მოძღვარმა ახალ საფლავთან მიიყვანა ბერი. წმინდა მამამ სოფლიდან გასულს ჩასძახა: „ძმაო აკაკი, მოკვედაა?“ ნეტარმა კი სიკვდილის შემდგომაც მორჩილება გამოიჩინა - საფლავიდან გაისმა: „ვითარ შესაძლებელ არს, მამაო, სიკვდილი მორჩილისა“. ეს რომ ესმა, მწარე სინანულმა შეიპყრო მორჩილი ბერის სულიერი მამა და „დავარდა პირსა ზედა თჳსსა დიდითა ტირილითა“. ამის შემდეგ იგი აკაკის სამარესთან დამკვიდრდა და ყველა მნახველს სიმდაბლით ეუბნებოდა: „კაცის კვლა მიქმნიეს“.
ეს გადმოცემა თავის „სათნოებათა კიბეში“ მოთმინებისა და მორჩილების მაგალითად მოიყვანა ღირსმა იოანე კიბისაღმწერელმა (ხს. 30 მარტს/12 აპრილს). |