under_menu
left_bar_header

radio iveria
tv



სულთმოფენობიდან მეცხრე შვიდეული. ხმა მე-8. ოთხშაბათი. მარხვა. საკ.: ლიტ. - 1 კორ. 154 დას. XIII, 4 - XIV, 5. მთ. 80 დას. XX, 1-16. მოწ. - 2 ტიმ. 292 დას. II, 1-10. ლკ. 63 დას. XII, 2-12.

day_icon   

ხსენება მოწამისა მირდატ მეფისა (410); დიდისა მოწამისა პროკოპი პალესტინელისა (303). გამოცხადება ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატისა ქალაქსა ყაზანს (1579).



წმიდა მოწამე მირდატ მეფე 

წმიდა მოწამე მირდატ მეფე იყო ძე ქართლის მეფის ვარაზ-ბაკურისა. იგი ბაბუამ, დედის მამამ, თრდათ მეფემ აღზარდა. მორწმუნე, ბრძენი და გონიერი პაპა მომავალ ხელმწიფეს ღვთისა და ერის სიყვარულს ასწავლიდა და უნერგავდა. მირდატიც ყრმობიდანვე გამოირჩეოდა სამეფო თვისებებით. ახოვნება, სიმხნე და უშიშრობა ბავშვობიდანვე დაჰყვა საქართველოს უფლისწულს. მას არც სიქველე და გონიერება აკლდა. მოზღვავებულმა ძალმოსილებამ საკუთარ ვაჟკაცობასა და სიმხნეზე მინდობილ მეფეს დიდი მიზანი, ქართლის სამეფოს სრული განთავისუფლება და გაძლიერება დაასახვინა. მირდატ მეფე „მტერ ექმნა ბერძენთა და სპარსთა“. სამშობლოს სიყვარულით გულანთებული ხელმწიფე ბიზანტიისაგან დაპყრობილი ტაო-კლარჯეთის დაბრუნებას ესწრაფვოდა - „ბერძენთაგან ეძიებდა კლარჯეთსა, საზღვართა ქართლისასა“, ხოლო სპარსეთს კი ქვეყნის შინაურ საქმეებში ჩარევის უფლებას არ აძლევდა და მისთვის ხარკის გადახდაზეც ცივ უარს აცხადებდა. მოკლედ რომ ვთქვათ, მეფე მირდატი იმდროინდელი მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოებს, რომლებიც საქართველოს მოსაზღვრედ მდებარეობდნენ, ერთდროულად დაუპირისპირდა და თავისი ქვეყნის სრული დამოუკიდებლობის მოპოვებისა და გაძლიერებისთვის დაუცხრომელად იღვწოდა. ბუნებრივია, საქართველოს დაკარგვასა და მასზე გავლენის შესუსტებას არც ბიზანტია და არც სპარსეთი დიდხანს არ შეურიგდებოდნენ და სპარსთა მეფემ ძლიერი მხედრობა გამოაგზავნა ქართველთა მეფის დასასჯელად. მირდატმა „არა ჰრიდა სიმრავლესა სპარსთასა“, მოძალადეებს მცირედი მხედრობით გარდაბანთან მიეგება და ფიცხელი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ თავდადებულ ქართველთა შიშველი შემართება საკმარისი არ აღმოჩნდა მტრის აურაცხელ და კარგად აღჭურვილი ურდოს დასამარცხებლად. ქართველთა ლაშქარმა ბრძოლა წააგო, ხოლო თავად მირდატ მეფე კი მტერმა ტყვედ ჩაიგდო და მაშინვე ბაღდადს, სპარსეთის ხელმწიფის კარზე წაიყვანეს. ტყვედ ჩავარდნილ ქართველ გვირგვინოსანს სპარსთა მეფემ მაშინვე რჯულის გამოცვლა მოსთხოვა, მაგრამ ცივი უარი მიიღო. ბევრი ტანჯეს და აწამეს სპარსელებმა მირდატი, უხვ წყალობასა და დიდებასაც დაჰპირდნენ, მაგრამ ამაოდ, ქართველთა გაუტეხელმა ხელმწიფემ ქრისტიანობის ღალატს ისევ ტყვედ დარჩენა ამჯობინა. ბორკილდადებული და ნატანჯი მირდატი სპარსელებმა ბაღდადის ციხეში ჩააგდეს, სადაც მცირე ხნის შემდეგ აღესრულა კიდეც (410 წ.). ასე დაამთავრა თვისი სიცოცხლე ქრისტიანობისა და საქართველოსათვის წამებულმა კიდევ ერთმა ქართველმა გვირგვინოსანმა. თავის ერზე უსაზღვროდ შეყვარებულმა მირდატმა სიცოცხლეში ვერ მოასწრო ეკლესია-მონასტრების შენება, რადგან გამუდმებით ბრძოლებში გართულს, ალბათ განზრახული ჰქონდა, რომ სამშობლოს განთავისუფლების შემდეგ მიეხედა ერის სულიერ-ზნეობრივ სატკივართათვის. საყვედურობს კიდეც ჟამთააღმწერელი: „არცა აღაშენა ეკელსიაჲ, არცა ჰმატა შენებულთაო“, მაგრამ ღმერთმა გაამჟღავნა ქრისტესადმი მისი უსაზღვრო სიყვარული და საკუთარი სიკვდილის ფასად თავდადებულმა მეფემ აგვიგო ზეცაში ხელთუქმნელი ტაძარი, საიდანაც ისევე მხურვალედ ლოცულობს ჩვენთვის, როგორც იბრძოდა ჩვენი ქვეყნის მტერთა წინააღმდეგ.

მოამზადა თეიმურაზ საგანელიძემ
გაზეთი „აღსავალი“ №15 2004 წ

 

წმინდა დიდმოწამე პროკოპი (ერისკაცობაში - ნეანი), წარმოშობით იერუსალიმიდან, ცხოვრობდა და ეწამა იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მმართველობის ხანაში. მისი მამა, დიდგვაროვანი რომაელი, სახელად ქრისტოფორი, ქრისტიანი იყო; დედა, ფეოდოსია, კი - წარმართი. ნეანის მამა ადრე გარდაიცვალა და მისი აღზრდა მთლიანად დედამ იტვირთა. ყრმამ მშვენიერი საერო განათლება მიიღო, დიოკლეტიანეს მმართველობის პირველსავე წელს მის წინაშე იქნა წარდგენილი და მალევე მიაღწია წარმატებას იმპერატორის კარზე. 303 წელს, ქრისტიანთა დევნა რომ დაიწყო, ნეანი, როგორც იმპერატორის წარმომადგენელი, ალექსანდრიაში გაგზავნეს ქრისტიანთა დაუნდობელი დევნის ბრძანებით. ეგვიპტის გზაზე, ასურეთის ქალაქ აპამეის მახლობლად, ნეანს გამოეცხადა თავად უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, როგორც ოდესღაც - სავლეს, დამასკოს გზაზე. ნეანის ღვთაებრივი ხმა ჩაესმა: ”ნეანი, შენც მოდიხარ ჩემს წინააღმდეგ?” ნეანიმ ჰკითხა: ”ვინ ხარ შენ, უფალო?” ”მე ჯვარცმული იესო ვარ, ძე ღვთისა”. ამავდროულად, ზეცაში გამოჩნდა ჯვარი, რომელიც ნათელს გამოსცემდა. ხილვის შემდეგ ნეანიმ გულში საოცარი სიხარული და სულიერი მხიარულება იგრძნო და მდევნელიდან ქრისტეს ერთგულ მიმდევრად გადაიქცა. მას შემდეგ ნეანიმ შეიყვარა ქრისტიანები და მხოლოდ წარმართთა წინააღმდეგ იბრძოდა.

წმინდა მოწამეზე აღსრულდა სიტყვა მაცხოვრისა: ”მტერი კაცისა - სახლეული მისი” (მთ. 10, 36). მისი წარმართი დედა თავად მივიდა იმპერატორთან და შვილი დაასმინა. ნეანი იუდეის პროკურატორ იუსტუსთან დაიბარეს და საზეიმოდ გადასცეს დიოკლეტიანეს ეპისტოლე. ნეანიმ წაიკითხა ღვთის მგმობელი სიტყვებით აღსავსე ეპისტოლე და მდუმარედ გადახია. ეს უკვე დანაშაული იყო, რომელსაც რომაელები ”მეფის შეურაცხყოფად” მიიჩნევდნენ. ნეანი შეიპყრეს და ბორკილდადებული გადაიყვანეს პალესტინის კესარიაში, სადაც ოდესღაც პავლე მოციქული იტანჯებოდა. საშინელი წამების შემდეგ წმინდანი ნესტიან ჯურღმულში ჩააგდეს. ღამით ციხის ოთახი საოცარი სინათლით გაბრწყინდა და თავად იესო ქრისტემ, რომელიც ნეანის წინაშე ანგელოზებთან ერთად წარდგა, მონათლა წამებული და პროკოპი უწოდა.

წმინდა პროკოპი მრავალჯერ წარადგინეს სამსჯავროს წინაშე და წამების ძალით აიძულებდნენ, უარეყო ქრისტიანობა. წმინდანის სიმტკიცემ მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. ბევრი, პროკოპის ყოფილ მცველთაგან, ასევე, რომაელი ჯარისკაცები, თავის ტრიბუნებთან, ნიკოსტრატოსთან და ანტიოქესთან ერთად, მოწამეობრივად აღესრულნენ. მოწამეობრივად აღესრულნენ, აგრეთვე, თორმეტი ქრისტიანი დედაკაცი, რომლებიც თავად მივიდნენ კესარიის პრეტორიუმის კართან. იხილა რა ქრისტიანთა ამგვარი რწმენა და შვილის სიმტკიცე, ფეოდოსიამ შეინანა თავისი საქციელი, ქრისტიანთა რიგებში ჩადგა და ქრისტესთვის ეწამა. ბოლოს, ახალმა პროკურატორმა, ფლავიანემ, იხილა რა წამების უნაყოფობა, წმიდა პროკოპის ხმლით თავის მოკვეთა მიუსაჯა. ღამით ქრისტიანებმა ჩუმად აიღეს წამებულის ცხედარი და პატივით დაკრძალეს († 303).

ტროპარი, ჴმა დ

მოწამემან შენმან, უფალო, პროკოპი, ღვაწლსა შინა თჳსსა გვირგვინი მოიღო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუჱნისა, რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამჴვა, და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი.

კონდაკი, ჴმა ვ

ხედ ცხოვრებისად სულსა შორის თჳსსა სარწმუნოება შენი მოიგო, ქრისტე, მოწამემან შენმან, და იქმნა ედემს სამოთხისა უპატიოსნეს, და ხე გველისა საცთურისა წარსწყმიდა კადნიერებითა სულისათა, ამის-თჳსცა გვირგვინოსან ჰყავ დიდებითა შენითა, მრავალ მოწყალე.


right_bar_header

<  კვირა 5/9/2010  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მეთხუთმეტე კვირიაკე. ხმა მე-6. საკ.: ცისკ. - სახ. მე-4 ლკ. 112 დას. XXIV, 1-12. ლიტ. - 2 კორ. 176 დას. IV, 6-15. მთ. 92 დას. XXII, 35-46. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
წარგზავნა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულისა. ხსენება წმ. მოწამისა ლუპესი; მღვდელმოწამისა ირინეოსისა, ლიონელი ეპისკოპოსისა; ღირსთა ევტიქისა და ფლორენტისა; მღვდელმთავრისა კალინიკესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა.