ხსენება ორმოცდახუთი მოწამისა, სომხეთის ნიკოპოლისს წამებულთა: ლეონტისა, მავრიკისა, დანიელისა, ანტონისა, ალექსანდრესი, იანიკითესი, სისინისა, მენევსისა, ბირილადესი და სხვათა (დაახლ. + 319); მოწამისა აპოლონისა (+III); მოწამისა ვიანორესი და სილოანესი (+IV); ღირსთა ეგვიპტელ მეუდაბნოეთა, ცეცხლითა და კვამლით მომწყდართა (+დაახლ. 398)
წმინდა ორმოცდახუთი მოწამე ეწამა სომხეთის ქალაქ, ნიკოპოლში, კონსტანტინე დიდის თანამმართველის, იმპერატორ ლიკინიის (307-324) მმართველობის ხანაში. ლიკინი სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. მან ბრძანება გასცა თავის რეგიონში, სასტიკად ეწამებინათ ყველა, ვინც არ დაუბრუნდებოდა წარმართობას. როდესაც ნიკოპოლში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ორმოცზე მეტმა ქრისტიანმა გადაწყვიტა, ნებით მისულიყვნენ მდევნელებთან, ეღიარებინათ თავისი სარწმუნოება და მოწამეობრივი აღსასრული მიეღოთ. წმინდა მოწამეებს წინ უძღოდნენ: ლეონტი, მავრიკი, დანიელი, ანტონი და ალექსანდრე. სომხეთის ოლქის იგემონი, ლისი, გაოცებული იყო მის წინაშე წარმდგარ ქრისტიანთა ერთსულოვნებითა და სიმამაცით. იგი ეცადა, დაერწმუნებინა ისინი, უარეყოთ ქრისტე და წარმართული კერპებისთვის შეეწირათ მსხვერპლი, მაგრამ წმინდანები ურყევნი იყვნენ და წარმართობის ცრუსწავლებას ამხელდნენ. იგემონმა ბრძანა, წმინდანებისთვის ქვებით დაეჩეჩქვათ სახეები, შემდეგ კი შეებორკათ და ჯურღმულში ჩაეყარათ.
საპყრობილეში წმინდანები სიხარულით გალობდნენ დავითის ფსალმუნებს. წმინდა ლეონტი ამხნევებდა და ამტკიცებდა რწმენისმიერ ძმებს, მოუთხრობდა ქრისტესთვის ადრე წამებულთა სიმამაცეზე და ამგვარად, ახალი სატანჯველისთვის ამზადებდა მათ. მეორე დილით, წმინდანებს კვლავ შესთავაზეს, მსხვერპლი შეეწირათ კერპებისთვის და უარის მიღებისთანავე ხელახალი სატანჯველისთვის გადასცეს. წმინდა ლეონტი, ხედავდა რა მოწამეთა ტანჯვას, ლოცულობდა და უფალს ევედრებოდა, ძალა და მხნეობა მიეცა მოწამეებისათვის და მათი აღსასრული დაეჩქარებინა.
ღამით, როდესაც მოწამეები ფსალმუნებს გალობდნენ, მათ უფლის ანგელოზი გამოეცხადათ. საპყრობილე სინათლემ მოიცვა. ანგელოზმა განუცხადა მოწამეებს, რომ მათი წამება დასასრულს უახლოვდებოდა და მათი სახელები უკვე ჩაწერილი იყო ზეცაში. ორმა მცველმა, მენევსმა და ვირილადმა, იხილეს რა მომხდარი, იწამეს ქრისტე. მეორე დილას, მმართველმა გადაწყვიტა, სიკვდილით დაესაჯა ქრისტეს მოწამეები. სასტიკი წამების შემდეგ, ისინი ცეცხლში დაწვეს, ხოლო მათი ძვლები მდინარეში ჩაყარეს. კეთილმორწმუნე ქრისტიანებმა იპოვნეს ძვლები, შეაგროვეს და შეინახეს. მოგვიანებით, როდესაც ქრისტეს ეკლესიას თავისუფლება მიეცა, იმ ადგილას 45 მოწამის სახელობის ეკლესია აღმართეს.
ტროპარი, ჴმა დ
მოწამეთა შენთა, უფალო, ღვაწლსა შინა თჳსსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუჱნისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერ ძალი, და მძლავრი დაამჴვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა ქრისტე ღმრთო აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი.
კონდაკი, ჴმა ჱ
სატანჯველთა მრავალთა მიეცენით ქრისტეს-თჳს მოწამენო, და სამსახურებელნი იგი კერპთანი დაამჴვენით, და დაარღვიეთ ყოველივე უღმრთოებისა საცთური ძალითა ქრისტესითა, და დასთრგუნეთ, და ჩუჱნ ყოველთა სარწმუნოდ და ცხადად გვასწავეთ გალობად: ალლილუია. |