under_menu
left_bar_header

radio iveria
tv



სულთმოფენობიდან მეცხრე კვირიაკე. ხმა მე-8. საკ.: ცისკ. - სახ. მე-9 ინ. 65 დას. XX, 19-31. ლიტ. - 1 კორ. 128 დას. III, 9-17. მთ. 59 დას. XIV, 22-34. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.

day_icon   

ხსენება ღირსთა მამათა ჩვენთა იოანესი (988) - ღირსი ეფთვიმე ათონელის მამისა და გაბრიელისა, ათონელთა (X); მოწამეთა პროკლესი და ილარისა (II); ღირსისა მიქაელ მალეელისა (962); მოწამისა ღოლინდუხტი აღმსარებელისა, რომელსა ეწოდა მარიამ (591).









ღირსნი მამანი ჩვენნი, ათონელნი: 
იოანე - ექვთიმეს მამა და გაბრიელი (X)
12 (25) ივლისი

საქართველოს სამოციქულო ეკლესია ერთად იხსენებს წმიდა ათონის მთაზე ქართველ სასულიერო მოღვაწეთა სავანის დამაარსებელ მამებს - ღირს იოანესა და გაბრიელს.

ნეტარი მამა იოანე (ერისკაცობაში ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი) დაიბადა სამცხეში დაახ. 920 წელს. წმიდანის მამა, საქართველოს მეფის დავით კურაპალატის კარზე დაახლოებული დიდებული იყო. იოანეს ბავშვობიდანვე საუკეთესო განათლება მიაღებინეს: „სიყრმითგან თვისით განსწავლულ იყო თავისუფლისა ხელოვნებათა და გონიერ გონებითა და გულისხმისყოფითა, მეცნიერი ენისა ელინთასა და სხვათაცა ენათა ზედმიწევნულობით სწავლული და აღსავსე სიბრძნითა და შიშითა ღვთისათა“.

წმიდა იოანე მამის მაგივრად საერო სამსახურში ჩადგა. ყველა ამქვეყნიური პატივი და ბედნიერება უხვად მომადლა ღმერთმა ნეტარს: ჰყავდა ცოლ-შვილი, ჰქონდა სიმდიდრე და გარშემორტყმული იყო მოსიყვარულე და ერთგული მეგობრებითა და მეფის სიყვარულით, მაგრამ მან ქრისტეს სიყვარულის გამო დატოვა ამქვეყნიური დიდება, პატივი, ოჯახი, ცოლ-შვილი, ნათესავები და ფარულად მიაშურა ლავრას დიდებულთა ოთხთა ეკლესიათა.

მამა იოანეს ცოლ-შვილი მოსავლელად სიმამრმა აბუჰარბმა და ცოლისძმებმა წაიყვანეს. როდესაც მეფის კარზე გაიგეს იოანეს მონაზვნად აღკვეცის ამბავი, ის მამების კურთხევით საბერძნეთში გაემგზავრა და ულუმბოს მთის ერთ-ერთ მონასტერში შეუდგა მოღვაწეობას.

ამასობაში საბერძნეთის იმპერატორმა ზემო ქვეყნები მისცა დავით კურაპალატს, სანაცვლოდ, ერთგულების ნიშნად, ამ ქვეყნებიდან აზნაურთა შვილები მოითხოვა მძევლებად. მამა იოანეს ნათესავებმა სხვებთან ერთად იოანეს ძე - ექვთიმეც მიჰგვარეს ბერძენთა მეფეს. იოანემ ეს რომ გაიგო, კონსტანტინოპოლს წავიდა და იმპერატორს გამოსთხოვა თავისი შვილი, სიმამრსაც უსაყვედურა: „რაჲ არს ესე? ნუუკუე შვილი არა გესხნესა თქუენ? გარნა ესე ხცად არს, რომელი მათ სწყალობდით, ვითარცა თჳსთა შვილთა და ძე ჩემი, ვითარცა ობოლი, მძევლად გასწირეთ! გარნა უფალმან შეგინდვენ თქუენ!“

მამა იოანემ თავისი ძე, ყრმა ექვთიმე (ხს. 13 მაისს) წაიყვანა და რამდენიმე სხვა მოწაფესთან ერთად ათონის მთაზე წავიდა (დაახ. 965 წელს); აქ წმიდა ათანასეს ლავრაში დაემკვიდრა და ორი წელი მორჩილებაში გაატარა.

ამ დროს წმიდა იოანესთან მივიდა ცნობილი ქართველი მხედართმთავარი თორნიკე ერისთავი (ხს. 12 ივნისს), ბერად აღიკვეცა იოანეს სახელით და წმიდა ათანასეს კურთხევით ლავრაში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ.

ათანასეს ლავრას იმდენმა ქართველმა მიაშურა, რომ იოანე იძულებული გახდა, ლავრისგან მოშორებით საკუთრად ქართველებისათვის აეშენებინა ეკლესია იოანე მახარებლის სახელზე. ეკლესიასთან ერთად ივერიელებმა სენაკებიც ააგეს საცხოვრებლად.

ამის შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, როცა საბერძნეთის მეფეებს, ბასილისა და კონსტანტინეს ბარდა სკლიაროსი განუდგა და ძლიერ შეავიწროვა. იმპერატორების დედამ, თეოფანიამ, წერილი გაუგზავნა ათონელ მამებს და სთხოვა, თორნიკე სასახლეში მისულიყო. თორნიკეს საერო საქმეში ჩარევა არ უნდოდა, მაგრამ, იოანესა და ათანასეს რჩევით, გამოცხადდა საბერძნეთის სამეფო კარზე და დედოფლის თხოვნით დავით კურაპალატს ეახლა საქართველოში.

დავით კურაპალატმა გაიხარა საყვარელი სპასალარის ხილვით, დედოფლის თხოვნაც შეასრულა და დამხმარე ლაშქარს თორნიკე დაუნიშნა სარდლად. ცხოვრებისაგან გადგომილ ბერს შეეშინდა ურჩობით უფალი არ გაენაწყენებინა და კვლავ სპასალარის უფლებით სათავეში ჩაუდგა ქართველთა მხედრიონს.

ღვთის შეწევნით, აჯანყებული ბარდა სკლიაროსი დამარცხდა. გამარჯვებაში ლომის წილი ქართველთა ლაშქარმა შეიტანა. ბრძოლის ველიდან წამოღებული ნადავლი, დავით კურაპალატის სურვილით, იოანე-თორნიკემ ათონის წმიდა მთაზე წაიღო. „მამანი სიხარულით მიეგებნეს და ამბორი ჰყვეს და ჰმადლობდეს ღმერთსა, რომელმან კვალად მოაქცია მშვიდობით“.

ორი ღირსეული მამის მოღვაწეობამ ისე მოამრავლა მთაწმინდაზე ქართველები, რომ წმიდა იოანემ და თორნიკემ თავს იდვეს ახალი ეკლესია-მონასტრების აშენება. სულ მალე ათონზე ორი ეკლესია აშენდა: ერთი - ღვთისმშობლისა, მეორე კი - იოანე ნათლისმცემლის სახელზე. ღირსმა მამებმა მთაწმინდის სხვა ეკლესია-მონასტრებსაც გაუწოდეს დახმარების ხელი.

ბრძოლის ველზე დაუმარცხებელმა სარდალმა და უხილავ მტერზე გამარჯვებულმა იოანე-თორნიკყოფილმა მშვიდად ჩააბარა სინანულით განწმენდილი სული უფალს.

თორნიკეს გარდაცვალების შემდეგ მამა იოანეს წმიდა მთაზე ჩამოვარდნილი შუღლის გამო იქ ცხოვრება გაუძნელდა და გადაწყვიტა, რამდენიმე მოწაფესთან ერთად სხვაგან წასულიყო სამოღვაწეოდ, მაგრამ ბერძენთა მეფის თხოვნით ისევ ათონზე დარჩა.

მამა იოანე ნეკრესის ქარებით დაავადდა და „მრავალთა წელთა ცხედართა ზედა დავრდომილი მდებარე იყო და ფრიადთა ტკივილთა მოითმენდა“. სიკვდილის წინ მან იხმო თავისი შვილი წმიდა ექვთიმე და მონასტრის წინამძღვრობა გადააბარა. შემდეგ, როგორც უკვე წინამძღვარს, სთხოვა, შეენდო მისთვის ადამიანური სისუსტეები და დაუბარა, თავის შემდგომ გიორგისთვის (სხ. 18 ივლისს) გადაეცა წინამძღვრობა, დალოცა მამები და ძმები, ნეტარი ექვთიმეც „აკურთხა... ზეგარდამოჲთა კურთხევითა და ჴელთა შინა მისთა წმიდაჲ სული თჳსი ღმერთსა შეჰვედრა კურთხევითა და ჴელთა შინა მისთა წმიდაჲ სული თჳსი ღმერთსა შეჰვედრა და მშჳდობით მას ზედა დაწვა და დაიძინა“.

ღირსმა ექვთიმემ ჯეროვანი პატივით შემოსა მამის წმიდა ცხედარი, შემდეგ კი მის საფლავზე წმიდა მთავარანგელოზთა ეკელსია ააშენა.

წმიდა გაბრიელ ქართველი ათონის მთაზე მოღვაწე ბერი იყო, ის ზაფხულობით მიუვალ კლდეებში ცხოვრობდა, ხოლო ზამთრობით სავანეში ჩადიოდა და იქაც მდუმარების ღვაწლში იმყოფებოდა, მარადჟამს ძაძა ემოსა და ბალახით იკვებებოდა, იყო ჭეშმარიტად კაცი ზეცისა და ანგელოზი ქვეყნისა.

როგორც ვარაუდობდნენ წმიდა გაბრიელ ქართველი, ერისკაცობიდანვე იცნობდა წმიდა იოანე და იოანე-თორნიკეს, ისიც დიდებულთა გვარიდან იყო, წმიდა გაბრიელმა იმდენად განაგდო მისგან ყოველივე ამქვეყნიური, რომ მისი ცხოვრებიდან ჩვენც მხოლოდ მისი მოღვაწეობის ზოგადი სახე და მსოფლიოსთვის ცნობილი სასწაულების შესახებ ვიცით მხოლოდ.

ერთხელ, საღამოს, ათონელმა ბერებმა ზღვაზე ნათელი სვეტი იხილეს. ეს ხილვა რამდენიმე დღეს გაგრძელდა. წმიდა მთის მამები შეიკრიბნენ, ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ზეციური ნათელი ღვთისმშობლის ხატს ადგა. მამები ნავით შევიდნენ ზღვაში, მაგრამ როცა მიუახლოვდნენ, „შორს ივლტოდის ბრწყინვალება იგი მათგან და იყვნენ მჭმუნვარე ამისთვის“. ბერები ლოცვად დადგნენ და უფალს შეჰღაღადეს, გამოეცხადებინა თავისი წმიდა ნება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა მამებს და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ქართველი იყო ღირსი მისი წმიდა ხატის გამოყვანებისა, იმავდროულად იგი გამოეცხადა ღვთიᐠუთხრა: „შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წყალობას თქვენი სავანისადმი“.

მამები მივიდნენ ივერთა მონასტერში, მოიკითხეს და მოძებნეს მთაში დაყუდებული მონაზონი. ბერებმა წმიდა მამა ზღვაში შეუშვეს. ცეცხლმნთებარე ხატიც მიუახლოვდა წმიდა გაბრიელს. მან წმიდა ხატი გულზე მიიქვა, ფეხით გაიარა ტალღებზე და სიწმინდე ნაპირზე გამოაბრძანა. იმ ადგილას, სადაც ხატი დაასვენეს, მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა, რომელიც დღემდე აგრილებს სიცხისგან დაღლილ ბერებს და მლოცველებს.

ეს სასწაული აღესრულა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.

ზღვიდან გამოსვენებული ხატი ივერთა მონასტრის საკურთხეველში შეასვენეს. მეორე დილით კანდელის ასანთებად მისულ ბერს ღვთისმშობლის ხატი იქ აღარ დახვდა. შეშინებულმა მამებმა ხატი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს, ჩამოაბრძანეს და ისევ საკურთხეველში შეასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა წმიდა გაბრიელს და უთხრა: „გამოუცხადე ძმათა, რათა ამიერიდან უმეტეს არღარა განმხდიდნენ მე, რამეთუ მე მნებავს არა იგი, რათა მიცავდეთ თქვენ, არამედ რათა თვით მე გფარვიდეთ თქვენ, არა მხოლოდ ამა ცხოვრებასა შინა, არამედ მომავალსაცა და ვიდრემდე იხილვებოდეს სავანესა ამას შინა ხატი ჩემი, არა მოგაკლდეს თქუენ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა“.

ბერები გამოუთქმელი სიხარულით აღივსნენ, იქვე ააგეს პატარა ტაძარი სადიდებლად ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და საკვირველთმოქმედი ხატი შიგ დაასვენეს.

დღეს ათონის ივერთა მონასტერში ბრძანდება ხატი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, ივერიისად წოდებული, რომელიც მთელი ათონის გულად ითვლება, მონასტრის შესასვლელში არის დიდი ხატი ივერონის დამაარსებელი ქართველი ბერებისა: იოანესი, ექვთიმესი და გიორგისა, რომლებსაც, როგორც ქტიტორებს, ყოველთვის იხსენიებს მთელი ათონის მთა. იქ ყველას უყვებიან საოცარი ქართველი ბერის - გაბრიელის შესახებ, იქვეა ქართველთა საძვალეც, იოანე-თორნიკყოფილის ჯაჭვის პერანგი და უამრავი ქართული ხელნაწერი.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ

 


day_icon   

წმიდა გაბრიელ ქართველი ათონის მთაზე მოღვაწეობდა. ზაფხულობით ის მიუვალ კლდეებში ცხოვრობდა, ხოლო ზამთრობით სავანეში ჩადიოდა და იქაც მდუმარების ღვაწლში იმყოფებოდა, მარადჟამს ძაძა ემოსა და ბალახით იკვებებოდა. იგი იყო, ჭეშმარიტად, კაცი ზეცისა და ანგელოზი ქვეყნისა.

როგორც ვარაუდობენ, წმიდა გაბრიელ ქართველი ერისკაცობიდანვე იცნობდა წმიდა იოანესა და იოანე-თორნიკესწმიდა გაბრიელ ქართველიც დიდებულთა გვარიდან იყო, მაგრამ მან იმდენად განაგდო ყოველივე ამქვეყნიური, რომ მისი ცხოვრებიდან ჩვენთვის მხოლოდ მისი მოღვაწეობის ზოგადი სახე და მის მიერ აღსრულებული სასწაულებია ცნობილი.

ერთხელ, საღამოს, ათონელმა ბერებმა ზღვაზე ნათლის სვეტი იხილეს. ეს ხილვა რამდენიმე დღეს გაგრძელდა. წმიდა მთის მამები შეიკრიბნენ, ზღვის ნაპირზე ჩავიდნენ და ნახეს, რომ ზეციური ნათელი ღვთისმშობლის ხატს ადგა. მამები ნავით შევიდნენ ზღვაში, მაგრამ რამდენჯერაც ხატს მიუახლოვდნენ, „შორს ივლტოდის ბრწყინვალება იგი მათგან და იყვნენ მჭმუნვარე ამისთვის“. ბერები ლოცვად დადგნენ და უფალს შეჰღაღადეს, გამოეცხადებინა თავისი წმიდა ნება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა მამებს და აუწყა, რომ მხოლოდ გაბრიელ ქართველი იყო ღირსი მისი წმიდა ხატის გამოყვანებისა. იმავდროულად, იგი გამოეცხადა გაბრიელ ბერსაც და უბრძანა: „შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და ყველა იხილავს ჩემს სიყვარულს და წყალობას თქვენი სავანისადმი“.

მამები მივიდნენ ივერთა მონასტერში, მოიკითხეს და მოძებნეს მთაში დაყუდებული მონაზონი. ბერებმა წმიდა მამა ზღვაში შეუშვეს. ხატი თავადვე მიუახლოვდა წმიდა გაბრიელს. მან გულზე მიიქვა ხატი, ფეხით გაიარა ტალღებზე და სიწმინდე ნაპირზე გამოაბრძანა. იმ ადგილას, სადაც ხატი დაასვენეს, მაკურნებელმა წყარომ ამოხეთქა, რომელიც დღემდე აგრილებს სიცხისგან დაღლილ ბერებსა და მლოცველებს.

ეს სასწაული აღესრულა ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს.

ზღვიდან გამოსვენებული ხატი ივერთა მონასტრის საკურთხეველში შეასვენეს. მეორე დილით კანდელის ასანთებად მისულ ბერს ღვთისმშობლის ხატი იქ აღარ დახვდა. შეშინებულმა მამებმა ხატი მონასტრის კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს, ჩამოაბრძანეს და ისევ საკურთხეველში შეასვენეს. ასე განმეორდა რამდენჯერმე. ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა წმიდა გაბრიელს და უთხრა: „გამოუცხადე ძმათა, რათა ამიერიდან უმეტეს არღარა განმხდიდნენ მე, რამეთუ მე მნებავს არა იგი, რათა მიცავდეთ თქვენ, არამედ რათა თვით მე გფარვიდეთ თქვენ, არა მხოლოდ ამა ცხოვრებასა შინა, არამედ მომავალსაცა და ვიდრემდე იხილვებოდეს სავანესა ამას შინა ხატი ჩემი, არა მოგაკლდეს თქუენ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა“.

ბერები გამოუთქმელი სიხარულით აღივსნენ, იქვე ააგეს პატარა ტაძარი, სადიდებლად ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და საკვირველთმოქმედი ხატი შიგ დაასვენეს.

დღეს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, ივერიისად წოდებულიათონის ივერთა მონასტერშია დაბრძანებული

კონდაკი მამათა ათონისათა, ჴმა გ

უაღრეს არსებისა კაცთასა განაბრწყინვეთ შრომაჲ თქუენი, და ქუჱყანა აღვსეთ კეთილ მსახურებისა წერილითა, ანგელოსნი განკვირდეს თქუჱნსა ზედა შესწორებულსა მათსა უბიწოებასა, ხოლო კაცნი ბაძვად თქუჱნდა აღადგინენით, რამეთუ ყოვლითურთ საკვირვოჲ აჩუჱნეთ საქმენი, მამანო, მნათობნო ყოვლისა სოფლისანო.

 

 

წმიდა მოწამენი, პროკლე და ილარიოსი, წარმოშობით კალიპტას დასახლებიდან (ანკვირის მახლობლად), იმპერატორ ტრაიანეს (98-117) მმართველობის ხანაში ეწამნენ. პირველად შეიპყრეს პროკლე და მმართველ მაქსიმეს წინაშე წარადგინეს, სადაც მან გაბედულად აღიარა თავისი სარწმუნოება. მმართველმა გადაწყვიტა, ეიძულებინა წმინდანი, უარეყო თავისი სარწმუნოება და თაყვანი ეცა კერპებისათვის. წამების დროს, პროკლემ უწინასწარმეტყველა მაქსიმეს რომ მალე ის თავად გახდებოდა იძულებული, ეღიარებინა იესო ქრისტე, როგორც ჭეშმარიტი ღმერთი. წმინდანი აიძულეს, სირბილით გაჰყოლოდა მამრთველის ეტლს, რომელიც კალიპტის დასახლებაში მიდიოდა. ქანცგაწყვეტილი პროკლე შეევედრა უფალს, შეეჩერებინა ეტლი. მართლაც, ღვთის ძალით, ეტლი გაჩერდა და ვერანაირი ძალით ვერ შეძლეს მისი ადგილიდან დაძვრა. მასში მჯდომი მმართველი თითქოს გაქვავდა და უმოძრაოდ დარჩა, სანამ წმინდანის მოთხოვნით, საკუთარი ხელით არ დაწერა იესო ქრისტეს აღიარების ქარტია. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო მან გზის გაგრძელება.

შერცხვენილმა წარმართთმა სასტიკად გადაუხადა სამაგიერო პროკლეს: მრავალი ტანჯვის შემდეგ, მან ბრძანა, ქალაქგარეთ გაეყვანათ წმინდანი, მოძებზე მიებათ და ისრებით დაეცხრილათ. მეომრები, რომლებსაც პროკლე განაჩენის აღსასრულებლად მიჰყავდათ, სთხოვდნენ მას, დამორჩილებოდა მმართველს და ამ გზით სიცოცხლე შეენარჩუნებინა, მაგრამ წმიდანმა უთხრა მათ, შეესრულებინათ, რაც ნაბრძანები ჰქონდათ.

გზაზე მათ შეხვდათ წმიდა პროკლეს ძმიშვილი, ილარიოსი. იგი აცრემლებული გადაეხვია მოწამე ბიძას და თავადაც აღიარა, თავისი ქრისტიანობა. მეომრებმა შეიპყრეს იგი და საპყრობილეში ჩასვეს. წმიდა პროკლე, ისრების წვიმის ქვეშაც, თავისი მტანჯველებისთვის ლოცულობდა და ასე, ლოცვით მიაბარა სული უფალს.

წმიდა ილარიოსმა, სამსჯავროს წინაშე, ისევე გაბედულად და უშიშრად აღიარა ქრისტე, როგორც ბიძამისმა. სატანჯველის შემდეგ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. წმიდა ილარიოსს შეუკრეს ხელები და ფეხებით ათრიეს ქალაქის ქუჩებში. წმიდა პროკლეს დასჯიდან 3 დღის შემდეგ წმიდა ილარიოსსაც თავი მოჰკვეთეს. ქრისტიანებმა ისინი ერთად, ერთ სამარეში დაკრძალეს.

 

ტროპარი, ჴმა დ

 

ღმერთო მამათა ჩუჱნთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუჱნ ზედა კეთილსა სახიერებასა შენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუჱნგან, არამედ მათითა მეოხებითა მშვიდობით განაგე ცხოვრებაჲ ჩუჱნი.

 

კონდაკი, ჴმა დ

 

მსგავსად ვარსკვლავისა მის მთიებისა აღმოგვიბრწყინდა ჩუჱნ მოწამეთა პროკლეს და ილარიოს, პატიოსანნი ღვაწლნი, განმანათლებელად ჩუჱნდა სასწაულთა ნათლითა, ამის-თჳს ვდღესასწაულობთ ჴსენებასა მათსა და ვიტყვით: ევედრენით ქრისტესა ღმერთსა, რათა აცხოვნეს სულნი ჩუჱნნი.

 

day_icon   

წმიდა მიქაელი, ერისკაცობაში - მანუილი, დაახლოებით, 894 წელს დაიბადა, კაბადოკიის ქრისტიანულ ნაწილში. იგი მდიდარი და კეთილშობილი ოჯახიდან იყო. მის მშობლებს დიდხანს არ ჰყავდათ შვილი და ლოცვით გამოსთხოვეს იგი უფალს. ღირსი მანუილი ბავშვობიდან გამოირჩეოდა ღვთისმოსაობითა და ცოდნის სიყვარულით. განსაკუთრებული მოწადინებით იგი წმიდა წერილს სწავლობდა. წმ. მიქაელმა ბრწყინვალე განათლება მიიღო და იმპერატორ ლევ ბრძენის (886-911) კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობა დაიკავა. იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ, წმ. მიქაელი დაემორჩილა თავის დიდი ხნის გულითად სურვილსა და მონაზვნური ცხოვრებისადმი სწრაფვას და კარის ამაოებით სავსე ცხოვრება მიატოვა.

ღირსი მიქაელი ბითვინიისაკენ გაემართა და ათონის მახლობლად, კიმინის მონასტერში, მამა იოანე ელადელის მეთვალყურეობით დაიწყო მოღვაწეობა. მამა იოანემვე აღკვეცა იგი ბერად. წმიდა მიქაელმა, თავისი მოღვაწეობით, წინასწარმეტყველების ნიჭი მოიპოვა. იგი იყო ყველას მოყვარული და თანამგრძნობი. არ შეეძლო, დახმარებისა და ნუგეშის გარეშე დაეტოვებინა გასაჭირში მყოფი ადამიანი. მისი მხურვალე ლოცვით მრავალი სასწაული აღესრულებოდა.

დრო რომ გავიდა, წმ. მიქაელმა კურთხევა სთხოვა მოძღვარს გამოქვაბულში განმარტოებულ მოღვაწეობაზე. კვირის ხუთ დღეს ატარებდა იგი გამოქვაბულში, ლოცვასა და მარხვაში და მხოლოდ შაბათ-კვირას მიდიოდა მონასტერში, ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მისაღებად და საზიარებლად. წმ. მიქაელი, თავისი მოღვაწეობით, მრავალ ადამიანს იზიდავდა. მასთან უწყვეტად მიდიოდნენ ისინი, ვისაც გადარჩენა სურდა. მაშინ მან უდაბნო ადგილას, რომელსაც მშრალი ტბა ერქვა, მონასტერი დააარსა, მკაცრი ტიპიკონით, თავად კი მოშორებულ ადგილას წავიდა, მაგრამ მალე იქაც დააარსა მონასტერი. გავიდა ხანი და მთელი კიმინის მთა ბერული სავანეებით მოიფინა, სადაც განუწყვეტელი ლოცვა მიმდინარეობდა.

წმ. მიქაელი, სიცოცხლის ბოლომდე ანგელოზებრივი სიწმიდითა და თავშეკავებით ცხოვრობდა. იგი გამუდმებით მარხულობდა, გამონაკლისს მხოლოდ საუფლო დღესასწაულები წარმოადგენდა და აგრეთვე, ის დღეები, როდესაც წმინდანი შეუძლოდ იყო. თავდაპირველად, ბერად რომ აღიკვეცა, იგი 2 დღეში ერთხელ იღებდა საჭმელს. შემდეგ, მოღვაწეობის შუახანებში, მხოლოდ 5 დღში ერთხელ ჭამდა, ხოლო სიცოცხლის დასასრულს - 12 დღეში ერთხელ ღებულობდა საკვებს. მისი შესამოსელი იყო უხეში და უბრალო.

 

წმიდა მიქაელის ზედამხედველობით, ბერულ ცხოვრებას სწავლობდა ღირსი ათანასეც (+1000, ხს. 5/18 ივლისს), ათონის ლავრის მომავალი დამაარსებელი.

 

წმიდა მიქაელი გარდაიცვალა 962 წელს.

ტროპარი, ჴმა ჱ

შენ შორის, საკვირველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯუარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხ ყოფასა ჴორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა, ვითარცა უკუდავისა არსებისასა, რომლისა თჳსცა ანგელოსთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო მიხაილ.

კონდაკი, ჴმა ბ

ჴორციელი სიმძიმე დააწვლილენ საქმითა, ხოლო სულიერი მკვეთელობაჲ მოიგე განწმედითა, მიხაილ, და გამოსჩნდი სამებისა სამკვიდრებელ, რომლისაცა მხედველ იქმენ ცხადად, მას ევედრე, ნეტარო, დაუცხრომელად ჩუჱნ ყოველთა-თჳს.


right_bar_header

<  კვირა 5/9/2010  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მეთხუთმეტე კვირიაკე. ხმა მე-6. საკ.: ცისკ. - სახ. მე-4 ლკ. 112 დას. XXIV, 1-12. ლიტ. - 2 კორ. 176 დას. IV, 6-15. მთ. 92 დას. XXII, 35-46. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
წარგზავნა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულისა. ხსენება წმ. მოწამისა ლუპესი; მღვდელმოწამისა ირინეოსისა, ლიონელი ეპისკოპოსისა; ღირსთა ევტიქისა და ფლორენტისა; მღვდელმთავრისა კალინიკესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა.