ხსენება წმიდა მოწამეთა, კვირიკესი და ივლიტასი; მოწამისა ავუდიმოსი (+IV); მოციქულთა სწორისა, ვლადიმირისა, წმიდა ნათლისღებით ვასილისა, რუსეთის მთავრისა (+1015)
წმიდა მოწამენი, კვირიკე და ივლიტა, მცირე აზიის ქ. იკონიაში (ლიკაონის მხარე) ცხოვრობდნენ. წმიდა ივლიტა, წარმოშობით, კეთილშობილი ოჯახიდან იყო. იგი ადრე დაქვრივდა და თავის 3 წლის ბავშვს, კვირიკეს, მარტო ზრდიდა. ივლიტა ქრისტიანი იყო. დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნა რომ დაიწყო, ივლიტა, ყრმა კვირიკესთან და 2 ერთგულ მონა ქალთან ერთად, ქალაქიდან წავიდა, დატოვა რა თავისი სახლი, ქონება და მონები.
მათხოვრის სახით, იგი, თავდაპირველად, სელევკიაში იმალებოდა, შემდეგ კი - ტორსში. დაახლოებით 305 წელს წმიდა ივლიტა იცნეს, შეიპყრეს და მმართველ ალექსანდრეს სამსჯავროზე წარადგინეს. უფლის მიერ მხნეობამიცემული ივლიტა უშიშრად პასუხობდა მსაჯულთა კითხვებს და თავის სარწმუნოებას მტკიცედ აღიარებდა. მმართველმა ბრძანა, წმინდანი კეტებით ეცემათ. წამების დროს წმიდა ივლიტა იმეორებდა: ”მე ქრისტიანი ვარ და არ შევწირავ მსხვერპლს ეშმაკებს.”
პატარა კვირიკე ტიროდა, დედის ტანჯვას რომ უყურებდა და მისკენ მიიწევდა. მმართველი ალექსანდრე ცდილობდა, მოფერებოდა პატარას, მაგრამ იგი გაურბოდა მას და ყვიროდა: ”გამიშვით დედასთან, მე ქრისტიანი ვარ”. მმართველმა ბავშვი ფიცარნაგის სიმაღლიდან ქვის საფეხურებზე ისროლა. ბიჭუნა საფეხურებზე ჩაგორდა და სული განუტევა. დედამ, იხილა რა თავისი დასისხლიანებული შვილი, მადლობა შესწირა უფალს, რომ მან ღირს-ყო პატარა, მოწამის გვირგვინით შეემკო თავი. მრავალი სასტიკი წამების შემდეგ, წმიდა ივლიტას ხმლით თავი მოჰკვეთეს.
კვირიკესა და ივლიტას წმიდა ნაწილები წმიდა მოციქულთასწორი მეფის, კონსტანტინეს (+337, ხს. 21 მაისს), დროს იქნა მოპოვებული. მათ სახელზე კონსტანტინეპოლში აიგო მონასტერი, იერუსალიმის მახლობლად კი - ტაძარი. ხალხის რწმენით, წმიდა კვირიკესა და ივლიტას ევედრებიან ოჯახური ბედნიერებისა და ავადმყოფი ბავშვების განკურნებისთვის.
ტროპარი, ჴმა დ
მოწამეთა შენთა, უფალო, ღვაწლსა შინა თჳსსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუჱნისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერ ძალი, და მძლავრი დაამჴვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩუჱნნი.
კონდაკი, ჴმა დ
მკლავთა ზედა ეტვირთა ქრისტეს მოწამე კჳრიკე ივლიტას, და განმჴნობილი, სტადიონსა შინა ჴმობდა სიხარულით: ქრისტე არს ჭეშმარიტად სიქადულ მოწამეთა. |