მღვდელმოწამისა ათენაგენი ეპისკოპოსისა და ათთა მისთა მოწაფეთა (+დაახლ. 311); მოწამეთა: პავლესი, და მისთანა ორთა დათა ალევტინასი (ვალენტინასი) და ქიონიასი (+308); მოწამისა ანტიოხი მკურნალისა (+IV); მოწამისა იულია ქალწულისა (+დაახლ. 440 ან 613)
წმიდა მოწამე ათენაგენი და მისი ათი მოწაფე ეწამნენ ქრისტესათვის ქ. სებასტიაში, ქრისტიანთა დევნისას. მმართველმა ფიოლომარქემ დიდი დღესასწაული მოაწყო წარმართი კერპების თაყვანსაცემად და უბრძანა სებასტიის მცხოვრებთ, მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის. სებასტიის მცხოვრებლებმა, რომელთა უმრავლესობა ქრისტიანი იყო, უარი თქვეს უღვთო დღესასწაულში მონაწილეობის მიღებაზე. მეომრებმა ხალხის გვემის ბრძანება მიიღეს და ამ გვემისას მრავალი გახდა ღირსი, მოწამის გვირგვინით შეემკო თავი.
მმართველს ამცნეს, რომ სებასტიაში ქრისტიანობის ასე ფართოდ გავრცელების მიზეზი ეპისკოპოს ათენაგენის ქადაგება იყო. მან ბრძანა, მოეძებნათ იგი და სამსჯავროზე წარედგინათ. წმიდა ათენაგენი და მისი ათი მოწაფე ქალაქის მალობლად, პატარა მონასტერში ცხოვრობდნენ. მონასტერში მისულმა მეომრებმა ვერ ნახეს ათენაგენი და მისი მოწაფეები შეიპყრეს. მმართველმა ბრძანა, შეებორკათ ისინი და საპყრობილეში ჩაესვათ.
წმიდა ათენაგენი თავად მივიდა სებასტიაში და მსაჯულს უსაყვედურა უდანაშაულოთა შეპყრობის გამო. წმინდანი შეიპყრეს. საპყრობილეში იგი ამხნევებდა თავის სულიერ შვილებს და მოწამეობრივი ღვაწლისთვის ამზადებდა. სამსჯავროზე ყველა ქრისტიანმა მხნედ აღიარა თავისი სარწმუნოება და უარი თქვა კერპთათვის მსხვერპლის შეწირვაზე. სასტიკი წამების შემდეგ წმიდა ათენაგენის მოწაფეებს თავები მოჰკვეთეს. მოწაფეების დასჯის შემდეგ, ჯალათებს წმიდა ათენაგენის წამება უბრძანეს. უფლისმიერ მხნეობამოცემულმა ათენაგენმა ღირსეულად გადაიტანა სატანჯველი. მისი ერთადერთი სათხოვარი იყო, სასჯელი მონასტერში აღესრულებინათ.
მართლაც, წმიდა ათენაგენი მონასტერში მიიყვანეს, სადაც მან სამადლობელი ლოცვა აღავლინა უფლის მიმართ. იგი ევედრებოდა უფალს მის მომხსენიებელთა და მოწაფეთა ცოდვების მისატევებლად.
უფალმა ღირს-ყო წმინდანი, სიკვდილის წინ ესმინა მისი ხმა და სიტყვები, რომლებიც ჯვარცმულმა უფალმა უთხრა ავაზაკს: ”დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა”. წმიდა მოწამემ თავად მოუდრიკა ქედი მახვილს. |