under_menu
left_bar_header

radio iveria
tv



სულთმოფენობიდან მეშვიდე შვიდეული. ხმა მე-5. ხუთშაბათი. პეტრე-პავლობის მარხვა. საკ.: ლიტ. - 1 კორ. 138 დას. VII, 24-35. მთ. 61 დას. XV, 12-21. ღირ. მოწ. - 2 კორ. 181 დას. VI, 1-10. ლკ. 33 დას. VII, 36-50.

day_icon   

ხსენება ღირსმოწამისა ფებრონია ქალწულისა (+დაახლ. 304);

 

ღირსმოწამე ფებრონია ქალწული დიოკლეტიანეს (284-305) მეფობაში გაბრწყინდა მოწამეობრივი აღსასრულით. იგი იზრდებოდა ქალაქ სივაპოლის (ასურეთის ოლქი) მონასტერში, რომლის წინამძღვარიც იყო იღუმენია ბრიენა, წმინდა ფებრონიას დეიდა. იღუმენიამ, ზრუნავდა რა დისწულის ცხონებაზე, სხვა მონაზვნებთან შედარებით, მას უფრო მკაცრი კანონი დაუწესა. მონასტრის წესდების მიხედვით, პარასკევობით დები მორჩილების საქმეებს აღარ აღასრულებდნენ და დღეს ლოცვასა და წმინდა წერილის კითხვაში ატარებდნენ. ჩვეულებრივ, წინამძღვარი კითხვას წმინდა თებრონიას ავალებდა ხოლმე.

როცა ნეტარი ქალწულის კეთილმსახური ცხოვრების შესახებ ქალაქში ხმა გავრცელდა, მასთან სიარული დაიწყო დიდგვაროვანმა წარმართმა ქვრივმა, იერიამ. ფებრონიამ შეჭირვებულ ახალგაზრდა ქალს ხსნის გზა დაანახა, რის შემდეგაც იგი მოინათლა და მშობლები და ახლობლებიც აზიარა ქრისტეს ნათელს.

გამხეცებულმა დიოკლეტიანემ ასურეთში ქრისტიანების ამოსაჟლეტად მეომართა რაზმი გაგზავნა ლისიმაქოსის, სელინისა და პრიმის მეთაურობით. სელინი, ლისიმაქოსის ბიძა, მართლმადიდებელთა გააფთრებული სიძულვილით გამოირჩეოდა, თავად ლისიმაქოსი კი, ღვთისმოყვარე დედის აღზრდილი, თანაუგრძნობდა მათ. კეთილგონიერი მხედართმთავარი თავის ნათესავს, პრიმს, შეუთანხმდა, შეძლებისდაგვარად დაეცვათ ქრისტიანები მტარვალთა ძალმომრეობისაგან. როცა რაზმი სავანეს მიუახლოვდა, მოწესეები გაიხიზნენ. მონასტერში დარჩნენ მხოლოდ იღუმენია ბრიენა, მისი თანაშემწე თომაიდა და წმინდა ფებრონია, რომელიც მძიმედ ავადმყოფობდა. იღუმენია ძლიერ წუხდა, რომ მისი დისწული უღმრთოთა ხელში ვარდებოდა და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, დაეცვა და ქრისტიანულ სარწმუნოებაში განემტკიცებინა იგი. სელინმა ბრძანა, ყველა მონაზონი მოეგვარათ მისთვის, მაგრამ პრიმმა მხედრებთან ერთად სავანეში ვერავინ იპოვა ორი მხცოვანი დედისა და წმინდა ფებრონიას გარდა. იგი მათმა დანახვამაც ძლიერ შეაწუხა და მონაზვნებს შესთავაზა, დაეტოვებინათ მონასტერი. დებმა არ ისურვეს მოღვაწეობის ადგილის დატოვება.

პრიმმა ლისიმაქოსს წმინდა ფებრონიას საოცარი სილამაზე აღუწერა და ურჩია, ცოლად შეერთო იგი. ლისიმაქოსმა კი უპასუხა, არ მსურს ქრისტეს შევედრებულ ქალწულთა ცთუნებაო და სთხოვა, სადმე გადაემალა დარჩენილი მონაზვნები, რომ ისინი სელინის ხელში არ ჩავარდნილიყვნენ. ერთ-ერთმა მეომარმა გაიგონა ეს საუბარი და სელინს მიუტანა ამბავი. წმინდა ფებრონია ხელებშეკრული და ქედზე ჯაჭვდადებული მიჰგვარეს უსჯულო მხედართმთავარს. მან ქალწულს შესთავაზა, წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა, სანაცვლოდ კი პატივი, ჯილდოები და ლისიმაქოსთან ქორწინება აღუთქვა. ნეტარმა დედამ მტკიცედ მიუგო, მე მარადიული სასიძო მყავს და არანაირ მიწიერ სიკეთეზე მას არ გავცვლიო. ამისთვის სელინმა საშინლად აწამა იგი. წმინდანი მხურვალედ ლოცულობდა: „მაცხოვარო ჩემო, ნუ დამიტევებ ამ საშინელი განსაცდელიმს ჟამს!“ მარტვილს დიდხანს გვემდნენ, ჭრილობებიდან ღვარად მოსჩქეფდა სისხლი. წმინდა თებრონიას ტანჯვა რომ გაემძაფრებინათ, იგი ხეზე დაკიდეს და ცეცხლი შეუნთეს. წამება ისეთი აუტანელი იყო, რომ ხალხი ყვირილით ითხოვდა მის შეწყვეტას. მაგრამ სელინი განაგრძობდა ქრისტეს ტარიგის დაცინვას და აბუჩად აგდებას. ფებრონია დუმდა. დაუძლურებულს სიტყვის თქმაც არ შეეძლო. გააფთრებულმა მტარვალმა ბრძანა, ენა ამოეგლიჯათ მისთვის, კბილები ჩაელეწათ, მკერდი მოეჭრათ და ხელ-ფეხი მოეკვეთათ. მხილველები ვერ უძლებდნენ ამ ამაზრზენ სანახაობას და დიოკლეტიანესა და მისი ღმერთების წყევლით ტოვებდნენ იქაურობას.

ბრბოში იდგნენ მონაზონი თომაიდა, რომელმაც შემდგომში დაწვრილებით აღწერა ფებრონიას მარტვილობა, და წმინდა ქალწულის მოწაფე, იერია. ბოლოს წმინდა მარტვილს თავი მოჰკვეთეს.

363 წელს წმინდანის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.


right_bar_header

<  კვირა 5/9/2010  >
calendar_days_header
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვრ
calendar_grid_header
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      
             
საეკლესიო / საერო

    day_icon
სულთმოფენობიდან მეთხუთმეტე კვირიაკე. ხმა მე-6. საკ.: ცისკ. - სახ. მე-4 ლკ. 112 დას. XXIV, 1-12. ლიტ. - 2 კორ. 176 დას. IV, 6-15. მთ. 92 დას. XXII, 35-46. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
წარგზავნა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულისა. ხსენება წმ. მოწამისა ლუპესი; მღვდელმოწამისა ირინეოსისა, ლიონელი ეპისკოპოსისა; ღირსთა ევტიქისა და ფლორენტისა; მღვდელმთავრისა კალინიკესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა.